ქართული ძიუდო: სეზონი წარმატებების, სეზონი დაფიქრების...

AutoSharing Option
ქართული ძიუდოსთვის 2014 წელიც წარმატებული გამოდგა, ანუ ისევ გრძელდება ბოლო წლებში აღებული ტემპი, სპორტის ეს სახეობა ჭაობიდან რომ ამოიყვანა. თუმცა განვლილ სეზონშივე გამოჩნდა გარკვეული ხარვეზები, რამაც, შესაძლოა, ოლიმპიურ პერსპექტივაში დაგვაზარალოს.

განვლილი სეზონის (არა მხოლოდ ძიუდოში) გმირად ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) იქცა, რომელმაც დუბლი შეასრულა - ევროპის პირველობაც მოიგო და მსოფლიოსიც. პლანეტის პირველობაზე მისი გამარჯვება ქართული ოლიმპიური სპორტისთვის რამდენიმე კუთხით აღმოჩნდა ნიშანდობლივი - სამწუხაროდ, ქართველთაგან ის წლევანდელი სეზონის ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონია ამ სახეობებში, რადგან არათუ ძიუდოში, მთლიანად ქართულ სპორტში ასეთი შედეგის მიღწევა
ვერავინ შეძლო. თან 2007 წლის შემდეგ ასევე ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონი არ გვყოლია.

ისიც დიდი წარმატებაა, რომ ჭრიკიშვილი ზედიზედ მეორედ გავიდა ამ ორი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრების ფინალში, თუმცა შარშან დუბლის შესრულება ფრანგმა ლოიკ პიეტრიმ არ დაანება, წლეულს კი წინ ვერავინ დაუდგა. ჩვენმა ლიდერმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა და, იმედია, ამაზე არ გაჩერდება.

ისიც სასიამოვნოა, რომ მას უკვე მეორე სეზონია, უძლიერეს ფალავნად აღიარებს მსოფლიოს ძიუდოს სამყარო. თუმცა 2014 წელს ეს აღიარებაც უფრო მაღალ რეგისტრში ავიდე, ვიდრე - 2013-ში... აწ უკვე გასულ წელს ყველამ დაინახა მისი სიძლიერე და რეალური შესაძლებლობები.

ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის პირველობაზე 4 მედალი მოიპოვა - 2-2 ოქრო-ვერცხლი. ჭრიკიშვილის გარდა, ფრანგულ მონპელიეში გამართულ ამ შეჯიბრებაზე ვალერი ლიპარტელიანმაც (90) გაიმარჯვა. ასევე ზედიზედ მეორედ შეეძლო ევროპის ჩემპიონობის მოპოვება ამირან პაპინაშვილსაც, მაგრამ ფინალში რუსთა ყაბარდოელ ბესლან მუდრანოვთან ისევ დამარცხდა (კარიერაში უკვე მეხუთედ ექვსი პაექრობიდან).

ამ სამეულის მსგავსად, ევროფინალში ზედიზედ მეორედ იჭიდავა მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმაც, მაგრამ ისევ უძლეველ ფრანგ ტედი რინერისთან დამარცხდა და კვლავ ვერცხლით დაკმაყოფილდა.

ამასთან, კიდევ ორმა სპორტსმენმა - ნუგზარ ტატალაშვილმა (73) და ლევან მატიაშვილმა (+100) ბრინჯაოსთვის იჭიდავა, ხოლო ორიც - ზებედა რეხვიაშვილი (73) და ზვიად გოგოჭური (90) მეშვიდეზე გავიდნენ. მთლიანობაში, უშუალოდ მედლისთვის 9-დან 6-მა კაცმა იჭიდავა, ხოლო 8 მედლის ზონაში შევიდა...

სპორტსმენებმა გაგვახარეს გუნდურ ტურნირში გამარჯვებითაც, როცა ფინალში რუსების კიდევ ერთხელ ძლევით ისევ მოიგეს ქომაგთა გულები...

შედეგი ძალიან კარგია, მაგრამ ის მაინც ჩამორჩება 2013-ისას, რომელიც მართლაც ფენომენური იყო - 7 წონიდან 6-ში გვყავდა მონაწილე და ყველას ფინალში ვიჭიდავეთ, ჯამში კი 9 კაციდან 6 მედალი მოვიპოვეთ... თუმცა, ალბათ, მოგვიწევს იმასთან შეგუება, რომ მსგავს წარმატებას ვერ გავიმეორებთ, ფენომენური მიღწევა ყოველდღიურობით არ უფასურდება. თან მაშინ ძიუდოს წესებში ახალი შეტანილი იყო სერიოზული ცვლილებები, რასაც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბევრმა მწვრთნელმა გვიან აუღო ალღო, ირაკლი უზნაძემ კი დროულად მოარგო გასაღები გუნდს.

წარმატებული გამოდგა ნაკრების გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზეც, სადაც ჩვენი არჩივი 3 მედალი გახდა - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. მედალოსანთა გვარები იგივეა - ჭრიკიშვილი ისევ ჩემპიონია, ბრინჯაოს კი პაპინაშვილი და ლიპარტელიანი დაეუფლნენ...

სამწუხაროდ, გუნდურ პირველობაში ცოტა ხელი მოეცარათ და წინა წელს მოპოვებული ტიტული ვერ შეინარჩუნეს - ნახევარფინალში იაპონიასთან წააგეს და მესამე ადგილს დასჯერდნენ.

თუმცა იმ ფონზე, როცა 7-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ისევ დააბრუნეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, შედეგი მაინც აღმატებულია. ნაკრების მიღწევად იმასაც მივიჩნევთ, რომ სეზონის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში მძიმეწონოსანმა ლევან მატიაშვილმა ძიგორო კანოს მემორიალზე ვერცხლი მოიპოვა.

არადა, ამ ტურნირის არსებობის ისტორიაში, ის მხოლოდ ერთ ქართველს - დავით ბოდაველს მოუგია შორეულ 1982 წელს. მეტიც - ის სულაც ერთადერთი ქართველია, ვინც კი ამ შეჯიბრების ფინალში გასულა. სამაგიეროდ, ეს ორჯერ შეძლო - 1981-82 წლებში.

უფროსთა გვერდით, სეზონის უმთავრეს შეჯიბრებებში წარმატებით გამოვიდა ახალგაზრდული ნაკრებიც. მათაც განსაკუთრებით ევროპის პირველობაზე იყოჩაღეს, სადაც 5 მედალი ირგუნეს - თითო ოქრო-ბრინჯაო და 3 ვერცხლი.

ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90) გახდა, ფინალში კი თორნიკე ნაგლიაშვილი (55), ივანე ჯავახიშვილი (60) და უშანგი მარგიანი (81) გავიდნენ. ბრინჯაო ლევან გუგავამ მოიპოვა, რასაც გუნდურ პირველობაში გამარჯვებაც დაემატა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი გუნდური შეჯიბრება იყო ამ ასაკში, ანუ ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. აქვე შევნიშნავთ, რომ 2013 წელს მათ ანალოგიური სადებიუტო შეჯიბრება მსოფლიოს მასშტაბით მოიგეს, ანუ ისტორია დაწერეს.

წლევანდელ მსოფლიოზე ახალგაზრდებმა ოდნავ მომცრო ყულაბა შეავსეს - 4 მედალი წამოიღეს სამშობლოში, რომელთაგანაც 1 ვერცხლი იყო, დანარჩენი - ბრინჯაო. ამერიკაში, მაიამის სიახლოვეს, ქალაქ ლუდერდალში ჩატარებულ ამ ტურნირში ყველაზე უკეთ აწ გარდაცვლილი სახელოვანი ვეტერანის, ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ აკაკი კიბორძალიძის შვილი გუგა კიბორძალიძე გამოვიდა, ვინც ვერცხლით დაკმაყოფილდა.

მესამე ადგილზე კობა მჭედლიშვილი (73), ლევან გუგავა (81) და ღვინიაშვილი გავიდნენ.

ამ ნაკრებს შეეძლო, გუნდურში დუბლი შეესრულებინა და ზედიზედ მეორედ მოეგო მსოფლიოს პირველობა, თუმცა ამაში ხელი მსაჯმა შეუშალა, რომელმაც მეხუთე, გადამწყვეტ პაექრობაში გურამ თუშიშვილს (+100) აშკარა გდება არ ჩაუთვალა.

ახალგაზრდულ ნაკრებზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ მისი და ეროვნულის შემადგენლობა მჭიდროდაა გადახლართული ერთმანეთში - მარგიანი და ღვინიაშვილი ეროვნულშიც სისტემატურად ჭიდაობენ წამყვან ტურნირებზე და აგვისტოში უფროსებში მსოფლიოს პირველობაზეც იასპარეზეს.

მატიაშვილი 2013-ში გადავიდა ამ გუნდიდან, ხოლო გურამ თუშიშვილი 100 კილოგრამში არსებული ჩავარდნის ერთ-ერთ მომგვარებლად ესახებათ სპეციალისტებს. სწორედ ამიტომ იყო მწარე ალიყური მარგიანისა და ღვინიაშვილის წაგება ახალგაზრდულ მსოფლიოზე...

თუმცა ბოლო სეზონმა დაგვანახვა, რომ თაობათა ცვლის პროცესი კარგად მიდის, რაც აუცილებელი პირობაა სახეობის განვითარებისთვის - ახალგაზრდებში თავი გამოიჩინეს ჭაბუკებიდან გადმოსულებმა, თავის მხრივ კი, ამათი ფალავნები წარმატებით ჭიდაობენ ეროვნულ ნაკრებში...

თუმცა ამ დადებითი ტენდენციების გვერდით ძალიან საშიში ხარვეზებიც გამოჩნდა. თან ახალგაზრდულმაც და ეროვნულმაც დაახლოებით ერთნაირი პრობლემები გამოავლინეს. მაგალითად, 2013-თან შედარებით, 2014-ში მათი ჭიდაობის ხარისხი უფრო გაუარესებულია.

თვით ჭრიკიშვილიც კი, რომელმაც დამაჯერებლად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, სანახაობრივად ბევრად უფრო ცუდად ჭიდაობდა. მწვრთნელები ამტკიცებენ და იქნებ ეს სავსებით დასაშვებიც იყოს, ეს მათი სტრატეგიული სვლა იყო - ეჭიდავა შედეგზე და არა სანახაობაზე.

ტურნირის დასრულების შემდეგ მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმაც თქვა, ლამაზად შარშან ვიჭიდავე, მაგრამ სახლში ვერცხლით დავბრუნდიო, თუმცა მოგვიანებით ისიც აღიარა, ცოტა შებოჭილი ვიყავი, თითქოს მოძრაობა მიჭირდაო...

ჭიდაობის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტიც, რომელიც საწვრთნელ პროცესში და, ზოგადად, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში სიახლეებს აუცილებლად მიიჩნევს.

ბუნებრივია, ასეთი დეტალები არასოდეს დარჩებოდა ყურადღების მიღმა, მაგრამ საქმე იმან უფრო დაამძიმა, რომ ფიზმომზადებაში გარკვეული პრობლემები ახალგაზრდულ ნაკრებსაც დაეტყო... ისიც საყურადღებოა, რომ ორივე გუნდი ბევრად უკეთ გამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე, ვიდრე - მსოფლიოზე...

საინტერესოა, რა მოხდა - მწვრთნელების მიდგომები გახდა არაეფექტური თუ წინა წლებთან შედარებით, მოთხოვნები შეამცირეს და ამიტომ ვერ გამოიღო ამან ადრინდელი შედეგი?

ეროვნულთან მიმართებაში არც იმას გამოვრიცხავ, რომ პეტერ ზაიზენბახერის მიერ ამაღლებული ფიზმომზადების საერთო დონე უკვე "გამოდის" ორგანიზმიდან, მაგრამ ახალგაზრდულს რაღა დაემართა - მასაც ხომ არ ამზადებდა ზაიზენბახერი? თან, გია გუგავა აქამდე ყოველთვის მშვენივრად ამზადებდა გუნდს "ფიზიკურად"!

თუმცა, ამ ნაკრებთან მიმართებაში, მიზეზი იქნებ ზედ მსოფლიოს წინ მაიამიში გავლილი შეკრება იყოს. ის ადაპტაციისთვის გააკეთეს, მაგრამ იმავე ძიუდოისტების (სიდნეის ოლიმპიადის წინ) და მოჭიდავეთა პრაქტიკა (ათენის თამაშების წინ) გვიჩვენებს, რომ დასკვნითი შეკრება უარყოფით შედეგს იღებს - სპორტსმენები როგორღაც "იხარშებიან", იღლებიან...

ეს აშკარად ეტყობოდათ მარგიანსა და ღვინიაშვილს, თუმცა გავითვალისწინოთ, რომ ისინი ეროვნულშიც ჭიდაობდნენ და თანაგუნდელებზე ბევრად დიდხანს მოუწიათ ფორმის პიკის შენარჩუნება - თუ დანარჩენებმა თანატოლთა ევროპიდან მსოფლიომდე შეინარჩუნეს, ესენი უფროსთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ პიკში, რაც მერე მიყოლებით შეინარჩუნეს ახალგაზრდების უმთავრესი შეჯიბრებებისთვის. სხვებს თუ ერთი თვით მოუწიათ პიკის "დაჭერა", ესენი აგვისტოდან ოქტომბრამდე ცდილობდნენ შენარჩუნებას, რაც ნამდვილად არაა იოლი საქმე... ვფიქრობთ, ისინი ორ ფრონტზე ბრძოლამაც გადაღალა.

ცხადია, მწვრთნელებმა უკეთ იციან გუნდის შეცდომები თუ მინუსები. იმედია, ამას გამოასწორებენ და ახალ სეზონს უფრო უკეთ მომზადებულები შეხვდებიან, თორემ პრობლემებისგან გაქცევა და ეიფორიაში ჩავარდნა ხეირს არ დაგვაყრის... წინ ხომ მეტად მნიშვნელოვანი სეზონია, როცა ყველა ტურნირი სალიცენზიო სტატუსისაა.

მართალია, 7-დან 4 წონაში იმდენად მყარად ვლიდერობთ საერთაშორისო რეიტინგს, ლიცენზიების მოპოვებაში ხელს ეშმაკიც ვერ შეგვიშლის, მაგრამ საქმე მარტო საგზურიც არაა - ოლიმპიადისთვის სათანადო მომზადება გვმართებს, შეცდომების გამოსასწორებლად და ახალი კოზირების დასამუშავებლად კი მხოლოდ ერთი სეზონი გვრჩება...

თუ სიახლის სწავლა გვინდა, ამისთვის საუკეთესო დრო სწორედ 2015 წლის სეზონია, თორემ ოლიმპიადის წელს მკვეთრად განსხვავებულ რეალობასთან შეჭიდებას ყველა ერიდება.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 2 /
100 კილოში ჩავარდნა კიდე დიდხანს იქნება,არადა არიან კანდიდატები და მათაც უნდა მიეცეთ შანსი,მაგალითად არჩილ საღინაძე.თუშიშვილსაც და სხვასაც აშკარად ჩაგრავს პირად ორთაბრძოლებში
GELA74
17:42 03-01-2015
0
ევროპის შემდეგ ოქრუაშვილის რეგრესი აშკარაა. მე მგონი, საერთოდ დაიკიდა ჭიდაობა და ვარჯიში. შეიძლება, ფსიქოლოგიური მომენტიც აქვს-იცის, რომ ევროპაშიც და მსოფლიოზეც პირველობას ვერ შესწვდება და რაც აქამდე მოიპოვა, იმით კმაყოფილდება ალბათ...ასე რომ, კარგი იქნება, მწვრთნელებმა მეტი შანსი მისცენ ახალგაზრდებს.
ფრანიო
21:23 02-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული