ბალხამიშვილის ბოლო სამწვრთნელო წარმატება ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვანო ხუბაშვილის (55) მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედალია. ინტერვიუც სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
- მსოფლიოს პირველობაზე ვანო ხუბაშვილის გამოსვლას როგორ აფასებთ, როგორ მოვიდა ეს ბიჭი დღემდე?
- ხუბაშვილი დუშეთიდანაა, სადაც ანდრო ფოთოლაშვილი ავარჯიშებდა, ჩემთან კი 4
ხუბაშვილი შარშანვე მოხვდა ნაკრებში, თუმცა ერთი წლით პატარა იყო. მაშინ თითქმის ყველა ტურნირი მოიგო და ევროპის პირველობაზეც მედალს ველოდით, მაგრამ მერვედფინალში ჩვენივე სპორტსმენთან, თემურ ნოზაძესთან დამარცხდა დამატებით დროში - თვითონ აკეთებდა ილეთს, მაგრამ ვერ დაასრულა და დაეცა. მსაჯმაც ნოზაძეს შეუფასა გდება, რომელიც მერე ფინალში, ვანო კი დამამშვიდებელში ჩაერთო და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელთან ბრუნით სუფთა გდება გააკეთა და იპონიც მისცეს.
შეხვედრა დასრულდა, მაგრამ შეაჩერეს, შეცვალეს შეფასება და თავიდან აჭიდავეს, რის შედეგადაც შებოჭვაზე მოჰყვა და დამარცხდა. მაშინ ბავშვი იყო, კიდევ უფრო გამოუცდელი და ფსიქოლოგიურად არ იყო მომზადებული. ეტყობა, ამიტომ ვერ განეწყო, თუმცა ის შეხვედრა ჩაწერილია და მსაჯთა სემინარებზე ხშირად აჩვენებენ, რომ იქ ნამდვილად წმინდა გდება იყო - ხიდზე დადგა, თუმცა იმდენად სწრაფად დაბრუნდა გვერდზე, რომ იპონი ვაზარად შეუცვალეს.
წლეულს ძალიან კარგად გაიარა შეკრებები, მაგრამ წონის პრობლემა შეექმნა. შარშან სექტემბერში რომ დავიწყეთ წლევანდელი სეზონისთვის მომზადება, სადაც სამი დიდი შეჯიბრება უწევდა - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, ოლიმპიური ფესტივალი, 54 კილოგრამი იყო. ჩემს ხელში უკვე ამდენმა თაობამ გაიარა და ვიცი, რომ იანვრისთვის წონა ემატებათ.
დაკვირვებული ვარ, თებერვალში გამართული საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ივლისამდე, ვიდრე ევროპის პირველობამდე მიაღწევენ, 5-6 კილო აქვთ მომატებული. ეტყობა, ესაა მაგათი ინტენსიური ზრდის პერიოდი. აქეედან გამომდინარე, ხუბაშვილსაც მაშინვე შევთავაზე 60-ში გადასვლა, მაგრამ იუარა და 55-ში გამოსვლის სურვილი გამოთქვა. არადა, 61 კილომდე ავიდა და მართლა შეექმნა წონის პრობლემა.
მარტში ანტალიაში კარგად იჭიდავა, მაგრამ მერე სიმაღლეშიც მოიმატა, წონაშიც და ევროპამდე ერთი თვით ადრე პოლონეთის შეჯიბრებაზე, რომელიც სასტარტო იყო, უკვე დაკლებამ მოუწია.
ევროპამდე აღდგენით პროცესებში ზურაბ კახაბრიშვილიც აქტიურად ჩავრთე, თუმცა, ეტყობა, მაინც ვერ მოასწრო ბოლომდე აღდგენა. ევროპაზე ისიც და ნოზაძეც მერვედფინალიდან გამოვარდნენ, დამამშვიდებელში კი თითო მოგების შემდეგ ორივემ წააგო ანუ აბსოლუტურად თანაბრად იჭიდავეს. რომელიმეს ერთი წრით მეტიც რომ გაევლო, მწვრთნელებს თბილისში ოლიმპიურ ფესტივალზე დასაყენებელი იმ ერთი მონაწილის გამოვლენა ბევრად გაუიოლდებოდათ, ახლა კი მწვრთნელთა საბჭომ იმსჯელა და დაადგინა, რომ ფესტივალზე ნოზაძე გამოვიდოდა, მსოფლიოზე - ხუბაშვილი. ოღონდ რატომ გადაწყვიტეს ასე, რა პრინციპით იხელმძღვანელეს, ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია - ამან გაამართლა.
ხუბაშვილი მსოფლიოს პირველობაზეც კარგად გამოვიდა. თან ძალიან ძლიერ ჯგუფში მოხვდა - ფაქტობრივად, ყველა, ამ წონაში ვინც კი ჩანდა და მედლებს აკეთებდა, მის მხარეს იყო. ნაკრების მწვრთნელმა მინდია ბოდაველმა ისიც კი თქვა, მეორე მხარეს რომ მოხვედრილიყო, ფინალში გავიდოდაო. დამამშვიდებელში ძალიან ძლიერ ბრაზილიელებს მოუგო. განსაკუთრებით საშიში პირველი იყო, მაგრამ ისე დინჯად, მშვიდად ეჭიდავა, რომ იტყვიან, ჭადრაკი ეთამაშა, ისე გათვალა ყველაფერი. მეორე ბრაზილიელს ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ორი ვაზარი თავისუფლად გაუკეთა.
- ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენების გამოსვლას როგორ აფასებთ?
- კარგის მეტი რა გვეთქმის. განსაკუთრებით - გოგოებზე. მათი გამოსვლა ნამდვილი ფეიერვერკი იყო - სამი მედალი და იმათგან ორი ოქრო! ამ გოგოებს ძალიან ახლოს ვიცნობ და ვიცი, რა შეუძლიათ. ძალიან გამიხარდა ყიფშიძის ბრინჯაო - ბავშვი ძალიან ბევრს შრომობს. თან ოჯახს ეკონომიურად არ ულხინს და ეს პრემია ფინანსურად ძალიან წაადგება. ყიფშიძე ძალიან კარგი ბავშვია. მშვენივრად გამოვიდნენ ბებოშვილიც და ლიპარტელიანიც. გოგოები ერთი წელიწადი გლდანში ვარჯიშობდნენ ჩვენთან, ოლიმპიური მზადების ცენტრში, რაკი ძიუდოს აკადემია ფესტივალისთვის სარემონტოდ დაიხურა.
იქ ვხედავდი, რომ კახა მოცრაძეს მრავალფეროვანი ვარჯიშები აქვს, თუმცა ყიფშიძე ლუდა ფერაძესთან ემზადება, იმდენად მრავალფეროვანი, მიკვირდა კიდეც, ეს გოგოები აქამდე უფრო მეტ შედეგს რომ ვერ აღწევდნენ. საბედნიეროდ, წლეულს ევროპის ჩემპიონატზეც კარგად გამოვიდნენ და - ფესტივალზეც. თავად ვხედავდი, ჩემი უცხოელი მეგობრები მათი ჭიდაობით როგორი გაკვირვებულები იყვნენ. ერთმა ლიტველმა მეგობარმა მითხრა, გოგოების გუნდი უკვე ძალიან ძლიერიაო. ყოველთვის მჯეროდა, რომ მოცრაძეს ეს შრომა დაუფასდებოდა. სულ ძიებაშია, ყოველთვის ახალ-ახალ რამეებს მოიფიქრებს - ვარჯიშები კოორდინაციაზე გამძლეობასთან, სისწრაფესთან ერთად და სხვა.
ამ ფესტივალით კარგი ბაზა მიიღო ძიუდომ, რომელიც მანამ ძალიან შელახული იყო. დარბაზის სიმცირით მაყურებელი კი დარჩა უკმაყოფილო, მაგრამ ახლა საშუალება გვაქვს, უცხოური გუნდები მივიღოთ ერთობლივ შეკრებებზე, რისი მთხოვნელიც ძალიან ბევრია. აქამდე მათ ვეუბნებოდით, რომ არაა ცხელი წყალი, დენი, გათბობა, ახლა კი ასე აღარ იქნება, ეს დრო წავიდა უკვე.
ახალი ბაზა ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილსაც საშუალებას აძლევს, განახორციელოს ჩაფიქრებული რეფორმები. მაგალითად, უკვე პრაქტიკულად დაიწყო მუშაობა ძიუდოს აკადემიამ, რაც აქამდე ფორმალურად არსებობდა - უკვე დაიწყო მწვრთნელთა გადამზადების კურსები, რაც ძალიან სერიოზული პრაქტიკული სილაბუსია, რომელიც გამოადგება მწვრთნელს. აქ არაა ზოგად თემებზე ლაპარაკი, ძალიან დახვეწილი პროგრამაა, რომლის თარგმნაშიც ქევხიშვილმა დიდი შრომა ჩადო. პირველი კურსი უკვე დასრულდა, მეორე სექტემბერში დაიწყება, სულ კი სამი კურსია გასავლელი. ფაქტობრივად, მსმენელები საერთაშორისო უნივერსიტეტს ამთავრებენ უცხოეთში წაუსვლელად.
- რაკი ფედერაციის ახალ იდეებს შევეხეთ, კურატორ მწვრთნელთა ინსტიტუტზეც გკითხავთ, რაც საკამათო გახდა ფედერაციასა და დღევანდელ მწვრთნელთა კორპუსს შორის. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
- ვფიქრობ, რაც მეტი აზრი იქნება, უკეთესია. მგონი, საქმეს "იმან რა იცის, მე ვიცი" მიდგომა უფრო აფუჭებს. 38 წელიწადია, ბავშვებთან ვმუშაობ, მაგრამ მზადების პროცესი არასოდეს ერთნაირი არ ყოფილა. მწვრთნელი ყოველთვის ძიებაში უნდა იყოს. ადრე მიაჩნდათ, რომ მწვრთნელს ენერგია დაახლოებით 10-12 წელიწადი ჰქოფნის, მერე კი ეშვება და თვითდინებით მიდისო. არავითარ შემთხვევაში, ვერ ვეთანხმები ამ მოსაზრებას! თქვენ კარგად გახსოვთ სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი ჩვენს ფედერაციაში გურამ რატიშვილი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს მწვრთნელად ჩამოყალიბებაში. ის ამბობდა, მწვრთნელი შემოქმედი უნდა იყოს, თორემ ვინც ასეთი არაა, იმას ბეზრდება მუშაობაო.
- ბრძანეთ, რომ 38 წელი მუშაობთ მწვრთნელად. თან სულ ბავშვებს ავარჯიშებთ, რაც იოლი არ იქნება...
- სხვათა შორის, არიან მწვრთნელები, რომლებსაც ბავშვებთან საერთოდ არ უმუშავიათ - ურჩევნიათ, მზა სპორტსმენი აიყვანონ. მე თუ დღეს, 57 წლის ასაკშიც სპორტში ვარ, შეიძლება იმიტომაც, რომ სულ ბავშვებთან ვმუშაობ - ერთი სეზონიც არ ყოფილა, მათი ჯგუფი რომ არ მყოლოდა. ბავშვებთან მუშაობა ადვილია, თუ არსებობს პროგრამა, მე კი მის გარეშე ერთი წელიც არ მივარჯიშია. არსებობს ძიგორო კანოს მიერ სისტემაში მოყვანილი ძიუდოს პროგრამა, რომლითაც მუშაობს მთელი მსოფლიო. მე ვიცი ეს პროგრამა და ვიყენებ კიდეც. სწავლება არაა მხოლოდ ფანდის ჩვენებს, არამედ მეთოდიკაც უნდა ასწავლო. სწორი მეთოდით თუ არ მიუდგები, ვერც ასწავლი და ვერც შედეგს მიიღებ. ამასთან, ფიზიკურად თვითონაც უნდა შეგეძლოს იმ ტექნიკის შესრულება, რასაც ჯერჯერობით ვახერხებ, საამისოდ მომყვება ორგანიზმი.
ბავშვთა ფსიქოლოგიის ცოდნაც აუცილებელია. თავიდან ბავშვებთან ძალიან მკაცრი მიდგომა მქონდა: შედეგი გინდა? იმუშავე! მაგრამ თურმე სულაც არ ყოფილა ასე. მით უფრო დღეს, ასეთმა დიდმა დატვირთვებმა, შეიძლება, სპორტსმენი საერთოდ გატეხოს. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის შეჯიბრების დღეს მიუღებელია სიტყვა "შიში", ან კითხვა - ხომ არ გეშინია? ეს თუ უთხარი, შეიძლება, საერთოდ მოიშალოს და საჩემპიონო კაცი ბოლო ადგილზე გავიდეს. სპორტსმენთან გარკვეული დისტანცია აუცილებელია, მაგრამ მწვრთნელი რაც უფრო ახლოსაა შეგირდთან, მით უკეთესი. შეიძლება, დატუქსო კიდეც, მაგრამ უნდა აუხსნა, დაარწმუნო, რომ დამნაშავეა, მიხვდეს, რომ იმსახურებდა დასჯას.
- თითქმის ყველა ტიტულის მფლობელი სპორტსმენი გაგიზრდიათ, მაგრამ არ გყავთ ოლიმპიური მედალოსანი. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად დღევანდელი შეგირდებიდან ყველაზე მეტად ვინ გეიმედებათ?
- ცხადია, იმავე ხუბაშვილისა. ძალიან კარგი ბავშვია გოგა გოგაშვილი - 2000 წელსაა დაბადებული და არ დაიჯერებთ, მაგრამ თავის ასაკში არც საქართველოში და არც უცხოეთში შეხვედრა არ წაუგია. ერთადერთხელ წააგო ქუთაისში გუნდურზე და მაშინაც თითი მოიტეხა, ჩავლებას ვეღარ იღებდა. ასევე ძალიან კარგი ბავშვია გიორგი ყალაბეგაშვილი - მონდომებული, მშრომელი. მათი ძალიან მეიმედება, თუმცა ნიჭიერები სხვებიც არიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"