ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი: ამოუცნობმა ქართველებმა ევროპა შეაშფოთეს [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: მზია ბებოშვილი და გია თენაძე

სოფიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში ჭაბუკთა შორის, სადაც საქართველოს გოგოების ნაკრებმა ნამდვილი ფურორი მოახდინა - თითო ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონი მზია ბებოშვილი (52) გახდა, მესამეზე კი მარიამ ჭანტურია (57) გავიდა. ამას ბიჭებმა 8 მედალი დაუმატეს - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 - ბრინჯაო, თუმცა მათგან ამას ყველა ელოდა, გოგონების კარგმა ჭიდაობამ კი ყველა აღაფრთოვანა.

განსაკუთრებით - პირველ დღეს, როცა ბებოშვილი ჩემპიონი გახ
და, ამავე წონაში კი ნინო მგელაძემ ბრინჯაოს მოპოვების შანსი დაკარგა და მეხუთეზე დარჩა. სწორედ მაშინ დაინტერესდნენ ევროპელი სპეციალისტები, კიდევ რამე ნაღმი ხომ არ აქვთ ამოუცნობ ქართველებსო, ხოლო ფრანგთა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლუსი დეკოსიმ ლამის თავში წაიშინა ხელი, ქართველმა გოგონებმაც თუ იქაური ბიჭებივით აიწყვიტეს, რაღა გვეშველებაო, თუმცა ამაზე უფრო დაწვრილებით ხვალინდელ ნომერში წაიკითხავთ.

ირაკლი ცირეკიძისა და მინდია ბოდაველის გაწვრთნილი ბიჭებიდან ჩემპიონი ლაშა დუდაშვილი (73) გახდა, ფინალში გიორგი ნიაზაშვილი (50), გოგა ქევხიშვილი (81) და ზაურ კენჭაძე (90) დამარცხდნენ, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი რობინზონ ბეგლარაშვილი (60), ბაგრატ ნინიაშვილი (66), ონისე სანებლიძე (90) და გელა ზაალიშვილი (+90) ავიდნენ.

Sportall.Ge
ფოტოზე: საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები

ბებოშვილის საჩემპიონო გამოსვლა
მზია ბებოშვილი პირველია ქართველ ქალთაგან, ვინც პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე მედალი მოიპოვა - ორი წლის წინათ ევროპის პირველობაზე მესამეზე გავიდა. ოღონდ მაშინ 48 კილოგრამში ჭიდაობდა, იმ ტურნირზე კი სწორედ 52-ში ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი გახდა.

მას შემდეგ ბებოშვილმა წონითი კატეგორია შეიცვალა და სწორედ ადაპტაციის პერიოდის გამო ჩააგდო შარშანდელი სეზონი. ამის მიუხედავად, კვლავაც ლიდერად დარჩა და სოფიაშიც უმაღლესი შედეგისთვის წავიდა. მან მართლაც ფავორიტის შესაფერისად იჭიდავა და თითქმის ყველა შეხვედრაში საგრძნობლად აღემატებოდა მეტოქეებს.

ამ გოგონას ძალიან კარგი ხასიათი აქვს - შემტევია, არ იცის მეტოქის შიში და უკან დახევა. თან ტექნიკური არსენალიც მოსდგამს და ლამაზადაც ჭიდაობს. ბულგარეთში ქვეჯგუფი ძალიან იოლად გაიარა: ებრაელ შირ კელნერს, იტალიელ ლუდოვიკა ლენტინის და ხორვატ ტიეა ტოპოლოვიჩს წმინდად მოუგო. არადა, ტოპოლოვიჩი განთესილი იყო.

ნახევარფინალში ქართველმა ათლეტმა რუსი მარგარიტა შრაინერი გაფრთხილებებით დაამარცხა, ფინალში კი ავსტრიელი ლისა დენგი ბრუნით იუკოზე დააგდო. თუმცა ანგარიში სულაც ვერ ასახავს შეხვედრის მიმდინარეობას - ბებოშვილი თავიდან ბოლომდე აქტიური იყო და იმდენად დიდ უპირატესობას ფლობდა, მეტოქისთვის ერთი პატარა შანსიც არ მიუცია.

არადა, ავსტრიელი პირველი ქვეჯგუფიდან გავიდა, სადაც წონის მთავარი ფავორიტი, ძლიერი თურქი ირემ კორკმაზი გამოდიოდა, დენგმა კი მის მძლეველ რუმინელ პაულა გლიგას მოუგო.

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ბებოშვილმა ჩემპიონობა ცოტა თავშეკავებულად აღნიშნა, მაგრამ ადამ ოქრუაშვილის ჟესტი გაიმეორა - საჩვენებელი თითი მკერდზე გამოხატულ საქართველოს დროშას მიადო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამავე წონაში მედლამდე სულ ცოტა დააკლდა ნინო მგელაძეს, რომელიც ახალ თაობაში ასევე ერთ-ერთი უნიჭიერესია, მაგრამ რუსმა შრაინერმა ბებოშვილის ჯავრი მასზე იყარა. ცხადია, ის სოფიაში ტურისტად არ იქნებოდა ჩასული და რაოდენ დიდი იქნებოდა მისი გაწბილება იმ წაგების შემდეგ...

მგელაძემ ქვეჯგუფში მოლდოველი ლარა ტასჩუ დააიპონა, მაგრამ მერე ფრანგ ლიდია ბუდუასთან დამარცხდა. არადა, ორივეს თითო იუკო ჰქონდა, მაგრამ მსაჯებმა ჩვენებური გააფრთხილეს, რაც მისთვის წაგების ტოლფასი გამოდგა.

დამამშვიდებელში მგელაძემ სამი იპონი მიითვალა - პოლონელ ვანესა მაჩნიცკასთან, ჩეხ სუზანა რენაკოვასთან და ებრაელ გეფენ პრიმოსთან, რასაც რუსთან წაგება მოჰყვა.

ძალიან კარგად იჭიდავა მარიამ ჭანტურიამაც - ესპანელ ალბა გონსალეს მორენოს ვაზარ-იუკო აართვა, რუმინელ ანკა ფილიპისანს - ორი იუკო, მეოთხედფინალში კი დამარცხდა პოლონელ ანა დაბროვსკასთან. დამამშვიდებელში უნგრელი ნორა სილი და ხორვატი ივა ობერანი სწრაფად დააიპონა, ფრანგი მარინე ჟირუ იუკოთი ჩამოიცილა, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი გერმანელი ჰანა დელიუ ბრუნით ჯერ იუკოზე, მერე კი იპონზე დაახეთქა.

გოგონებიდან დიდ ინტერესს იწვევდა სოფიო სომხიშვილის (+70) გამოსვლაც, რომელმაც ორი ორთაბრძოლა მოიგო, ამდენივე წააგო და მეშვიდეზე დარჩა. საკმაოდ კარგად იჭიდავა ეთერ ლიპარტელიანმა (57) - ის მეცხრეზე გავიდა, მაგრამ მთელ რიგ ასპექტებში მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა.

სოფიაში ჩვენგან ნატა ყიფშიძე (44), ნათია მიქაბერიძე (63) და სალომე მჭედლიშვილიც (70) გამოდიოდნენ, თუმცა ისინი ადრევე გავარდნენ.

ამის მიუხედავად, გოგონების ნაკრების წინსვლა აშკარაა - გუნდი უკვე გუნდს ჰგავს და ნაკრებად ჩამოყალიბდა, სადაც ასეთი რანგის ტურნირზე უკვე ყველა წონის შევსება შეგვიძლია. თან მათ უკვე რეალურად ხელეწიფებათ მედლების მოპოვება, გამოცდილების მიღების კვალდაკვალ კი შედეგებიც მოიმატებს.

დაფასდა გოგონების მთავარი მწვრთნელის, გია თენაძის შრომა - კარგად მახსოვს, წინა წლებში როგორ ნერვიულობდა შეჯიბრებაზე წასვლის წინ და ხშირად როგორი გაწბილებული დაბრუნებულა ტურნირებიდან, დანა რომ პირს არ უხსნიდა. შაბათ-კვირას მანაც გაიხარა სოფიის სპორტის სასახლეში, როგორც კახა მოცრაძემ და გუნდის სამწვრთნელო შტაბმა.

იმედია, სამინისტრო და ფედერაცია სამომავლოდ გოგონებს დაფინანსებას გაუზრდის, თორემ აშკარაა - პოტენციალი მათაც დიდი აქვთ, დღევანდელი ბიუჯეტი კი მეტად მცირეა.

ბიჭების წარმატება
ამ გუნდიდან სოფიაში ნამდვილი ბენეფისი მოიწყო ლაშა დუდაშვილმა - სულ 9 შეხვედრა ჩაატარა (ხუთი - პირადში, ოთხი - გუნდურში) და ყველა მოიგო. მათ შორის შვიდი - იპონით, ორში კი ვაზარით იმარჯვა.

პირადში მეტოქეთა რბევა მეორე წრიდან დაიწყო, როცა პოლონელი პრჟემისლავ კუცზბორსკი ვაზარ-იუკოთი დაამარცხა. გერმანელ ტობიას ბერგმაიერსაც ვაზარით მოუგო, ამის შემდეგ კი აიწყვიტა - ბერძენი ვასილ ბალამპანაშვილი, ნახევარფინალში რუსი არამ გრიგორიანი, ფინალში პოლონელი მაციეჟ კროგულსკი იპონებით დააჭედა ტატამს.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლაშა დუდაშვილი
მან გუშინ, 5 ივლისს, გუნდურშიც ჩინებულად იომა, სადაც ყველა პაექრობა წმინდად მოიგო და ლომის წილი დაიდო გუნდურ ჩემპიონობაში.

ფრიად მოულოდნელი იყო ბეგლარაშვილის და სანებლიძის წაგებები, რადგან ორივე ტალანტია და ორივე მშვენიერ ჭიდაობას აჩვენებს ყოველთვის, სადაც კი გამოდიან.

ბეგლარაშვილმა ქვეჯგუფი სამი იპონით მოიგო აზერბაიჯანელ იბრაჰიმ ალიევთან, თურქ მუჰამედ ილდირიმთან და უკრაინელ სერჰიუ მუშალოვთან, რითაც ძლევამოსილად გავიდა ნახევარფინალში. სამწუხაროდ, იქ რუს ახმედ ბოგატირევთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი ებრაელი ამიტ ბობოვიჩი დააიპონა.

სანებლიძე სლოვენიელ იან ჰორვატთან იპონით მოგების შემდეგ აზერბაიჯანელ ზელიმხან კოცოევთან დამარცხდა, სადაც უფრო გამოუცდელობით წააგო - გაუმართლებლად გარისკა და შეცდა. ეს კოცოევი რისხვად გვექცა - შარშან ასევე ჭაბუკებში ევროპის ფინალი გიორგი გველესიანს მოუგო, ახლა კი ფინალში კენჭაძეც დაგვიმარცხა. თან შარშან უკრაინის სახელით ჭიდაობდა, ახლა აზერბაიჯანიდან გამოდის, ეროვნებით კი ოსია. ასაკით უფროსსაც არ ჰგავს, ამ მხრივ მანიპულაციებით რომ ახსნა ჩვენების წაგებები.

არადა, სანებლიძემ დამამშვიდებელში კიდევ 3 შეხვედრა მოიგო იპონით (პორტუგალიელ ალექსანდრე თეოდოსიოსთან, ფრანგ პაულ დევოსთან, დანიელ მატიას მადსენთან) და მხოლოდ გერმანელ დანიელ ზორნს მოუგო გაფრთხილებებით ბრინჯაოსთვის პაექრობა.

ამ წონაში რაც მან ვერ შეძლო, კენჭაძემ გააკეთა და ფინალში გავიდა. მისი ასეთი კარგი ჭიდაობა, გარკვეულწილად, მოულოდნელიც იყო, მაგრამ სპორტი ხომ სიურპრიზებითაა მიმზიდველი. კენჭაძემ თავიდან ბერძენი მარკოს პაპადოპულოსი და ბრიტანელი უილიამ ჯონასი დააიპონა, უკრაინელ ალექსეი ბაბენკოს ვაზარით მოუგო, ზემოხსენებული გერმანელი ზორნი იუკოთი გაამგზავრა დამამშვიდებელში, ფინალი კი იპონით დათმო კოცოევთან.

ფინალში რუსებთან დამარცხდნენ ჩვენი გუნდის სხვა ვიცე-ჩემპიონებიც - ნიაზაშვილმა რუსტამ ზაბოლოტნისთან წააგო, ქევხიშვილმა - პაველ ბერლინთან, ვის წინაპრებსაც სამშობლო აშკარად არევიათ; ნინიაშვილი ძირითად ბადეში იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი უკრაინელი გევორგ მანუკიანი დააიპონა. ზაალიშვილი ორი მოგების შემდეგ მეოთხედფინალში ლიტველ ალექს მოლოდეცკისთან დამარცხდა, მედლისთვის ბრძოლაში კი ავსტრიელ სტეფან ჰეგის წმინდად აჯობა.

ჩვენი გუნდი უმედლოდ მხოლოდ 55 კილოგრამში დარჩა, სადაც საკმაოდ გამოცდილი ვანო ხუბაშვილი ჭიდაობდა და მეშვიდეზე გავიდა. ამავე წონაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი თემურ ნოზაძე მეცხრე აღმოჩნდა.

გუნდურიც ოქროსია
უფროსებისა და ახალგაზრდების მსგავსად, საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებიც ევროპის ჩემპიონია - ჩვენმა ბიჭებმა სოფიაში კონტინენტის გუნდური პირველობა მოიგეს.

Sportall.Ge
ფოტოზე: გელა ზაალიშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, რობინზონ ბეგლარაშვილი, ლაშა დუდაშვილი, გოგა ქევხიშვილი

ჩვენმა გუნდმა ქვეჯგუფში ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ იტალიას და გერმანიას მოუგო, ნახევარფინალში კი უკრაინას აჯობა. საინტერესოა, რომ სამივე პაექრობაში ქართველებმა 4:1 გაიმარჯვეს.

ასეთივე ანგარიშით დაასრულეს ფინალური შეხვედრაც ჰოლანდიასთან, სადაც ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდეს - ბეგლარაშვილმა (60), ნინიაშვილმა (66) და დუდაშვილმა (73) თავიანთი წილი პაექრობები სწრაფად მოიგეს და ანგარიში 3:0 გახადეს.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ დუდაშვილი, რომელმაც მეტოქეს ერთი იუკო და ორი ვაზარი აართვა. მეორე ვაზარზე ამოსმულისას ლამის მთელი ტატამი მოატარა, მაგრამ მანამ არ მოეშვა, ვიდრე არ დააგდო.

დარჩენილ ორ არაფრისმომცემ ორთაბრძოლაში გოგა ქევხიშვილი (81) დამარცხდა - იუკო კი მოიპოვა, მაგრამ მანამდე ვაზარი დაკარგა, რისი გაქვითვაც ვერ შეძლო. წაგებას სასწაულებრივად გადაურჩა გელა ზაალიშვილიც (+81), რომელიც მტკივნეულზე უიმედო ვითარებიდან დაუძვრა ჰოლანდიელს, მერე კი იუკო აართვა და საერთო ანგარიში 4:1 გახდა ჩვენების სასარგებლოდ.

გუნდურ ტურნირში ჩვენი გოგონების ნაკრებიც მონაწილეობდა, მაგრამ ისინი ჯერ ქვეჯგუფში დამარცხდნენ ხორვატიასთან -1:4, მერე კი იმავე ანგარიშით სანუგეშოშიც წააგეს ფრანგებთან.

გუნდური ფინალი


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Ra kargi axalgazrdoba MODIS,gmerto gvimravle eseti saamako gogoebi da bichebi,shin tu garet magrebi xart!
gaixaret!
06:30 07-07-2015
0
მართლაც ჩვენი ბიჭები ამტკიცებდნენ და მომავალშიც დაამტკიცებენ რომ ერთერთი უძლიერესები არიან მსოფლიოში ძიუდოში იმედია გოგოებშიც ასე წარმატებული ვიქნებით მზია ბებოშვილის გამარჯვება ამის იმედს იძლევა ვუსურვებ მას ასეთი წარმატებით ეჭიდავოს მსოფლიო ჩემპიონატზეც და მომავალშიც
ემზარი
12:18 06-07-2015
0

სიახლეები პოპულარული