ამას ბრინჯაოს მოპოვების კიდევ ორი დაკარგული შანსიც უნდა დავუმატოთ და მხოლოდ ვაჟთა შორის ჩათვლაში მეშვიდეზე გავედით.
ბულგარული შეჯიბრების ვიცე-ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი მინდია ლილუაშვილმა (66), ფრიდონ გიგანმა (73) და გიორგი პაპუნაშვილმა (81) მოიპოვეს.
მეხუთეზე ალექსანდრე მსხალაძე (100) და ონისე ბუღაძე (+100) გავიდნენ.
მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდი სოფიაში გადახალისებული შემადგენლობით წავიდა - არ ჭიდაობდნენ ლიდერები. აქედან გამომდინარე, შედეგი არაა
მით უფრო, არც ტურნირი იყო მაინცდამაინც ძლიერი. ამასთან, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უმეტესობამ ვერც სახარბიელო ჭიდაობა აჩვენა...
სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ჩხვიმიანის, გიგანის (ესენი 21 წლისანი არიან და სულ ახლახან გადმოვიდნენ ახალგაზრდული ნაკრებიდან), ბუღაძის, განსაკუთრებით - პაპუნაშვილის გამოსვლა, რომელიც ამ შეჯიბრების მთავარი სიურპრიზია; დამაჯერებლად გამოიყურებოდა ლილუაშვილიც, თუმცა ნამდვილად მეტს ველოდით ვაჟა მარგველაშვილისგან (66), ზებედა რეხვიაშვილისგან (81), პაატა ღვინიაშვილისგან, ზვიად გოგოჭურისგან (ორივე - 90), პაატა მერებაშვილისგან (60), ლაშა გურულისგან, ალექსანდრე ზაალიშვილისგან (ორივე - 100) - მათი ნაწილი საქართველოს ჩემპიონია, ნაწილი - ეროვნული ნაკრების სტაჟიანი კანდიდატი, ნაწილმა კი დივიდენდები ქვეყნის პირველობაზე კარგი გამოსვლით მოიპოვა, რაც ამჯერად, სამწუხაროდ, ვერ გაამართლეს.
მეტს ველოდით მსხალაძისგანაც - მან 20 სალიცენზიო ქულა კი შეიმატა, ქვეჯგუფში ოთხი წრეც გაიარა და ნახევარფინალშიც გავიდა, მაგრამ, ვფიქრობთ, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ლატვიელი ეუგენიუს ბოროდავკოს ძლევა ნამდვილად მართებდა, მით უფრო - წინასწარ შეხვედრებში ნაჩვენები ჭიდაობის ხარისხის ფონზე.
მთლიანობაში, რეზიუმედ ის შეიძლება ითქვას, რომ სათადარიგო შემადგენლობა რაც შეიძლება, ხშირად უნდა ვატაროთ ამ რანგის შეჯიბრებებზე, რათა გამოცდილება მიიღონ და კლასი აიმაღლონ.
დარწმუნებულნი ვართ, პრაქტიკის შემთხვევაში ისინი მომავალში ბევრ შეცდომას აღარ გაიმეორებენ.
იყო ცოტა სხვა ტიპის პრობლემებიც. მაგალითად, ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს ტაქტიკაზე ერთი და იმავე ტიპის შენიშვნის მიცემა უწევდა თვით პაპუნაშვილისთვისაც კი, რომელიც კარგად გამოიყურებოდა - ვფიქრობთ, ის ხშირი სატურნირო პრაქტიკით მიეჩვევა მწვრთნელის დაჯერებას...
ამ ტურნირზე ცალკეულმა სპორტსმენებმა გამოავლინეს კარგი თვისებები, თორემ საერთო ფონი არც ისე დამაიმედებელია... დაგვეთანხმებით, როცა ნაკრები მეორე-მესამე ნომრებს ამ დონის ტურნირზეც უჭირთ ოქროს მოპოვება (ვიმეორებთ - ბულგარეთში საქართველოს რამდენიმე ჩემპიონიც ჭიდაობდა და დამარცხდა), უმთავრეს შეჯიბრებებზე საერთოდ უშანსოდ არიან.
ვფიქრობთ, უზნაძე ახლა მაინც ისაუბრებს ნაკრებში მწვრთნელთა ფუნქციების გადანაწილებაზე - კადრები საკმარისია და ძალიან საინტერესოა, ვინ რას გააკეთებს, თორემ ძველებური მიდგომით (როცა ყველა ერთ საქმეს აკეთებდა), ანუ დიფერენცირების გარეშე რეზერვს სერიოზულად ვერ გავზრდით.
კიდევ ვიმეორებთ - ამჯერად ცოტა უკეთესი სურათი გამოჩნდა, თავის წონაში მეორე ნომრად იკვეთება ჩხვიმიანი, პრობლემად ქცეულ 66 კილოგრამში საიმედოდ მიჩნეულ მარგველაშვილსა და ქარდავას ლილუაშვილიც შეიძლება დაემატოს; კარგ კადრებად გამოჩნდნენ - გიგანი და პაპუნაშვილი, მაგრამ ეს მაინც არაა საკმარისი და თანაბარძალოვანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად გაცილებით მეტი შრომაა საჭირო...
კვლავაც მძიმე ვითარებაა 66-სა და 100-ში, თუმცა ადრინდელივით თუ გაგრძელდა, სხვებში ისევ ერთი ლიდერის იმედად, ანუ "თავკომბალა წონებად" დავრჩებით. ფაქტია - სარეზერვოებთან მიზანმიმართული მუშაობაა საჭირო.
ჩხვიმიანი არ ჩხუბობს
ჩხვიმიანი საქართველოს შარშანწინდელი ჩემპიონია, შარშან ნოემბერში კი პრიზიორებშიც ვერ მოხვდა. ამის მიუხედავად, უზნაძე მაინც ენდო და სულ ბოლო მომენტში შეიყვანა გუნდში - ეტყობა, მწვრთნელმა შეკრებაზე მასში სათანადო მომზადება დაინახა. როგორც ტურნირმა აჩვენა, არც შემცდარა, ჩხვიმიანმა ისევ გამოავლინა ჟინიანი ხასიათი და ბრძოლის დიდი წყურვილი. ამ თვისებებით მან შარშანაც დაგვამახსოვრა თავი, თუმცა მაშინ კიდეც გადააჭარბა - გამარჯვებისკენ სწრაფვა ლამის ჩხუბში გადაეზარდა.
ამჯერად ყველაფერი ნორმის ფარგლებში მოხდა - სწორედ ესაა გამოცდილება. ჩხვიმიანი ფიზიკური მონაცემებით ისედაც გამოირჩევა, მაგრამ ამ კუთხით კარგი მომზადებაც ეტყობოდა - არ იღლებოდა, არ უჭირდა გამძლეობაში. უბრალოდ, გამოცდილება აკლია და სასურველია, რომ ტექნიკური არსენალიც ცოტა მეტი ჰქონდეს. თუმცა ეს იმდენად დიდი პრობლემა არაა, რამდენადაც გამოუცდელობა.
სოფიაში ჩვენებური საკმაოდ ძლიერ ქვეჯგუფში მოხვდა - იქით შვეიცარიელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლუდოვიკ ჩამარტინი, აქეთ - კორეელი დონ ჰიუ კვნაი; არც უნგრელი ლასლო ბურიანია ხელწამოსაკრავი, თუმცა ქართველი მათ მეოთხედფინალამდე არ ხვდებოდა. თუმცა ვერც ერთი იქამდე ვერ მივიდა და ჩხვიმიანს ნახევარფინალის საგზურის მოპოვება ბულგარელ დენისლავ ივანოვთან პაექრობაში მოუხდა.
ჩვენებურმა მას იუკოთი მოუგო, მანამდე კი წმინდად დაჯაბნა უკრაინელი დენის ბილიჩენკო და ავსტრიელი სტეფან კუდერა. ნახევარფინალში ჩხვიმიანმა თურქი აჰმეტ შაჰინ კაბა დააიპონა, თუმცა ფინალი წმინდად წააგო ფრანგ ადრიან რაიმონდთან.
ბრინჯაოს სამეული
ამ სამეულიდან 21 წლის გიგანი ყველაზე პატარაა, პაპუნაშვილი 23 წლისაა, ლილუაშვილი - 24-ის. თუმცა ამათგან ყველაზე გამოცდილი სწორედ გიგანია - 2012 წელს ახალგაზრდების ევროპის ვიცე-ჩემპიონია, ერთ წელიწადში კი დიდი წვლილი შეიტანა ახალგაზრდების მსოფლიოს გუნდური პირველობის მოგებაში. შეგახსენებთ, რომ ის მწვრთნელმა გია გუგავამ მხოლოდ ფინალში აჭიდავა, თუმცა ქართველებით გადიდგულებულ ბერძნებთან დაპირისპირებაში "ოქროს შეცვლად" გამოიყენა - ლევან გუგავას ნაცვლად აჭიდავა და მანაც ქართველ რომან მასტოპულოსს აჯობა.
სოფიაში გიგანმა დამაჯერებლად მოიგო ჯგუფური ეტაპი, თუმცა ბევრი კი იბრძოლა. პირველ სამ შეხვედრაში გაფრთხილებებით მოიგო - ბელორუს ვადიმ შოკასთან, უკრაინელ დმიტრო კანივეცთან და გამოცდილ თურქ ჰასან ვანლიოღლუსთან ქულა არ გაუკეთებია. მეოთხედფინალში ყველაზე სერიოზული მეტოქე ჰყავდა - ბელგიელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორი დირკ ვან ტიხელტი.
ბედის ირონიით, პირველი ქულა - იუკო სწორედ მასთან მოიპოვა. ნახევარფინალში ჰოლანდიელთა მომავალ ჩემპიონ სამ ვან ტ ვესტენდესთან წააგო, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ფრანგ გილიომ ჩაინეს ვაზარი ამოუქაჩა (თუმცა მანამდე თვითონაც აუღო ვაზარი).
პაპუნაშვილსა და ლილუაშვილს აქამდე უცხოეთში თითო ტურნირზე თუ ეჭიდავათ. ეს ტურნირი სხვაგან რომ ჩატარებულიყო, ვინძლო პაპუნაშვილი ნახევარფინალშიც გასულიყო, რადგან იქ გადასასვლელ შეხვედრაში მასპინძელ ივაილო ივანოვთან მხოლოდ ერთადერთი გაფრთხილებით წააგო.
მანამდე ავსტრალიელი დიეგო დე სოუზა ბარეტო იპონზე დააგდო, სლოვაკი ფილიპ სტანჩევი გაფრთხილებით ჩამოიცილა, უკრაინელ ვიტალი დუდჩიკს ვაზარ-იუკოთი აჯობა, დამამშვიდებელში რუსთა ახალბედა უმარ-კაზა სულეიმანოვს იუკოთი აჯობა, რუმინელი კრისტიან ბოდირლაუ კი კონტრშეტევაზე დაიჭირა და ვაზარზე გადაჩეხა.
ისე, ის გდება იპონს უფრო ჰგავდა და თავიდან მსაჯმა ასეც აჩვენა, მაგრამ მერე გადააკეთა. ამის შემდეგ ქართველმა ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა და გაფრთხილებებიც მიიღო, მაგრამ იუკოც მოიპოვა. შეხვედრის ბოლოს ბოდირლაუმაც აიღო იუკო, სადაც იპონს გადავურჩით... ისე, კიდევ კარგი, რომ რუმინელი ბრუნს კარგად ვერ აკეთებდა - ერთხელ ამაზეც გადავრჩით.
ლილუაშვილთან დაკავშირებით ისაა საინტერესო, რომ სამჯერ გავიდა საქართველოს ჩემპიონატის ფინალში, მაგრამ სამივეჯერ დამარცხდა. სოფიაში მან ქვეჯგუფში უკრაინელი ვლადისლავ დიდენკო და ეგვიპტელი ალი აბდელმუატი დააიპონა, რასაც ჰოლანდიელ იუნიორ დეგენთან წაგება მიაყოლა.
სანუგეშოში ებრაელი ბარუხ შმაილოვი და გერმანელი მარტინ სეტზი დაჯაბნა.
სოფიაში ჩვენი გუნდიდან ლაშა გიუნაშვილი, გიორგი ბროლაშვილი (ორივე - 60), გიორგი გუგულაშვილი, ბაქარ გულბიანი (66), ამბაკო ავალიანი (81), იასონ ნემსაძე (100), გიორგი ბოლოთაშვილი და ვახტანგ ოქრუაშვილი (ორივე - +100) ჭიდაობდნენ, მაგრამ ვერც ერთი მათგანი მეოთხედფინალამდეც ვერ მივიდა, სანუგეშოში მაინც რომ გადასულიყო.
მომდევნო შეჯიბრება, რომელშიც ჩვენი ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას, 14-15 თებერვალს რომში გაიმართება, ასევე "ევროპის ღია თასი".
კვარცხლბეკი. ვაჟები
60 კგ
1. ადრიან რაიმონდი (საფრანგეთი), 2. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო), 3. არიფ ბაგიროვი (ბელორუსი), იანისლავ გერჩევი (ბულგარეთი).
66 კგ
1. იარასილ საკენული (ყაზახეთი), 2. ძმიტრი შერშან (ბელორუსი), 3. მინდია ლილუაშვილი (საქართველო), მატეო პირასი (იტალია).
73 კგ
1. სამ ვან ტ ვესტენდე (ჰოლანდია), 2. სამი ჩოუჩი (ბელგია), 3. ფრიდონ გიგანი (საქართველო), დირკ ვან ტიხელტი (ბელგია).
81 კგ
1. ჯაე ბუმ კიმი (სამხრეთი კორეა), 2. მოჰამედ აბდელაალი (ეგვიპტე), 3. გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო), ივაილო ივანოვი (ბულგარეთი).
90 კგ
1. დმიტრი დოვგანი (რუსეთი), 2. მოჰამედ დარვიში (ეგვიპტე), 3. ტომას ბრიენო (ჩილე), ალონ სასონი (ისრაელი).
100 კგ
1. მიხაელ კორელი (ჰოლანდია), 2. რამადან დარვიში (ეგვიპტე), 3. ეუგენიუს ბოროდავკო (ლატვია), მიკლოშ ცირჯენიცსი (უნგრეთი), 5. ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო).
+100 კგ
1. ვლადუტ სიმიონესკუ (რუმინეთი), 2. იოაკიმ ხამო (უკრაინა), 3. ორ სასონი (ისრაელი), ფეიაზ იაზიჩი (თურქეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"