მასტერსზე შედეგი არ იყო მთავარი - ინტერვიუ ირაკლი უზნაძესთან

AutoSharing Option
ახლახან ჩატარებულ მასტერსის ტურნირზე, 3 მედლის მოპოვების და ისტორიაში საუკეთესო შედეგის მიუხედავად, გუნდის ლიდერთა გამოსვლამ ბევრი კითხვის ნიშანი დაგვიტოვა.


დღეს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე სწორედ ამ ტურნირის შესახებ გვესაუბრება, ოღონდ წმინდა ტექნიკური მოსაზრებების გამო, მის საუბარს მონოლოგად შემოგთავაზებთ.

პოზიტიური და ნეგატიური
- საერთო მაჩვენებლით კმაყოფილი ვარ, რადგან ბიჭებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს. თან ასეთი ძლიერი მასტერსი არ ჩატარებულა - კორეის გარდა, ყველა უძლიერესი გუნდი ჩავიდა, ჩვენებმა
კი მოუგეს მსოფლიოს სამ ჩემპიონს. ამათგან - ორი შარშანდელი ჩემპიონია. გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოვიპოვეთ.

შეიძლება, მასტერსი პრესტიჟულობით ჩამოუვარდება მსოფლიოს პირველობას, მაგრამ საჭიდაოდ ურთულესი ტურნირია, რადგან წონაში მხოლოდ 16 საუკეთესო სპორტსმენი გამოდის, მხოლოდ ნაღები შემადგენლობა და სუსტი არ შეგხვდება. 8 სპორტსმენიდან 3-მა მედალი მოიპოვა, კიდევ 2-მა კი მედლისთვის იჭიდავა. თან, მსაჯების მხრიდანაც ბევრი პრობლემეა იყო. აქედან გამომდინარე, შედეგით კმაყოფილი ვარ, ჭიდაობის ხარისხით კი - ნაწილობრივ.

ცხადია, ხარვეზებიც იყო, რასაც ბიჭებთან ინდივიდუალური მუშაობისას შევაფასებთ.

პაპინაშვილს კომპლექსი არ აქვს
- ამირან პაპინაშვილმა წლის დასაწყისში მენისკის ოპერაცია გაიკეთა. ასეთი ოპერაციის მერე ხალხი გაცილებით გვიან იწყებს ვარჯიშს, მან კი უკვე გაანახლა, 3-4 თვეში. ექიმების დახმარებით მოვახერხეთ და ფორმაში ჩავაყენეთ.

60 კილო დინამიკური, სწრაფი წონაა და მუდმივად საათივით უნდა იყო მომართული. ზედა წონებში კიდევ შეიძლება, 1-2 ვარჯიში გამოტოვო, მაგრამ აქ ასე ვერ იზამ, სულ ფორმაში უნდა იყო, წინა ტურნირთან შედარებით კიდევ უფრო კარგ ფორმაში. აქედან გამომდინარე, იმ გაცდენილმა პერიოდმა იქონია გავლენა, თუმცა ნელ-ნელა უმატებს. თან ყველა წონაში გვყავს უხერხული მეტოქე და პაპინაშვილი ასეთებთან თუ აგებს, ეს არ ნიშნავს, რომ მედლისთვის ჭიდაობისას სხვა პრობლემა ექმნება.

გეთანხმებით, რომ ნახევარფინალები წააგო, თუმცა ბაქოში მანამდეც დამარცხდა. თუმცა ჭიდაობის ხარისხიდან გამომდინარე, ყოველ ტურნირზე შედეგი ერთი და იგივე არაა. მედლის აღება კარგია და ძალიან ახლოსაც იყო, მაგრამ მონღოლი განბატი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ოღონდ ადრინდელებთან შედარებით, ახლა უფრო უკეთ ეჭიდავა. ასე გახსნილად და შემტევად მასთან არ უასპარეზია. თან მათი ქულები პირიქით იყო შესაფასებელი - ამის გდება იყო ვაზარი, იმისი კი - იუკო. შეიძლება ისიც არ უნდა გაგვეშვა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონი კაცია, ამბიცია მასაც აქვს.

კიდევ ვიმეორებ - პაპინაშვილმა ფორმაში რაც შეიძლება მალე ჩასადგომად და იმის დასამტკიცებლად, რომ ევროპაში და მსოფლიოში უძლიერესია, ყველაფერი გააკეთა.

განბატთან მართლაც წააგო ზედიზედ მეხუთედ, უზბეკ ლუტფილაევთან - ზედიზედ მეორედ, მაგრამ მათზე ინდივიდუალურად ვმუშაობთ და შედეგი უკვე გამოჩნდა: წინა ჯერზე გაფრთხილებით დავმარცხდით, დღეს კიდევ უფრო დავხვეწეთ და გდება გავუკეთეთ, თუმცა მესმის, რომ შედეგი უნდა ვაჩვენოთ. ოღონდ ნამუშევარი გამოჩნდა და ვფიქრობთ, ჭიდაობის ხარისხით ვჯობდით.

სამომავლოდ მაქსიმალურად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ბოლო წუთებზე - პაპინაშვილი პირველიდან ბოლო წუთებამდე უტევს, დაცვითი სტილი კი სუსტი აქვს. ბოლოს ცოტა იღლება კიდეც. აი, სწორედ ესაა ახლა მთავარი საზრუნავი - დაცვით სტილზე გადასვლა. ეს არაა იოლი და ტრავმებმაც შეუშალა ხელი, თორემ არც მეტოქის შიშია არაფერ შუაში - ჩვენს გუნდში ისეთი მუხტია, ეს გამორიცხულია.

შავდათუაშვილმა ორუჯოვს ტაქტიკურად უნდა აჯობოს
- ინდივიდუალურად მასზეც ვმუშაობთ და ამჯერად შედარებით სხვა სტილში ვეჭიდავეთ, რამაც გაამართლა. ოღონდ მსაჯებიც შეცდნენ, რომლებმაც, სხვათა შორის, პაპინაშვილისა და ლუტფილაევის პაექრობაშიც დაუშვეს უხეში შეცდომა, როცა იუკო არ შეუფასეს.

ორუჯოვი გდებისას გასული იყო ხაზის გარეთ, ლაშა შავდათუაშვილი კი გაჩერდა. ეს ჩვენი მინუსიც იყო - არ უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ იყო არბიტრის შეცდომაც, რასაც ვემსხვერპლეთ კიდეც.

ადრინდელთან შედარებით, ჭიდაობის ხარისხით ახლა ერთ დონეზე იდგნენ, მაგრამ ის დასანანი იუკო გაუშვა. წინგადადგმული ნაბიჯი არის, მაგრამ მოსამატებელიც ბევრია. გეთანხმებით, რომ ორუჯოვი ჩავლებასაც ასწრებს, მაგრამ ის ამ წონის მოჭიდავეა, დამკვიდრებულია აქ და კარგად გრძნობს თავს, ლაშა კი მეორე ნომრად მუშაობს. ეს მეტოქის სტილიდანაც გამომდინარეობს - მასთან შეტევაში წასვლა რთულია. ერთადერთი ის გვრჩება, ტაქტიკურად ვაჯობოთ და მისი სუსტი წერტილი გამოვიყენოთ - როცა აგებს, შეტევაში მოდის და ამ დროს უნდა დავიჭიროთ კონტრილეთზე. ლაშა ჩავლებას სწორედ მისი სტილიდან გამომდინარე ვერ ასწრებს, თორემ ვერ ვიტყვი, რომ ღონით ჯობია. ორუჯოვი ზემოდან ჭიდაობს, ლაშას კი ასეთებთან ცოტა უჭირს. თან სიმაღლის პრობლემაც აქვს.

ამასთან, უფრო ყურადღებით და მობილიზებით უნდა იყოს, რომ ასეთი შეცდომები არ დაუშვას. თუმცა ამ შეხვედრამ დაგვანახვა, რომ შავდათუაშვილს მისი დამარცხება შეუძლია. თუ დააკვირდით, ამჯერად ზურგიდან შემოსვლის საშუალება არ მისცა - ამაზეც საგანგებოდ ვიმუშავეთ.

ტატალაშვილთან ფინალში ჩვენც შევცდით
- ნუგზარ ტატალაშვილმა მართლაც კარგად იჭიდავა - მოუგო მსოფლიოს პრიზიორ სკვორტოვს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ნაკაიას და ყველაზე უხერხულ მეტოქეს, წონის ლიდერ მუკის. ფინალამდე მიზანმიმართულად იბრძოლა და გავიდა კიდეც, ფინალში კი მართლაც მოდუნებული იყო, აკლდა მოტივაცია.

არადა, ამ მეტოქეებიდან წაგებას ყველაზე ნაკლებად რუსი იარცევისგან ველოდით, ნაკლებად საშიშად აღვიქვამდით. ნახევარფინალს როცა ჭიდაობდა, იარცევის მოგება გვერჩივნა იმ მხრივ, რომ უფრო ადვილად ვეჭიდავებოდით, თუმცა ორუჯოვის გასვლაც გვაინტერესებდა, ევროპული თამაშების წინ რა დონეზე ვეპაექრებოდით. იარცევის გასვლის შემდეგ თითქოს დავმშვიდდით, სათანადოდ არ შევაფასეთ მეტოქე, რაც ჩვენი საერთო შეცდომა იყო.

თუმცა ფინალამდე იმდენად კარგად იჭიდავა, მის გამოსვლას მაინც დადებითად ვაფასებ. ნაკაიას დონის მეტოქეს ნახევარფინალში ასე ეჭიდავო და მთელი ხუთი წუთი ჭიდაობით აჯობო, ძალიან რთულია. შეიძლება, იპონზე დააგდო კაცი, მაგრამ მთელი შეხვედრა ისე დაჩაგრო, რომ ბოლოს პარტერში გაქცევის თავი არ ჰქონდეს, ეს სულ სხვაა.

პროგრესი აშკარაა, რასაც, იმედია, ევროპაზეც შევინარჩუნებთ. ტატალაშვილი მებრძოლი ბიჭია და ეს ვერცხლი დაანახვებს, რომ ლიდერებთან მოგება შეუძლია.

ჭრიკიშვილს შედეგს არც ვთხოვდით
- უკვე ორი წელია, ავთანდილ ჭრიკიშვილი ამ წონაში ლიდერად ჩამოყალიბდა. მეტოქეები საგანგებოდ ემზადებიან მასთან საჭიდაოდ, დაცვით სტილზე არიან გადასულები, ასეთებს კი სრულად შემტევი ჭიდაობა დაუპირისპირო, ღია კარის მტვრევას ჰგავს. აქედან გამომდინარე, ყოველი მეტოქისთვის ტაქტიკას ვცვლით.

თუმცა ჭრიკიშვილი დღეს მართლაც არ იმყოფება საუკეთესო ფორმაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო - ფეხის გარდა, საჭმლის მომნელებელი სისტემაც აწუხებს, რაც შეჯიბრებისას ხელს უშლის, განსაკუთრებით წონის კლების მომენტში იჩენს ხოლმე თავს. ექიმებმა გამოიკვლიეს, კონტროლზეა აყვანილი და მკურნალობენ.

სხვა მხრივ, უნაკლო სპორტსმენია, რაინდული თვისებების მატარებელი.

რამდენად გამართლებული იყო კორეაში მისი, ვალერი ლიპარტელიანისა და ბექა ღვინიაშვილის დატოვება დამატებით შეკრებაზე და ხომ არ აჯობებდა, მასაც საქართველოში გაეგრძელებინა ვარჯიში და ცოტა სული მოეთქვა ტურნირის წინ?

სულის მოთქმის საშუალება ამ ეტაპზე არც იგეგმებოდა. პირიქით - ახლა შრომის პროცესში ვართ. იქ დატოვება იმიტომაც ვამჯობინეთ, რომ აქ სავარჯიშო პირობები არ გვაქვს.

საუკეთესო გუნდს დარბაზში თოკი და ცხელი წყალი რომ არ ექნება, ხოლო ლეიბზე ზედახორაა, რაზე უნდა ილაპარაკო? დარბაზი არ ნიავდება, ძალიან ცუდი პირობებია. იყო შეპირებები, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

საქართველოს ნაკრები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და, იმედია, ამ ბიჭების სიძლიერეს დააფასებენ, რასაც არაერთი ქვეყნის ლიდერი აღნიშნავს. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დაუფარავად განაცხადა, რომ ეთაყვანება ჩვენს ძიუდოისტებს, ანალოგიური თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმაც დააფიქსირა, იგივე აზრი ღიად გამოუთქვამთ აზერბაიჯანის, საფრანგეთის ლიდერებს, ხოლო კულუარებში კიდევ რამდენი რას ამბობს, ეს სხვა საკითხია.

გუნდის სხვა წევრებს ტურნირებზე უწევდათ ჭიდაობა და სხვა პროგრამით მუშაობდნენ - ზოგს რეიტინგში ქულები სჭირდებოდა, ზოგს - საშეჯიბრებო პრაქტიკა, ზოგს კი სხვა პრობლემა ჰქონდა გამოსასწორებელი. ისინი ამიტომ დაბრუნდნენ საქართველოში, ეს სამეული კი იქ, აწყობილ პირობებში დავტოვეთ, თუმცა ვიცოდით, ეს ვარჯიში მასტერსისთვის არ წაადგებოდათ. ოღონდ იმ შეკრებაზე ამ ტურნირისთვის არ წავსულვართ, ის შეკრება ამას არ ემსახურებოდა, ჩვენი გათვლა ოფიციალურ შეჯიბრებებს უკავშირდება.

ეგ კი არა, თავდაპირველად კორეაში წასვლას არც ვაპირებდით, ეს იმ ერთთვიანმა შუალედმა განაპირობა, ევროპის ჩემპიონატის გაუქმებამ რომ გამოიწვია. თან იმ შუალედში არც ევროპაში ტარდებოდა შეჯიბრებები ან ერთობლივი შეკრებები. იმ ორი კვირის განმავლობაში ის სამეული იმიტომ დავტვირთეთ მაქსიმალურად, რომ მისი შედეგი მოვიმკოთ ევროპა-მსოფლიოზე. საქართველოში ისე ვერ დაიტვირთებოდნენ, რადგან აქ ყველა თავისი გრაფიკით მუშაობს.

თქვენს ვარიანტს - საერთოდ ხომ არ გამოეტოვებინათ მასტერსი, თავიდან ჩვენც განვიხილავდით, მაგრამ ევროპული თამაშების წინ ერთი სტარტი გვინდოდა საშეჯიბრებო პრაქტიკისთვის. იქამდე ევროპაში კი ტარდება ევროპის თასები, მაგრამ ეს ტურნირები უკვე ძალიან ახლოსაა ევროპის თამაშებთან. თან შედარებით სუსტ შეჯიბრებებზე ჭიდაობა ბევრს არაფერს მოგვცემდა - ძლიერ მეტოქეებთან ჭიდაობით უფრო დავინახავთ მათ დონეს, თორემ სუსტებთან პაექრობა დიდ შედეგს ვერ მოგვცემს.

გეთანხმებით, რომ საერთაშორისო ტურნირის დანიშნულება ხომ ისაა, აჩვენოს, იმ მომენტისთვის როგორ ფორმაში არიან სპორტსმენები. ჭრიკიშვილმაც გვაჩვენა, რომ ასრულებდა ჩვენს დავალებებს - ეჭიდავა ილეთებზე, მაქსიმალურად ღიად, შედეგზე ორიენტირებულად, რათა დაგვენახა, რა შეუძლია, ხოლო რა შედეგი დაიდებოდა, ეს არ იყო მთავარი.

სხვა საქმეა, ეს დავალება რამდენად გამოუვიდა, თუმცა ილეთებზე ნამდვილად ჭიდაობდა. უბრალოდ, როცა ფიზიკურად მზად ვერ ხარ, რთულია ამის გაკეთება, ხოლო რატომ ვერ იყო ის ფიზიკურად ფორმაში, უკვე ავხსენი - ჯანმრთელობის პრობლემების გამო. თან იმხელა შეკრების მერე ოპტიმალურად ჭიდაობა ძნელია, ეს ყველაფერი კი მძივივით აეწყო ერთმანეთს.

ლიპარტელიანის სადავო ეპიზოდი
- ეს მსაჯების აშკარა შეცდომა იყო, თუმცა კომისრებმა მაინც არ აღიარეს. იმ წუთში არ მიმიშვეს გასაპროტესტებლად, მაგრამ შემდეგ თვითონვე დამიძახეს განმარტებებისთვის. ისინი ამტკიცებენ, დგომში იყო უკვე შეხვედრა და აქედან შევიდა ფეხშიო, თუმცა ყველა სხვა არბიტრი აღნიშნავდა, რომ ეს შეცდომაა.

ჩვენი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე არ იყო ამ ტურნირზე, მაგრამ დაგვირეკა და მანაც აღნიშნა, შეხვედრა უნდა გაჩერებულიყოო. ისინი ჩოქბჯენში მუშაობდნენ და აქედან გაექცა ფრანგი, რაზეც ეს მიჰყვა. იმ დროს მსაჯს მატე ნამდვილად უნდა დაეძახა. ახლა გვინდა, ამაზე რეაგირება გავაკეთოთ.

ღვინიაშვილი მზარდი სპორტსმენია
- ღვინიაშვილი ახალგაზრდა და პროგრესირებადი სპორტსმენია, ყოველდღიურად უმატებს და მებრძოლია. ძალიან კარგად იჭიდავა - მსოფლიოს ორ ჩემპიონს, ოლიმპიურ ჩემპიონს მოუგო და შედეგიც მოგვცა.

რაც მთავარია, მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა, უკომპრომისოდ იბრძვის. ეს კონკურენცია ხარისხზეც იმოქმედებს. წლეულს გამოცდილებაც მეტია და ამ მიზეზით შარშანდელივით აღარ წააგებს.

მძიმეწონოსნებმა უნდა დაიკლონ
- ადამ ოქრუაშვილთან დაკავშირებით ამ ტურნირმა დაგვანახვა, რომ ვარჯიშის გარდა, მან წონაშიც აუცილებლად უნდა დაიკლოს. ეს აქსიომაა - დაახლოებით 15 კილო უნდა დაიკლოს, თორემ ის ვარჯიშიც აზრს კარგავს. სიმსუქნის გამო უჭირს მოძრაობა, კოორდინაცია, რის გამოც სათანადო შედეგს ვერ აჩვენებს.

საკითხი დასმულია, რომ ევროპული თამაშებისთვის ეს წონა უნდა დაიკლოს. ამას თუ ვერ მოახერხებს, ამჯერად ევროპულ თამაშებზე არაფერი შეიცვლება, მაგრამ სამომავლოდ კადრები აუცილებლად გადაიხედება.

საგანგაშოდ მომატებული არაა, თუმცა ზედმეტი წონა ლევან მატიაშვილსაც ეტყობა. გამოჩნდა, რომ ამ წონით ოპტიმალურ ფორმაში არც ისაა და ვერც თავის საუკეთესო ჭიდაობას აჩვენებს. სხვა მხრივ კი ურიგოდ არ უჭიდავია, ძლიერ მეტოქეებს მოუგო. ოღონდ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ როი მეიერთან მსაჯის შეცდომაც იყო - პირველი გაფრთხილება რაზე მისცა, ვერ გავიგეთ.

ამასთან, იმანაც გააკეთა რამდენჯერმე ცრუ შესვლა, მაგრამ არ გააფრთხილეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მერე სად ამბობს-ყველაფერი კარადააო. პირიქით, პრობლემებზეც უწერია.
მშვენიერი მონოლოგია. ყოჩაღ ჟურნალისტს, რომ სწორი შეკითხვებით ობიექტურად წარმართა საუბარი. უზნაძეც, როგორც ჩანს საღად აფასებს სიტუაციას და იმედია, შედეგსაც დავინახავთ....
bubu -ს
18:49 31-05-2015
0
am kacs hgonia yvelaferi kargadaa, vitom? evropaze gamochndeba
bubu
20:51 30-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული