ძიუდოისტთა ნაკრები: ავსტრიული გამოცდა სათადარიგოებისთვის

AutoSharing Option
ამ უქმეებზე - 15-16 თებერვალს, ავსტრიულ ობერვარტში ვაჟ ძიუდოისტთა "ევროპის ღია კონტინენტური თასი" გაიმართება, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ვაჟთა ნაკრები გამოვა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე იქ ძირითადად სათადარიგო შემადგენლობას გზავნის: გიორგი ბროლაშვილი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), გიორგი ქალდანი, გელა კელიხაშვილი (66), ფრიდონ გიგანი, ზურაბ ნოზაძე, თამაზ კირაკოზაშვილი (სამივე - 73), ლაშა ზურაბიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (81), პაატა ღვინიაშვილი, ზვიად გოგოჭური (ორივე - 90), დავით ლორიაშვილი, რევაზ ჩიკოიძე (100), გიორგი ზაქარიაძე, როსტომ ხახალეიშვილი, ონისე ბუღაძე და გიგა გელაშვილი (ოთხივე
- +100).

ამ გუნდში ლიდერთაგან მხოლოდ ევროპის მესამე პრიზიორი რეხვიაშვილია დამატებული, რომელიც წინა კვირას ტრავმის გამო პარიზში ვერ გამოვიდა "დიდ მუზარადზე" და სანაცვლოდ აქ გაგზავნეს. ის ამჯერად ზედა წონაში გამოვა, თუმცა - დროებით... მისთვის ეს პირველი შეჯიბრება იქნება ცხვირის ოპერაციის შემდეგ.

როგორც ვხედავთ, გუნდში მრავლადაა წარმოდგენილი ახალგაზრდული ნაკრების შარშანდელი შემადგენლობა - გიგანი, კირაკოზაშვილი, ზურაბიანი, ზაქარიაძე, გელაშვილი, ხოლო ხახალეიშვილი ჯერაც იმ გუნდის წევრია... ამ ბიჭებმა ახალგაზრდებში გვარიან წარმატებებს მიაღწიეს და ვნახოთ, როგორი იქნება უფროსებში გადადგმული პირველი ნაბიჯები.

იქნებ მედლები ვერ მოიპოვონ, მაგრამ მთავარია, ხარისხიანი ჭიდაობა აჩვენონ და შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ. ასევე საინტერესოა შედარებით გამოუცდელი პაპუნაშვილისა თუ იმ ფალავანთა ასპარეზობა, რომლებსაც ადრეც უჭიდავიათ საერთაშორისო ტურნირებში, თუმცა ჯერ ნაკრებში ვერ დაიმკვიდრეს ადგილი...

ობერვარტში პირველ დღეს, ტრადიციულად, მჩატე წონოსნები გამოვლენ - 60, 66 და 73 კილოგრამის ფალავნები, კვირას კი დარჩენილი ოთხი წონის ფალავნები იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ სათადარიგოებზეა საუბარი, ასაკსაც უნდა მიექცეს ყურადღება; ამ გუნდში 1-2 ისეთია, ასაკის გამო ზრდის პერსპექტივა რომ არ აქვს
გულშემატკივარი
19:57 14-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული