საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა 7 მედლით დაასრულა გამოსვლა თბილისის "დიდ პრიზზე" - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები ბექა ღვინიაშვილი (90) და ლევან მატიაშვილი (+100) გახდნენ, რომლებმაც ფინალში თანაგუნდელებს, ვალერი ლიპარტელიანსა (90) და ადამ ოქრუაშვილს (+100) მოუგეს.
კიდევ ერთი ვერცხლი უშანგი მარგიანმა (81) მოიპოვა, მესამეზე კი ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73) გავიდნენ.
ბრინჯაოსთვის კიდევ ოთხმა ქართველმა იჭიდავა - ამირან პაპინაშვილმა (60), ზვიად კაპანაძემ (73), გიორგი პაპუნაშვილმა (81) და ალექსანდრე
სამწუხაროდ, ნაადრევად დამარცხდა და უმედლოდ დარჩა ჩვენი გუნდის ლიდერი, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), რაც მსოფლიოს ძიუდოში სენსაციის ტოლფასი მოვლენაა.
სამაგიეროდ, ჭრიკიშვილი გაზეთმა "ლელომ" საგანგებო პრიზით დააჯილდოვა, როგორც გაზეთის ვერსიით შარშანდელი წლის საუკეთესო სპორტსმენი. მას პრიზი "ლელოს" მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ გადასცა, ამ ფაქტით კი უმალ დაინტერესდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტი და დაჯილდოებული ჭრიკიშვილი მაშინვე აღნუსხეს.
ამ ტურნირის ფარგლებში, დაჯილდოების კიდევ ერთი ცერემონიალი გაიმართა - საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ძიუდოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზი გადასცა ოლიმპიური გუნდის ექიმს, ძიუდოს მსაჯსა და მწვრთნელ ზურაბ კახაბრიშვილს, ვისაც ხუთი ოლიმპიური ციკლი ჩაუტარებია. ქართველების გარდა, ის უცხოელებსაც აქტიურად ეხმარება და სწორედ ამ ყურადღებისთვის გამოარჩია საერთაშორისო ფედერაციამ.
ტურნირზე განსაკუთრებით წარმატებული ბოლო დღე გამოდგა, როცა სამიდან ორ წონაში ქართული ფინალი გაიმართა. შესაბამისად, მედლების უკეთესი და უმეტესი ოდენობაც მაშინ დავიმსახურეთ - 2-2 ოქრო-ვერცხლი. ბოლო დღის გამონათებამ გუნდურ ჩათვლაშიც ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწია - საერთოშიც და ვაჟებშიც პირველ ადგილზე გადავედით.
თუმცა ეს დღე უფრო აღსანიშნავი ქართული ფინალით გამოდგა - 90 კილოგრამში ღვინიაშვილმა და ლიპარტელიანმა ისეთი ჭიდაობა გააჩაღეს, წინა დღეებში გამოჩენილი ლამის ყველა ხარვეზი გადაფარეს.
ტურნირის შუქ-ჩრდილები
შეჯიბრება საკმაოდ ძლიერი გამოდგა, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეებში მონაწილეთა რაოდენობამ იკლო. შესაბამისად, ჩვენს ბიჭებს კარგი სპარინგები გამოუვიდათ, მწვრთნელებმაც ნაკლოვანებები სრულად დაინახეს, ახალგაზრდებმა კი დიდი გამოცდილება მიიღეს. შეჯიბრება საკმაოდ მაღალი დონისა გამოდგა და მაყურებელმაც ფრიად ისიამოვნა. რაოდენ დასანანია, რომ ქომაგს მსგავსი ზეიმი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ეძლევა - არა მხოლოდ ძიუდოში, ზოგადად, საჭიდაო სახეობებში. სპორტის სასახლეში მაყურებელიც ბლომად მივიდა. განსაკუთრებით - 22 მარტს, როცა ტრიბუნები ლამის სრულად შეივსო.
ვგონებთ, შეჯიბრებამ დადებითზე მეტი ნაკლი გამოავლინა. კიდევ ვიმეორებთ - რომ არა ბოლო დღე, ტურნირი ჩვენთვის ძალზე წარუმატებლად ჩაივლიდა. პირველი ორი დღის, განსაკუთრებით კი, პარასკევის უსახურ გამოსვლას ჭრიკიშვილის ოქროც კი ოდნავ თუ გააფერადებდა, თორემ ვერ გადაფარავდა.
ზემოხსენებულ დადებით მომენტებთან ერთად, ახალგაზრდების ერთი ჯგუფის (ზვიად კაპანაძე (73), უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე - 81), ფრიდონ გიგანსაც (73) არა უშავდა) კარგი გამოსვლაც მიგვაჩნია, თუმცა სხვების ჩავარდნა სერიოზულ ანალიზს მოითხოვს.
აღსანიშნავია ნაკრების ორი ახალგაზრდა ლიდერის - ღვინიაშვილის და მატიაშვილის კარგი ჭიდაობა. ისინი შარშან სეზონის ბოლოს ფორმიდან ცოტა ამოვარდნილები ჩანდნენ, თითქოს გადაღლილები იყვნენ, მაგრამ, ეტყობა, უკვე საბოლოოდ აღიდგინეს ძალები და მართლაც ძლიერად იჭიდავეს. ისიც კარგია, რომ ესტაფეტა ახალი თაობისკენ გადაიხარა, თუმცა ჩვენი ნაკრები იმდენად ახალგაზრდულია, ასე თაობებად დაყოფა ძალზე პირობითია.
სამაგიეროდ, გუნდის ტიტულოვანი და ძველი ლიდერები ვერ ჩანდნენ ფორმაში და, ზოგადად, გუნდის საერთო მომზადებაც ვერ გამოჩნდა სასურველი. უცნაურია, მაგრამ დიუსელდორფში ნაკრები ბევრად უფრო დამაჯერებელი ჩანდა. ევროპის თამაშებამდე სამ თვეზე მეტი რჩება და, იმედია, მანამდე მწვრთნელები ხარვეზებს გამოასწორებენ. თუმცა ახლანდელი ნაკლოვანებები თვისობრივად დაახლოებით იმ ტიპისა გვგონია, რაც ამ გუნდს ჯერ კიდევ შარშან, სეზონის დასაწყისში გამოაჩნდა.
ქართული ფინალების დღე
90 კილოგრამში მართლაც მშვენიერი ფინალი გაიმართა, თუმცა მათ მანამდეც კარგად იჭიდავეს. განსაკუთრებით - ღვინიაშვილმა დატოვა კარგი შთაბეჭდილება, ლიპარტელიანი კი ისევ ისე გონივრულად მოქმედებდა, მაგრამ ილეთების გაკეთება უფრო უჭირდა.ღვინიაშვილმა ნახევარფინალში უნგრელი მსოფლიოს ფინალისტი კრისტიან ტოტი ისევ უშანსოდ დააიპონა. მანამდე შვედი იოაკიმ დვარბი და აზერბაიჯანელი ტურალ შაფგულიევიც დააიპონა, ფინალში კი ლიპარტელიანი შებოჭა.
ევროპის ორგზის ჩემპიონი იქნებ ტურნირზე ძალებს ზოგავდა და ტექნიკურად ამიტომ არ ჭიდაობდა, თუმცა პირველ შეხვედრაში ფრანგ ლუდოვიკ გობერტთან საკმოდ იწვალა, ვიდრე სავაზარედ ამოუსვამდა - მანამ ორჯერ ვერ დააგდო. უზბეკ შერალი იურაევს გაფრთხილებებით მოუგო, მერე კი ზედიზედ მეორედ დაამარცხა შვედი ევროპის ჩემპიონი მარკუს ნიმანი - იუკოთი, თუმცა ერთხელ კინაღამ შებოჭა. ჩვენებური ახლაც დომინირებდა მასთან, კიდევ ერთხელ გადაურბინა და ჩანს, "შვედური კომპლექსი" საბოლოოდ მოიშორა.
ეს შედეგი ორივე ფალავანს ვარჯიშის გაძლიერებისკენ უბიძგებს - ღვინიაშვილს მონაპოვრის შესანარჩუნებლად, ლიპარტელიანს - დაკარგულის მოსაპოვებლად, რაც საბოლოოდ ნაკრებს წაადგება.
ეტყობა, მატიაშვილმაც იპოვა საკუთარი ჭიდაობა - როგორც თქვა, იანვრის შემდეგ წონაში დაიკლო და ახლა მშვენივრადაც მოძრაობდა, ილეთებსაც ბლომად აკეთებდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავად უკრაინელი ალექსანდრ გორდიენკო დააიპონა ნახევარფინალში, თუმცა ნაკლები გდებები არც ყაზახ რუსლან აბრაზაკოვს გაუკეთა, ხოლო რუსი ასლან კამბიევი ვაზარის შემდეგ იპონზეც დააგდო. ფინალში ოქრუაშვილს გაფრთხილებებით აჯობა.
ოქრუაშვილმა 10 კილოგრამი დაიკლო, მაგრამ მეტია საჭირო. თუმცა აქ გდებებიც აკეთა - უკრაინელი იაკიმ ხამო მასით დაჯაბნა, ძლიერი ებრაელი ორ სასონი და უზბეკთა მსოფლიოს სამგზის მესამე პრიზიორი, ოლიმპიადის ფინალისტი გვერდზე დაიქნია და პირველი იუკოზე, მეორე კი ვაზარზე გადააგორა.
მარგიანი და გორელები
შარშანდელი მცირე ჩავარდნა მარგიანმაც დასძლია და ფინალამდე მშვენივრად მივიდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავად ნახევარფინალში იმარჯვა რუსთა ორგზის ევროჩემპიონ სირაზუდინ მაგომედოვთან - ორივე მხარზე აღებული ჩავლებით ვარდნაში უშანსოდ გამოცერა, თუმცა წინა წრეში ჭრიკიშვილის მომგები მონღოლი დაგვაჯურენ ნიამსურენი დასრულებამდე 4-ოდე წამით ადრე დააიპონა. დასაწყისში სომეხ დავიდ სარგსიანს და სერბ სრდჯან მრვალჯევიჩსაც დამაჯერებლად, უშანსოდ მოუგო, ფინალში კი რუს ალან ხუბეცოვთან დამარცხდა.
რუსი ფიზიკურად ჩინებულადაა მომზადებული და გასაქანი არ მისცა ჩვენებურს. თუმცა იყო რამდენიმე მომენტი, როცა ქართველის მიტევებისას ჩავარდა. ალბათ, ქომაგს აქვს საფუძველი მსაჯზე გაბრაზებისა - ძალიან ხშირად ამაზე ბევრად უფრო უმნიშვნელოზე აფრთხილებენ, თუმცა ერთნიშნად მსაჯის დადანაშაულებაც გვიჭირს - იმ ეპიზოდებში რუსი თვითონაც შედიოდა ილეთზე, პასიური ჩავარდნები არ იყო.
ასეა თუ ისე, მარგიანს მაინც აქტივში ჩაეთვლება ეს ტურნირი.
* * *
დამაჯერებლად გამოვიდნენ 73 კილოგრამის ლიდერები - შავდათუაშვილი და ტატალაშვილი. ოლიმპიური ჩემპიონი ამ ტურნირს ნორმალურ ფორმაში შეხვდა და კარგადაც იჭიდავა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა - ნახევარფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან ცხადად გამოჩნდა, რომ ამ წონისთვის პატარაა, არ ჰყოფნის ფიზიკური პარამეტრები. თუმცა, ვფიქრობთ, ძალაც აკლია. თუმცა სწორი მუშაობით, ბევრი ვარჯიშით ამას ეშველება და ღონე აუცილებლად მოემატება, რაც ზემოაღნიშნულ პრობლემასაც მოაგვარებს.
ის ორუჯოვთან უკვე მესამედ დამარცხდა, თუმცა ამჯერად თითქოს რევანში ახლოს იყო - ჩვენებურმა ორი გაფრთხილება მიაღებინა და მშვიდად მიჰყავდა საქმე მოგებისკენ, მაგრამ ეს მეორე გაფრთხილება წითელი ნაჭერი აღმოჩნდა მეტოქისთვის. ორუჯოვმა ამის შემდეგ მყისვე იფეთქა და საოცარი სისწრაფის შტურმი მოუწყო ოლიმპიურ ჩემპიონს, გრიგალივით დაატყდა თავს. სამწუხაროდ, შავდათუაშვილი მისი ზემასირებული შეტევებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა და ეფექტური ვერაფერი დაუპირისპირა.
მოგვიანებით პირად საუბარში თვითონაც აღნიშნა, ყველაფერი ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდაო. ვფიქრობთ, ჩავლებით შეიძლებოდა მისი გაჩერება, ოღონდ ეს კარგ ფიზიკურ მომზადებას - გამართულ სუნთქვას და ძლიერ მაჯებს მოითხოვს. იქნებ მწვრთნელებს სხვა კოზირიც ჰქონდეთ მოფიქრებული, მაგრამ რაკი ოთხი პაექრობიდან უკვე მესამედ მოუგო, ფაქტია - რაღაც სასწრაფოდაა შესაცვლელ-დასამუშავებელი. ორუჯოვი ერთ-ერთი უხერხული მეტოქეა და მისი შესწავლაა საჭირო.
როგორც გითხარით, შავდათუაშვილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა - გახსნილად, ტექნიკურად და თავისუფლად ჭიდაობდა. პირველ შეხვედრაში შვედ ტომი მაციასს დაასკდა თავზე და ორი ვაზარი აართვა, პოლონელი დამიან ზვარნოვიცკი მოგვერდით დააიპონა, მეოთხედფინალში კი მან და ტატალაშვილმა ერთმანეთი არ დაზოგეს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა გაფრთხილებებით 3:2 მოიგო, თუმცა გარკვეული უპირატესობა მის მხარეს იყო და არც ჩაკეტილი ჭიდაობა ყოფილა. დამამშვიდებლის ფინალში შავდათუაშვილმა ორუჯოვის ჯავრი მის თანაგუნდელ ჰუსეინ რაჰიმლიზე იყარა და მშვენივრად დააიპონა.
ტატალაშვილზე ისევ გავიმეორებთ ადრე თქმულს - ნეტავ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზეც შეინარჩუნებდეს იმ განწყობას, რასაც საერთაშორისო ტურნირებზე ავლენს. თუ არ ჩავთვლით შავდათუაშვილთან შეხვედრას, სხვებში მთლიანად დომინირებდა და აკონტროლებდა მიმდინარეობას.
თუმცა იყო ერთი დრამატული შეხვედრაც - სულ პირველი თურქ ჰასან ვანლიოღლუსთან, როცა მეტოქე დასრულებამდე 3 წამით ადრე გაუფრთხილეს და ამით მოიგო, თუმცა თურქი სრულიად დამსახურებულად დასაჯეს.
ჩვენებურმა ფრანგ გილიომ ჩაინესა და მოგვიანებით დამამშვიდებელში უკრაინელ არტიომ ხომულასთან წმინდა გდებებით მოიგო, ბრინჯაოსთვის კი ზვიად კაპანაძეს გაფრთხილებებით აჯობა. საინტერესოა, რომ ამ წონაში ბრინჯაოსთვის მოჭიდავე სამივე ქართველი გორელია.
თბილისის გრან-პრი 2015. კვარცხლბეკი.
ვაჟები
60 კგ
1. შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი), 2. ტობიას ენგლმაიერი (გერმანია), 3. ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი), დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი).
66 კგ
1. ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი), 2. ბარუხ შმაილოვი (ისრაელი), 3. ტარლან კარიმოვი (აზერბაიჯანი), გიორგი ზანთარაია (უკრაინა).
73 კგ
1. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი), 2. დასტან იკიბაევი (ყაზახეთი), 3. ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - საქართველო), 5. ზვიად კაპანაძე (საქართველო).
81 კგ.
1. ალან ხუბეცოვი (რუსეთი), 2. უშანგი მარგიანი (საქართველო), 3. სირაზუდინ მაგომედოვი (რუსეთი), დავგასურენ ნიამსურენი (მონღოლეთი), 5. გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო).
90 კგ
1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო), 2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), 3. კრისტიან ტოტი (უნგრეთი), ოტგონბაატარ ლხაგვასურენი (მონღოლეთი)
100 კგ
1. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი), 2. დმიტრი პეტერსი (გერმანია), 3. ეუგენიუს ბოროდავკო (ლატვია), კარლ-რიცხარდ ფრეი (გერმანია), 5. ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო).
+ 100 კგ
1. ლევან მატიაშვილი (საქართველო), 2. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო), 3. ალექსანდრ გორდიენკო (უკრაინა), ასლან კამბიევი (რუსეთი).
ქალები
48 კგ
1. მარინა ჩერნიაკი (უკრაინა), 2. ხულია ფიგუეროა (ესპანეთი), 3. აურორე კლიმენსე (საფრანგეთი), ებრუ შაჰინი (თურქეთი).
52 კგ
1. იაანა სუნდბერგი (ფინეთი), 2. იისე ჰეილენი (ბელგია), 3. ოდეტა ჯიფრიდა (იტალია), ლაურა გომესი (ესპანეთი).
57 კგ
1. სუმია დორჯსურენი (მონღოლეთი), 2. ვლორა ბედეტა (სლოვენია), 3. მირიამ როპერი (გერმანია), ვიოლა ვეხტერი (გერმანია).
63 კგ
1. ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია), 2. მუნკზაია ცედევსურენი (მონღოლეთი), 3. ედვიგ გვენდი (იტალია), მარტინა ტრაიდოსი (გერმანია).
70 კგ
1. საუნდრა დიდრიხი (გერმანია), 2. ჟევრის ემანე (საფრანგეთი), 3. ლინდა ბოლდერი (ისრაელი), მარიე ევა ჟაი (საფრანგეთი).
78 კგ
1. კაილა ჰარისონი (აშშ), 2. ოდრი ჩუმეო (საფრანგეთი), 3. კიონ სოლი (ჩრდილოეთი კორეა), კერსტინ ტილე (გერმანია).
+78 კგ
1. სონ იუ (ჩინეთი), 2. სვეტლანა იარომკა (უკრაინა), 3. ემილიე ანდეოლი (საფრანგეთი), ფრანცისკა კონიტცი (გერმანია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"