ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკი ძიუდოისტების ბრწყინვალე გამოსვლის შესახებ ჩვენი მკითხველი ინფორმირებულია, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ ბიჭებმა პირად პირველობაში 8 მედალი მოიპოვეს (1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 - ბრინჯაო), გუნდური პირველობა კი მოიგეს. გოგონებმა თითო ოქრო და ბრინჯაო დაისაკუთრეს.
ბიჭებში ჩემპიონი ლაშა დუდაშვილი (73) გახდა, ფინალში კი გიორგი ნიაზაშვილი (50), გოგა ქევხიშვილი (81) და ზაურ კენჭაძე (90) დამარცხდნენ. მესამე ადგილზე რობინზონ ბეგლარაშვილი (60), ბაგრატ ნინიაშვილი
გოგონებში ევროპის ჩემპიონი მზია ბებოშვილი (52), მესამე პრიზიორი კი მარიამ ჭანტურია (57) გახდა.
ძიუდოისტები 7 ივლისს დაბრუნდნენ საქართველოში, სადაც ცოტას დაისვენებენ, მერე კი სეზონის უმთავრესი შეჯიბრებებისთვის დაიწყებენ მზადებას. თუმცა საკითხავია, რომელია უმთავრესი, რადგან წინ ორი ასეთი შეჯიბრება ელოდებათ - 27 ივლისს თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იწყება, ის 2 აგვისტოს მთავრდება და 5-ში სარაევოში უკვე მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება.
ძალიან ცუდი კალენდარია, თუმცა სხვა გზაც არაა. ჩატარებული შეჯიბრებისა და უახლოესი გეგმების შესახებ ბიჭების ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ მინდია ბოდაველს ვესაუბრეთ.
- შედეგიდან გამომდინარე, გუნდის გამოსვლა შეიძლება დადებითად მივიჩნიოთ, - გვითხრა ბოდაველმა. - თუმცა რაღაც-რაღაც ხარვეზები იყო. ოღონდ ამას ველოდით კიდეც, რადგან გადართულები ვართ ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადებაზე.
ფიზიკური მომზადების შემდეგ შერეული შეკრება გავიარეთ. ბიჭებს დასვენება აკლდათ, რაც ეტყობოდათ კიდეც, მაგრამ ფესტივალისთვის ეს ხარვეზები აღარ ექნებათ.
ახლა დაისვენებენ, უფრო წყნარად მოვემზადებით და ფორმაში შეხვდებიან ოლიმპიურ ფესტივალს.
თუმცა ახლაც შეიძლებოდა უკეთესი შედეგით გამოსვლა. მაგალითად, რობინზონ ბეგლარაშვილთან ხანსოკუ-მაკეს მიცემა არ შეიძლებოდა რუს ახმედ ბოგატირევთან. ფაქტობრივად, ჩემპიონობა დაგვაკარგვინეს, რადგან ბეგლარაშვილი ვაზარს უგებდა მას, რუსი კი ფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან დამარცხდა, ვისაც ჩვენმა ფალავანმა მეორე დღეს გუნდურში დამაჯერებლად მოუგო.
- ბეგლარაშვილის გარდა, სანებლიძის წაგებაც მოულოდნელი იქნებოდა, მისი წინა ტურნირებზე ნაჩვენები ჭიდაობის ხარისხიდან გამომდინარე...
- სანებლიძემ ისე დაიწყო შეხვედრა აზერბაიჯანელ ზელიმხან კოცოევთან, ასე მგონია, მომდევნო პაექრობას აუცილებლად მოუგებს. სანებლიძეს დასვენება აკლდა - კუნთები დამებერაო, თქვა შეხვედრიდან გამოსულმა.
თუმცა გულდასაწყვეტი სხვების გამოსვლაც იყო. მაგალითად, ქევხიშვილმა ფინალში ისე ვერ იჭიდავა რუს პაველ ბერლინთან, როგორც ველოდით. თუმცა რუსიც არაა სუსტი მეტოქე, მაგრამ მაინც მგონია, მომავალში ქევხიშვილი მოუგებს მას.
- გუნდიდან ვის გამოჰყოფთ კარგი გამოსვლით?
- უპირველესად, დუდაშვილს, ვინც ჩემპიონობით დაამტკიცა თავისი სიძლიერე, თან ჭიდაობის ხარისხი იყო კარგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"