უკვე დასრულდა წინასწარი განაცხადების წარდგენის ვადა, ჩვენს ტურნირში მონაწილეობის სურვილი კი 46-მა ქვეყანამ გამოთქვა. ამათგან მათი უმეტესობა ევრაზიიდანაა, ყველაზე ფართოდ კი ევროპა იქნება წარმოდგენილი - ჩვენი ჩათვლით, 33 გუნდი.
ჩამოვლენ ისეთი ძლიერი ნაკრებები, როგორებიცაა: საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, რუსეთი, უკრაინა, უნგრეთი, ესპანეთი, ისრაელი, საბერძნეთი, რომლებსაც გვერდს
სამწუხაროდ, საფრანგეთი უძლიერესი შემადგენლობით არ ჩამოდის. მთლად უძლიერესი გუნდით არა, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერი ფალავნებით გვესტუმრებიან რუსები: ევროპის ჩემპიონი ალიმ გადანოვი (73, თუმცა მას წონითი კატეგორია შეუცვლია - აქამდე 66-ში ჭიდაობდა), ევროპის ორგზის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვი, ალან ხუბეცოვი (ორივე - 81), ევროპის ფინალისტი გრიგორი სულემინი, ხუსეინ ხალმურზაევი (90), ადლან ბისულთანოვი, ანტონ კრივობოკოვი, ასლან კამბიევი (+100) - ეს ბიჭები რუსეთის მთავარ გუნდში მოხვედრის რეალური პრეტენდენტები არიან და ჩვენი ფალავნების ცოდვაც ხშირად დაუდიათ.
ჩამოდის გორელი რობერტ მშვიდობაძეც 60 კილოგრამში. სხვათა შორის, რუსეთის ნაკრები ერთადერთი უცხოური გუნდია, რომელიც ვაჟთა 14-კაციან კვოტას სრულად იყენებს.
ევროპელთაგან უპირველესი და ყველაზე ძლიერი შემადგენლობით ჰოლანდია ჩამოდის: ხეროენ მოორენი (60), იუნიორ დეგენი (66), დექს ელმონტი, სამ ვან ტ ვესტენდე (ორივე - 73), ფრანკ დე უაიტი, ნაელ ვან დე კამერი (81), გილიომ ელმონტი, ნაელ ვან ტ ენდე (90), ხენკ ხროლი, მიხაელ კორელი (100), როი მეიერი (+100).
გერმანიას არ ჰყავს ასეთი ტიტულოვანი ფალავნები, მაგრამ ყველა ლიდერი მოჰყავს: ტობიას ენგლმაიერი (60), რენე შნაიდერი (66), კრისტოფერ ვიოლეკი (73), სვენ მარეში (81), მარკ ოდენტალი (90), დმიტრი პეტერსი, კარლ-რიხარდ ფრეი (ორივე - 100), ანდრე ბრაიტბარტი, სვენ ჰაინლე (ორივე - +100).
უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვლენ აზერბაიჯანელები და სომხები, ბერძნებს კი ოთხი ფალავანი ჰყავთ და ყველა ან სრულად (ილიას ილიადისი, რომან მასტოპულოსი), ან დედით ქართველია (გეორგიოს აზოიდისი, ალექსიოს ნტანაციდისი).
უმთავრესი ლიდერებით ჩამოდის უნგრეთიც, რომელსაც ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი მიკლოშ უნგვარიც (73) ეყოლება და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი კრისტიან ტოტიც (90). უკრაინასაც ჩამოჰყავს გიორგი ზანთარაია (66) სხვა ლიდერებთან ერთად და დანარჩენი გუნდებიც ფავორიტებით გვესტუმრებიან.
საკმაოდ სოლიდურია აზიური დესანტი, ოღონდ არ იქნებიან მათი ლიდერები - იაპონია და სამხრეთი კორეა, თუმცა იქიდან 8 გუნდი გვეწვევა - ჩინეთი, ერაყი, ჩრდილოეთი კორეა, ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, მონღოლეთი და საუდის არაბეთი. ამათგან ერაყი და საუდის არაბეთი, სიძლიერის თვალსაზრისით, ბევრს ვერაფერს შემატებენ ჩვენს ტურნირს, რადგან ძიუდოს განვითარებას ახლა იწყებენ, მაგრამ მათი გამოჩენა მაინც საყურადღებოა, როგორც დასტური არაბულ სამყაროში ძიუდოს პოპულარობის ზრდისა.
აზიიდან ყველაზე ძლიერი გუნდით მონღოლები ჩამოდიან, რომლებსაც, ფაქტობრივად, ყველა უმთავრესი ფალავანი მოჰყავთ, თუმცა არ იქნებიან მსოფლიოს ჩემპიონი ბოლდბაატარ განბატი (60), მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ხაშბაატარ ცაგანბაატარი (66) და ოლიმპიური ჩემპიონი ნაიდან ტუვშინბაიარი (100).
ამის მიუხედავად, მაინც ძლიერი შემადგენლობა ეყოლებათ: მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტი ამარტუვშინ დაშდავაა (60), ტუმურკულეგ დავაადორჯი (66), ოლიმპიური პრიზიორი ნაიმ-ოშირ საინჯარგალი (73), უუგანბაატარ ოტგონბაატარი (81), ტცოგტგერელ ხუტაგი (90), იანჩივდორჯ ბუნდორჯი (100) და ტემუულენ ბატულგა (+100). მათ ორ-ორი ფალავანი ჰყავთ ყველა წონაში, 100-ის გარდა.
დანარჩენი ქვეყნებიდან სამი აფრიკული ნაკრებია - ანგოლა, გვინეა-ბისაუ და ეგვიპტე. ამერიკის კონტინენტიდან მხოლოდ აშშ-ის გუნდი ჩამოდის, ბოლო მონაწილე კი ავსტრალიაა. ამათგან ყველაზე სოლიდური ნაკრები ეგვიპტეს ჰყავს და წინასწარი მონაცემებით, ყველა უნდა ჩამოიყვანოს, თუმცა შეგახსენებთ, რომ ეს წინასწარი განაცხადებია, რომელიც ხშირად იცვლება ხოლმე. თუმცა დღესდღეობით რა მონაცემებიც გვაქვს, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეჯიბრება უნდა გამოდგეს, რაც კი ბოლო ოცწლეულში თბილისში გამართულა.
შეგახსენებთ, რომ ამ რანგის შეჯიბრებებზე ვაჟებისა და ქალების შეჯიბრებები პარალელურად იმართება ხოლმე. ამ 46 ნაკრებიდან უმეტესობა ვაჟებშია დარეგისტრირებული, თუმცა 8 ისეთიცაა, რომელმაც განაცხადი მხოლოდ ქალებში გააკეთა: ანგოლა, გვინეა-ბისაუ, ავსტრალია, ავსტრია, ჩინეთი, ფინეთი, ირლანდია და ლუქსემბურგი.
ქართული ლეგიონი
ტურნირში უძლიერესი შემადგენლობით გამოვა ჩვენი ნაკრები. მისი მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე სრულად იყენებს მასპინძლისთვის განკუთვნილ კვოტას, ანუ ყველა წონაში ოთხი კაცი გამოჰყავს, სულ 28 სპორტსმენი. ამ ლეგიონს ქალთა ტურნირში ჩვენი სახელით მოასპარეზე ჰოლანდიელი ესტერ სტამიც (70) ემატება. მოგეხსენებათ, თავიდან არ იგეგმებოდა თბილისში ჩვენი ნაკრების ორი ლიდერის, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81) და ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონის, მსოფლიოს ფინალისტ ვალერი ლიპარტელიანის (90) ჭიდაობა.
მიზეზი ევროპის ჩემპიონატი იყო, რომელიც ჩვენი შეჯიბრებიდან მალევე, სამიოდ კვირაში გლაზგოში უნდა გამართულიყო და ასეთ მცირე შუალედში მათი დატვირთვა მწვრთნელებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს. თუმცა, მოგეხსენებათ, ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი გაუქმდა, რადგან მასპინძელი მხარე - ბრიტანეთის ძიუდოს კავშირი საკონტრაქტო პირობებზე ვერ შეუთანხმდა ძიუდოს ევროპულ კავშირს, რომელმაც საბოლოოდ გააუქმა კიდეც კონტინენტის პირველობა, რადგან მის ალტერნატივად ივნისში ბაქოში ჩასატარებელი პირველი ევროპული თამაშები გამოაცხადა.
ცხადია, ევროპის ჩემპიონატის გაუქმებამ გეგმები აგვირია, თუმცა ეს ჩვენ წაგვადგა იმ მხრივ, რომ შინაურ ტურნირზე ზემოთ დასახელებული ლიდერთა დუეტის ჭიდაობის აუცილებლობა გაჩნდა - მათ უკვე დიდი შუალედი გამოუდიოდათ და ამიტომ გადაწყვიტეს, ორივე აჭიდაონ თბილისში.
საქართველოს ნაკრები
60 კგ
ამირან პაპინაშვილი, პაატა მერებაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი.
66 კგ
თორნიკე თათარაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, მინდია ლილუაშვილი, შალვა ქარდავა.
73 კგ
ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, ზვიად კაპანაძე.
81 კგ
ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ამბაკო ავალიანი.
90 კგ
ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი, პაატა ღვინიაშვილი, ზვიად გოგოჭური.
100 კგ
ლაშა გურული, ალექსანდრე ზაალიშვილი, იასონ ნემსაძე, ალექსანდრე მსხალაძე.
+100 კგ
ადამ ოქრუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი, ონისე ბუღაძე, ლევან მატიაშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"