ამირან პაპინაშვილმა პარიზის "დიდ მუზარადზე" ვერცხლი მოიპოვა

AutoSharing Option
ამირან პაპინაშვილი (60) კარიერაში მეორედ გავიდა (პირველი 2009 წელს იყო) ქართველთათვის ძნელად მოსაგები პარიზის "დიდი მუზარადის" ფინალში, მაგრამ ამჯერადაც ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ჩვენებურმა წინასწარ შეხვედრებში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დაამტკიცა, რომ სეზონს კარგ ფორმაში ხვდება, მაგრამ ფინალში ვერაფერი მოუხერხა "მონღოლურ სინდრომს" - პირწმინდად წააგო ბოლდბაატარ განბატთან, ვისთანაც კარიერაში უკვე ზედიზედ მესამე მარცხი დაუგროვდა ოთხი შეხვედრიდან.

ძალიან ცუდია, რომ ჩვენებურს მონღოლები გადაულახავ ჯებირად ექცნენ - შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობაზე ამარტუვშინ დაშდავაასთან წააგო.

პაპინაშვილს თითქოს ცოტა გახსნაც გაუჭირდა და პირველ შეხვედრაში,
მოულოდნელად, მხოლოდ მინიმალური ანგარიშით - იუკოთი დაამარცხა პერუელი ხუან პოსტიგოსი.

სამაგიეროდ, მერე გახურდა და ჯერ ფრანგ ადრიან რაიმონდს, შემდეგ კი აზერბაიჯანელთა მსოფლიოს პრიზიორი ილგარ მუშკიევს რეტი დაასხა იპონებით.

აღსანიშნავია, რომ მუშკიევს უკვე მეხუთედ მოუგო კარიერაში და ჯერ ერთიც არ წაუგია მასთან...

ჩვენებურმა ნაკლები დღე არც ტაივანელ მინგ იენ ცაის აყარა ნახევარფინალში - ორი იუკოც აართვა, ორჯერ ვარაზეც დააგდო და პირდაპირ ათრია ტურნირის მომავალი მესამე პრიზიორი.

სამწუხაროდ, პაპინაშვილი ფინალში ვერაფერს გახდა განბატთან და ორი იუკოც ხომ დაკარგა, ვაზარზეც დაეცა, ბოლოს კი პირდაპირ ბეჭებზე დავარდა.

ვფიქრობთ, მან უფრო ფსიქოლოგიურად წააგო, თორემ დანარჩენებთან ნაჩვენები სწორი ტაქტიკის, კარგი ტექნიკის და ფიზმომზადების ფინალში ბევრი არაფერი ეტყობოდა.

მონღოლთან დამარცხდა ამ წონაში ჩვენი მეორე მონაწილე ლუხუმ ჩხვიმიანიც - კერლენ განბოლთან იპონით წააგო. მანამ ჩხვიმიანმა ორი შეხვედრა მოიგო - ლიბიელი მოჰამედ ელჰადი ელკავისენი გაფრთხილებებით მოახსნევინა, პერუელი დილმერ კალესი კი ბეჭებზე დააგდო.

9 თებერვალს პარიზში ჩვენი გუნდის დარჩენილი წევრები იასპარეზებენ. 81 კილოგრამში პირველ წრეში თავისუფალია ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი, რადგან განთესილია, მასთან შეხვედრის უფლების მოსაპოვებლად კი ჰოლანდიელი ნაელ ვან დე კამერი და ლატვიელი ევროპის პრიზიორი კონსტანტინ ოვჩინიკოვსი იჭიდავებენ ერთმანეთში.

ლატვიელთან ჩვენებურმა 2012 წელს ევროპის პირველობაზე წააგო. ამავე ჯგუფშია იაპონელი ტაკანორი ნაგასე, ვისთანაც ჭრიკიშვილი შარშან ნოემბერში ძიგორო კანოს მემორიალზე დამარცხდა, ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის კი კორეელი მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი კიმ ჯაე ბუმიცაა, ვინც ისევ დაუბრუნდა ტატამს. ამ წონაშინ უშანგი მარგიანის მეტოქე ახალზელანდიელი ივიცა პავლინიჩია.

90 კილოგრამში ჭიდაობს კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ეშლი გონსალესიც, რომელიც ჯგუფში ბექა ღვინიაშვილთან მოხვდა, თუმცა მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდებიან ერთმანეთს.

პირველ წრეში ორივე ისვენებს, მეორეში კი ჩვენებურს ჩილელი რაფაელ რომო ელოდება. ამავე ჯგუფშია კანოს ტურნირის იაპონელი ჩემპიონი მასუი ბეიკერი, ვინც იმ შეჯიბრებაზე ვალერი ლიპარტელიანს სძლია. თავად ლიპარტელიანი პირველ წრეში დაისვენებს, თან ფრანგი ვინსენტ მასიმინოს და რუმინელ ვალენტინ რადუს შეხვედრას დაელოდება.

ვერ ვიტყვით, რომ ასე ადრეულ ეტაპზე მასიმინო წილისყრის საჩუქარია, თუმცა ეს კიდევ არაფერი - იაპონელი ჰიროტაკა კატოც ამავე ჯგუფშია.

იოსებ მსხალაძე (100) ლიტველ ზილვინას ლეკავიჩიუსს ხვდება, მასთან მოგების შემთხვევაში კი არგენტინელი ჰექტორ კამპოსი ელოდება.

მძიმე წონაში არ ჭიდაობს ფრანგთა ლიდერი ტედი რინერი, ადამ ოქრუაშვილი კი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორეში მეტოქედ, სავარაუდოდ, იაპონელი რუი სიჩიონოე ეყოლება. ყოველ შემთხვევაში, მას არ უნდა გაუჭირდეს კუვეიტელი ჰუსეინ მისრის ძლევა.

სიჩინოეს ოქრუაშვილი ერთხელ შეხვდა - შარშან თბილისში, ნახევარფინალში და მოუგო. ჩვენებური საკმაოდ ძლიერ ჯგუფშია - ფრანგი იან-სებასტიან ბონვოისინი, ჰოლანდიელი როი მეიერი და სლოვენიელი მატიას სერაი - ყველა ანგარიშგასაწევია.

ლევან მატიაშვილი პირველ წრეში ალჟირელ მოჰამედ ამინე ტაიებს ხვდება. მის ჯგუფში მოხვდნენ იაპონელი მასარუ მომოსე და ტუნისელი ფაიცელ ჯაბალაჰი, ვინც მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე ოქრუაშვილს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული