პირად პირველობაში მონაწილე არ გვეყოლება ორ წონაში - 66-სა და 100-ში, დანარჩენებში კი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60), ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ევროპის ორგზის ფინალისტი და ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ევროპული თამაშების ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა
ასტანაში შეჯიბრების განრიგი ასეთია: 23 აგვისტოს, იქაური დროით 14 საათზე, წილისყრა გაიმართება, პირველ საშეჯიბრებო დღეს - 24-ში კი ვაჟებიდან 60-ის, ხოლო ქალებიდან 48 კილოგრამის ათლეტები იჭიდავებენ. ამის შემდეგ, 27 აგვისტოს ჩათვლით, ასე თითო წონის წარმომადგენლები იასპარეზებენ, ანუ, შესაბამისად, ტატამზე გავლენ 66-52-ის, 73-57-ისა და 81-63-ის ძიუდოისტები.
მომდევნო ორ დღეს უკვე 3-3 წონას ვიხილავთ: 28-ში ვაჟებიდან 90-ის, ქალებიდან კი 70-78-ის წარმომადგენლებს, ხოლო 29-ში ორი წონა უკვე "ძლიერ სქესს" ეყოლება - 100 და +100, ქალებიდან კი მხოლოდ +78 იქნება დარჩენილი.
30 აგვისტო გუნდურ პირველობას დაეთმობა.
ჩვენი ნაკრები ასტანაში ორ ჯგუფად გაემგზავრება. პირველი ნაწილი დღეს, საღამოს 19 საათზე გაფრინდება პირდაპირი რეისით ასტანაში, ამ ჯგუფში კი ფედერაციისა და ნაკრების ხელმძღვანელებთან ერთად პაპინაშვილი, ტატალაშვილი, შავდათუაშვილი, ჭრიკიშვილი და მარგიანი შედიან.
დანარჩენები თბილისში გააგრძელებენ მომზადებას გიორგი გუგავას და გიორგი ბაინდურაშვილის ხელმძღვანელობით, ყაზახეთში კი 22-ში გაემგზავრებიან.
რაც შეეხება ესტერ სტამს, ის ჰოლანდიაში ემზადება და ასტანაშიც იქიდან გადაფრინდება.
ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება ლიკანში გაიარა, სადაც კარგ პირობებში ემზადებოდნენ. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე კმაყოფილია გუნდის მომზადებით და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
ამ კუთხით სერიოზული პრობლემები მართლაც არაა, თუმცა არის პატარ-პატარა ტრავმები. ოლიმპიური გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილის ინფორმაციით, ყველაზე პრობლემური მაინც მარგიანის და ლიპარტელიანის მდგომარეობაა, თუმცა მაინც არაა ისე საგანგაშო და მძიმე, როგორიც თუნდაც პირველ ევროპულ თამაშებზე იყო.
მარგიანს ისევ ფეხის ძველი ტრავმა აწუხებს და კვლავ გამაყუჩებლებით იჭიდავებს. ლიპარტელიანს იაპონიაში ნატკენი ბარძაყის კუნთი ისევ დასჭიმვია და ბოლო ორი დღე სრულად ვერ ივარჯიშა, საკონტროლო შეხვედრები ვერ ჩაატარა. სავარაუდოდ, მასაც ნემსი დასჭირდება, თუმცა კახაბრიშვილი ვითარებას საგანგაშოდ მაინც არ მიიჩნევს.
მცირე ტრავმა აწუხებს პაპინაშვილსაც, მაგრამ არა სერიოზული.
საბედნიეროდ, 73-ის და მძიმე წონების ფალავნები ტურნირს ზედმეტი გართულებების გარეშე ხვდებიან, ოქრუაშვილს კი კიდევ 6 კილოგრამი დაუკლია, რაშიც დიდია გუნდის ექიმ დიმიტრი ბაღათურიას დამსახურება.
ჭრიკიშვილიც ჯანზეა და ლიკანში ერთი სპარინგ-შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურთანაც კი ჩაუტარებია, რომელსაც ნაკრები შეკრებაზე მოუნახულებია.
მსოფლიოს ჩემპიონატს სერიოზული გართულებების გარეშე ხვდებიან ღვინიაშვილი და მარგველაშვილიც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"