ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა ოქროს მედლის გარეშე დაამთავრეს გამოსვლა სარაევოში ჩატარებულ თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამას ისიც დაემატა, რომ ბიჭები გუნდური პირველობის ნახევარფინალში რუსეთთან დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ. არადა, ივლისში ევროპის პირველობა მოიგეს.
ბოლო ორ დღეს სარაევოში 9 ქართველი ჭიდაობდა, თუმცა მხოლოდ 1 ბრინჯაო მოიპოვეს. ამასთან, ერთი მეხუთე, ერთიც კი მეშვიდე ადგილზე გავიდა. მესამეპრიზიორი ონისე სანებლიძე (90) გახდა, ხოლო გოგა ქევხიშვილმა (81) ბრინჯაოსთვის პაექრობა დათმო.
გოგონებიდან სანუგეშო წრეში მხოლოდ მარიამ ჭანტურია (57) გადავიდა, თუმცა პირველივე
ამდენად, სარაევოში ჩვენმა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბაგრატ ნინიაშვილია (66), ხოლო სანებლიძის გარდა, მესამე ადგილზე რობინზონ ბეგლარაშვილი (60) და ვანო ხუბაშვილი (55) გავიდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-14 ადგილზეა, მხოლოდ ბიჭებში კი - მე-11-ზე.
ეტყობა, ჩვენებისთვის გადატვირთული კალენდარი მაინც დაუძლეველი ზღუდე აღმოჩნდა - ერთ თვეში იჭიდავეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.
* * *
სანებლიძემ წლეულს გაიმარჯვა ახალგაზრდულ ფესტივალზე, ევროპის პირველობაზე კი პირადში მესამეზე გავიდა, ხოლო გუნდური შეჯიბრება მოიგო. ამჯერად ის მეოთხედფინალში იუკოთი დამარცხდა რუს ხაჯი ადამ მუტალიევთან, მანამდე კი მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა ლიტველ ანტანას კმილიაუსკასთან, რადგან პირველ წრეში ისვენებდა.
ლიტველს სანებლიძემ წმინდად მოუგო, მუტალიევის ჯავრი კი სანუგეშოში იყარა მეტოქეებზე - ავსტრიელ სებასტიან შნაიდერსაც და იაპონელ კეისუკე ივაკისაც ვაზარით და იპონით მოუგო.
ევროპა-მსოფლიოზე წაგების მიუხედავად, სანებლიძემ აქაც დაამტკიცა, რაოდენ დიდი ტალანტია.
ივაკიმ ქვეჯგუფში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზაურ კენჭაძე დაამარცხა, რომელიც სანუგეშოშიც ვერ გადავიდა.
ევროპის კიდევ ერთმა ვიცე-ჩემპიონმა ქევხიშვილმა მეოთხედფინალამდე ზედმეტი პრობლემების გარეშე იარა - ლიტველ დონატას საბონისს 3 იუკო და ორი ვაზარი აართვა, მექსიკელ ვიქტორ ოჩოას კი პირველივე წუთზე ვაზარი აუღო, რასაც მოგვიანებით იუკოც დაუმატა. პირველი პაექრობა მან გერმანელთა მომავალ ჩემპიონ ფალკ პეტერსილკასთან წმინდად დათმო, ბრინჯაოსთვის პაექრობა კი გაფრთხილებებით წააგო ბოსნიელ ტონი მილეტიჩთან, თუმცა მანამდე ჩერნოგორიელ ლაზარ ცუპიჩს აჯობა.
ოლიმპიური ფესტივალის მსგავსად, ევროპის ჩემპიონი ლაშა დუდაშვილი (73) ამჯერადაც უმედლოდ დარჩა - პირველ შეხვედრაში ტაჯიკი იომჯონ ჰოფიზოდა იუკოთი გაიარა, მაგრამ მეორეში ვერაფერს გახდა უზბეკ იასურ სოდიკოვთან. ამ წონაში ჩემპიონი ბერძენთა ქართველი ფალავანი ვასილ ბალამპანაშვილი გახდა.
მძიმე წონაში გელა ზაალიშვილი მეოთხედფინალში ევროპის ჩემპიონთან და ამ შეჯიბრების მომავალ ფინალისტ ინალ თასოევთან დამარცხდა, ხოლო მანამდე შუააზიელებს გაუსწორდა - თასოევამდე უზბეკ შოკრუკ ტურაევს ვაზარ-იპონით, ყაზახ სანზარ ჟაბოროვს კი გაფრთხილებებით მოუგო. სამწუხაროდ, მან დამამშვიდებელში პირველივე პაექრობა წააგო ლიტველ იგნას მეცაიუსთან...
გოგონებიდან სოფო სომხიშვილმა (+70) ჰოლანდიელ ჯულია დიჯკსტრას კი მოუგო, მაგრამ წააგო ბრაზილიელთა მომავალ ბრინჯაოსმედალოსან ბეატრის სოუზასთან.
ფესტივალის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57) პირველივე შეხვედრაში მონღოლ ენკრიილე ლხაგვატოგოოსთან დამარცხდა, ევროპის მესამეპრიზიორმა მარიამ ჭანტურიამ კი ორი შეხვედრა მოიგო - ავსტრალიელი ნორიკა ვრაიგტი წმინდად, ხოლო ბულგარელი იზაბელ ხრისტოვა იუკოთი დაამარცხა. ჩვენებური პირველად პოლონელ ანგელიკა სზიმანსკასთან დამარცხდა, მეორედ - სანუგეშოში ბრაზილიელ ვიტორია ანდრადესთან.
გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენმა ბიჭებმა ავსტრალიას და საფრანგეთს მოუგეს, ნახევარფინალში კი რუსეთთან დამარცხდნენ. ბრინჯაოსთვის შეხვედრა აღმავლობით ჩაატარეს ყაზახეთთან და შეჯიბრების პრიზიორები გახდნენ.
ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი. კვარცხლბეკი
ვაჟები
73 კგ
1. ვასილ ბალამპანაშვილი (საბერძნეთი), 2. ნიკიტა დუინოვსი (ლატვია), 3. ალექსანდრ ჩერკაი (უკრაინა), იასურ სოდიკოვი (უზბეკეთი).
81 კგ
1. ფალკ პეტერსილკა (გერმანია), 2. იგორ მორიშიგე (ბრაზილია), 3. ტონი მილეტიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა), შერხონ ტურაბოევი (უზბეკეთი), 5. გოგა ქევხიშვილი (საქართველო).
90 კგ
1. სიმეონ ცატარინა (ჰოლანდია), 2. ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი), 3. ონისე სანებლიძე (საქართველო), ანტონ საჩილოვიჩი (ბელორუსი).
+90 კგ
1. კემალ კაიტოვი (რუსეთი), 2. ინალ თასოევი (რუსეთი), 3. შტეფან ჰეგი (ავსტრია), ხურშედ მაჩიდოვი (ტაჯიკეთი), 7. გელა ზაალიშვილი (საქართველო).
გოგონები
57 კგ
1. რიოკო ტაკედა (იაპონია), 2. ემილია კანერვა (ფინეთი), 3. ანა დაბროვსკა (პოლონეთი), ჰანა დელიუ (გერმანია), 7. მარიამ ჭანტურია (საქართველო).
63 კგ
1. სანე ვერმეერი (ჰოლანდია), 2. ჩიე სასაკი (იაპონია), 3. ანა კუხარუკი (უკრაინა), ანია ობრადოვიჩი (სერბეთი).
70 კგ
1. კარლა პროდანი (ხორვატია), 2. ალინა ბოემი (გერმანია), 3. იოვანა პეკოვიჩი (ჩერნოგორია), მადინა ტაიმაზოვა (რუსეთი).
+70 კგ
1. აკირა სონე (იაპონია), 2. ფანი ტოტი (უნგრეთი), 3. ევგენია კონდრაშოვა (რუსეთი), ბეატრის სოუზა (ბრაზილია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"