ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდა და თან რევანში აუღო მასპინძელ ლოის პიეტრის მსოფლიოს შარშანდელ ფინალში მარცხისთვის, ამირან პაპინაშვილი (60) და ვალერი ლიპარტელიანი (90) ფინალში დამარცხდნენ, თუმცა ლიპარტელიანი ფეხის ტრავმის გამო საერთოდ ვერ გავიდა კორეელ მსოფლიოს ჩემპიონ კიუ-ვონ ლეესთან საჭიდაოდ. არადა, ორიოდე კვირის წინ მას ძალზე იოლად, ძალების დაუძაბავად მოუგო ტიუმენში, ევროპა-აზიის საჩვენებელ შეხვედრაში.
სიმართლე გითხრათ, ვერც ვიხსენებ, ამ პრესტიჟული და
ჭრიკიშვილმა საწადელი მეორე ცდაზე აისრულა, მაგრამ მოგებასაც გააჩნია - დამაჯერებლად დაამარცხა მასპინძელთა ჯილა, თუმცა ცუდია, ლიპარტელიანს ზედიზედ მეორე გამარჯვების შანსი რომ არ მიეცა - ამით ისტორიაში პირველი ქართველიც გახდებოდა, ვინც განმეორებით მოირგებდა ძალის საზომად ქცეულ პარიზულ "მუზარადს".
იმედია, უახლოეს წლებში ისიც აისრულებს ამ საწადელს და პაპინაშვილიც გამარჯვებული დაგვიბრუნდება პარიზიდან. ჭრიკიშვილი შენგელი ფიცხელაურის, ამირან ტოტიკაშვილის, გიორგი რევაზიშვილის, გიორგი გუგავას, დავით ასუმბანისა და ლიპარტელიანის შემდეგ მეშვიდე ქართველი გახდა, ვინც ამ ტურნირზე გამარჯვება შეძლო.
პარიზში ლიპარტელიანსაც რომ გაემარჯვა, მაშინ ვაჟებში გუნდურ შეჯიბრებასაც ვიგებდით, ახლა კი კორეამ გაგვისწრო სწორედ ლეეს იმ ოქროთი - მათ ორი გაუხდათ, ჩვენ კი ერთი ოქრო გვაქვს. საერთო გუნდურ ჩათვლაში, სადაც ვაჟების და ქალების მონაგარი ერთად დაითვლება, მეოთხე ადგილზე ვართ იაპონიის, საფრანგეთისა და კორეის შემდეგ.
ლიპარტელიანისგან განსხვავებით, ჭრიკიშვილმა და პაპინაშვილმა ტურნირი ცოტა მძიმედ დაიწყეს, მაგრამ აქეთ შეჯიბრება გახურდა, იქით - ისინი. სამწუხაროდ, პაპინაშვილი ბოლომდე ვერ მიჰყვა ტემპს. ჭრიკიშვილმა 5-დან სამი პაექრობა იპონით მოიგო, თითო-თითო კი ვაზარით და გაფრთხილებებით.
ტექნიკური გამარჯვება იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან მოიპოვა, რომელიც სამჯერ გააფრთხილებინა, თვითონ კი მხოლოდ ერთხელ დასაჯეს ამგვარად. თავიდან ნოელ ვან დე კამერთან ჩახვეული ფეხით მოპოვებული იპონი და ფრანგი ჟილიამ რიუს ამოსმულით ბეჭებზე დაგდება მოსალოდნელიც იყო; ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება კი, ვფიქრობთ, კორეელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ კი-ჯაე ბუმთან მოიპოვა ორი ვაზარით, ორჯერვე ბრუნზე გაისროლა ქამრიდან ჩავლებით.
9 თებერვალს მას ყველაფერი გამოსდიოდა და თავსაც მშვენივრად იცავდა; თან, კვლავაც ავლენდა შესაშურ კოორდინაციას, რითაც ბოლო ხანებში გვამახსოვრებს თავს. ის ფინალში ისე ეკვეთა პიეტრის, აშკარად ძველი წყენა ამოძრავებდა, მსოფლიოდან გამოყოლილი...
ფრანგი თავიდან იუკოთი დაწინაურდა, მაგრამ მერე ქართველმა გაფრთხილებაც მიაღებინა და წელში შესულს კარგი კონტრილეთიც დაუხვედრა - შიგნიდან ჩახვეული ფეხით იქით გადაჩეხა ვაზარზე... ჭრიკიშვილი აშკარა უპირატესობას ფლობდა და მსოფლიოს ჩემპიონი არ გაატოკა, დაუმტკიცა, თუ ვინაა ნაღდი ჩემპიონი ამ წონაში.
წინასწარ შეხვედრებში ლიპარტელიანი კიდევ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ვაგლახ, ნახევარფინალში გერმანელ მარკ ოდენტალთან მიღებული ფეხის ტრავმა რომ არა... ფინალამდე ის მაქსიმალური შედეგით მივიდა და ოთხივე პაექრობა იპონით მოიგო - ფრანგ ვინსენ მასიმინოსთან, ალჟირელ აბდერახმან ბენამადისთან, იაპონელ ჰიროტაკა კატოსთან და ოდენტალთან, რომელიც ამოსმულით ჯერ იუკოზე დააგდო, მერე კი შებოჭა. ეს იმ დროს, როცა ლამის მთელი ორთაბრძოლა კოჭლობით ჩაატარა.
პაპინაშვილმა ფინალში ვერაფერი მოუხერხა "მონღოლურ სინდრომს" და ბოლდბაატარ განბატთან პირწმინდად წააგო. მასთან ჩვენებურს კარიერაში უკვე ზედიზედ მესამე მარცხი დაუგროვდა ოთხი შეხვედრიდან.
ძალიან ცუდია, რომ მონღოლები გადაულახავ ჯებირად ექცნენ - შეგახსენებთ, მსოფლიოს პირველობაზე ამარტუვშინ დაშდავაასთან წააგო.
მოულოდნელად, პაპინაშვილს თავიდან ცოტა გაუჭირდა და მხოლოდ მინიმალური ანგარიშით - იუკოთი დაამარცხა პერუელი ხუან პოსტიგოსი. სამაგიეროდ, მერე გახურდა და ჯერ ფრანგ ადრიან რაიმონდს, შემდეგ კი აზერბაიჯანელთა მსოფლიოს პრიზიორ ილგარ მუშკიევს რეტი დაასხა იპონებით.
აღსანიშნავია, რომ მუშკიევს უკვე მეხუთედ მოუგო კარიერაში და ჯერ ერთიც არ წაუგია მასთან...
ჩვენებურმა ნაკლები დღე არც ტაივანელ მინგ იენ ცაის აყარა ნახევარფინალში - ორი იუკოც აართვა, ორჯერ ვაზარზეც დააგდო და პირდაპირ ათრია ტურნირის მომავალი მესამე პრიზიორი.
სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის სხვა მონაწილეები პარიზში უმედლოდ დარჩნენ, თუმცა ტურნირის დანარჩენ პერიპეტიებზე ხვალ ვისაუბრებთ.
კვარცხლბეკი
ვაჟები
60 კგ. 1. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი); 2. ამირან პაპინაშვილი (საქართველო); 3. შინჯი კიდო (იაპონია), მინგ იენ ცაი (ტაივანი).
66 კგ. 1. მიხაილ პულიაევი (რუსეთი); 2. გიორგი ზანთარაია (უკრაინა); 3. მასააკი ფუკუოკა (იაპონია), ლოის კორვალი (საფრანგეთი).
73 კგ. 1. გუი-მან ბანგი (კორეა); 2. როკ დრაკშიჩი (სლოვენია); 3. უგო ლეგრანი (საფრანგეთი), ვიქტორ სკვორტოვი (არაბთა გაერთიანებული საემიროები).
81 კგ. 1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო); 2. ლოის პიტერი (საფრანგეთი); 3. ჯაე-ბუმ კიმი (კორეა), ტაკანორი ნაგასე (იაპონია).
90 კგ. 1. კიუ-ვონ ლეე (კორეა); 2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო); 3. მასუი ბეიკერი (იაპონია), მარკ ოდენტალი (გერმანია).
100 კგ. 1. სირილ მარე (საფრანგეთი); 2. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი); 3. ადლან ბისულთანოვი (რუსეთი), ჰენკ ხროლი (ჰოლანდია).
+100 კგ. 1. რიუ სიჩინოე (იაპონია); 2. დავიდ მოურა (ბრაზილია); 3. ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი), რენატ საიდოვი (რუსეთი).
ქალები
48 კგ. 1. ემი იამაგიში (იაპონია); 2. ურანცეცეგ მუნკბატი (მონღოლეთი); 3. ამანდინე ბუჩარდი (საფრანგეთი), პაულა პარეტო (არგენტინა).
52 კგ. 1. მაილინდა კელმენდი (კოსოვო); 2. იაანა სუნდბერგი (ფინეთი); 3. მარეენ კრაე (გერმანია), ნატალია კუზუტინა (რუსეთი).
57 კგ. 1. ანზუ იამამოტო; 2. ნაე უდაკა (ორივე - იაპონია); 3. აუტომნე პავია (საფრანგეთი), რაფაელა სილვა (ბრაზილია).
63 კგ. 1. კლარისე აგბეგნენო; 2. ანნა-ლაურე ბელარდი (ორივე - საფრანგეთი); 3. მიკუ ტაჩირო (იაპონია), ანიცკა ვან ემდენი (ჰოლანდია).
70 კგ. 1. ლინდა ბოლდერი (ჰოლანდია); 2. ფანი-ესტელა პოსვიტე (საფრანგეთი); 3. ჰარუკა ტაჩიმოტო (იაპონია), კალიტა ზურანჩიჩი (კანადა).
78 კგ. 1. ანამარი ველენსეკი (სლოვენია); 2. მადელაინ მალონა; 3. ოდრი ჩუმეო (ორივე - საფრანგეთი), მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია).
+78 კგ. 1. კანაე იამაბე (იაპონია); 2. ეემილიე ანდეონი (საფრანგეთი); 3. იდალის ორტისი (კუბა), ლუსია პოლავდერი (სლოვენია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"