ძიუდო. ახალგაზრდული რეიტინგი: ევროპის პირველობის შემდეგ ჩვენი პოზიციები გამყარდა

AutoSharing Option
ჩვენი გაზეთი პერიოდულად გთავაზობთ ძიუდოისტ ქალთა და ვაჟთა საერთაშორისო რეიტინგებს, ამჯერად კი გადავწყვიტეთ, მსგავსი სიები ახალგაზრდებში გაგაცნოთ, სადაც ასევე ხელშესახები მიღწევები გვაქვს.

თუმცა ახალგაზრდები მაინც ჩამორჩებიან უფროსებს, სადაც ორ წონაში ვლიდერობთ, აქ კი ასეთი არავინაა.

სამაგიეროდ, სამეულებში გვყავს ბლომად ხალხი. ოღონდ ერთი შენიშვნაც: ახალგაზრდების რეიტინგის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა 21-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატმა, სადაც მაინცდამაინც დიდი, უფრო სწორად - ჩვეული წარმატებით ვერ გამოვედით, თორემ რეიტინგშიც უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა.

ჩვენებურთა პოზიციები გაცილებით მყარი იყო ევროპის პირველობის შემდეგ, სადაც დიდი წარმატებით გამოვედით, თუმცა
არც ახლაა სატირლად საქმე.

გია გუგავას შეგირდების საუკეთესო მაჩვენებელი მესამე პოზიციაა, რასაც გუნდის ორი წევრი იკავებს - ბექა ღვინიაშვილი 90-ში და გუგა კიბორძალიძე მძიმე წონაში. ოღონდ ამათთან მიმართებაში დიამეტრულად განსხვავებული ვითარებაა - კიბორძალიძე მსოფლიოს ჩემპიონატმა თუ აამაღლა მესამე საფეხურამდე, ღვინიაშვილი, პირიქით, სწორედ ამ ტურნირმა დასწია უკან.

შეგახსენებთ, რომ მაიამიში დასრულებულ 21-წლამდელთა პლანეტის პირველობაში კიბორძალიძე ფინალში დამარცხდა და რეიტინგს 300 ქულა შემატა. 40 ქულა ევროპის ჩემპიონატზე მეხუთეზე გასვლისთვის მიიღო, 100 - საბერძნეთის, 20 კი გერმანიის ტურნირზე წარმატებისთვის მოიპოვა და ჯამში 460 ქულა დაუგროვდა.

არადა, პირველ-მეორე ადგილებს 500-500-ით მსოფლიოს ფინალში მისი მომგები, მონღოლი დუურენბაიარ ულზიბაიარი და უკრაინელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამე პრიზიორი იაკიმ ხამო ინაწილებენ.

ჩვენებურს მონღოლთან რომ არ წაეგო (არადა, მართლაც შეეძლო მოგება, უცაბედად დავარდა), ლიდერიც გახდებოდა. აღსანიშნავია, რომ მონღოლს სხვა ტურნირზე არც უჭიდავია - ამ ერთხელ გამოვიდა, მოიგო და რეიტინგსაც ჩაუდგა სათავეში.

მაიამიში გამარჯვება ბევრ დივიდენდს მოუტანდა ღვინიაშვილსაც - ზედიზედ მეორედ შეასრულებდა დუბლს, შეიმატებდა ტიტულს და რეიტინგის ლიდერიც გახდებოდა. ახლა მის ანგარიშზე 400 ქულაა, პირველზე კი მსოფლიოზე მისი მძლეველი უნგრელი კრისტიან ტოტია 606-ით (აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს უფროსებში მოპოვებული წარმატებები რეიტინგში არ ეწერებათ).

ჩვენებურსა და უნგრელს შორის - მეორე პოზიციაზე ჰოლანდიელი ევროპის მესამე პრიზიორი მაქს დე ვრეეზეა. ღვინიაშვილს 382 ქულით კვალში უდგას და მეოთხეა ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილი, ვინც წლეულს ევროპის პირველობაზე მესამეზე გავიდა, მსოფლიოზე კი ფინალში იჭიდავა და ტოტთან დამარცხდა.

ჩვენს გუნდს საქმე ყველაზე კარგად 81 კილოგრამში აქვს, სადაც ორი თანაბარძალოვანი ფალავანი გვყავს - ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი მესამე პრიზიორი ლევან გუგავა და ევროპის ფინალისტი უშანგი მარგიანი.

ამათგან უფრო დიდ ასპარეზზე გასული მარგიანია - უკვე ეროვნული ნაკრების წევრია და აგვისტოში მსოფლიოს ჩემპიონატზე უფროსთა შორისაც იასპარეზა, თუმცა ახალგაზრდულ ნაკრებში უფრო უკეთ, უფრო სტაბილურად გუგავა გამოვიდა (მარგიანი იქ უმედლოდ დარჩა) და თანატოლთა რეიტინგშიც უფრო წინ ისაა - 340 ქულით მეოთხეა, მარგიანი კი 300-ით მეექვსეა.

მეოთხე ადგილი ჩვენთვის საუკეთესოა უმჩატეს წონაშიც - ევროპის ფინალისტ თორნიკე ნაგლიაშვილის (55) ანგარიშზე 260 ქულაა. განთესილთა ზონაშია მსოფლიოს მესამე პრიზიორი კობა მჭედლიშვილიც (73) - 262 ქულა და მე-7 პოზიცია.

55-ის მსგავსად, 60 კილოგრამშიც ჩვენგან საუკეთესო ევროპის წლევანდელი ფინალისტია - ივანე ჯავახიშვილი, რომელიც 226 ქულით მე-11 ადგილზეა.

სამწუხაროდ, უფროსთა ნაკრების მსგავსად, ახალგაზრდებშიც ორ წონაში გვაქვს არასახარბიელო ვითარება და ზუსტად იმავე წონებში - 66-სა და 100-ში. თუმცა აქ ისეთი საგანგაშო ვითარება არაა, რადგან ბევრად უკეთესი პერსპექტივა ჩანს. მეტიც - ეროვნულში აღნიშნულ წონებში თუ ვინმესი გვეიმედება, ისევ აქაური ახალგაზრდებისა. განსაკუთრებით - 100-ში.

სამაგიეროდ, კიდევ ერთი პარალელის გავლება შეიძლება - ახალგაზრდულ რეიტინგში ორივე ჩავარდნილ წონაში ჩვენები 26-ე ადგილზე არიან. განსხვავება მხოლოდ ქულებშია - 100-ში გურამ თუშიშვილის მონაპოვარი 102 ქულაა, 66-ში კი გიორგი გუგულაშვილმა 108 მოაგროვა.

სამწუხაროდ, გოგოებში არასახარბიელო ვითარება გვაქვს, თუმცა ეს ლოგიკურიცაა, რადგან ჩვენები ახლა იწყებენ აქ ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლას. თან, მათი უმეტესობა ახალი გადმოსულია ჭაბუკებიდან და ჯერ ადაპტაციას გადიან. 44-ში ოლიკო ალადოშვილმა ჯერ სულ ერთ ოფიციალურ შეჯიბრებაში იასპარეზა, რაც ჩასათვლელ ქულებს იძლევა - ევროპის პირველობაზე.

ამიტომ მის ანგარიშზე მხოლოდ ორი ქულაა და 52-ეა. 48-ში 20 ქულით მე-60-ზეა სალომე მარგიანი, მარი მახარაშვილი კი ასევე 2-ით 95-ეა. 52 კილოგრამში ჭაბუკებში ევროპის პრიზიორი მზია ბებოშვილი (52) 20 ქულით 78-ეა, მარი მახარაშვილი 18-ით - 86-ე. 57-შიც ორი მონაწილე გვყავს რეიტინგში - სალომე აბაშიძე და მარიამ ციხელაშვილი, თუმცა ისინი, შესაბამისად, 6 და 4 ქულით 80-ეულს მიღმა არიან.

ჩვენგან მეორე შედეგი ხატია ჯანაშვილს (63) აქვს - 60 ქულა და 39-ე ადგილი. 70 და 78 კილოგრამებში არავინ გვყავს, გია თენაძის შეგირდებს კი საუკეთესო მაჩვენებელი მძიმე წონაში აქვთ - ელენე ქებაძე 76 ქულით 26-ეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული