ძალიან კარგია, რომ, როგორც იქნა, საქართველოს საჰაერო სივრცეშიც გამოჩნდა ავიარეისი, რომელიც ადამიანურ დროს - დილის საათებში სრულდება და არა ძველებურად შუაღამისას.
შედეგად, ჩვენები ევროპაში ნორმალურად, ღამის თევების და უძილობის გარეშე იფრენენ, თუმცა ეს ვერაფერს შველის ირაკლი უზნაძის საკადრო პრობლემებს - სატურნიროდ შეგულებული 14 კაციდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო 5 გამოაკლდა, ორ წონაში - 66-სა და 73-ში
გამოკლების მიზეზი სხვადასხვაა - შალვა ქარდავას (66) მკერდზე ფურუნკულის ოპერაცია გაუკეთეს, ამავე წონაში გიორგი ქალდანს ვირუსი შეეყარა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი (73) თიაქარმა შეაწუხა, ევროპის მესამე პრიზიორ ზებედა რეხვიაშვილს (73) ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე კოჭი გადაუბრუნდა, ნოდარ მეტრეველს (100) კი მუხლის ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი. სხვათა შორის, ფეხის ტრავმის გამო გუნდს პარიზში ვერც უზნაძე მიჰყვება - მანაც ვარჯიშზე იტკინა.
სამწუხაროდ, ყველა სპორტსმენის ტრავმა იმდენად გვიან გამოვლინდა, ახლებისთვის საბუთების გაფორმება და მათი შეცვლა არ ესწრებოდა.
დაშავებული სპორტსმენები მომდევნო შეჯიბრებებზე - ავსტრიულ ობერვარტსა და დიუსელდორფში გადანაწილდებიან, ანუ ავსტრიული ტურნირის შემადგენლობაც შეიცვლება, ხოლო გერმანულ ნაკრებზე მწვრთნელები ჯერ ისედაც არ იყვნენ ჩამოყალიბებულები.
ამდენად, "დიდ მუზარადზე" შემცირებული გუნდით გამოვალთ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), იოსებ მსხალაძე (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე - +100).
საინტერესოა, რომ ბოლო დღეებში ვარჯიშზე ლიპარტელიანმაც ხელის თითი იტკინა, მაგრამ შეძლებისდაგვარად მოუშუშეს და ჭიდაობაში ხელს არ შეუშლის.
ამ სპორტსმენებიდან პარიზში განთესილთა შორის პაპინაშვილი, ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი და ოქრუაშვილი იქნებიან.
ტურნირის პირველი საშეჯიბრო დღე 8 თებერვალია, როცა ვაჟთაგან 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ, ქალებიდან - 48, 52, 57 და 63-ისა, დანარჩენები კი მეორე დღეს - 9-ში იასპარეზებენ.
წინასწარი მონაცემებით, თავად ტურნირი, ტრადიციულად, სოლიდური იქნება - 81 ნაკრებია დარეგისტრირებული, ფალავანთა რაოდენობა კი 600-ს (!) აღწევს. თუმცა ვიმეორებთ, ეს წინასწარი მონაცემებია, რაც იქნებ კიდეც შეიცვალოს. მაგალითად, ბაზაში ჩვენი ტრავმირებული ხუთეულიცაა შეყვანილი, მაგრამ შეჯიბრებამდე დიდი ცვლილებები აღარ მოხდება.
ამასობაში ჯერჯერობით ყველაზე საინტერესო ამბავი თავად ფრანგთა ბანაკიდან ვრცელდება - "მუზარადზე" არ იჭიდავებს მათი და მსოფლიოს ძიუდოს უპირველესი ვარსკვლავი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი (+100). ასევე წინასწარი მონაცემებით, ტურნირზე მძიმე წონაში არ იქნებიან ბრაზილიელები, ოლიმპიური პრიზიორი და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი რაფაელ სილვა და რუსთა ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ალექსანდრ მიხაილინი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"