ქართველი ჭაბუკი ძიუდოისტების წარმატება ტიუმენის ტურნირზე

AutoSharing Option
ამ უქმეებზე, როცა ძიუდოს ქართველ ქომაგთა ყურადღების ცენტრში სპორტკომპლექსი "არენა" და იქ მიმდინარე ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატი იყო, ქართველმა ჭაბუკებმა წარმატებით იჭიდავეს ტიუმენში გამართულ საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც 1998-2000 წლებში დაბადებული მოზარდები გამოდიოდნენ.

შეხსენებაც აღარ გინდათ, რომ ესაა ეგრეთ წოდებული საფესტივალე ასაკი, ანუ ამ თაობამ უნდა იჭიდაოს გაისად თბილისში, ევროპის ბავშვთა ოლიმპიურ ფესტივალზე.

ამას წინათ მათ ყაზახურ ტემირტაუშიც იასპარეზეს და ასევე ხელხვავრიელი მონაგარი მოიხვეჭეს.

ტიუმენშიც იქ ნაჭიდავებთა უმეტესობა გამოდიოდა, თუმცა მწვრთნელმა თამაზ კარიაულმა ნაკრების სხვა კანდიდატებიც დაამატა, რადგან ასეთ სოლიდურ შეჯიბრებაში გამოსვლა
მათთვის კარგი გაკვეთილი იქნებოდა, მწვრთნელებს კი სელექციის მშვენიერი შანსი ეძლეოდათ.

შორეულ ციმბირში ჩვენებმა რვავე წონაში მედალი მოიპოვეს, შვიდი წონის ფინალში გვყავდა მონაწილე, აქედან სამში კი სულაც ქართული ფინალი გაიმართა. მედლების ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით ასეთი მდგომარეობაა: სულ მოპოვებულია 13 მედალი, რაშიც ამჯერად გოგოებს წვლილი არ მიუძღვით, ყველა ბიჭების დამსახურებაა. აქედან 5-5 ოქრო-ვერცხლია, 3 კი - ბრინჯაო.

ქართული ფინალები 55, 60 და 66 კილოგრამებში გაიმართა. ყაზახური ტურნირის შემდეგ, 60-ში ამჯერადაც გაიმარჯვა გორელმა რობინზონ ბეგლარაშვილმა. მან იქაც ქართულ ფინალში იყოჩაღა, ოღონდ ამჯერად არა თანაქალაქელი ივანე მახათაძე, არამედ ალეკო მამიაური დაამარცხა.

თემურ ნოზაძემ (55) ტემირტაუში მოპოვებული ბრინჯაო ამჯერად ოქროდ "აქცია", როცა ფინალში ახლო წარსულის სახელოვანი ვეტერანის, ევროპის ორგზის ჩემპიონის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან ნესტორ ხერგიანის შვილი ირაკლი ხერგიანი დაჯაბნა.

რუსებმა მესამე ქართული ფინალი 66-ში იხილეს, სადაც ყაზახეთში ხელმოცარულმა ბაგრატ ნინიაშვილმა გუგა გოგიტიძეს აჯობა (აღსანიშნავია, რომ გოგიტიძე ყაზახეთშიც მეორეზე გავიდა).

ჩვენებმა მორიგი ორი ოქრო 81 და 90 კილოგრამებში დაისაკუთრეს, რაც, შესაბამისად, გიორგი გოგოლაძემ და ავთანდილ ტაბატაძემ გააკეთეს. ფინალში იჭიდავეს, თუმცა დამარცხდნენ და ვერცხლს დასჯერდნენ საბა გრიგალაშვილი (50) და ამირან წიქორიძე (+90), რომელიც წინა ტურნირზე მესამე იყო. ბრინჯაოს მედლებს ლაშა დუდაშვილი (73), ონისე სანებლიძე და ნიკა სიდამონიძე (ორივე - 81) დაეუფლნენ.

ტიუმენის ტურნირი საკმაოდ ძლიერი გამოდგა, იმის მიუხედავად, რომ უცხოური გუნდები რაოდენობრივად არ იყო ბევრი: ჩვენ გარდა, მონღოლეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი და ჩეხეთი გამოდიოდნენ. სამაგიეროდ, ბლომად ჩაებნენ რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ნაკრებები და ჯამში, მონაწილეთა მაინც შთამბეჭდავი რაოდენობა მოგროვდა - 400-მდე მოზარდი.

სამწუხაროდ, ამჯერად ტიუმენში უმედლოდ დარჩნენ ჩვენი გოგოები, თუმცა ისინი მხოლოდ ორი მონაწილით გამოდიოდნენ, რადგან დანარჩენებს ვიზები არ მისცეს. მათ შორის - არც ევროპის პრიზიორს ჭაბუკთა შორის მზია ბებოშვილს (52). ჩვენი გუნდი ტიუმენში დარჩა და მასპინძლებთან ერთად ერთკვირიან შეკრებას გაივლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული