ახალი აქცია სპორტსმენებისთვის - კახაბრიშვილი მაქინატორებს მორიგ გაფრთხილებას აძლევს

AutoSharing Option
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ ახალი წელი სიახლით დაიწყო - ქართულ სპორტში პირველად ევროპიდან შემოიტანეს და სპორტულ ფედერაციებს დაურიგეს საკვები დანამატები და ვიტამინები.

ესაა ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ნაწილობრივ გერმანული წარმოების პროდუქცია, რომელიც დოპინგზე შემოწმებულია იქაურ ლაბორატორიებში და არ შეიცავს აკრძალულ ნივთიერებებს.

ეს პროდუქცია დაურიგდა ყველა ფედერაციას და არა მარტო ეგრეთ წოდებულ პრიორიტეტულებს, ანუ ისეთებს, რომლებსაც მეტი წარმატება აქვთ. თან, მწვრთნელებს სათანადო ახსნა-განმარტებებიც მისცეს.

ბევრად გაიზარ
და სპორტსმენთა არეალიც, ვინც ამას მიიღებს - ამჯერად სიაში მოხვდნენ არა მხოლოდ ლიდერები, ანუ ისინი, ვინც ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე იასპარეზებენ, არამედ მათი სპარინგ-პარტნიორებიც. ამ სიაში მოხვდნენ ასაკობრივი გუნდებიც.

აქამდე ფედერაციები ვერ წვდებოდნენ ასე ფართო სპექტრის დაფარვას და სათადარიგოები ხშირად თვითნებურად იღებდნენ დამატებით საშუალებებს, რაც არაერთხელ გამხდარა დისკვალიფიკაციის საბაბი.

ახლანდელი აქციით სწორედ ამის აღკვეთას ცდილობენ - სპორტსმენებს აღარ დასჭირდეთ თავისით გამოწერა ან სააფთიაქო ქსელში შეძენა. თან, ამ ჩამონათვალში სხვადასხვა სახის პროდუქცია შედის - ნაწილი აღმდგენია, ნაწილი წონის კლებას უწყობს ხელს, ზოგი შეჯიბრების წინ უნდა მიიღონ, ზოგი - უშუალოდ შეჯიბრებისას და ასე შემდეგ.

ამ აქციის შესახებ გვესაუბრება ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომელსაც ბოლოდროინდელ გახმაურებულ დოპინგ-სკანდალებზეც დავეკითხეთ.

- იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა ტიპის აქციაა ეს და ვისი მეშვეობით განხორციელდა?
- ვიზრუნეთ იმაზე, რომ ქვეყანაში შემოწმებული პროდუქცია შემოსულიყო და პირდაპირ ჩვენ მიგვეღო, აფთიაქის გვერდის ავლით. ის ოლიმპიურ კომიტეტში დავასაწყობეთ - პროტეინი, გლუტამინი, ამინო, კრეატინი, ენერგოტონიკები, ფიზიკური და სპეციფიკური მომზადებისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქცია, რომელიც ჩეხეთისა და სლოვაკეთის ოლიმპიურ კომიტეტებთან თანამშრომლობით შევამოწმეთ და შემოვიტანეთ.

სპორტის უკლებლივ ყველა სახეობაში, იმის მიუხედავად, რამდენად წარმატებული ფედერაციაა, ნაკრების კანდიდატებს, პლუს "თბილისი-2015"-ის პოტენციურ მონაწილეებს უკვე ვურიგებთ საჭირო დანამატებს.

ეს აქცია განხორციელდა საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით. დიდი დახმარება გაგვიწია კომპანიამ "თეთრი ღამეები" - სწორედ მან გვიშუამდგომლა უცხოელებთან.

დღეს დამშვიდებული ვარ იმ კუთხით, რომ ყველა სახეობა უზრუნველყოფილია. უკვე შევხვდით ფედერაციების უმეტესობას და გადავეცით ეს საქონელი. ოღონდ ის გავწერეთ გარკვეულ პერიოდზე, რაც მწვრთნელებთან შევათანხმეთ, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი თავიდან გავივლით კონსულტაციებს, ვის რა დასჭირდება და იმის მიხედვით გავცემთ. რაც მთავარია, მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ ეს დანამატები დოპინგს არ შეიცავს.

- აქამდე რატომ იქმნებოდა დოპინგის პრობლემა?
- იმიტომ, რომ ჩვენი ბიუჯეტი მიზერული იყო და მარტო იმ რამდენიმე სპორტსმენს ეძლეოდა, ვინც ტურნირების მონაწილედ მოიაზრებოდა. მადლობა მინდა ვუთხრა სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს, რომ ამდენი თხოვნის შემდეგ ჩვენი ასოციაციის ბიუჯეტი გაორმაგდა.

მე სამინისტროში შევედი წინადადებით, 2015 წლის პრიორიტეტად ყოფილიყო ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი, რასაც ემატება ევროპის თამაშები ბაქოში და თან სალიცენზიო წელიწადი გვაქვს. საბედნიეროდ, გაითვალისწინეს ეს არგუმენტები.

მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონობა არ ნიშნავს ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე აუცილებლად გამოსვლას - კაცმა არ იცის, კონკრეტულ მომენტში ვინ როგორ ფორმაში იქნება. ამიტომ გადაწყდა, ეს დანამატები ყველა კანდიდატისთვის მიგვეცა. ესენია საქართველოს ჩემპიონატის ყველა მედალოსანი და აგრეთვე ისინიც, ვინც ახალგაზრდებიდან ასწრებს გადასვლას ეროვნულ ნაკრებში.

მაგალითად, ძიუდოში მივეცით ბექა გულბიანსაც 60 კილოგრამში, რომელიც ასაკით ჯერ მართლაც პატარაა, მაგრამ სპარინგ-პარტნიორია ამირან პაპინაშვილისთვის და რატომ არ უნდა მიიღოს. თან ასეთებს იმასაც ვეკითხებით, ხომ არ აწუხებთ წონის პრობლემა, რათა საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ დავიწყოთ მათი სხვა წონაში გადაყვანა და ეს თვითნებურად არ გააკეთონ რაღაც მანიპულაციებით.

მეორე მომენტი: ბევრი პროტეინი ძვირი ღირს და ყველას არ შეუძლია მისი შეძენა. განსაკუთრებით - სათადარიგოებს, რომლებსაც შედარებით დაბალი ანაზღაურება აქვთ. მოგეხსენებათ, ხელფას-პრემიები შედეგების მიხედვითაა და ყველა ვერ ახერხებდა მათ შეძენას. ამიტომ აქცენტი ავიღეთ ხელმისაწვდომ, შემოწმებულ პროდუქციაზე და ათლეტთა ფართო არეალზე, რათა იმ სათადარიგო სპორტსმენმა იგრძნოს, რომ გვერდში უდგას მედიცინა, ქვეყანა და ის არაა მხოლოდ სპარინგ-პარტნიორი.

ერთი სიტყვით, ყველა ნაკრები უზრუნველყოფილია - ძალოსნობა, ძიუდო, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ფარიკაობა, ტანვარჯიში... თან, რაც ყველაზე მეტად მესიამოვნა, ბიჭები თავად აწერდნენ ხელს, ანუ გრძნობდნენ პასუხისმგებლობას.

ასე მგონია, ისინი თვითნებურად უკვე არ გამოიწერენ არაფერს, თუ არადა, კატეგორიულად ვუკრძალავ ყველას, ნურავის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ნუ მიიღებენ ნურაფერს, გინდ რუსეთის ნაკრების ექიმი იყოს ეს, გინდ - მონღოლეთისა თუ სხვა ქვეყნის. მე თავად ვარ სამედიცინო კომისიის თავმჯდომარე სამბოში, ძიუდოში კი - წევრი და ძალიან კარგად ვიცი იმ 7 ათასივე მედიკამენტის შემადგენლობა.

აქ ლაპარაკია იმაზე, ვინმემ თვითნებურად არ მიაწოდოს სპორტსმენს რაიმე პრეპარატი და თან არ დაარიგოს, რომ ექიმებს დაგვიმალოს ეს. დღეს იმიტომ ვაძლევთ მათ ამ პროდუქციას ეტაპობრივად, ყველა შეკრების და შეჯიბრების შემდეგ რომ არ ჰქონდეთ თვითნებურად გამოწერისა და მაქინაციების სურვილი.

პეტრიაშვილის ამბავი - ყველაზე ბრმა შემთხვევა
- ადრე რატომ ხდებოდა მსგავსი ფაქტები, რატომ რისკავდნენ სპორტსმენები?
- პირველი მიზეზი იყო თვითნებობა, მეორე - სურვილი იმისი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიეღწიათ შედეგისთვის, თუმცა, ვფიქრობ, მუშაობაც არ იყო სათანადოდ გამართული და ამაში ჩემს პასუხისმგებლობასაც ვგულისხმობ.

ასეთი შეუთანხმებელი მუშაობის მაგალითია გენო პეტრიაშვილის ამბავი - ეს ყველაზე ბრმა შემთხვევაა, რაც მთლიანად არაორგანიზებული მუშაობის ბრალია. ის ამ პრეპარატს - პრედუქტალს ევროპის ჩემპიონატზეც იღებდა, მაგრამ მაშინ სათანადო ანკეტაში ჩაიწერა და პრობლემა არ შეჰქმნია.

მსოფლიოს პირველობაზე გუნდს ექიმი ვერ გაჰყვა. ვინც შეჰყვა, იმან არ იცოდა, რომ უნდა ჩაეწერა საბუთებში, თვითონ სპორტსმენი აფექტის მდგომარეობაში იყო და ვერ გათვალა, რამაც ეს შედეგი მოიტანა. ფაქტობრივად, კი გავმართლდით - შეიძლება ითქვას, სასამართლო პროცესი მოვუგეთ საერთაშორისო ფედერაციას, მაგრამ მაინც დავისაჯეთ, რადგან ის ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მაინც სასჯელია.

პეტრიაშვილი ფუნქციონალურ-ფიზიკურად იმდენად კარგადაა მომზადებული, დოპინგი არაფერში სჭირდებოდა. ესაა არაორგანიზებულობის ბრალი. ამიტომ ყველას ვუმეორებთ მუდმივად და ამისთვის ვიყენებთ ყველა ტრიბუნას - ჩვენი ასოციაციის საანგარიშო ყრილობა, სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის შემაჯამებელი სესიები თუ სხვა საჯარო ღონისძიებები, - თვითნებურად არ მიიღონ არავითარი პრეპარატი, ჩვენ მიერ მიცემულ წამლებზე კი პასუხისმგებელნი ვართ, სარეაბილიტაციო იქნება თუ მოსამზადებელი.

პეტრიაშვილის შემთხვევაში ეს დიდწილად ფედერაციასა და მწვრთნელებს შორის არეულობების გამო არ მოხდა. ამას ისიც დაემატა, რომ ექიმი ვერ გააყოლეს გუნდს. არადა, ამას კატეგორიულად ვითხოვ ყველა ტურნირზე, ყველა ფედერაციისგან - გააყოლონ ექიმი.

მოვუწოდებ ყველას - თვითნებურად არაფერი მიიღონ
- ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქართული დოპინგ-სკანდალი ძალოსნების შემთხვევაა. ეს რამ გამოიწვია?
- იქაც ფედერაციაში არსებული არეულობის გამო მოხდა. ამას ისიც დაემატა, რომ ზოგიერთმა მწვრთნელმა ბევრი აიღო საკუთარ თავზე და მოიგონა ახალი ფორმულები.

რა დასამალია, იღებდნენ აკრძალულ პრეპარატებს, თუმცა, როცა ტალახაძემ პერუში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობა მოიგო, ფედერაციის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გარკვეული ინფორმაცია დამალა - ის ბიჭი არ უნდა წასულიყო შეჯიბრებაზე, ჩვენ შეგვეძლო არ გაგვეშვა და ადგილზევე დაგვესაჯა, მაგრამ დაუდევრობის გამო მოხვდა შეჯიბრებაზე და მივიღეთ ეს შედეგი. როგორც ვიცი, ის მწვრთნელები დაისაჯნენ - მოეხსნათ ხელფასები და აეკრძალათ ნაკრებთან მუშაობა. ელემენტარულად, მათ ვერ გათვალეს, რომელი პრეპარატი რამდენ ხანში გამოდიოდა ორგანიზმიდან.

- ამ აქციით რამდენად მკაცრად გაკონტროლდება ეს პროცესი?
- რადგან სალიცენზიო წელიწადია და თან ბაქოში, ევროპის თამაშებზეც გაიცემა საგზურები, ოლიმპიურ კომიტეტთან და სამინისტროსთან შეთანხმებით, ყველა სახეობაში შევამოწმებთ საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეებს, ოღონდ წინასწარ არავის ეცოდინება, ვინ იქნება ეს კანდიდატი.

შემოწმდება არა მარტო ჩემპიონი, არამედ სხვაც. რეგიონები ძალიან ძნელი საკონტროლოა და ამიტომ ვაფრთხილებ ყველას - თუ ვინმე ჩვენგან მალულად მაინც იღებს რამე აკრძალულს, საერთოდ ნუ გამოვა ქვეყნის პირველობაზე.

იმის ფუფუნება არ გვაქვს, ამხელა ჯარიმები ვიხადოთ, თუმცა ახალი ანტიდოპინგური რეგულაციებით უკვე ვერც დავეხმარებით - იცით, რომ წლეულს სპორტსმენის ბიოლოგიური პასპორტი შემოვიდა და პირველივე სასჯელი, შეიძლება, ოთხწლიანიც იყოს; გამოტანილ განაჩენს კი ვერ შევუმსუბუქებთ, რასაც აქამდე კიდევ ვახერხებდით. ამიტომ მოვუწოდებ ყველას - თვითნებურად არაფერი მიიღონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული