საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის გაუქმებამ გეგმები აურია

AutoSharing Option
26 თებერვალს საქართველოს ვაჟთა ნაკრები მორიგ შეკრებას ბაკურიანში იწყებს, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.

ვინაიდან იგი მიზნად 20-22 მარტს თბილისში ჩასატარებელი "დიდი პრიზისთვის" მზადებას ისახავს, ეს შეკრებაც ხანმოკლეა - მხოლოდ 10-დღიანი, მერე კი ბაკურიანიდან დუშეთში ჩამოინაცვლებენ, რათა ლეიბზეც მოასწრონ ვარჯიში.

ფიზიკური მომზადება ფრიად სპეციფიკური პროცესია, ორგანიზმი ძალიან იტვირთება და პირდაპირ ლეიბზე გადართვა, ანუ ეგრევე ჭიდაობა არაეფექტურია.

ორგანიზმმა რამდენიმე დღე უნდა დაისვენოს, რათა შეირგოს, "შეიწოვოს" მთაში ნავარჯიშები, თორემ გადაღლა და, შედეგად, ტურნირზე წარუმატებლობაც გარანტირებულია. სწ
ორედ ამიტომ გაყვეს ნაკრების მწვრთნელებმა ეს შეკრება ორ ნაწილად, რათა ორივე ტიპის ვარჯიში მოასწრონ - მთაშიც და ლეიბზეც.

ირაკლი უზნაძემ ბაკურიანში ნაკრები სრული შემადგენლობით წაიყვანა - 40-მდე კაცი და უკლებლივ ყველა ლიდერი.

სამაგიეროდ, ჯერ ისევ გაურკვეველია ნაკრების უახლოესი სამომავლო გეგმები.

მოგეხსენებათ, ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი გაუქმდა და მის ალტერნატივად ივნისში ბაქოში გასამართავი ევროპული თამაშები იქცა. ამან ევროპულ გუნდებს და მათ შორის, ჩვენებსაც გეგმები სერიოზულად აურია - კონტინენტის პირველობა მზადების წლევანდელი გეგმის ერთ-ერთი საკვანძო ეტაპი იყო, მისი გამოკლება კი საყრდენის გამოცლას ჰგავს. ეგ კი არა, უზნაძე აქცენტს სწორედ კონტინენტის პირველობაზე აკეთებდა და იქ ლიდერებით აპირებდა გამოსვლას. ახლა ჩვენებს გეგმების გადაწყობა მოუწევთ, თუმცა როგორ - მთელი პრობლემაც ამაშია.

საქმე ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატის გამო აპრილში სხვა ტურნირები საერთაშორისო კალენდარშიც არაა დაგეგმილი. საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნით, ყველა კონტინენტზე რეგიონული პირველობა ერთსა და იმავე დროს, ძირითადად, აპრილში ტარდება (წლეულს გამონაკლისი აზიაა, რომელიც თავის ჩემპიონატს მაისში ატარებს). ამიტომ ყველა გუნდი ამ შეჯიბრებისთვის მზადების დასკვნით ეტაპზეა გადასული - შეკრებებს გადიან და ტურნირები არავის სჭირდება. შესაბამისად, არც იგეგმება.

სხვებმა თავისი იკითხონ, ჩვენ კი ჩვენს ნაკრებზე გეტყვით, რომ ისინი გადახედავენ თავიანთ გეგმებს და მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ შეავსონ ეს მოულოდნელად გაჩენილი ფანჯარა.

ყველაზე უფრო რეალური ვარიანტია, აპრილში მათ ისევ შეკრებები გაიარონ, რადგან ტურნირები არ ტარდება, თუმცა ჯერ ასევე გაურკვეველია, საქართველოში ივარჯიშებენ თუ უცხოეთში წავლენ.

არადა, ევროპის ჩემპიონატის ამოგდება ჩვენს ფედერაციასაც გვარიან თანხებს დაუზოგავს - ის შოტლანდიაში იგეგმებოდა, რომელიც ძვირი ქვეყანაცაა და იქ მგზავრობაც სოლიდური თანხა დაჯდებოდა.

შესაბამისი ფულით შეკრებას სადმე უცხოეთში ნამდვილად გაივლიან, ხოლო საქართველოზე არცაა ლაპარაკი. თუმცა არც იმას გამოვრიცხავთ, ფედერაციამ ინდივიდუალურად გააგზავნოს ცალკეული ფალავნები, რაც მისი მუშაობის ნოვაციაა და რომელსაც რამდენჯერმე უკვე მიმართა.

იჭიდავებენ ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი თბილისში?
ამასობაში ჩვენმა ფედერაციამ თბილისის ტურნირზე წინასწარი განაცხადი გააკეთა, რომელშიც შეყვანილი არაა ჩვენი ნაკრების ორი გამოკვეთილი ლიდერი - ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი. თუმცა ამის თაობაზე უზნაძემ 25 თებერვალს განგვიცხადა, რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს.

თავის დროზე სამწვრთნელო საბჭო თურმე მართლაც არ გეგმავდა მათ გამოყვანას, რადგან ევროპის ჩემპიონატამდე ძალიან ცოტა შუალედი იყო და კონტინენტის პირველობისთვის ინახავდა. მით უფრო, ამ დუეტს არც სარეიტინგო ქულები სჭირდებოდა და არც სატურნირო პრაქტიკა აკლდა.

ოღონდ ახლა, როგორც გითხარით, ეს გადაწყვეტილება გადახედვას ექვემდებარება. ვფიქრობთ, მართლაც კარგი იქნება, გადახედონ და ისინი თბილისში აჭიდაონ. პარადოქსია - საკუთარ შეჯიბრებას ჩვენვე მივაყენოთ ჩრდილი და დავაკნინოთ ასეთი ფალავნების უჭიდავებლობით!

არადა, ტურნირის პრესტიჟს მისი სიძლიერე განაპირობებს. თან ჩვენ თუ არ ვაჭიდავებთ ფავორიტებს, სხვებს როგორ უნდა მოვთხოვოთ ძლიერი შემადგენლობის ჩამოყვანა?

დაგვეთანხმებით, ლიპარტელიანიც და ჭრიკიშვილიც თანამედროვე ძიუდოს კაშკაშა ვარსკვლავები არიან და მათი მონაწილეობა ნებისმიერი შეჯიბრების სტატუსს განსაზღვრავს. საკითხავია - ამ პირობებში რატომ არ უნდა ვაჭიდაოთ ისინი შინ, მშობლიურ ტურნირზე, მშობლიური მაყურებლის თვალწინ? მით უფრო, შემჭიდროებული საშეჯიბრო გრაფიკი უკვე აღარ შეუშლით ხელს - თბილისის "დიდი პრიზის" შემდეგ, ანუ მარტის ბოლოდან მოყოლებული, მაისის დასაწყისამდე სხვა ტურნირი აღარ ტარდება.

გასაგებია, რომ "დიდი პრიზის" და ევროპის ჩემპიონატის დაგეგმვა ჩვენი გადასაწყვეტი არაა, თორემ ისე შეუსაბამოდ, ერთმანეთთან ისე ახლოს არ დავგეგმავდით, რაც ლიდერების ორივეგან გამოყვანის საშუალებას მოგვცემდა, მაგრამ რისი გადაწყვეტაც შეგვიძლია, ის მაინც გადავწყვიტოთ ჩვენ საკეთილდღეოდ, ადგილობრივი მაყურებლის ინტერესთა გათვალისწინებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
უეჭველი უნდა აჭიდაონ ჩირიკა და ლიპო.
ამაზე ორი აზრიც არ შეიძლება იყოს სულ რომ ორ კვირაში მსოფლიოს ჩემპიონატი უწევდეთ.
მართლაცდა ვის რა უნდა მოსთხოვო, როცა შენ თვითონ არ აყენებ ასეთ ორ მოჭიდავეს?
Raul
11:54 26-02-2015
0
კაი რა სიმონ, გეყოფათ ტვინის ბურღვა არაფრისმომცემი ინფორმაციებით
tombo
12:50 26-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული