ჩვენებურთა გეგმები თავდაპირველად ევროპის ჩემპიონატის გაუქმებამ დააყენა თავდაყირა - გუნდი გარკვეულ ორიენტირს ამ შეჯიბრებაზე აკეთებდა და მისთვის მიზანმიმართულად ემზადებოდა, ახლა კი სერიოზულად გადაწყობა მოუხდა.
ამით მას აპრილის თვეც გამოუთავისუფლდა - ვინაიდან თავდაპირველად ამ თვეში ევროპირველობა იგეგმებოდა, კალენდარში სხვა სერიოზული შეჯიბრებები არც იყო შეტანილი.
არადა, სეზონის შუაში ამხელა წყვეტა სასიკეთოდ არ წაადგება არც ერთ ევროპულ გუნდს (სხვა კონტინენტებზე ჩვეულებრივად იმართება რეგიონული პირველობები). ამიტომ დღის წესრიგში
მიზეზი ისაა, რომ ჯერ ერთი - იაპონელები ორი კვირით იღებდნენ და მერე მაინც უნდა ეძებნათ ახალი ვარიანტი შეკრების გასაგრძელებლად, რადგან მთელი თვით სურდათ უცხოეთში წასვლა.
ისინი ამაზეც დათანხმდებოდნენ. მით უფრო, ორი წლის წინ სწორედ იმავე კლუბში იყვნენ ასევე ნახევარი თვით, მერე კი კორეაში გადაინაცვლეს, თუმცა ახლა მეორე და მთავარი მიზეზი საყოფაცხოვრებო პირობები გახდა - დარბაზიდან მეტისმეტად მოშორებულ სასტუმროში უნდა ეცხოვრათ.
ამას სხვა ფაქტორებიც დაემატა - იაპონიის შიდა პირველობა, როცა ჩვენებისთვის არ ეცლებოდათ, ხოლო მაისის დასაწყისში დასვენების დღეები ჰქონიათ. ამიტომ ჩვენებმა ამჯობინეს, პირდაპირ კორეაში წასულიყვნენ შეკრებაზე. გადაწყვეტილია, რომ ისინი მთელი ერთი თვე ქალაქ იონჩანში იცხოვრებენ და ივარჯიშებენ, სადაც ორი წლის წინაც იყვნენ შეკრებაზე. ასევე გარკვეულია, რომ კვირაში ერთხელ მათთან ერთად ივარჯიშებს სამხრეთ კორეის მთავარი ნაკრებიც, რაც ჩვენებისთვის კარგი სკოლაა.
ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს კორეაში 13 ფალავანი მიჰყავს, ანუ ერთის გარდა, ყველა წონაში ორ-ორ მონაწილეს იახლებს. კენტად დარჩენილი ის ერთადერთი წონითი კატეგორია 66 კილოგრამია, სადაც მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილი გვეყოლება, დანარჩენებში კი ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ალექსანდრე მსხალაძე, ალექსანდრე ზაალიშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) ივარჯიშებენ.
როგორც გითხარით, ჩვენები კორეაში ერთი თვე დარჩებიან. ისინი იქ 7 აპრილს გაფრინდებიან ერთად, უკან კი ნაწილ-ნაწილ, იმის მიხედვით დაბრუნდებიან, ვინ რომელ ტურნირში იჭიდავებს.
ჩვენები გამოვლენ მაისში დაგეგმილ ყველა დიდ საერთაშორისო შეჯიბრებაში: 1-3 მაისს ზაგრებში გამოვლენ "დიდ პრიზზე", 8-10-ში - ბაქოში, "დიდ მუზარადზე", 23-24 მაისს კი მაროკოულ
რაბათში მოსინჯავენ ძალებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"