ყოველ შემთხვევაში, თათრეთის დედაქალაქმა უკვე დაიწყო საამისოდ ზრუნვა - წარადგინა კანდიდატურა და ამ დღეებში ძიუდოს ევროპულ-რუსული ფედერაციების საინსპექციო ჯგუფსაც უმასპინძლა.
თათრეთის ძიუდოს ფედერაციას ჩემპიონატის ჩატარება "ტატნეფტ-არენაზე" სურს, რომელიც ავტონომიის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სპორტული ღირსშესანიშნაობაა.
უნდა ითქვას, რომ მასპინძლებს გამართული ინფრასტრაქტურა აქვთ - ქალაქში არც მაღალი დონის სასტუმროების დეფიციტია და თან აპირებენ გამოიყენონ ის ოლიმპიური სოფელი, რომელმაც შარშან მსოფლიოს სტუდენტურ უნივერსიადას უმასპინძლა.
სწორედ ეს სასტუმროები და ბაზები დაათვალიერეს ყაზანში ინსპექტირებაზე
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა წლეულს უკვე უმასპინძლა სეზონის მთავარ შეჯიბრებას - მსოფლიოს ჩემპიონატს, თუმცა 2016-ის ევროპირველობაც ფრიად მნიშვნელოვანი იქნება, როგორც სალიცენზიო სტატუსის მქონე ტურნირი და რიოსკენ მიმავალ გზაზე - ერთ-ერთი ბოლოც. ალბათ, რუსების დაინტერესებაც აქედან მომდინარეობს - თუ რომელიმე წონაში ულიცენზიოდ დარჩენის საფრთხე დაემუქრებათ, მიღებული თუ მიუღებელი ხერხებით ყველაფერს გააკეთებენ მის მოსაპოვებლად.
აქედან გამომდინარე, ჩვენებისთვის ეს ფრიად ძნელი შეჯიბრება იქნება - პირდაპირ მტრის ბუნაგში მოუწევთ ბრძოლა.
თუმცა კაცმა რომ თქვას, რუსეთი ჩვენი ფალავნებისთვის არც ისე დათარსული ქვეყანაა - წლეულს ჩელიაბინსკში 3 მედალი - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.
7-წლიანი პაუზის შემდეგ სწორედ იქ დავიბრუნეთ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, რაც ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) გააკეთა, მესამე ადგილებზე კი ამირან პაპინაშვილი (60) და ვალერი ლიპარტელიანი (90) გავიდნენ.
სამი წლის წინ - 2012 წელს ისევ ჩელიაბინსკში ლიპარტელიანი პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი, ლევან ჟორჟოლიანმა (100) ვერცხლი მოიპოვა, პაპინაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი (66) კი ბრინჯაოს დაეუფლნენ.
დიდწილად სწორედ ამ მედლისთვის დარიცხული ქულებით მოიპოვა ლიცენზია შავდათუაშვილმა, რაც შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონობით დამთავრდა. ბედის ირონიით, მსოფლიოს მედალოსანთა წლევანდელი სამეულის (გარკვეულწილად - სხვებისთვისაც) მთავარ კონკურენტთა შორის რუსებიც არიან.
თუმცა საერთაშორისო რეიტინგების სადღეისო მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სამეულს იმ ტურნირისთვის უკვე განაღდებული ექნება რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური და რუსები ვერაფერს დააკლებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"