ამ უქმეებზე ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს პოლონურ ბიელსკო ბიალაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში, სადაც 12 მედალი მოიპოვეს - 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ჩვენები გუნდურ ჩათვლაში მეორეზე გავიდნენ.
ჩემპიონები გიორგი ნიაზაშვილი (50), გოგა ქევხიშვილი (81) და ონისე სანებლიძე (90) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ზურაბ კახნიაშვილი (50), ივანე ხუბაშვილი (55), ლაშა დუდაშვილი (73) და გელა ზაალიშვილი (+90) დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედლები ვაჟა ბუბუნაურმა (50), თემურ ნოზაძემ (55), თენგიზ ჩიტაურმა (60), ბაგრატ ნინიაშვილმა
ბრინჯაოსთვის კიდევ ორმა ქართველმა იჭიდავა - საბა გრიგალაშვილმა (55) და ნიკა ლაბაძემ (73), თუმცა დამარცხდნენ.
ეს ტურნირი ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრება უნდა ყოფილიყო. ამიტომ იქ თავის გამოჩენის შანსი ყველა კანდიდატს მისცეს - 19 მოჭიდავე წაიყვანეს. მხოლოდ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რობინზონ ბეგლარაშვილი (60) დაასვენეს, ვინც ერთადერთია, უკვე რომ გაინაღდა ადგილი საევროპო ნაკრებში.
სავარაუდოდ, გუნდს ისინი შეავსებენ, ვინც უფრო მეტად გამოიჩინა თავი ამ ტურნირზე.
მათ ვერ გაუსწრეს იაპონიას
როგორც ვხედავთ, ირაკლი ცირეკიძისა და მინდია ბოდაველის გაწვრთნილი გუნდიდან 6 კაცი დარჩა უმედლოდ, თუმცა ნაადრევად მხოლოდ 4 დამარცხდა. საინტერესოა, რომ ჩვენებმა 8 წონიდან 6-ის ფინალში იჭიდავეს! განსაკუთრებით შთამბეჭდავად შეჯიბრების მეორე დღეს - გუშინ გამოვიდნენ, როცა ოთხივე წონითი კატეგორიის ფინალში გვყავდა მონაწილე, თუმცა ორი მათგანი დამარცხდა. ამ კვარტეტიდან განსაკუთრებით დასანანი ზაალიშვილის წაგება იყო უკრაინელ ალექსეი მოისეევთან - მანამდე ჩინებულად მოჭიდავე ქართველი, რომელმაც სამივე წინა პაექრობა იპონით მოიგო, ახლაც გაფრთხილებით იგებდა, მაგრამ დასრულებამდე ორი წამით ადრე ახალგაზრდული სიფიცხით ილეთზე შევიდა და მოყვა კიდეც.
გდება უკრაინელმა დაიწყო, მაგრამ ჩვენებურმა კონტრილეთი გაუგრძელა. პირველიც თითქოს უკრაინელი დაეცა, მაგრამ ესეც გადაიყოლა. მსაჯმა თავიდან ზაალიშვილს მისცა ვაზარი, მაგრამ მერე კარგა ხანს აკვირდებოდნენ ვიდეოგამეორებაზე და შედეგი შეცვალეს - ვაზარი მეტოქეს მიაკუთვნეს.
არადა, ჩვენებურს რომ მოეგო, გუნდურსაც მოვიგებდით - იაპონიას ოქროებით გავუთანაბრდებოდით, მაგრამ ვასწრებდით ვერცხლის მედლებით.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ოქროს მედლებს ამ შეხვედრამდე მხოლოდ ჩვენ და იაპონია ვინაწილებდით, ამ პაექრობის შემდეგ კი უკრაინაც დაგვემატა.
თუმცა იაპონიის გადასწრება და გუნდური პირველობის განაღდება დუდაშვილსაც შეეძლო, ფინალში იაპონელ კამუი ვატანაბეს თუ მოუგებდა. სამწუხაროდ, იაპონელი შეუჩერებელი იყო. არადა, ფინალამდე დუდაშვილმა ოთხი შეხვედრა გამართა და მანაც ყველა წმინდად მოიგო.
ყველაზე მსუბუქები ყველაზე კარგად
ცალკეული წონების მიხედვით, ჩვენმა ჭაბუკებმა განსაკუთრებით შთამბეჭდავად უმჩატეს, 50 კილოგრამში იჭიდავეს, სადაც სამი მონაწილე გვყავდა და სამივე ნახევარფინალში გავიდა, საბოლოოდ კი ქართული ფინალი გაიმართა და სამივე ქართველი კვარცხლბეკზე ავიდა. ნიაზაშვილს პირველ შეხვედრაში პოლონელი იაკუბ ბინეკი არ გამოუცხადდა, შვეიცარიელი პაულ რონჩი სამჯერ გააფრთხილებინა და ზედ ჩაროზად ვაზარიც დააყოლა, ებრაელი რეეფ მენაგედი და ნახევარფინალში თურქი ილკერ იავუზი კი იუკოს შემდეგ დააიპონა. მან ფინალიც წმინდად მოიგო კახნიაშვილთან.
მას ყველაზე მეტად ბუბუნაურთან გაუჭირდა ნახევარფინალში, თუ შეიძლება, ამას გაჭირვება ეწოდოს - "მხოლოდ" ვაზარით აჯობა, დანარჩენები კი ბევრად იოლად დაამარცხა: ებრაელი იაირ ელკინდი ბეჭებზე დააგდო, ხოლო თურქ მირაც აკუსი ვაზარ-იპონით ჩამოიშორა გზიდან.
თავის მხრივ, არც ბუბუნაურს გამოუცხადდა პირველი მეტოქე - შვეიცარიელი ფლავიო კარეა. ამის შემდეგ ებრაელი იტაი კლაინი დააიპონა რუმინელ ვლად ლუნკანს კი იუკოთი მოუგო, თან სამი გაფრთხილებაც "აიკიდა", ანუ ახლოს იდგა წაგებასთან. მან სამი გაფრთხილება კიდევ ერთხელ მიიღო - დამამშვიდებლის ფინალში ფრანგ მეჰდი ელ მარიასესთან, თუმცა მას ვაზარიც აუღო.
ახალი ტალანტი
ალბათ, არავინ გვიწყენს იმის თქმას, რომ ჩვენი მედალოსნებიდან ყველაზე მეტად სანებლიძის გამოსვლა მოგვეწონა - ძალიან თავისუფლად, ტექნიკურად, გახსნილად და მეტად ლამაზად ჭიდაობს. ეს პოლონეთში მის გამოსვლასაც დაეტყო, სადაც ხუთივე პაექრობა იპონით მოიგო - იაპონელ კესიუკე ივაკისთან, პოლონელ პაველ კეიზასთან, ფრანგ პაულ დევოსთან, ნახევარფინალში გერმანელ ვლადისლავ გავრილოვთან და ფინალში ბელორუს ანტონ საჩილოვიჩთან.
ბელორუსი ისე დააგდო, მგონი, თვითონაც ვერ მიხვდა, რა გაუკეთა ქართველმა.
ქევხიშვილმაც ივაჟკაცა
ფინალში ივაჟკაცა ქევხიშვილმაც, რომელმაც მძაფრი ბრძოლა შემოუბრუნა ბოსნიელ ტონი მილეტიჩს, ვინც ბოლო წამებზე გატეხა და გაფრთხილებით აჯობა. არადა, საცოდაობა იქნებოდა, წაეგო, რადგან მანამდე ოთხიდან სამ შეხვედრაში წმინდად იმარჯვა, მათ შორის, პირველივე შეხვედრაში იაპონელ კენ სასატანისთან, ვის გზასაც მერე ფრანგი იოჰან რაინო და გერმანელი ტიმ შმიდტიც გააყოლა. იუკოთი მხოლოდ მეოთხედფინალში მოუგო გერმანელ ლარს კილიანს.
პოლონეთში იაპონელებს რამდენიმე შეხვედრა კი მოვუგეთ, მაგრამ მათთან ყველა ფინალი წავაგეთ - დუდაშვილამდე ხუბაშვილიც იაპონელ კაიტო უჩიდასთან დამარცხდა გადამწყვეტ პაექრობაში.
საინტერესოა, რომ პირველ დღეს ამ წონაშიც თავიდან ისეთივე შედეგი გვქონდა, როგორიც 50-ში: აქაც სამი ფალავანი გვყავდა და სამივე ნახევარფინალში გავიდა. სამწუხაროდ, იქ ნოზაძეც უჩიდასთან დამარცხდა, ხუბაშვილმა კი გრიგალაშვილს მოუგო.
შედარებით სუსტად
ჩვენები შედარებით სუსტად 60-სა და 66-ში გამოვიდნენ, სადაც მხოლოდ თითო მედალი მოვიპოვეთ და ისიც - ბრინჯაოსი. მედალოსანთაგან ნახევარფინალში მხოლოდ ნინიაშვილი გავიდა, სადაც თურქ ბილალ ცილოღლუსთან იუკოთი წააგო, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი მოლდოველი კორნელ ანდრიესი დააიპონა, თუმცა მანამ იუკოც აართვა. აღსანიშნავია, რომ ქვეჯგუფში ჩვენებურმა სამივე პაექრობაში წმინდად იმარჯვა. მათ შორის - თურქ უგურ სარიკაიასთანაც.
ჩიტაური სერბ დამიან სიმიჩტან ვაზარით, პოლონელ კრშიშტოფ კოზაკთან კი წმინდად მოგების შემდეგ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იაპონელთა მომავალ ჩემპიონ გენკი კოგასთან წააგო. დამამშვიდებელში ჩვენებურმა ფრანგ რედა სედოუკის იუკოთი აჯობა, ლიტველ მარტინას კვედარასს და მოლდოველ ვადიმ ზაჰარიას კი იპონებით მოუგო.
როგორც გითხარით, პოლონეთის ტურნირი საევროპო ნაკრების შესარჩევად მთავარი გამოცდა იყო. თუმცა ჩვენი ნაკრებისთვის სეზონის უპირველესი შეჯიბრება არა ის, არამედ ივლისში თბილისში ჩასატარებელი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალია და აქცენტს მასზე აკეთებენ.
არადა, წლეულს მსოფლიოს პირველობაც იმართება, მაგრამ კალენდარი ჩვენთვის მეტად არახელსაყრელია - ევროპის პირველობას 3-5 ივლისს სოფია უმასპინძლებს, 27 ივლისს უკვე ზემოაღნიშნული ფესტივალი იწყება, მისი დასრულებიდან 4 დღეში, 5 აგვისტოს კი სარაევოში მსოფლიოს პირველობა აიღებს სტარტს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"