ძიუდოს 2015 წლის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

AutoSharing Option
ამ დღეებში გაიმართა ძიუდოს აღმასკომის სხდომა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: დაამტკიცეს 2015 წლის ძიუდოს განვითარების სახელმწიფო პროგრამა და დაამტკიცეს საანგარიშო ყრილობის გამართვის თარიღი. იგი ახალი წლის დადგომისთანავე, 3 იანვარს გაიმართება, დღის წესრიგი კი ასეთია: 2013-14 წლების ფედერაციის მუშაობისა და მიღწეული შედეგების შეფასება; საკლუბო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები და წესდებაში საჭირო ცვლილების შეტანა; აღმასკომის წევრის ჩანაცვლების საკითხი.

ყრილობა ცოტა შეუფერებელ დროს კი დაინიშნა - ზედ საახალწლო ფორიაქის დღეებში, როცა მედიის უმეტესობა ისვენებს, თუმცა ეტყობა, ურჩევნიათ, ვიწრო წრეში განიხილონ საკითხები. ეს
ხომ ისედაც შიდა სამზარეულოა - მხოლოდ საანგარიშო და არა საარჩევნო ყრილობა, თუმცა ბოლო საკითხზე მაინც გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, როგორც ქართული რეალობისთვის უპრეცედენტოს.

როგორც ნახეთ, მესამე საკითხად აღმასკომის წევრის ჩანაცვლება განიხილება. ჩვენთვის ცნობილია იმ პიროვნების გვარ-სახელი, ვის ჩანაცვლებასაც აპირებს ფედერაცია, მაგრამ თავს ვიკავებთ მისი დასახელებისგან - ის ქართულ ძიუდოში აქტიურად საქმიანობს, ერთ-ერთი პირველი კლუბის დამფუძნებელიცაა და სულაც არ გვინდა, შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი.

უბრალოდ, მიზეზთა გამო აღმასკომის მუშაობაში ვერ აქტიურობს და ფედერაციამაც ამიტომ მიიჩნია აქტუალურად მისი შეცვლა უფრო აქტიური კანდიდატით.

ამ ფაქტმაც ამით მიიქცია ჩვენი ყურადღება და ამიტომაა უპრეცედენტო - ჩვენთან ხომ აღმასკომში, პრეზიდიუმში ყოფნა, მისი წევრობა ყველას უნდა, მაგრამ რისთვის უნდათ, აი, აქ კი შავადაა საქმე.

აღმასკომის წევრობა ერთგვარი სტატუსია და რომელიმე ვეტერანს თუ არ შეიყვან, შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს, მაგრამ იქ რომ საქმე უნდა აკეთოს და მართოს ფედერაცია, ამაზე აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს.

არადა, სწორედ აღმასკომი, პრეზიდიუმია ფედერაციის მმართველი და მისი როლი განუზომლად დიდია. თუმცა ქართული აღმასკომ-პრეზიდიუმების რეალობა ისაა, რაც ახლახანსაც ვიხილეთ ჭიდაობის ფედერაციაში, როცა პრეზიდენტს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლება დაუკანონეს. თუმცა, სამწუხაროდ, ჭიდაობა არაა გამონაკლისი და აღმასკომი ყველა ფედერაციაში წლების განმავლობაში რჩებოდა პრეზიდენტის "აგრესიულად მორჩილ უმრავლესობად", რაც ბევრგან ახლაც გრძელდება.

ასეთი მოდელი საქართველოში წესად დამკვიდრდა, ევროპული გამოცდილებიდან კი მახსოვს რუმინეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მომხდარი ფაქტი, როცა იქაური ეოკ-ის პრეზიდენტმა, ახლო წარსულის სახელოვანმა მორაგბე ოქტავიან მორარიუმ აღმასკომიდან ერთბაშად 4 წევრი გარიცხა ზემოთ მოყვანილი მიზეზის მსგავსად - აღმასკომის სხდომებს აცდენენ და სათანადოდ ვერ აქტიურობენ ეოკ-ის მუშაობაშიო.

ამ ოთხიდან ერთი ადგილობრივი მედია-მაგნატი იყო, ორიც - ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობასა და კიდევ რომელიღაც სახეობაში, მეოთხე კი, არც მეტი, არც ნაკლები, თვით "კარპატელ მარადონად" წოდებული რუმინული ფეხბურთის ლეგენდა გეორგე ჰაჯი, ვისაც პირდაპირ აღმერთებენ რუმინეთში.

ამის მიუხედავად, ჰაჯი მის ავტორიტეტსაც არ მოერიდა, რადგან ვერ ასრულებდა მოვალეობას, რითაც საერთო საქმეს აზარალებდა.

არადა, რუმინეთი სულაც არ არის დასავლური სტანდარტების სადარი ქვეყანა. ეტყობა, ახალ დროსთან, ახალ თაობასთან ერთად საქართველოშიც მოდის მსგავსი შეგნება, რისი მაგალითიც ძიუდოს ფედერაცია და მისი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილია, ვისგანაც მოდის ეს ინიციატივა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნოვატორი პრეზიდენტი - დავით ქევხიშვილი რეფორმებს კვლავაც გვპირდება
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქევხიშვილებმა, ყიზილაშვილებმა და მათმა ოჯახებმა დაიპყრეს ფედერაცია .
Dato
14:23 21-12-2014
0
ბატონო ირაკლი, თუ წერთ, დაწერეთ ბოლომდე ვიზეა ლაპარაკი.თუ თემო ძიას გულისხმობთ,მაშინ მისთვის იმის დაბრალება, რომ აღმასკომის წევრობა უნდა, მუშაობა კი ეზარება - აბსურდია და ვიღაცას შეყავხართ შეცდომაში. დარწმუნებული ვარ, ამ კაცს სასირცხვილო არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში და მით უმეტეს, ქართულ ძიუდოში. იგი გვავარჯიშებდა თბილ დარბაზში, ხელფასებს გვიხდიდა. შეკრებებსა და შეჯიბრებებზე დაგვატარებდა ბევრ ძიუდოისტს, მათ შორის ბ-ნ ქევხიშვილსა და ბ-ნ ყიზილაშვილს.სანაცვლოდ არასდროს არაფერი სდომებია ჩვენი წარმატებების გარდა. ეხლაც კარგი ბიჭები ყავს, თუნდაც ზვიად გოგოჭური რად ღირს!
აღმასკომის მუშაობაში მის არაქტიურობას დარწმუნებული ვარ თავისი მიზეზები აქვს. რაც მე ვიცი, ალბათ ის, რომ იგი ბ-ნ ქევხიშვილს უკრძალავდა სპორცმენების, მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალის ჯიბეში ხელის ფათურს. იქნებ ჩაატაროთ ჟურნალისტური კვლევა, თემო ძიასაც გაესაუბროთ (საკმაოდ ადვილი სანახავია და არ მგონია, უარი გითხრათ ქართული ძიუდოს საჭირბოროტო საკითხებზე საუბარზე) და დაადგინოთ რეალური მიზეზი.
ჩემი აზრით მისი ჩანაცვლება აბსოლუტურად სხვა მიზეზითაა განპირობებული - ბატონ ქევხიშვილს უნდა წინასწარვე მოიცილოს მისი მოწინააღმდეგე ხმა, რათა თვითონ არ მოიცილონ ფედერაციიდან ისევე, როგორც ყვარლის გამგებლობიდან მოიცილეს.
giorgi
22:09 04-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული