სამწუხაროდ, მას ძალიან გაუგრძელდა ახალ წონასთან ადაპტაციის პერიოდი, რაშიც დიდი როლი ტრავმებმაც ითამაშა. დასამალი არაა, რომ სპორტსმენის ცხოვრებაში იღბალი დიდ როლს თამაშობს, რაშიც ლაშას არ გაუმართლა - ოლიმპიადის შემდეგ რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა. მას ერთბაშად უწევდა ორ პრობლემასთან გამკლავება - ახალ წონასთან შეგუება და ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავება.
განსაკუთრებით დასანანი ბოლო ტრავმა იყო, როცა შარშან, ბუ
საბედნიეროდ, უკვე ყველა ნიშანია საიმისოდ, რომ ადაპტაციის პროცესი მთლად ბოლომდე დამთავრებულად თუ არა, დასასრულს მიახლოებულად მაინც მივიჩნიოთ.
ბუნებრივია, ყველა ტურნირს ვერც ახლა იგებს (თუმცა ასეთი სპორტსმენი ხომ ბუნებაში იშვიათია), მაგრამ ბევრად უფრო თავისუფლად მოქმედებს ტატამზე, გახსნილია, ფიზიკური მომზადებაც აშკარად უკეთესია და ვიზუალურადაც ეტყობა, რომ უფრო გაზრდილა, მომძლავრებულა, მოღონიერებულა.
ახლა ისეთ ვითარებაშია, როცა ადაპტაციაზე მეტად წონაში საკუთარ ნიშას იმკვიდრებს.
საბედნიეროდ, ეს პროცესი ლიდერთა დონეზე მიმდინარეობს და არა საშუალო ყალიბის ფალავნებს შორის და ვიქონიოთ იმედი, რომ აქაც უმაღლეს დონეზე დამკვიდრდება.
თუმცა, ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესების მიუხედავად, ამ მხრივ მაინც რჩება ერთი ბუნებრივი ნაკლი - აქაურ ლიდერებთან შედარებით, სიმაღლით ცოტა დაბალია და აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან თბილისის ტურნირზე წაგების ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო. ოღონდ ფიზიკური ძალის, ღონის მხრივ, ყველაფერი რიგზე თუ იქნება, ეს არ უნდა გამოდგეს დიდი პრობლემა - ლევან მატიაშვილიც ბევრად დაბალია ბრაზილიელ რაფაელ სილვასა და რუს ასლან კამბიევზე, მაგრამ როგორ კისრულებზე გადმოიღო ორივე!
ლაშა შავდათუაშვილი 7 აპრილს ნაკრებთან ერთად კორეაში გაფრინდა, სადაც ერთი თვით ერთობლივ შეკრებას გაივლის. მასთან ინტერვიუ სწორედ მზადების შესახებ საუბრით დავიწყეთ.
- ამჟამად მომზადებისას რას უთმობთ უფრო მეტ ყურადღებას?
- მოგეხსენებათ, წონა შევიცვალე და თავიდან ძალიან მიჭირდა. ეს რთული პროცესია, რადგან წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. ბევრი უნდა იშრომო, რათა ჯერ კონკურენტთა დონეზე ახვიდე, მერე კი გაუსწრო და მოუგო კიდეც. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. თუნდაც ფიზიკური მომზადებით - ყოველდღიურად ვემზადები ამ კუთხით, ტექნიკაზეც ბევრს ვმუშაობ. ხშირად სამჯერად ვარჯიშებზეც ვარ, როცა შეკრებაზე ვარ, თუმცა გორში, ჩვენს დარბაზშიც ვაგრძელებ იმავეს.
- ფიზიკური კონდიციებით რომ მოუმატე, ეს ვიზუალურადაც გეტყობა და - ჭიდაობის დროსაც...
- რაღაც ნიუანსებზე კიდევ ვმუშაობთ. ჯერ არ ვარ იმ ასაკში, ზრდადასრულებული რომ იყოს, ყოველდღიურად უნდა მოვუმატო. მით უფრო, ძალიან რთული წონაა, უფრო მეტი კონკურენციაა და ყველაფერი უნდა გააკეთო წარმატების მოსაპოვებლად.
- უფრო რა კუთხით გჭირდება მუშაობის გაძლიერება, ყურადღების გამახვილება?
- დიდ სპორტში ერთი რაღაც არ უნდა გამოჰყო, წარმატების მოსაპოვებლად ყველაფერზე კომპლექსურად უნდა იმუშაო. წინასწარ ვერ განსაზღვრავ, ვისთან რა დაგჭირდება, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.
ვერ იტყვი, ამასთან მალევე მოვიგებ და ენერგიას დავზოგავო. შეიძლება, შეგხვდეს მეტოქე, რომელიც არც რეიტინგშია შენზე წინ და არც ტიტულებითაა დახუნძლული, მაგრამ შენთვის უხერხული მოწინააღმდეგე იყოს. ისეც ხშირად ხდება, რომ რომელიმე სუსტ ფალავანს ვინმე შენზე უფრო იოლად უგებდეს, შენ კი უფრო გიჭირდეს მასთან. ამიტომ შეჯიბრებაზე ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.
- ორუჯოვის თემასაც მივადექით, რომელიც არაა ტიტულოვანი, მაგრამ ბოლო სამი შეხვედრა მოგიგო, ანუ უხერხულ მეტოქედ გექცა. როგორ ფიქრობ, რის ხარჯზე უნდა აჯობო მას?
- ფიზიკურად კიდევ მჭირდება მომატება. თანამედროვე ძიუდო დიდწილად "ფიზიკაზეა" აგებული და როცა ამ კომპონენტში აღემატები მეტოქეს, დიდ უპირატესობას ფლობ. თუმცა ტექნიკაც ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდან, როცა მას პირველად შევხვდი, იოლად მოვუგე, თუმცა მაშინვე ვამბობდი, ძალიან უხერხული მეტოქეა-მეთქი. ის ჩემზე მაღალი და მიუდგომელია, მაგრამ წარმატება თუ გინდა, ყველას უნდა მოუგო; არ უნდა იფიქრო იმაზე, ვინაა შენთვის უხერხული და არც კენჭისყრისას იოლი ბადე უნდა ეძებო. პირიქით - როცა ძლიერი ხარ, თვითონ იფიქრონ ამაზე და იმათ უნდა გაუჩინო საფიქრალი. ამისთვის გჭირდება ძალიან ბევრი შრომა და მომზადება ყველა მეტოქესთან. თუმცა სპორტია, ყველასთან წარმატებას ვერ მიაღწევ.
ძნელია, რომელიმე შეჯიბრებაზე წინასწარ დაგეგმო წარმატება. მით უფრო, მარტო შენ არ ემზადები - მსოფლიოში უამრავი სპორტსმენია, რომელიც შენსავით შრომობს და ვარჯიშობს. მხარ-თეძოზე წამოწოლილი არავინაა, თუმცა შეჯიბრების დღეს ვინ იქნება კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, წინასწარ ვერ გაიგებ.
ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა იმ კონკრეტულ დღეს; შეიძლება, შეგხვდეს უხერხული მეტოქე ან წამიერად შეცდე და დაკარგო ყველაფერი.
- ეს - ზოგადად, მაგრამ ორუჯოვთან კონკრეტულად რა კოზირების გამოყენება შეიძლება, ამზადებთ მის წინააღმდეგ რამეს?
- როგორც გითხარით, ის უხერხული მეტოქეა და ყველას სხვადასხვანაირად, ინდივიდუალურად მიდგომა სჭირდება. ცხადია, ჩვენც განვიხილავთ მასთან კონკრეტულ შეხვედრებს და იმ ილეთს, რასაც მიკეთებს.
მთავარია, ახალი პაექრობისას შემუშავებული დავალაგო და შევასრულო. ის არაა იმ დონის ფალავანი, ვისთან მოგებაც არ შეიძლება.
- თბილისის ტურნირზე მასთან წაგებით ძალიან გულდაწყვეტილი იყავით...
- მოგება ძალიან მინდოდა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ტურნირი ჩვენს ქვეყანაში ტარდებოდა, თუმცა რომელ ქვეყანაში იქნება შეჯიბრება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს - ყველგან ერთნაირად გინდა წარმატების მოპოვება.
- თუმცა საკუთარი მაყურებლის თვალწინ ჭიდაობა ორმაგად საპასუხისმგებლოა...
- პასუხისმგებლობა არის, მაგრამ განა იგივე არაა სხვა ქვეყანაში? შენ პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ქომაგის წინაშე გაქვს - სახლში თუ ქვეყნის გარეთ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, აქ ვჭიდაობ თუ სხვაგან - ყველგან ერთია, რადგან ჩემ უკან ჩემი ქვეყანა დგას. მე ყველგან ვცდილობ, ვასახელო ის.
- როგორც თქვენი სიტყვებით ვხვდები, გულდაწყვეტილი ხართ საზოგადოების ერთ ნაწილში გაჩენილი აზრით, რომ თითქოს ვარსკვლავური დაავადება შეგეყარათ...
- ბევრჯერ მსმენია მსგავსი რამ, როცა ვაგებ, მაგრამ ეს ყოველთვის ასეა და, ალბათ, მომავალშიც ასევე დარჩება. ქომაგი მაქსიმალისტია და უნდა, სულ იგებდე, მაგრამ გულზე ხელდაკრეფილი და მხარ-თეძოზე წამოწოლილი არავინაა. მერე რა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ვარ - მე ისევ ის ლაშა შავდათუაშვილი ვარ და ჩვეულებრივად ვაგრძელებ ვარჯიშს.
- ასეთი ხმები სტიმულს გაძლევს თუ - პირიქით, ითრგუნები?
- სტიმული მართლაც გეძლევა - დაუმტკიცო მათ, რომ ასე არაა და თან გინდა, ის სიტყვები ისევ არ განმეორდეს, რომ თითქოს არ ვარჯიშობ, ზარმაცობ და ამგვარები. ამასთან, გულდასაწყვეტიცაა, რადგან ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ქვეყანას წარმატება მოუტანო. თუმცა ეს მარტო ჩემს შემთხვევაში არ ხდება, ბევრზე მსმენია ასე.
არადა, ყველა ვარჯიშობს და ცდილობს, ქვეყანა გაახაროს. გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჩვენს თავს არ ვეკუთვნით. კი, უპირველესად, წარმატება ჩვენთვის მოგვაქვს, მაგრამ როცა შედეგს აკეთებ, ეს მარტო შენი ბედნიერება არაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"