ლაშა შავდათუაშვილი და თორნიკე ნაგლიაშვილი ტოკაიში ემზადებიან

AutoSharing Option
ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) უკვე იაპონიაშია, სადაც ერთობლივ შეკრებას გაივლის ტოკაის უნივერსიტეტში, ადგილობრივ გუნდთან. იქ წასვლა სპორტსმენს თავად რომ სურდა და ხარჯებსაც თვითონ იღებდა, ამის შესახებ "ლელომ" უკვე გაცნობათ, თუმცა მას შემდეგ მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა და თორნიკე ნაგლიაშვილის გაგზავნაც მოხერხდა.

ესაა ახალგაზრდა - 18 წლის სპორტსმენი, რომელიც შარშან გადმოვიდა 21-წლამდელთა ნაკრებში, ჭიდაობს 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში და სადებიუტო სეზონშივე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

თუმცა მოზარდი სპორტსმენი იმ შეჯიბრების შემდეგ იძულებული გახდა, წონითი კატეგორია შეეცვალა და 60-ში გადასულიყო. მსოფლიოს
პირველობა უკვე იქ იჭიდავა, მაგრამ ადაპტაციისთვის დრო არ ეყო და მეორე წრიდან გამოეთიშა შეჯიბრებას.

ნაგლიაშვილი ახალ თაობაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია, რომელიც ტექნიკური საჭიდაო სტილით გამოირჩევა, ტატამზეც კარგად აზროვნებს და კიდევ ბევრი დადებითი თვისება ახასიათებს.

სიმბოლურია, რომ ფედერაციამ შავდათუაშვილს შორეულ იაპონიაში ნაგლიაშვილი გააყოლა - ორივეს დაახლოებით ერთნაირი პრობლემა აქვს, ახალ წონაში ადაპტაცია.

მოგეხსენებათ, შავდათუაშვილმა ორიოდე წლის წინ შეიცვალა წონითი კატეგორია, თუმცა ამას ტრავმებიც დაერთო და ბოლომდე დღემდე ვერ შეეგუა ამ წონას. უხეშად რომ ვთქვათ, ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ "ჩაჯდა" ახალი წონის სტანდარტებში. ეჭვიც არაა, მისი გამოცდილების კაცს ახალგაზრდა კოლეგისადმი გასაზიარებელი ბევრი ექნება.

როგორც გითხარით, ქართული დუეტი ტოკაის უნივერსიტეტში ივარჯიშებს, ჩასვლისთანავე კი უკვე მოასწრეს იქ მყოფ სახელოვან ქართველ სუმოისტ თეიმურაზ ჯუღელთან (გაგამარუსთან) სტუმრობა.

ჩვენები ტოკიოში ორი კვირა ივარჯიშებენ, მერე კი სამშობლოში დაბრუნდებიან და შავდათუაშვილი ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, ნაგლიაშვილი კი ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გააგრძელებს მზადებას. უფრო სწორად, ახალგაზრდულისა და ჭაბუკების გაერთიანებულ გუნდთან.

როგორც მოგეხსენებათ, ასაკობრივი ნაკრებები ერთიანდება და ამიერიდან მათ ერთი ხელმძღვანელობა ეყოლება, მათ მთავარ მწვრთნელსა და ეროვნული ნაკრების მეხუთე კურატორს ფედერაცია ამ დღეებში გამოაცხადებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული