თბილისის გრან-პრი 2015. მეორე დღე: ოქროს მედლის იმედად!

AutoSharing Option
დღეს, 21 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში დაწყებული გრან-პრის (20-22 მარტი) მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართება.

ტატამზე 73 და 81 კილოგრამ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ. ჩვენი სპორსტმენებიდან ასპარეზობაში ზვიად კაპანაძე, ფრიდონ გიგანი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ყველა 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამბაკო ავალიანი, გიორგი პაპუნაშვილი და უშანგი მარგიანი (ყველა 81) ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ქართველი ძიუდოისტები უმდელოდ დარჩნენ (იხილეთ ვრცლად).

73 კგ
წილისყრამ აქ სერიოზულად არ გაგვიმართლა - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ერთ ჯგუფში მოხვდნენ, ანუ მათი
გზები მეოთხედფინალში იკვეთება. ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან მეგობრებს შორის დათმობა არ იქნება - სასწორზე მნიშვნელოვანი ლოტი დევს, მაგრამ მაინც აჯობებდა, ისინი ერთად არ ყოფილიყვნენ. მით უფრო, მეოთხე, უქართველებო ჯგუფი ძალიან სუსტია.

თუმცა ძლიერი არც ამ ჯგუფს ეთქმის - პირველ წრეში ორივე ისვენებს, მეორეში კი ტატალაშვილი ანგარიშგასაწევ თურქ ჰასან ვანლიოღლუს ხვდება, შავდათუაშვილი - შვედ ტომი მაციაშს.

მეოთხედფინალში გასასვლელად ტატალაშვილმა თურქმენ დოვლეტგელდი ტეჯენოვსა და ფრანგ გილიომ ჩაინეს შორის მოგებულსაც უნდა აჯობოს, ოლიმპიურმა ჩემპიონმა კი - პოლონელ დამიან ზვარნოვიცკისა და სომეხ ალბერტ მკრტიჩიანის წყვილში უმჯობესს.

ფრიდონ გიგანს პირველივე წრეში ლონდონის ოლიმპიადის ფინალში შავდათუაშვილის უნგრელი მეტოქე მიკლოშ უნგვარი ერგო, თუმცა ის 34 წლისაა და, ვფიქრობთ, ახალგაზრდა ქართველს მისი დამარცხება შეუძლია.

ზვიად კაპანაძე პირველ ორთაბრძოლას მეორე წრეში გამართავს დედით ქართველ ბერძენ გეორგიოს აზოიდისთან, მასთან წარმატების შემთხვევაში კი იტალიელ მარკო მადალონის ან მონღოლთა ოლიმპიურ პრიზიორ ნიამ-ოშირ საინჯარგალს გაეჯიბრება.

81 კგ
წილისყრა ამ წონაშიც ცუდად გვეხუმრა, რადგან ორი გამოკვეთილი ლიდერი - ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი ერთ ჯგუფში მოხვდნენ. თან ჭრიკიშვილს არცთუ უსახელო ხალხი ერგო. მისი მეტოქეების სიძლიერეზე ლაპარაკი პირობითია, რადგან ქართველი ყველასთან ფავორიტია, თუმცა კენჭისყრამ საგანგებოდ მოინდომა, სულის მოთქმის საშუალება რომ არ ჰქონოდა - ის პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში ბელორუს ევროპის ვიცე-ჩემპიონ ალექსანდრ სტიაშენკას დაეჭიდება, მერე მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენსა და ლატვიელ ევროპის პრიზიორ კონსტანტინ ოვჩინიკოვსს შორის მოგებულს შეხვდება.

უშანგი მარგიანი პირველ პაექრობას სომეხ დავით სარგსანთან ჩაატარებს, ამის შემდეგ კი სერბს, შვედ რობინ პაჩეკსა და უნგრელ ატილა უნგვარის სამეულში უმჯობესი ელოდება. აქედან მეოთხედფინალში გასული, შესაძლოა, რუსთა ევროპის ორგზის დაღესტნელ ჩემპიონ სირაზუდინ მაგომედოვს შეხვდეს, ვისაც ჭრიკიშვილი სულ უგებს.

ამბაკო ავალიანი პირველ პაექრობას მეორე წრეში გამართავს პორტუგალიაში გადასულ ანრი ეგუტიძესთან, ამათში მოგებულს კი რუს ალან ხუბეცოვსა და სომეხ ანდრანიკ ჩაპარიანს შორის გამარჯვებული ელოდება.

ამ წონის მეოთხე ქართველი გიორგი პაპუნაშვილიც მეორე წრეშია დაშვებული, სადაც უნგრელ სზაბოლც კრისჟანს შეხვდება. მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში ის უკრაინელ არტემ ვასილენკოსა და ეგვიპტელ მოჰამედ აბდელაალის წყვილის მოგებულს დაეჭიდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული