მონღოლ ძიუდოისტებს ვარჯიშზე ბეისბოლის ჯოხს და ქამარს ურტყამენ [VIDEO]

AutoSharing Option
ძიუდოს ქართველ ქომაგს საშუალება მიეცა, თბილისის "დიდ მუზარადზე" ცოცხლად ეხილა რამდენიმე ვარსკვლავის ჭიდაობა.

ერთ-ერთი მათგანი მონღოლი ამარტუვშინ დაშდავააა, 60 კილოგრამში მსოფლიოს 2013 წლის ვიცე-ჩემპიონი. ის ამირან პაპინაშვილის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა და აკი თბილისშიც მოუგო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში. თუმცა ამასობაში მონღოლს ლუხუმ ჩხვიმიანიც წამოეწია, რომელმაც სამსუნში დაამარცხა ის.

მონღოლეთის ნაკრები სადღეისოდ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია, 60 კილოგრამში მათ გუნდში ყველაზე დატვირთულია - დაშდავაა ხომ მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონია და შარშან ამავე წონაში ბოლდბაატარ განბატმა გაიმარჯვა. მათი ჭიდაობა დიდწილად მონღოლურ ეროვნულ ჭიდაობას ემყარება,
თუმცა მას შემდეგ, რაც ძიუდო ავთენტურ ფესვებს დაუბრუნდა, ეს კოზირები თითქოს გამოაცალეს. ოღონდ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამის შემდეგ კიდევ უფრო მოუმატეს.

იქაურთა მზადების რეჟიმზე ლეგენდები დადის, ხოლო ინტერნეტში საოცარი კადრები ვრცელდება.

შევეცადეთ, დაშდავაასთან საუბრისას ამაზეც გაგვეგო კონკრეტული ამბავი, მაგრამ საუბარს თავი აარიდა. საერთოდაც, გულღია ადამიანი კი ჩანს, მაგრამ მომეჩვენა, რომ პირდაპირ პასუხებს გაურბოდა. თუმცა დისციპლინასა და მწვრთნელთან დაკავშირებით რაც თქვა, სადღაც შემშურდა კიდეც - ჩვენთან ასეთი სიმკაცრე გამორიცხულია. არადა, საჭიროა.

მასთან საუბრისას დროში შეზღუდულები ვიყავით და მხოლოდ რამდენიმე კითხვით მივმართეთ. საბოლოოდ, ბლიც-ინტერვიუ უფრო გამოგვივიდა, ვიდრე - ინტერვიუ.

- სალიცენზიო რეიტინგში ქულების ნაკლებობას არ განიცდით. ალბათ, აქ ჩამოსასვლელად მთავარი მოტივაცია უფრო შიდა კონკურენცია იყო...
- მე ძალიან მომწონს საქართველოს ნაკრები, ყოველთვის მინდოდა აქ ჩამოსვლა და ჭიდაობა. ორი წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში თქვენს სპორტსმენ ამირან პაპინაშვილს მოვუგე. შარშან უკვე მან მომიგო, ახლა კი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დავამარცხე. ის კარგი მოჭიდავეა.

- დიდი კონკურენცია გაქვთ ერთმანეთში - უკვე მეხუთედ შეხვდით... როგორია თქვენი პიროვნული დამოკიდებულება მის მიმართ, როგორც ერთ-ერთი მთავარი კონკურენტისა?
- ჩვენ მართლაც მეხუთედ შევხვდით ერთმანეთს. ორჯერ მე მოვუგე, სამჯერ - იმან მაჯობა. როგორც გითხარით, კარგი მოჭიდავეა, კარგად იყენებს თქვენი ნაციონალური ჭიდაობის ილეთებს. ის ძლიერია.

- არ გეშინიათ მისი?
- მე არაფრის მეშინია (იცინის), ის ჩემი მეგობარია.

- "იუთუბზე" თქვენი ნაკრების ვარჯიშის ვიდეოკლიპი გავრცელდა, სადაც მწვრთნელი მუცლის პრესის გასავითარებლად ბეისბოლის ჯოხით ძლიერად გირტყამდათ. ყოველდღე ასე ვარჯიშობთ თუ ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო, როგორც სპეციალური ელემენტი?
- ძიუდო ისეთი სპორტია, მას გამუდმებული ვარჯიში სჭირდება. დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ - დილით საათ-ნახევარი და საღამოს სამი საათი. როგორც ჯარისკაცებს, ჩვენც ისე გვწვრთნიან. ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ვარჯიშს თუ გავაცდენ, მწვრთნელი ქამრით მცემს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- არ აპროტესტებთ?
- არა. როგორც ვთქვი, დისციპლინა მთავარია.

- კიდევ ხომ არ გაქვთ ვარჯიშის რამე განსაკუთრებული მეთოდები?
- არის, მაგრამ ეს საიდუმლოა (იცინის).

- თქვენს ეროვნულ ჭიდაობას რამდენად დიდი როლი აკისრია მონღოლური ძიუდოს წარმატებებში და რა არის მისი არსი, როგორია თქვენი ეროვნული ჭიდაობა?
- მონღოლეთი საჭიდაო ქვეყანაა, ყველა ძიუდოისტი ჭიდაობს მას - იქიდან მოდიან და მას ეფუძნება ჩვენი ჭიდაობა. მეც ხშირად დავდივარ ჩვენი ეროვნული ჭიდაობის შეჯიბრებებზე და ვმონაწილეობ მათში, რაც ძალიან მეხმარება.

- იმედია, მომავალში ისევ გიხილავთ ჩვენს ტურნირზე...
- დიდი სიამოვნებით ჩამოვალ მომავალშიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული