ავთანდილ ჭრიკიშვილს "დიდი პრიზის" მეტოქეთა სია არც კი აინტერესებს

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები თბილისის "დიდი პრიზისთვის" მზადების მიზნით დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გადის დასკვნით შეკრებას, რომელსაც 18 მარტს დაასრულებს და თბილისში დაბრუნდება.

ისინი ტურნირამდე სპორტის სასახლესთანვე, ახალაშენებულ სასტუმრო "ბესტ ვესტერნში" იცხოვრებენ და, სავარაუდოდ, სპორტის სასახლეშივე ივარჯიშებენ, იქ თუ ტატამი დროულად დააგეს. თუ არადა, ისევ თავიანთ ოდინდელ ბაზას მიაშურებენ ვაკეში - ძიუდოს ყოფილ ცენტრალურ დარბაზს, რომელიც ამჟამად სამბისტების კუთვნილებაა. მათ სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ აქვთ, რადგან ძიუდოს აკადემიაში რემონტია.

რაზე ელაპარაკნენ ძიუდოისტები მინისტრს?
17 მარტს დუშეთში ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც მედიასთან
ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ესწრებოდნენ.

დასაწყისში ისინი მიესალმნენ სპორტსმენებს, კიდევ ერთხელ ისაუბრეს ამ შეჯიბრების მნიშვნელობაზე და წარმატება უსურვეს მათ. თავის მხრივ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ აღნიშნა, რომ შეკრება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით წარიმართა და შეფერხებები არ ყოფილა, მერე კი ყიფიანს გუნდის სურვილი გააცნო, პირისპირ გასაუბრებოდნენ მას, კამერებისა და მედიის გარეშე.

ამაზე ყიფიანი დაეთანხმა და მართლაც კარგა ხანს ილაპარაკეს. რაზე, დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც მოგვიანებით ყიფიანმა გვითხრა, სპორტსმენთა ანაზღაურებაზე მსჯელობდნენ.

სამსჯელო და განსახილველი კი მართლაც აქვთ. აქეთ დაბალი სახელფასო ანაზღაურება, განსაკუთრებით - სათადარიგოებზე და თვით მინისტრმაც აღნიშნა, რომ სპორტსმენისთვის, განსაკუთრებით კი, ძიუდოსა და ჭიდაობების მსგავს ძალისმიერ სახეობებში, 150 ლარი, ფაქტობრივად, არაფერია (ამდენს იღებს საქართველოს მესამეპრიზიორი). თუმცა თითქოს ეს არ ეყოფოდათ და საერთაშორისო კალენდრის არევამ - ევროპის ჩემპიონატის ამოგდებამ ახალი თავსატეხი გაუჩინათ.

საკითხავია, აპრილიდან ივნისამდე რა ელოდებათ იმ ძიუდოისტებს, ვისაც ხელფასი ევროპის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ჰქონდათ დანიშნული? შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობა წლეულს აპრილში უნდა გამართულიყო, მაგრამ ის გააუქმეს, ამ სტატუსს კი ივნისში ბაქოში გასამართავი ევროპის პირველი თამაშები მიიღებს. მისი მედალოსნები ივლისიდან კი მიიღებენ ახალი ნიხრით დანიშნულ ხელფასს, მაგრამ საკითხავია, აპრილიდან ივნისამდე რა ეშველება მათ ანაზღაურებას?

როგორც გითხარით, მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ გუნდს სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე, ამ რეალობიდან ღირსეულად გამოსვლის გზებზე ესაუბრა, თუმცა არ გამოვრიცხავთ, საუბრის თემა სხვა რამეც ყოფილიყო.

ჩვენი ინფორმაციით, ძიუდოისტები (და არა მხოლოდ ისინი) მთელ რიგ საკითხებში სახელმწიფოს დამოკიდებულებით არ არიან კმაყოფილები. ასეთთა შორისაა გუნდურ პირველობაში მოპოვებული წარმატებები, სავარჯიშო ბაზა და სხვა, თუმცა ვიმეორებთ - ეს კულუარული ინფორმაციაა და მის მართებულობაზე თავს ვერ დავდებთ.

ამ დახურული საუბრის შემდეგ ნაკრები ვარჯიშს შეუდგა. იქ ირაკლი უზნაძის და სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 40-მდე სპორტსმენია, მათგან კი ტურნირში მონაწილეობას 28 მიიღებს.

ნაკრები ოლიმპიურ ბაზაზე არა თავის ძველ დარბაზში, არამედ შედარებით გვიან გაკეთებულ კალათბურთელთა დარბაზში ვარჯიშობს, სადაც ბევრად დიდი ფართია.

მართალია, მისი მხოლოდ მესამედია ათვისებული, მაგრამ ტატამზე სიხალვათეა და ბიჭები თავისუფლად ვარჯიშობენ, არ ეშინიათ ილეთების გაკეთების და ერთმანეთთან შეჯახების.

ვარჯიში
დუშეთში მწვრთნელთა განკარგულებაში ნაკრების ყველა ლიდერი იყო: ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ევროპის ვერცხლისმედალოსანი ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოსმედალოსანი ვალერი ლიპარტელიანი (90), ევროპის ორგზის ფინალისტი ადამ ოქრუაშვილი (+100).

თუმცა პირველი ნომრების გარდა, იქ უკლებლად იყვნენ მეორე ნომრები და საქართველოს ბოლო პირველობის თითქმის ყველა მედალოსანი: პაატა მერებაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი (66), უშანგი მარგიანი, ბექა და პაატა ღვინიაშვილები (ორივე - 90), იოსებ მსხალაძე (100), ლევან მატიაშვილი (+100) და სხვები.

ნაკრების წევრებთან ერთად ვარჯიშობდა რამდენიმე ადგილობრივი ფალავანიც და ახალგაზრდული ნაკრების წევრიც. საერთოდ, ირაკლი უზნაძემ ეს ტურნირი ქვეყნის მედალოსნების გამოსაცდელად გამოიყენა, თუმცა რამდენიმე წონაში ეს წესი დაარღვია, რადგან სამი ლიდერი - პაპინაშვილი, ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი ქვეყნის პირველობიდან გაათავისუფლა (პირველი - ტრავმის გამო, დანარჩენი ორი კი იაპონიაში გადიოდა ინდივიდუალურ შეკრებას), თუმცა მათ ამ შეჯიბრებაზე ადგილი იმთავითვე დაუჯავშნა.

ამ წონებში მოხვდა 100 კილოგრამიც, სადაც საკადრო კრიზისია, მსხალაძე კი სალიცენზიო რეიტინგში სხვებთან შედარებით უკეთეს პოზიციაზეა.

საბედნიეროდ, ყველა სპორტსმენი ჯანმრთელადაა და როგორც ექიმმა გიორგი მგელაძემ გვითხრა, სერიოზული ტრავმა, რაც ვარჯიშში ხელს შეუშლით და შეაფერხებთ, არავის აწუხებს. ვარჯიშის დროს მისი დახმარება მხოლოდ ორიოდე ფალავანს დასჭირდა, მათ შორის ერთი კი ადამ ოქრუაშვილი იყო, ვისაც ფეხზე წაუსვა მალამოები. ოქრუაშვილი სამწვრთნელო და საექიმო ჯგუფების განსაკუთრებული საზრუნავია - დიეტაზეა და უკვე 9 კილოგრამი დაიკლო, თუმცა დასაკლები კიდევ ბევრია.

ჭრიკიშვილს სია არც უნახავს
ვარჯიში დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა, თუმცა უმეტესობამ კომენტარი არ ისურვა, მხოლოდ ჭრიკიშვილი გაგვესაუბრა. აი, რა გვითხრა მან:

- მოგეხსენებათ, აქამდე ბაკურიანში გავიარეთ ფიზიკური მომზადების შეკრება, ახლა კი დუშეთში ვემზადებით დასკვნით შეკრებაზე. გუნდი ამ ტურნირში სრული შემადგენლობით იასპარეზებს. მადლობა ღმერთს, ტრავმები არაა.

ზოგს თითი კი სტკივა ან რამე ასეთი მარტივი ტრავმებია, მაგრამ ეს ჩვენი ყოველდღიურობაა.

გუნდი კარგადაა მომზადებული და ველოდებით ბევრ მედალს. მეც კარგ ფორმაში ვარ და ვეცდები, მივაღწიო დასახულ მიზანს და გავხდე თბილისის "დიდი პრიზის" ჩემპიონი. შიშით არც ერთი მეტოქის არ მეშინია, მაგრამ ცხადია, იქნებიან ღირსეული მეტოქეები.

ჭრიკიშვილს ისიც ვკითხეთ, დარეგისტრირებულ მეტოქეთაგან ვის გამოარჩევდა. ამაზე გვიპასუხა, რომ საერთოდ არ დაინტერესებულა ამ სიით. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩამოვა, ყველას უნდა მოუგოო, გვითხრა მან.

უზნაძეს ნაკრების გეგმებზე დავეკითხეთ - ამ ტურნირთან დაკავშირებითაც და უფრო სამომავლოზეც. გუნდის სადღეისო მომზადება მწვრთნელმა ასე შეაფასა:

- "დიდი პრიზისთვის" მზადებამ ნორმალურად ჩაიარა. ორი შეკრება გავიარეთ - ერთი ფიზიკური მომზადებისა, ახლა კი ლეიბზე ვვარჯიშობთ. იქიდან გამომდინარე, რომ წლეულს, გაზაფხულზე გასამართავი ევროპის ჩემპიონატი გაუქმდა და საერთაშორისო კალენდარი შეიცვალა, ამ ტურნირში ჩვენი ორი ლიდერიც გამოვა - ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი, რაც თავიდან არ იგეგმებოდა.

გუნდი ამ ეტაპისთვის კარგადაა მომზადებული და იმ დონეზეა, რაც სადღეისოდ მოეთხოვება. იმედია, შეჯიბრებაში კარგად გამოვალთ, იმის მიუხედავად, რომ ის სალიცენზიოა და ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჩამოდის. ვიმედოვნებ, ბიჭები თავიანთ მაქსიმუმს აჩვენებენ. თავის წარმოჩენა ყველაზე ძნელიც და ადვილიც შინაურ შეჯიბრებაშია.

ამ ტურნირზე ზოგიერთ წონაში ჩვენთვის შედეგი არც ისე მნიშვნელოვანია, მაგრამ 66-სა და 100-ში ქულები, წარმატება აუცილებლად გვჭირდება. ველოდებით, რომ ჩვენი ბიჭები სერიოზულ შედეგს მოიპოვებენ და გამოიკვეთება ის კანდიდატი, ვინც ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებს.
რაც შეეხება საერთაშორისო კალენდარში შეტანილ ზემოაღნიშნულ ცვლილებას, აპრილი საერთოდ გამოთავისუფლდა და ვგეგმავთ უცხოეთში შეკრებაზე წასვლას.

მუშაობა მიმდინარეობს იაპონიის ვარიანტზე და ორკვირიან ერთობლივ ვარჯიშზე უკვე დავითანხმეთ კოკუშიკანის კლუბი, სადაც შარშანწინ ვიყავით, მაგრამ ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნით გვინდა იქ ვარჯიში. შემოთავაზებაა ცუკუბასა და ტოკაიში. იმედია, ეს ვარიანტიც გამოვა.

უზნაძეს თბილისის ტურნირიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე სამსუნში, ზუსტად ანალოგიურ შეჯიბრებაზე წასაყვან შემადგენლობაზეც ვკითხეთ, მაგრამ ჯერ არ დაასახელა. ის ელოდება თბილისის ტურნირის დასრულებას და ამის შემდეგ გამოაცხადებს იქ მოჭიდავე გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოქსიორის დაგდებული 2 ძიუდოისტი ვნახე ქუჩაში ტვინები ჰქონდათ გაერთიანებული :))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული