იშვიათად, რომ ტატამზე ორივე მეტოქე ტიროდეს, მაგრამ გუშინ სწორედ ასე დასრულდა მსოფლიოს პირველობა. ოღონდ ესპოზიტო სიხარულისგან ტიროდა, ნინიაშვილი - სიმწრისგან.
მას მიზეზი საკმაოზე მეტი ჰქონდა, ვიდრე ერთი შეხვედრის წაგებაა - იტალიელმა ბოლო ერთ თვეში მეოთხედ მოუგო: ივლისის დასაწყისში ევროპის ჩემპიონატზე პირადშიც აჯობა და გუნდურშიც, წინა
არადა, ახლა დიდი შანსი იყო, ნავსი გატეხილიყო და ეს უსიამოვნო ტრადიცია დარღვეულიყო - კისრულზე კარგად გადმოიღო და ვაზარზე დააგდო. ის ამ ანგარიშს დიდხანსაც უნარჩუნებდა და არც გაფრთხილებების მიღებას ერიდებოდა - სამჯერ გააფრთხილეს, თუმცა პასიურობასაც ვერ დავაბრალებთ. პირიქით - თითქოს წინა წაგებებმა კი არ დათრგუნეს, სტიმული მისცეს და მწვავედ უტევდა მეტოქეს.
შეხვედრის უმეტესი ნაწილი მისი უპირატესობითაც მიმდინარეობდა, მაგრამ იქნებ სწორედ ამ შეტევამ დაღუპა. არადა, დროც გონივრულად გაჰყავდა, ჩოქბჯენშიც ჭიდაობდა და არც შეტევებში მოიკოჭლებდა, თუმცა ბოლოსკენ დაიღალა კიდეც.
იმ საბედისწერო მომენტშიც თვითონ ცდილობდა ბრუნზე ატაცებას, მაგრამ მეტოქემ შეკვრა მოასწრო და მოგვერდით გაისროლა! იტალიელთა მწვრთნელს ისე გაუხარდა, თითქოს მისმა შეგირდმა ოლიმპიადა მოიგო...
ნამდვილად საწყენი მარცხი იყო. არადა, ნინიაშვილმა გაუძლო ამ არანორმალურ კალენდარს, როცა სეზონის სამივე უმთავრეს ტურნირზე ერთ თვეში იჭიდავა, თუმცა ცოტა გაუგებარია მსაჯის გადაწყვეტილებები: სამი გაფრთხილება მისცა, ერთხელ ჩოქბჯენშიც მალევე ჩაშალა ჭიდაობა, როცა ეს შებოჭვას ცდილობდა, ესპოზიტომ კი ერთ მომენტში ფეხზეც წაავლო ხელი...
ნინიაშვილმა მაინც წინ გადადგა ნაბიჯი, რადგან ევროპირველობასა და ფესტივალზე მესამე იყო, ახლა კი ბრინჯაო მოიპოვა. თუმცა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება ნამდვილად მართებს.
თავდაპირველად მან რუმინელი ადრიან სტოიკა შებოჭა, მოლდოველ კორნელ ანდრესს გაფრთხილებით მოუგო, იაპონელ ჰიდეუკი იჩიგოოკას - იუკოთი, ნახევარფინალში კი თურქი უგურ სარიკაია დააიპონა.
6 აგვისტოს ჩვენი კიდევ ერთი მონაწილე გამოდიოდა - ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი და თბილისური ფესტივალის გამარჯვებული რობინზონ ბეგლარაშვილი (60), რომელმაც ბრინჯაო მოიპოვა. ისიც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიელ მიხაელ მარსელინოსთან გაფრთხილებებით დამარცხდა.
სამაგიეროდ, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი მაჰამად ჰაჯიევი 10 წამში დააიპონა!
ბეგლარაშვილი წინასწარ შეხვედრებშიც ძლიერად გამოიყურებოდა: იტალიელი ლუკა ცაჯიანო დააიპონა, ძლიერ ჰოლანდიელ ლარს კამპხუისს ჯერ ვაზარი აართვა მოგვერდით, მერე კი ჩავლებიდან იპონზე გამოცერა; რუმინელ ფლორინ სელეას კი ორი იუკო აუღო, რასაც ისევ მაჯებიდან ჩავლებაზე წამოღებით გაკეთებული ვაზარი დაუმატა...
სამწუხაროდ, 6 აგვისტოს ნაადრევად წააგეს და უმედლოდ დარჩნენ ჩვენი გოგონები. არადა, პირველი წრე სამივემ კარგად გაიარა. ნატალია ყიფშიძემ (48) ყაზახი მარუიერტ სარსენოვა გაფრთხილებებით ჩამოიცილა, მაგრამ ბრაზილიელმა გაბრიელა კლემენტემ სისწრაფითაც აჯობა, აგრესიითაც და შებოჭა.
ასევე შებოჭვით დამარცხდა ევროპისა და ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული მზია ბებოშვილიც (52) იაპონელ კანა ტომიზავასთან, მანამდე კი მონღოლი უმბანიამ ნოროვი გაფრთხილებებით მოახსნევინა.
ნინო მგელაძემ (52) ჩვენი ფესტივალის ჰოლანდიელი ვიცე-ჩემპიონი იისე ბურენი კი შებოჭა, მაგრამ ხორვატთა ევროპის მესამე პრიზიორ ტეა ტოპოლევიჩთან ვაზარ-იუკოთი წააგო. აღსანიშნავია, რომ ამ წონის ფინალში სწორედ ჩვენებურთა მომგები გოგონები გავიდნენ.
ამდენად, საქართველოს ნაკრების მონაგარი მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალია - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ტურნირის პირველ დღეს მესამეზე ვანო ხუბაშვილი (55) გავიდა.
მსოფლიოს ჩემპიონატი ისევ გრძელდება - 7 და 8 აგვისტოს პირადი პირველობაა და ტატამზე კიდევ 10 ჩვენებური გავა, კვირას კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.
კვარცხლბეკი
ბიჭები
50 კგ
1. აიბოლატ ისტიბაი (ყაზახეთი), 2. ბაჯიო დ ანგელო (იტალია), 3. ნარმანდაკ ბაიანმუნკი (მონღოლეთი), ყაზბეგ ნაგუჩევი (რუსეთი), 5. გიორგი ნიაზაშვილი (საქართველო).
55 კგ
1. დენისლავ ივანოვი (ბულგარეთი), 2. ტოფიგ მამადოვი (აზერბაიჯანი), 3. ვანო ხუბაშვილი (საქართველო), ხამზატ ახმაროვი (რუსეთი)
60 კგ
1. გენკი კოგა (იაპონია), 2. მიხაელ მარსელინო (ბრაზილია) 3. რობინზონ ბეგლარაშვილი (საქართველო), ახმედ ბოგატირევი (რუსეთი).
66 კგ
1. ჯოვანი ესპოზირო (იტალია), 2. ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო), 3. ჰიდეუკი იჩიგოოკა (იაპონია), უგურ სარიკაია (თურქეთი).
გოგონები
40 კგ
1. ოლგა ბორისოვა (რუსეთი), 2. ოიდოვჩიმედ ბაასანსურენი (მონღოლეთი), 3. ოუმაიმა ბედიუი (ტუნისი), ლიდია მარინი (რუმინეთი).
44 კგ
1. დარია ბილოდიდი (უკრაინა), 2. სოფია პეტიტო (იტალია) 3. რიკო იგარაში (იაპონია), ჯესიკა სილვა (ბრაზილია).
48 კგ
1. დიორა კელდიოროვა (უზბეკეთი), 2. ხორიენ ვისერი (ჰოლანდია), 3. ტუგცე ბედერი (თურქეთი), ანაის მოსდირი (საფრანგეთი).
52 კგ.
1. კანა ტომიზავა (იაპონია), 2. ტეა ტოპოლევიჩი (ხორვატია), 3. ირემ ქორქმაზი (თურქეთი), მარგარიტა შრაინერი (რუსეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვაზარი რა შიც მისცეს ეგ მკლაური იყო :)