ქართველი ძიუდოისტები სეზონს საკლუბო ჩემპიონატით დაასრულებენ

AutoSharing Option
ძიუდოისტებმა წლევანდელი სეზონი თითქმის დაამთავრეს, თუმცა ევროპელებს ბოლო აკორდი 20 დეკემბერს ექნებათ, როცა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მასში ორი ქართული კლუბიც ჩაებმება - "საგარეჯო ფფ სუპერსტარი" და შინაგან საქმეთა სამინისტროს "მებრძოლი".

განმარტებისთვის გეტყვით, რომ ევროპის საკლუბო ტურნირი ახალი ფორმატით ტარდება, ორ ლიგაში. უმაღლესი დონეა "ოქროს ლიგა", რომელშიც 8 კლუბი შედის, ხოლო დანარჩენები პირველ ლიგაში ერთიანდებიან.

ჩვენები სწორედ რანგით უფრო დაბალ ჯგუფში იჭიდავებენ და ზედა ეშელონში გადასვლას შეეცდებიან. ამ ლიგაში 17 კლუბი გამოდის, რომელთაგანაც 2-2 ქართული, სერბული,
თურქული და რუსულია, 4 - ჰოლანდიური; საფრანგეთს, პორტუგალიას, ავსტრიას, იტალიას და შვედეთს კი თითო წარმომადგენელი ჰყავს.

იმის მიუხედავად, რომ ლიდერები ზედა ჯგუფში გამოდიან, აქაც არიან ევროპულ საკლუბო ძიუდოში ისეთი აღიარებულები, როგორიც თურქული "ისტანბული" და ჰოლანდიური "ჰაარლემ კანამიუ" არიან, რომლის ქალთა გუნდის ღირსებასაც საქართველოში გადმობარგებული ესტერ სტამი (70) იცავს.

რაკი უცხოურ კლუბებში მოასპარეზე ჩვენებურებზე ჩამოვარდა სიტყვა, ბარემ აქვე გეტყვით, რომ ფრანგული "ჯუდო სარტროვილის" ღირსებას იქ მცხოვრები ტრისტან ავალიანი (73) იცავს,
პორტუგალიურ "სპორტინგში" იქ გადაბარგებული ქუთაისელი ანრი ეგუტიძე (81) გამოვა, ხოლო ამავე წონაში "ისტანბულში" საბერძნეთში წასული რომან მასტოპულოსი (რევაზიშვილი) იჭიდავებს.

პირველი ლიგა ეძახეთ და, ძალიან ბევრი ტიტულოვანი ძიუდოისტი კი იასპარეზებს. ჩვენი კლუბების არ იყოს, ვარსკვლავებითაა გადაჭედილი ჰაარლემური კლუბი: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორი ძმები დექს (73) და ხიიომ (90) ელმონტები, 100 კილოგრამის ერთ-ერთი ლიდერი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ფინალისტი და ოლიმპიადის ორგზის მესამეპრიზიორი ჰენკ ხროლი, მონღოლი ტუმურკულეგ დავაადორჯი (66); სხვა კლუბებში კი არიან: ებრაელი ალონ სასონი, სერბი სრდჯან მრვალჯევიჩი, აზერბაიჯანელები - რუსტამ ორუჯოვი და ტარლან კარიმოვი, ლიტველი კაროლის ბაუზა, სლოვენიელი ანდრაზ იერები, უზბეკი აბდულო ტანგრიევი, შვედი მარკუს ნიმანი და ბევრი სხვაც, ხოლო ქართველთა შემადგენლობაზე ახლავე მოგახსენებთ.

"მებრძოლი", ძირითადად, ეროვნული ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული: ამირან პაპინაშვილი, შალვა ქარდავა (ორივე - 66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ზურაბიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური, (90), ადამ და ვახტანგ ოქრუაშვილები, გურამ თუშიშვილი (სამივე - +100).

ჯაბანი შემადგენლობა არც "საგარეჯოს" ეყოლება, რომელმაც ლიდერებთან ერთად აქცენტი პერსპექტიულ ახალგაზრდებზე აიღო: ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი, კობა მჭედლიშვილი (73), უშანგი მარგიანი, თამაზ კირაკოზაშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (90), ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე (+100).

საბედნიეროდ, ქართულ ძიუდოს დღეს ევროპაში სახელი არ აკლია, თუმცა ჩვენები უმაღლეს ლიგაში მაინც ვერ მოხვდნენ, რადგან ახალი ფორმატით, მისი ბინადრები რეიტინგმა გამოავლინა.

ეს გასაგებიცაა, რადგან საქართველო ხომ აქამდე საკლუბო ჩემპიონატში არ მონაწილეობდა. "ოქროს ლიგის" პაექრობებს რუსული სამარა უმასპინძლებს, პირველ ლიგას - ჰოლანდიური ჰოფდორპი.

ზედა ლიგიდან ოთხი კლუბი დაქვეითდება, ქვევიდან კი ამდენივე აღზევდება. ორივე ქართული კლუბი წლეულსვე გეგმავს იქ გადასვლას. ამ ჯგუფის გუნდები ქვეჯგუფებში გადანაწილდებიან, რომლის წილისყრაც 20 დეკემბერს გაიმართება. იმედია, ქვეჯგუფში ჩვენები ძლიერებთან არ მოხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული