შეგახსენებთ, რომ ჩვენები ავსტრიულ მიტერშილში იყვნენ ერთობლივ შეკრებაზე, სადაც ირაკლი უზნაძემ ნაკრების ყველა ლიდერი, 16 ფალავანი წაიყვანა.
ეს იყო ძიუდოს ევროპული კავშირის მიერ ორგანიზებული ოლიმპიური საწვრთნელი კემპი, რომელშიც 700-მდე ათლეტი მონაწილეობდა. მათ შორის ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის 40 მედალოსანიც გამოდიოდა - ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი), კაილა ჰარისონი (აშშ), სარა მენეზესი (ბრაზილია), იარდენ გერბი (ისრაელი), მაილინდა კელმენდი (კოსოვო), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვალერი ლიპარტელიანი (ორივე - საქართველო), ილიას ილიადისი (საბერძნეთი),
სპორტსმენები დღეში ორჯერ ვარჯიშობდნენ - თავიდან ვაჟები და ქალები ცალ-ცალკე ემზადებოდნენ, შეკრების მეორე ნახევარში კი ერთად გადიოდნენ წვრთნას. კემპის ფარგლებში მოეწყო მსაჯთა სემინარიც. უზნაძის თქმით, შეკრებამ წარმატებით ჩაიარა. ბიჭებმა სრული დატვირთვით, ნაყოფიერად ივარჯიშეს და რაც მთავარია, ყველაფერმა ტრავმების გარეშე ჩაიარა.
ამ შეკრების პარალელურად, თბილისში დარჩენილი ეროვნული ნაკრების სხვა კანდიდატები ადგილზე გადიოდნენ წვრთნას.
ავსტრიიდან დაბრუნებული გუნდი ახლა მათ შეუერთდება და ერთობლივად გააგრძელებენ მზადებას უახლოესი შეჯიბრებებისთვის. ამ ტურნირების სიას ბოლო პერიოდში ერთიც დაემატა - რომის შეჯიბრება. ამდენად, ჩვენები 7-8 თებერვალს სოფიაში იჭიდავებენ "ევროპის ღია თასზე", იქიდან რომში გადაინაცვლებენ, სადაც მომდევნო უქმეებზე - 14-15 თებერვალს იასპარეზებენ, ამას კი ისევ ერთკვირიანი შუალედით დიუსელდორფის "დიდი პრიზის" ტურნირი მოსდევს - 21-22 თებერვალს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე ჯერ არ ჩქარობს ბულგარეთში წასაყვანი შემადგენლობის დასახელებას.
ცხადია, სამწვრთნელო შტაბისთვის ძირითადი ბირთვი უკვე ცნობილია, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩენილია გარკვეული დეტალები, რომლებსაც მიმდინარე შეკრებაზე გაარკვევენ. თუმცა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი კულუარებიდან, ნაკრების ხელმძღვანელობა აპირებს, "ევროპის თასებზე", ანუ სოფიასა და რომში სათადარიგოები წავიდნენ, ლიდერები კი დიუსელდორფში იასპარეზებენ.
კონტინენტურ თასებზე იმ კონტინენტის წარმომადგენლებს წონაში 4-4 ფალავნის გამოყვანა შეუძლიათ, რათა სათადარიგოებს რაც შეიძლება, მეტი შანსი მიეცეთ. აქედან გამომდინარე, ევროთასებზე, რომელიც უფრო დაბალი რანგის ტურნირია და სალიცენზიო ქულებიც ბევრად ნაკლები გაიცემა, 4-4 ფალავნის გამოყვანა შეგვიძლია.
ისევ და ისევ დაუზუსტებელი ხმებით, ჩვენები აპირებენ, სოფიაშიც და რომშიც ეს კვოტა სრულად გამოიყენონ, ანუ 28-28 კაცი წაიყვანონ, ოღონდ არა ლიდერები. ოღონდ რამდენად შეიცვლება ბულგარეთში ნამყოფი შემადგენლობა იტალიაში, ეს სოფიური შეჯიბრების შემდეგ გაირკვევა. ბევრად უფრო მეტი სიცხადე იქნება დიუსელდორფის გუნდთან დაკავშირებით, რადგან იქ ლიდერები იჭიდავებენ.
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიაში ჩვენი ქალთა ნაკრების ლიდერი ესტერ სტამიც (70) გამოვა, თუმცა ვიმედოვნებთ, მას შანსი მანამდეც მიეცემა. დღეისათვის ის შედის სალიცენზიო 22-კაციან სიაში, შედარებით სუსტ ევროთასებზე კი გამარჯვების მეტი შანსი აქვს და თუმცა ქულებსაც ნაკლებს მიიღებს, მაგრამ მის პოზიციებს ესეც საგრძნობლად გაამყარებს.
ცხადია, ჩვენები ამ სამი ტურნირის შემდეგაც ბევრ შეჯიბრებაში გამოვლენ - თებერვალ-მარტის მიჯნაზე ვარშავაშია ევროთასი, მარტის ბოლოს კი მიჯრით "დიდი პრიზის" ორი შეჯიბრებაა - თბილისსა და სამსუნში.
მწვრთნელებს გარკვეული მონახაზი იმ ტურნირებზე წამსვლელებზეც აქვთ, თუმცა იმათი შემადგენლობა დიდწილად დიუსელდორფის შემდეგ გაირკვევა. აქ ისიც გასათვალისწინებელია, ვის რა მდგომარეობა ექნება სალიცენზიო რეიტინგში - იქნებ ვიღაცას ქულები განსაკუთრებით სჭირდება სალიცენზიო ჩათვლაში ან სულაც განთესილთა შორის მოსახვედრად, ანაც - უკეთესი ბადის მისაღებად.
ევროპა-მსოფლიოს პირველობების მოახლოების კვალდაკვალ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება და ძიუდოს ფედერაცია არაერთხელ დაიანგარიშებს სალიცენზიო რეიტინგის მონაცემებს.
დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ძიუდოისტები შეკრებას კვლავ ვაკეში, ძიუდოს ყოფილ დარბაზში გადიან, რომელიც ახლა სამბოს ფედერაციის საკუთრებაშია.
ძიუდოისტებს იქ გადაბარგება იმიტომ მოუხდათ, რომ დიღომში მათ ბაზაზე - ძიუდოს აკადემიის შენობაში, "თბილისი-2015"-ის ფარგლებში, რემონტი მიმდინარეობს, რომელიც თანდათან დასასრულს უახლოვდება, თუმცა ამათ ხელში აგვისტომდე ვერ გადავა, ვიდრე ზემოაღნიშნული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი არ დასრულდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"