ლაშა შავდათუაშვილი ტოკაის უნივერსიტეტში ივარჯიშებს

AutoSharing Option
იანვრის მეორე ნახევარში ძიუდოში უმრწემესი ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის პირველობის გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი (73) იაპონიაში გაემგზავრება საგანგებო შეკრების გასავლელად.

ეს ნაბიჯი ძიუდოს ფედერაციის იმ ახლებური სტრატეგიის ნაწილია, რომლის თანახმადაც, ყურადღება უფრო ნაკრების წევრთა ინდივიდუალურ მომზადებაზე კეთდება.

ამავე სტრატეგიის ფარგლებში, იგივე შავდათუაშვილი შარშანაც იყო იაპონიაში, წლეულს კი ტოკაის საქვეყნოდ აღიარებულ ძიუდოს ცენტრში ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი ვალერი ლიპარტელიანი (90) იყვნენ დავით ასუმბანის ხელმძღვანელობით სავარჯიშოდ.

შავდათუაშვილიც ტოკაის უნივერსიტეტში ივარჯიშებს, ოღონდ, სამწუხაროდ, ამჯერად მარტო
იქნება "ამომავალი მზის ქვეყანაში" - ის თავისი ხარჯით მიდის იაპონიაში, ფედერაცია კი უსახსრობის გამო მას ვერც მწვრთნელს აყოლებს და ვერც რომელიმე თანაგუნდელს, როგორც შარშან გააყოლეს ლუხუმ ჩხვიმიანი.

თუმცა ეს ამჟამად არსებული რეალობაა, მაგრამ არაა გამორიცხული, სამომავლოდ რამე შეიცვალოს და სპორტსმენი თუ არა, მწვრთნელი მაინც გააყოლონ ოლიმპიურ ჩემპიონს.

სადღეისოდ ლაშა შავდათუაშვილი თანაგუნდელებთან ერთად ავსტრიულ მიტერშილშია, სადაც ძიუდოს ევროპული კავშირის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ კემპში მონაწილეობს.

ეს შეკრება 16 იანვარს მთავრდება, რის შემდეგაც გუნდი თბილისში დაბრუნდება და აქ მოვარჯიშე სათადარიგო ფალავნებს შეუერთდება, თუმცა შავდათუაშვილს სხვა გეგმები აქვს და შორეული ქვეყნისკენ აიღებს გეზს.

მოგეხსენებათ, 2013 წელს ბუდაპეშტში, ევროპის პირველობაზე 66 კილოგრამში გამარჯვების შემდეგ შავდათუაშვილმა წონითი კატეგორია შეიცვალა და უკვე შარშანდელი სეზონიდან საბოლოოდ გადავიდა 73-ში, თუმცა ადაპტაცია ძალიან გაუგრძელდა და ახალ წონასთან შეგუება გაუჭირდა.

ოღონდ ამის მიზეზი, წმინდა სპორტულ ასპექტებთან ერთად, ტრავმებიცაა - მან კვლავ გაიკეთა რამდენიმე ოპერაცია და, შესაბამისად, რეაბილიტაციის მტკივნეულ პროცესსაც რამდენჯერმე შეეჭიდა. ამას წონის ფაქტორიც დაემატა - ტიტულების მიუხედავად, ის ჯერ მაინც მოზარდია და წონაში კვლავაც იმატებს. თვითონაც თქვა ერთხელ ჩვენთან ინტერვიუში, ჯერ ისევ ვიზრდები და წონა მემატებაო.

მოგეხსენებათ, ამას სიმაღლეც თან უნდა მიჰყვეს და სწორედ ეს ფიზიოლოგიური პროცესი იყო მთავარი ამოცანა - ეს ორი კომპონენტი როგორმე თანხვედრაში მოსულიყო ერთმანეთთან.

ერთი სიტყვით, მას ერთდროულად ორ პრობლემასთან უწევდა გამკლავება - ტრავმებთან და წონასთან, რასაც, მისი ბოლოდროინდელი გამოსვლებით თუ ვიმსჯელებთ, ნელ-ნელა ართმევს თავს.

სეზონის პირველ ნახევარში, თვით მსოფლიოს ჩემპიონატის ჩათვლით, თუმცა იმავე პერიოდიდან ერთი შეჯიბრება მაინც უნდა აღინიშნოს - ხანგრძლივი ტრავმებისა და მკურნალობის შემდეგ, როგორც იქნა, ტატამზე დაბრუნებული წარმატებით ჩაება ბუდაპეშტის "დიდი პრიზის" გათამაშებაში.

იქ პირველად გამოჩნდა, რომ ადაპტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდებოდა და ის თანდათან იბრუნებდა ძველ ფორმას, თუმცა ხიფათიც თურმე იქვე იყო ჩასაფრებული - ფინალში წარმატებით გავიდა, იქ კი მოლდოვიდან არაბულ საემიროებში გაყიდულ (შეიძლება ასეც ითქვას, რადგან თურმე მოლდოვის ფედერაციამ ლამის ნახევარი გუნდის გაშვების სანაცვლოდ ფული აიღო) ვიქტორ სკვორტოვთან შეხვედრაში ერთ მომენტში მუხლი ცუდად შეუბრუნდა და ეს ძლივს მორჩენილი ჩემპიონი ისევ საექიმო გახდა.

კიდევ კარგი, ტრავმა არც ისე რთული აღმოჩნდა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ნაწილი კი გაუცდა. მსოფლიოს შემდეგ მან ასტანაშიც იჭიდავა, თუმცა მეშვიდეზე გავიდა, ნოემბერში კი საქართველოს ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა. იქ უკვე სულ სხვა შავდათუაშვილი ვიხილეთ, რომელიც გაცილებით უფრო მყარად, მშვიდად და თავდაჯერებით იდგა ტატამზე. ის უკვე თვითონ უტევდა და ქმნიდა მომენტებს, წარმართავდა პროცესებს, ვიდრე თავს იცავდა, ფრთხილობდა და ერიდებოდა ფიცხელ შერკინებას...

მაშინ უფრო გაშინაურებული ჩანდა ამ წონასთან, რაც კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატში "საგარეჯოს" შემადგენლობაში. ერთი სიტყვით, სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მან ძნელბედობის პერიოდი უკან ჩამოიტოვა და ადაპტაციის პროცესიც დაასრულა.

იმედია, იაპონიაში ინდივიდუალური შეკრების გავლა კიდევ უფრო მეტად წაადგება.

როგორც გითხარით, ავსტრიული შეკრების პარალელურად, თბილისშიც მიმდინარეობს ანალოგიური წვრთნა, სადაც ისინი ვარჯიშობენ, რომლებიც მიტერშილში წამსვლელთა შორის ვერ მოხვდნენ (შეგახსენებთ, იქ 16 ძიუდოისტი ვარჯიშობს). სპორტსმენები 7-8 თებერვალს გასამართავი სოფიის "ევროპის ღია თასისთვის" ემზადებიან.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს იქ წასაყვანი შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა არაოფიციალური ხმებით, ლიდერებს დაასვენებს და შანსს სათადარიგოებს მისცემს.

ევროპულ თასებზე წონაში ოთხი კაცის დაყენება შეგვიძლია და წინასწარი მონაცემებით, უზნაძე ამ კვოტას სრულად გამოიყენებს, ანუ ბულგარეთში 28 სპორტსმენით გამოვალთ, თუმცა კიდევ ვიმეორებთ - არაა გამორიცხული, უახლოეს პერიოდში რაღაც შეიცვალოს კიდეც. რაც შეეხებათ ლიდერებს, ისინი 20-22 თებერვალს დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" გამოვლენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული