უფრო სწორად, თავად კალენდარს არაფერი შეხებია და ჩვენები კვლავაც იმ ტურნირებში გამოვლენ, რაც ფედერაციამ თავიდანვე დაუსახა, მაგრამ მონაწილეთა შორის რამდენიმე გადაადგილება კი მოხდა.
ჩვენები ამ უქმეებზე, 15-16 თებერვალს ავსტრიულ ობერვარტში გამოვლენ "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე", ერთ კვირაში კი დიუსელდორფში იჭიდავებენ "დიდ პრიზზე".
ავსტრიაში წასაყვანი შემადგენლობა "ლელომ" ადრევე გაცნობათ, მაგრამ გარკვეული ცვლილებები მოხდა. თუმცა ამაზე საინტერესო ზებედა რეხვიაშვილის 81-ში გამოჩენაა - ის ამ წონაში აპირებს გადასვლას, ობერვარტული
ავსტრიაში წამსვლელთა სიაში ახლა გიორგი ბროლაშვილი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), გიორგი ქალდანი, გელა კელიხაშვილი (66), ფრიდონ გიგანი, ზურაბ ნოზაძე, თამაზ კირაკოზაშვილი (სამივე - 73), ლაშა ზურაბიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (81), პაატა ღვინიაშვილი, ზვიად გოგოჭური (ორივე - 90), დავით ლორიაშვილი, რევაზ ჩიკოიძე (100), გიორგი ზაქარიაძე, როსტომ ხახალეიშვილი, ონისე ბუღაძე და გიგა გელაშვილი (ოთხივე - +100) შედიან.
როგორც ვხედავთ, აქ ძირითადად სათადარიგოებს ეძლევათ თავის გამოჩენის შანსი, რამდენიმე კი დებიუტანტია.
გარკვეულწილად ცნობილია დიუსელდორფში წამსვლელთა სიაც, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრების დაბრუნებაც პარიზიდან, სადაც "დიდი მუზარადის" შემდეგ დარჩნენ ერთობლივ ვარჯიშებზე - მწვრთნელები აწონ-დაწონიან, იმათგან სჭირდება თუ არა ვინმეს ტურნირში გამოსვლა, ვინ როგორ ფორმაშია და არაა გამორიცხული, ვიღაც დაამატონ სიას.
ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ გერმანიაში შალვა ქარდავა (66), ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73), ნოდარ მეტრეველი, იოსებ მსხალაძე (ორივე - 100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100) იჭიდავებენ.
ნაკრების თავკაც ირაკლი უზნაძის თქმით, პარიზული ტრავმის შემდეგ გამოირიცხა ვალერი ლიპარტელიანის (90) გამოსვლა, ხოლო ბექა ღვინიაშვილის (90) წასვლა იგეგმება, თუმცა გააჩნია, როგორ ფორმაში იქნება პარიზიდან დაბრუნებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"