U23. ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი: "შევარდენი" ვროცლავში ჩამოვარდა

AutoSharing Option
პოლონურ ვროცლავში ამ უქმეებზე ჩატარდა 23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ბიჭების ნაკრები გამოვიდა.

ეს ტურნირი არ იყო ჩვენი ფედერაციის კალენდარში და გუნდი მას არც გაუგზავნია, ყველა საკუთარი ხარჯით წავიდა. მძიმეწონოსანთა გარდა, უკლებლივ ყველა მონაწილე ძიუდოს კლუბ "შევარდენის" წევრია. იქ წასვლის სურვილიც ამ კლუბის მწვრთნელმა გურამ მოდებაძემ და მისმა შეგირდებმა გამოთქვეს, რაკი ნაკრები არ მიდიოდა.

ეს ძალიან კარგია - რაც მეტ შეჯიბრებაში გამოვალთ, მით უკეთესი; ორმაგად სასარგებლოა, როცა სატურნირო პრაქტიკა სათადარიგოებს ეძლევათ, მაგრამ აჯობებს, ცოტა მეტი წარმატებით იჭიდაონ
- 8 კაცმა სამი დღის განმავლობაში მხოლოდ 6 შეხვედრა მოიგო!

გვესმის, რომ ეს არაა ასაკობრივი ნაკრები, მაგრამ რეზერვი რამდენად ჩამორჩება ლიდერებს, თვალნათელია. თუმცა არ გვინდა, გავაკრიტიკოთ ეს ბიჭები - გვესმის, რომ მათი უმეტესობა საერთოდ პირველად გამოვიდა უცხოეთში, მაგრამ გვსურს, უფრო მეტად დაუახლოვდნენ თანამედროვე დონეს. თუმცა გამონაკლისია მძიმეწონოსნები - ისინი უკვე ეროვნული ნაკრების ზღურბლზე დგანან და მეტი მოეთხოვებათ.

თავად ტურნირი საკმაოდ ძლიერია. მონაწილეთა შორის ძალიან ბევრ ისეთ ფალავანს ნახავდით, არათუ ასაკობრივ, არამედ უფროსთა შეჯიბრებებშიც სისტემატურად რომ გამოდიან. ყველას არ ჩამოვთვლით და მხოლოდ ერთს დავასახელებთ - 90 კილოგრამში ჭიდაობდა უნგრელი კრისტიან ტოტი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი და უფროსებში ამავე შეჯიბრების ფინალისტი.

საბოლოოდ ის უმედლოდ დარჩა, თუმცა წლეულს ზემოაღნიშნულ ტურნირებზე წონის ლიდერები - ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი დაგვიმარცხა, რაც მისი შესაძლებლობების კარგი ბარომეტრია.

ცუდია, ბოლო წლებში ჩვენები ასეთი რანგის შეჯიბრებას გვერდს რომ უვლიან და არ გამოდიან იქ. თავის დროზე ეს ტურნირი სწორედ იმათი ინტერესების გათვალისწინებით შემოიღეს, რომლებიც ამთავრებდნენ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლას, მაგრამ ასაკის და გამოუცდელობის გამო ვერ ხვდებოდნენ ეროვნულში.

ეს შეჯიბრება გარდამავალი საფეხური უნდა ყოფილიყო ამ ორ ასაკს შორის და უცხოელები იყენებენ კიდეც, ჩვენ - არა.

ამ შეჯიბრებაში თავის გამოჩენის შანსი იმათ უნდა მიეცეთ, ვინც ჯერ ეროვნულში ვერ ხვდება - ეს მათი სპორტში შენარჩუნების, მათთვის სტიმულის მიცემის კიდევ ერთი გზა იქნება, თორემ შევარდენის მართვეებმა ვროცლავში როგორც იფრინეს, კარგად დავინახეთ.

ორი მოგება მაქსიმუმია
ვროცლავში ჩვენი გუნდიდან ყველაზე უკეთ მიხეილ ჩოხელი (73) გამოვიდა, რომელმაც ორი პაექრობის მოგება შეძლო. ჩვენებურმა თავდაპირველად ბელორუსი ტიმურ ჰასიმაუ გაანადგურა, ვისაც ყველა სინჯის გდება აართვა - იუკო, ვაზარი, ბოლოს კი დააიპონა. ნაკლები დღე არც ლიტველ დეივიდას ტარულისს აყარა - განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ იუკოს შემდეგ პირდაპირ დააგდო ბეჭებზე, ვაზარის გარეშე, თუმცა მესამე პაექრობა პორტუგალიელ ანტოინ მასარტთან დათმო იპონით და გავარდა.

მასარტი მომდევნო პაექრობაში დამარცხდა ჩერნოგორიელთა მომავალ ფინალისტ ნიკოლა გუზიჩთან და მერე ვერც დამამშვიდებელში ივარგა, თუმცა ძირითად ბადეში კიდევ ერთი ქართველი, ოღონდ უკრაინის სახელით მოჭიდავე ნიკო საჯაიაც დაამარცხა (თუ გახსოვთ, "ლელო" წერდა ამ ბიჭის შესახებ).

ერთი პაექრობა მოიგო რამაზ გუგულაშვილმა (60) - პირველივე წრეში უნგრელი ჩაბა საბო დააიპონა, მაგრამ მეორეში რუს ლეჩი ედიევთან უკვე თვითონ წააგო წმინდად. ესეც ისე გავარდა, დამამშვიდებელს ვერ უწია. ერთი პაექრობა მოიგო გიორგი გუგულაშვილმაც (66) - ავსტრიელი ლუკას რაიტერი დააიპონა, თუმცა სერბ მარკო ვიკიჩევიჩთან იუკოთი დამარცხდა და გავარდა. ამავე წონაში პირველივე პაექრობა დათმო კახა ცაგარელმა - ავსტრიელ ანდრეას ტიფგრაბერთან.

გიორგი ქავთარაძემ (100) ერთი შეხვედრა მოიგო - ავსტრიელი მაქსიმილიან ჰაგენდერი იპონით გამოთიშა, მერე კი ჩერნოგორიელ იოვან პეკოვიჩთან დათმო ასევე წმინდად. მძიმე წონაში პირველი შეხვედრა მხოლოდ გიგა გელაშვილმა მოიგო, როსტომ ხახალეიშვილი კი დამარცხდა. გელაშვილმა ლიტველ მარტინას ვასკოვიჩიუსს გაფრთხილებით გამარჯვების შემდეგ უკრაინელ სერგეი ზვერევთან წააგო, ხახალეიშვილმა კი პოლონელ კამილ გრაბოვსკისთან დათმო. პირველივე წრეში დამარცხდა თეიმურაზ ხაჩიძეც (90), თუმცა ის ერთადერთია, ვისაც მარცხისთვის არ დავძრახავთ - ზემოხსენებულ უნგრელ კრისტიან ტოტთან წააგო.

81 კილოგრამში მონაწილე არ გვყავდა, თუმცა აქ ყველაფერი მაინც ქართველის ზეობით დამთავრდა. ოღონდ ის საბერძნეთის დროშით და ბერძნული გვარ-სახელით გამოდის - გიორგი რევაზიშვილის შვილმა რომან მასტოპულოსმა ყველა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა და 5-დან 4 პაექრობა სუფთად მოიგო.

კვარცხლბეკი. ბიჭები
60 კგ
1. ისლამ იაშუევი (რუსეთი), 2. ლუკაშ კილბასინსკი (პოლონეთი), 3. ლეჩი ედიევი (რუსეთი), მემან სადიგოვი (აზერბაიჯანი).

66 კგ
1. ბარუხ შმაილოვი (ისრაელი), 2. ანდრაზ იერები (სლოვენია), 3. ადრიან ლაბრადო ფერნანდესი (ესპანეთი), მარკო ვუკიჩევიჩი (სერბეთი).

73 კგ
1. ანტონიო ესპოზიტო (იტალია), 2. ნიკოლა გუზიჩი (ჩერნოგორია), 3. აუგუსტო მელონი (იტალია), ჰუსეინ რაჰიმლი (აზერბაიჯანი)

81 კგ
1. რომან მასტოპულოსი (საბერძნეთი), 2. ასლან ლაპიგანოვი (რუსეთი), 3. ხასან ხალმურზაევი (რუსეთი), დომინიკ რესელი (გერმანია).

90 კგ
1. კაზბეგ ზანკიშიევი (რუსეთი), 2. მიხაელ კორელი (ჰოლანდია), 3. ლი კოჩმანი (ისრაელი), მიხაელ ზგანკი (სლოვენია).

100 კგ
1. დომენიკო დე გუიდა (იტალია), 2. ზლატკო კუმრიჩი (ხორვატია), 3. იორგ ფონსეკა (პორტუგალია), იაკობ მამისთვალოვი (ისრაელი).

+100 კგ
1. ანტონ კრივობოკოვი (რუსეთი), 2. უშანგი კოკაური (აზერბაიჯანი), 3. დანიელ ნატეა (რუმინეთი), ჰარუნ სადიკოვიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული