საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ხორვატიის ტურნირზე არასრული გუნდით გამოვა

AutoSharing Option
1-3 მაისს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" ტურნირი ტარდება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრები არასრული და გადახალისებული შემადგენლობით გამოვა: მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ერთბაშად ორ წონაში - 60-სა და +100 კილოგრამში არ გვეყოლებიან მონაწილენი.

სხვა წონებში ჩვენგან ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი (ორივე - 66), ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (73), ზებედა რეხვიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (81), ზვიად გოგოჭური (90), ალექსანდრე მსხალაძე და ალექსანდრე ზაალიშვილი (ორივე - 100) იჭიდავებენ.

მოგეხსენებათ, ჩვენი ნაკრები ამჟამად სამხრეთ კორეაშია, სადაც სეულში, პიონჩანგის უნივერსიტეტში გადის ერთობლივ შეკრებას.

სეულში გუნდი მშვენიერ
პირობებში ცხოვრობს და ნაყოფიერად ემზადება. ბიჭებს დღეში ორჯერადი ვარჯიშები უტარდებათ - დილით ფიზიკურ მომზადებას გადიან, საღამოობით კი ტატამზე შედიან.

გუნდი იქ კიდევ ორიოდე კვირა დარჩება, თუმცა სპორტსმენთა ის ნაწილი, რომლებიც ჯერ ზაგრებში, მერე კი - 8-10 მაისს, ბაქოში "დიდ მუზარადზე" გამოვლენ, ეტაპობრივად წამოვლენ კორეიდან. ოღონდ ზემომოყვანილი შემადგენლობა ჯერ მაინც წინასწარი განაცხადია და ნუ გამოვრიცხავთ, ტურნირის დაწყებამდე კიდევ მოხდეს საკადრო გადაადგილებები. ეს იმაზეა დამოკიდებული, მოცემულ მომენტში ვინ როგორ ფორმაში იქნება, ვის დასჭირდება საშეჯიბრო პრაქტიკა და სხვა.

ზაგრებში იასპარეზებს ესტერ სტამიც (70). მოგეხსენებათ, საქართველოს დროშის ქვეშ დამდგარმა ჰოლანდიელმა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მაჯის ოპერაცია გაიკეთა და აქამდე მას მკურნალობდა.

წინასწარი მონაცემებით, მას თითქოს მარტში თბილისის "დიდ მუზარადზეც" უნდა ეჭიდავა, მაგრამ ხელის ბოლომდე მოშუშება ვერ მოასწრო და ექიმებმა სრულიად სამართლიანად არ გაარისკვინეს.

ჩანს, ახლა ყველა პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა და სტამიც ისევ იჭიდავებს. შეგახსენებთ, რომ ის მსოფლიოს რეიტინგში 34-ეა, სალიცენზიო ჩათვლაში კი მე-14 და სალიცენზიო ზონაში შედის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული