ძიუდოს აკადემია მუშაობას იწყებს

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის მიერ დაანონსებული აკადემია დღეიდან უკვე დაიწყებს მუშაობას. ჩვენ რამდენჯერმე შემოგთავაზეთ ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის ინტერვიუ, სადაც ის საუბრობდა საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემუშავებული სამწვრთნელო პროგრამის ქართულად გადმოთარგმნაზე, რაც ადგილობრივ მწვრთნელებს საერთაშორისო მოთხოვნების ფარგლებში კვალიფიკაციის ადგილზე ამაღლების საშუალებას მისცემდა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფედერაციამ ბუდაპეშტში ძიუდოს აკადემია დააარსა, სადაც სათანადო დარგის სპეციალისტებს ამზადებენ. მისი კურსანტი თავად ქევხიშვილია, რომელმაც გადაწყვიტა, ეს პროგრამა ქართულად გადმოთარგმნოს და ამ გზით დაეხმაროს ქართველ მწვრთნელებს, რადგან ენობრივი ბარიერი მათ იქ სწავლის საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, ადგილზე
სწავლის ხარჯებიც დაიზოგება.

ქევხიშვილმა ამაზე შეთანხმებას მიაღწია საერთაშორისო ფედერაციასთან, ვინაიდან პროგრამა მათი საკუთრებაა და უნებართვოდ ვერაფერს იზამდნენ. თან - სწავლა ფასიანია. ეს პროგრამა უკვე გადმოითარგმნა და ადგილობრივ მწვრთნელებს დღეიდან შეუძლიათ საქმეში ჩართვა. ამის შესახებ დავით ქევხიშვილმა პარასკევს სასტუმრო "ჰოლიდეი-ინში" გამართულ პრესკონფერენციაზე ამცნო საზოგადოებას.

ესაა ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილი პროგრამა, რომლის გამოყენება სპორტის სხვა სახეობებსაც შეუძლით, რადგან მასში დაახლოებით 20 პროცენტია სპეციფიკურად ძიუდოში, დანარჩენი კი საერთო საფუძველია. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ კიდეც სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლები, ამ პროგრამის ცოდნა კი მწვრთნელებს დაეხმარება, თავად გაერკვნენ სპორტსმენის ფიზიკური მომზადების ნიუანსებში - წონის კლება, საკვები რაციონი და სხვა. შედეგად კი, არ იქნებიან მწვრთნელებზე დამოკიდებულნი.

სწავლება სამკურსიანია, რომელთაგან თითოეულის ხანგრძლივობა დაახლოებით ორთვენახევარია. ყოველ კურსზე მიმდინარეობს როგორც საბუნებისმეტყველო (მაგალითად, ვარჯიშის ფიზიოლოგია, კვება და ჰიდრაცია...), ასევე სოციალური მეცნიერებების (სამწვრთნელო პრინციპები, სპორტული ფსიქოლოგია, ძიუდოს გამოყენება და ასე შემდეგ) შესწავლა. ეს მოიცავს ვარჯიშის დაგეგმვას და ამგვარ დეტალებს.

პირველი საფეხური თეორიულ მეცადინეობას მოიცავს, ხოლო პირველი ტესტის ჩაბარება დარეგისტრირებულ პირებს უკვე ამ კვირის ბოლოს მოუწევთ ძიუდოს ისტორიაში - შაბათ-კვირას, ონლაინ-რეჟიმში. საინტერესოა, რომ მათ არ სჭირდებათ საამისოდ კონკრეტულ ადგილზე მისვლა - ჩაბარება შეუძლიათ ნებისმიერი ადგილიდან, სადაც კი ინტერნეტში შესვლის საშუალება ექნებათ. თან ამას სულ რაღაც ხუთიოდე წუთი დასჭირდება.

თუმცა, რომც ვერ ჩააბარონ, მათ მოგვიანებით ისევ მიეცემათ შანსი. ეს იქნება წერით რეჟიმში, სადაც დაახლოებით 15 კითხვას უნდა გასცენ პასუხი. თუმცა მომდევნო ეტაპებზე პროცედურა გართულდება - დაახლოებით 60-მდე კითხვაზე ექნებათ საპასუხო, რაც ჩვეულებრივ საგამოცდო ატმოსფეროში ჩატარდება.

იქნება პრაქტიკული წვრთნებიც, რომლებსაც უკვე საერთაშორისო ფედერაციის ინსტრუქტორები ჩაატარებენ.

თან წერითი თუ პრაქტიკული გამოცდები დიღომში, ძიუდოს აკადემიაში ჩატარდება, რითაც ეს შენობა პრაქტიკულადაც შეიძენს იმ დანიშნულებას, რაც სახელწოდებაშია ჩადებული. ამასთან, კვირაში ერთხელ იქ მოეწყობა ეგრეთ წოდებული ღია კარის დღე, სადაც ყველა მსურველს შეეძლება მისვლა და მისთვის გაუგებარ ნებისმიერ საკითხზე განმარტების, ინფორმაციის მიღება.

როგორც გითხარით, ეს ყველაფერი ფასიანია და არცთუ იაფი ღირს, მაგრამ ძიუდოს ფედერაციამ უკვე მიაღწია შეთანხმებას საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, რათა მათ დააფინანსონ ეს თანხა ოლიმპიური სოლიდარობის ფარგლებში.

თუმცა ეს შეთანხმება რომც ჩაიშალოს, ქევხიშვილის თქმით, ფედერაცია მაინც მოძებნის დაფინანსების სხვა გზას და მწვრთნელები არაფერს გადაიხდიან. უცხოელი ინსტრუქტორების აქ მოწვევაც ფინანსური ეკონომიითაა განპირობებული - ამდენი ხალხის უნგრეთში წაყვანა ბევრად ძვირი დაჯდება, ვიდრე 2-3 კაცის აქ ჩამოყვანა.

ჯერჯერობით პროგრამაში მონაწილეობისთვის 21 კაცია დარეგისტრირებული, თუმცა ეს რიცხვი შემდეგში გაიზრდება. მით უფრო, როგორც ქევხიშვილი ამბობს, ახლო მომავალში დიპლომს ფასი დაედება - ამაზე იქნება დამოკიდებული მწვრთნელთა რანგირება, რაც მათ ანაზღაურებასაც განაპირობებს. ამ დიპლომს ყოველი კურსის ბოლოს მიიღებენ.

ჯერჯერობით არაა გადმოთარგმნილი მეორე-მესამე კურსის პროგრამა, მაგრამ მომავალში ესეც იგეგმება. უკვე ნათარგმნი საერთაშორისო ფედერაციის საიტზეა ატვირთული, ოღონდ ეს ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ დარეგისტრირებულებისთვის - იქ შესასვლელად მათ პაროლი მიეცემათ.

აღნიშნულმა სიახლემ შეკრებილი საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და მას ყველა მიესალმა. ოლიმპიური გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ამ დღეებში შემოტანილ ახალ აპარატურაზეც ილაპარაკა, რაც სპორტსმენთა უფრო საფუძვლიანად გამოკვლევის საშუალებას იძლევა, რაც ისევ და ისევ მწვრთნელებს, ექიმებს დაეხმარება მათი საწვრთნელი პროცესის უკეთ დაგეგმვაში.

მაგალითად, რა სახის ნივთიერებას კარგავს ამა თუ იმ ათლეტის ორგანიზმი სპორტული აქტივობისას, წვრთნისას და დამატებით რისი მიწოდება სჭირდება მას. იმედია, ეს ყველაფერი მართლაც წაადგება ქართულ სპორტს და რაც მთავარია, მას სხვა სახეობებიც გამოიყენებენ. მით უფრო, მართალია, არალეგალურად, მაგრამ ამ პროგრამის გავრცელება მაინცაა შესაძლებელი, რადგან რეგისტრირებულთათვის საიტიდან მისი გადმოწერა ნებადართულია. სამწუხაროდ, ფიზმომზადება კვლავაც რჩება ქართული სპორტის "აქილევსის ქუსლად".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული