"ჩინგიზ-ხანზე" საქართველოს ხუთი ძიუდოისტი იასპარეზებს

AutoSharing Option
დღეს, 3 ივლისს, მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში ჩინგიზ-ხანის სახელობის ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" ტურნირი იწყება.

მასში საქართველოდან მხოლოდ ვაჟთა ნაკრები გამოვა და ისიც ფრიად გადახალისებული სათადარიგო შემადგენლობით, სულ 5 კაცით იჭიდავებს: ვაჟა მარგველაშვილი (66), ამბაკო ავალიანი (81), იასონ ნემსაძე, ლაშა ტაველური (ორივე - 100), ონისე ბუღაძე (+100).

დღეს ჩვენებიდან სტარტზე მხოლოდ მარგველაშვილი დადგება, ვინც პირველ წრეში ჩინელ ერჩაოგეტუ ამუს ხვდება, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში იაპონელი ჰიმუფი აბე ელოდება.

ავალიანი ხვალ შეეცდება მედლის მოპოვებას, როცა მეორე წრეში გერმანელ დომინიკ რესელთან შეხვედრით ჩაებმება
ტურნირში. ამათში მოგებული მეოთხედფინალში ფრანგ ჟულიან კერმარესა და მონღოლ უუგანბაატარ ოტგონბაატარს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება.

100-ის და მძიმე წონების ფალავნები კვირას იასპარეზებენ. ტაველური თავიდან მასპინძელ ამბასელმაა ბაიარსაიხანს დაეჭიდება, წარმატების შემთხვევაში კი ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლა გაცილებით საშიშ შვედ მარტინ პაცეკთან მოუწევს.

ნემსაძის პირველი მეტოქეც მონღოლია - ჯანჩივდორჯ ბუნდორჯი, ამ ქვეჯგუფის მეორე წყვილს კი რუსთა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ტაგირ ხაიბულაევი და იაპონელი აარონ ვოლფი შეადგენენ.

თავიდან ბუღაძის მეტოქე ტაჯიკი მუხამადმუროდ აბდურახმონოვია, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში გამოცდილი მონღოლი ტამუულენ ბატულგა ელოდება.

ამასობაში ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ეტაპს იწყებს - 4 ივლისს ბაკურიანში გაემგზავრება საერთო ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე, სადაც 15-მდე დარჩებიან.

17 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე იაპონიაში, ერთ-ერთ კლუბში გაივლიან ერთობლივ შეკრებას, 6-18 აგვისტოს ლიკანში ივარჯიშებენ, 20-ში კი ასტანაში გაფრინდებიან, სადაც 24-30 აგვისტოს მსოფლიოს პირად-გუნდური ჩემპიონატი გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული