ამიტომ გვეშინია - მოსაზრებები ბედუინების ტურნირზე და არამხოლოდ...

AutoSharing Option
ფოტოზე: ბექა ღვინიაშვილი, ალბათ, ერთადერთია, რომელმაც რაბათში პროგრესი გვაჩვენა
მაროკოულ რაბათში მასტერსზე ჩვენმა ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი მხოლოდ იაპონელებს ჩამორჩა. ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90) გახდა, ვერცხლი ნუგზარ ტატალაშვილმა (73) მოიპოვა, ბრინჯაო - ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81).


გუშინვე დავწერეთ, რომ ამ შედეგების მიღმა პრობლემებიც გამოჩნდა, თან - არაერთი და ცოტა მომრავლებულიც, ანუ შემცირების ნაცვლად, მოიმატა კიდეც. მთავარი კი ისაა, რომ გაუარესებულია ლიდერთა ჭიდაობა, ვერც მთლიანად გუნდის გამოსვლის ხარისხია დამაკმაყოფილებელი,
მისაღები...

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ამ ტურნირის მიხედვით, ჩვენს ნაკრებში რეზერვი ვერ დავინახე. არადა, საერთაშორისო შეჯიბრებების მთავარი დატვირთვაც ესაა - ნაბიჯ-ნაბიჯ, ტურნირიდან ტურნირამდე მოუმატონ და აღმავალი დინამიკა შეინარჩუნონ, ფორმის პიკზე კი სეზონის მთავარ შეჯიბრებაზე უნდა გავიდნენ.

შესაძლოა, ჭიდაობის ხარისხი ახლა იმანაც დააქვეითა, რომ გუნდის ის ლიდერები, რომლებმაც ყველაზე მეტად დაგვწყვიტეს გული - ჭრიკიშვილი და ვალერი ლიპარტელიანი (90) პირდაპირ კორეიდან ჩავიდნენ, სადაც საკმაოდ დატვირთული ერთობლივი შეკრება გაიარეს. თან, შესაძლოა, ამას რაბათში ზღვისპირა ქალაქებისთვის დამახასიათებელი ტენიანობა და სიცხეც დაემატა, თუმცა ამაზე თავს ვერ დავდებთ.

მართალია, კორეაში შეკრებაზე ღვინიაშვილიც იყო, ვინც, ალბათ, ერთადერთია, რომელმაც რაბათში პროგრესი გვაჩვენა, თუმცა ის შედარებით ახალგაზრდაა და არაა გამორიცხული, უფრო გაუმკლავდა ამ დატვირთვას.

თან, გასათვალისწინებელია აქამდე განვლილი მოსამზადებელი ეტაპი - ცნობილია, რომ ფედერაცია-ნაკრების ახლებური მიდგომით ყველა ინდივიდუალურად ემზადება. უფრო სწორად, ნაკრები მზადების საერთო გეგმას კი მიჰყვება, მაგრამ საჭიროებისას ინდივიდუალური "გადახრებიც" ხდება ცალკეულ სპორტსმენთა ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ წლის დასაწყისში ყველა ერთნაირად არ იტვირთება.

თან, გავითვალისწინოთ, რომ ჭრიკიშვილმა და ლიპარტელიანმა სეზონის დასაწყისში იაპონიაშიც გაიარეს ანალოგიური საკმაოდ ძლიერი შეკრება.

საკითხავია, რამდენად გამართლებულია ტურნირის წინ ასეთი ერთობლივი წვრთნები? იქნებ სჯობდეს, შეჯიბრებამდე რამდენიმე დღით ადრე შუალედი ჰქონდეთ სულის მოსათქმელად და ასე ინტენსიურად არ დაიტვირთონ? ვიცით, ეს მოსაზრება საკამათო გახდება, მაგრამ ჩვენები ბაქოშიც ასე პირდაპირ შეკრებიდან წავიდნენ და ლიდერების ჭიდაობამ ასევე მოგვცა უკმაყოფილების საბაბი.

ტაქტიკა ტაქტიკისთვის?
გვესმის და ვეთანხმებით ნაკრების მწვრთნელებს, რომ ყველა ტურნირს ერთნაირად მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებ და ყველას ვერ მოიგებ;

ისიც გასაგებია, რომ შეჯიბრებათა ნაწილს ტექნიკურ-ტაქტიკური სიახლეების დასამუშავებლად იყენებენ და შედეგი არაა მთავარი;

გვახსოვს, რომ ნაკრების თავკაცი ირაკლი უზნაძე მასტერსსაც სწორედ ამ მიზნით იყენებდა; გვესმის, რომ წიწილების დათვლის დრო ევროპა-მსოფლიოს შემდეგაა, მაგრამ ახლავე თუ არ ვიკითხეთ, რამე ხომ არ მოიშალა გუნდის მზადების მექანიზმში, რაღაც სიახლე ხომ არაა შემოსატანი, მსოფლიოს შემდეგ ეს უკვე დაგვიანებული იქნება.

არის ინდივიდუალური მუშაობა?
ვიმედოვნებთ, გუნდი ჯერ ევროთამაშებამდე, შემდეგ კი მსოფლიომდე დარჩენილ დროს ნაყოფიერად გამოიყენებს და ნაკლოვანებებს აღმოფხვრის, მაგრამ მთელ რიგ სპორტსმენებთან დაკავშირებით ისევ გრძელდება ადრინდელი პრობლემები.

მაგალითად, ამირან პაპინაშვილი (60) ზედიზედ მეოთხე ტურნირზე გავიდა მეხუთეზე. თან, აქედან სამჯერ ნახევარფინალში იჭიდავა.

ვთქვათ და მართალია, რომ გადატანილი ოპერაციის, გაცდენილი პერიოდის შემდეგ ვერაა ფორმაში, მაგრამ იმ ნახევარფინალამდე ხომ მიდის, განა მანამდე ნაკლებად ძლიერ ხალხს უგებს? ყოველ შემთხვევაში, არა იმათზე ბევრად ნაკლებებს, ვისთანაც შემდეგ მარცხდება. თან, ძირითადად ერთსა და იმავე ხალხთან აგებს, ანუ უხერხული თუ სტრატეგიული მეტოქეებისადმი ინდივიდუალური მუშაობა აკლია.

დაახლოებით იმავეს ვიტყვით ლაშა შავდათუაშვილზე, ვინც მიჯრით მეოთხედ წააგო აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან. გვესმის, რომ ის ჩვენებურზე მაღალია და ფიზიკურად გვარიანი უპირატესობა აქვს, მაგრამ, განა ლაშა სხვებზე მაღალია ან ორუჯოვია დაუმარცხებელი? აზერბაიჯანელს ხომ მოუგო რუსმა დენის იარცევმა და ნუთუ, ის შავდათუაშვილზე ნიჭიერია? ან პოტენციალით თუნდაც აზერბაიჯანელი აღემატება მას?

მართალია, ამჯერად ბევრად თანაბარი ბრძოლა გაუმართა ორუჯოვს და ღმერთმა ქნას, ეს სამწვრთნელო შტაბის დამსახურება იყოს, რომელიც მომავალში დადებით შედეგსაც გამოიღებს.

ჭრიკიშვილი
ბოლო თვეებში ჭრიკიშვილზე ხშირად გამოვთქვამდით პრეტენზიებს, ტაქტიკურად, შედეგზე ასე მკვეთრად ორიენტირებულად რატომ აჭიდავებენო.

მიგვაჩნია, რომ შემტევ სტილზე უარის თქმით მას სერიოზულ კოზირს ვაცლით ხელიდან, თუმცა ამჯერად ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ტაქტიკურად ჭიდაობდა და არ ეტანებოდა გდებებს. პირიქით - თითქმის ყველა შეხვედრაში ცდილობდა ილეთებს, მაგრამ სტატისტიკა მაინც მის საწინააღმდეგოდაა - მხოლოდ ბოლო, მეოთხე შეხვედრაში გააკეთა ერთადერთი გდება მთელ ტურნირზე, დანარჩენი სამიდან ორი კი გაფრთხილებებით მოიგო, ხოლო ერთში დამარცხდა.

მას ძალიან უჭირდა ფანდების ბოლომდე მიყვანა, შედეგიანად დასრულება, შებოჭილივით იყო, აკლდა თავისი განთქმული სისხარტე და კოორდინაცია, თითქოს დაიღალა კიდეც და ძალაც არ ჰყოფნიდა... ყოველ შემთხვევაში, ეს ბოლო პუნქტი გვგონია იმის მიზეზი, გდებები ბოლომდე რომ ვერ მიჰყავდა.

Sportall.Ge

ვფიქრობთ, ზედმეტია ყველა იმ ტურნირის ჩამოთვლა, სადაც მან თავისი უზადო ამოსმულით უმშვენიერესი გდებები შეასრულა - ყოველი მათგანი კლასიკაა, რომლითაც ქართველმა ათლეტმა მსოფლიოს ძიუდო გაამდიდრა. იმ ილეთების უმეტესობა "ძიუდოს ოქროს ფონდში" შევა, რომელსაც დრო, ძალიანაც რომ მოინდომოს, დავიწყების საბურველს ვერ გადააფარებს. მაშ, ახლა რა დაემართა?

სავარაუდოდ, ამის მიზეზი ცუდი ფიზიკური მომზადებაა. ღმერთმა ქნას, ესეც მხოლოდ კორეული შეკრებით გამოწვეული გადაღლა იყოს და არა სხვა უფრო სიღრმისეული პრობლემა - უბრალოდ, ცოტას შეისვენებს და ამას იოლად მოევლება, მაგრამ თუ საერთო ფიზმომზადების ხარვეზიდან გამომდინარეობს, მაშინ რა გითხრათ...

ალბათ, გაჩნდება მოსაზრება, რომ იქნებ თავს ზოგავდა და შეგნებულად არ აკეთებდა ილეთებს... გასაგებია, რომ ესეც მზადების და ტაქტიკის შემადგენელი ნაწილია, თუმცა ჭრიკიშვილის მოქმედებები უფრო ვერგაკეთებას ჰგავდა და არა თავის შეკავებას.

შეიძლება სატურნირო პრაქტიკისთვის წახვიდე შეჯიბრებაზე, რათა, როგორც მწვრთნელები ამბობენ, "სისხლის სუნი" იგრძნო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ილეთი საერთოდ არ გააკეთო.

პირიქით, 2-3 ფანდი საჭიროა, რათა შეამოწმო შენი თავი, რამდენად თავისუფლად ირჯები საშეჯიბრო რეჟიმში და როცა დარწმუნდები, მეტი ექსპერიმენტი აღარაა საჭირო, მერე შეიძლება ძალების დაზოგვაზე იფიქრო. ამის შემდეგ შანსიც რომ მოგეცეს, შეიძლება, აღარ იძალო და ენერგია შემოინახო, ჭრიკიშვილმა კი, როგორც გითხარით, მხოლოდ ბოლო შეხვედრაში გააკეთა გდება და ისიც იუკო.

ლიპარტელიანის შეცდომა
ჭრიკიშვილის გარდა, სალაპარაკო სხვა სპორტსმენებზეც ბევრია. თუნდაც ლიპარტელიანის შეცდომა, რომელზეც, დარწმუნებულნი ვართ, ჩვენზე მეტად სწყდება გული, მაგრამ ასპარეზობისას მეტი დაფიქრება მართებს.

არადა, ის სწორედ ჭიდაობისას კარგი აზროვნებით გამოირჩევა და ზოგადად, ცხოვრებაში განათლებული, ტატამზე კი ძალიან დაკვირვებული მოჭიდავეა.

თუმცა ის შეცდომაც ხომ არ იყო მოუმზადებლობით, გადაღლით გამოწვეული? როცა კონდიციები არ გყოფნის, მაშინ ვერც ისე სხარტად აზროვნებ, ვითარებაში მყისიერად რომ გაერკვე, არც კოორდინაცია გივარგა და არც არაფერი. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო იგრძნობა დიდი ფიზიკური დატვირთვისას. აბა, სხვანაირად ვერ აგვიხსნია, რატომ შევიდა ფეხში, როცა დაყოვნება აშკარად იყო.

ჩვენ არც ვინმეს გადაყენებას ვითხოვთ და არც არავის დასჯას. უბრალოდ, ვშიშობთ, რომ ამ ხარვეზებმა არათუ წლევანდელ ევროპა-მსოფლიოზე, არამედ გაისად ოლიმპიადაზე არ დაგვარტყას. საქმე ხომ პოტენციურ ოლიმპიურ მედლებს ეხება და სწორედ ამიტომ გვეშინია. მით უფრო, ნაკრების ჭიდაობის ხარისხი, შედეგების მიუხედავად, არც შარშან იყო დამაკმაყოფილებელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
დააბრუნეთ გურამი მოდებადძე!!!სანამ დროა და მიხედავს ჩირიკას და ლიპოს.და ნაკრებსაც დაეხმარება დიდად
giorgi
10:09 29-05-2015
0
ნაწილობრივ ვეთანხმები ავტორს. ეჭვების და შეშფოთების მიზეზი გვაქვს ნამდვილად. ჩემი პირადი აზრია რომ ეს ნაკრები უძლიერესია მათ შორის ვინცკი ოდესმე საქართველოს ჰყოლია, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ფორმაში შევხვდებით დიდ ტურნირებს. აუცილებლად უნდა თქვან თავისი სიტყვა ჭრიკიშვილმაც და ლიპომაც და ყველას ამის იმედი გვაქვს. უნდა მოუმატონ ყველა წესით და ლოგიკით, მე მჯერა ჩვენი ბიჭების. აი პაპინაშვილზე რა გითხრათ, რატომღაც ცუდს მკარნახობს ქვეცნობიერება. ვერ დავინახე მე ამ ბიჭში დიდი მოჭიდავის ნიჭი და მენტალიტეტი. იქნებ ჩხვიმიანისთვის უფრო მეტი შანსი მიგვეცა?
fraternity
13:11 27-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული