პირველად ისტორიაში: ქართველმა შესაძლოა ოლიმპიადაზე იმსაჯოს

AutoSharing Option
ქართველი მსაჯი ძიუდოში ვლადიმერ ნუცუბიძე კვლავ ინარჩუნებს მეათე ადგილს მსაჯთა საერთაშორისო რეიტინგში, რითაც ავტომატურად ინარჩუნებს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს.

შეგახსენებთ, რომ იქ რეიტინგის 12 მოწინავე არბიტრი იმსაჯებს. თითქოსდა აგვისტოს ბოლოს ასტანაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ უნდა გარკვეულიყო ოლიმპიადაზე წამსვლელთა ვინაობა, თუმცა იქ მსაჯებს განუცხადეს, რომ ამას ოლიმპიური ციკლის ბოლომდე, ანუ გაისად ივლისამდე არ დაასახელებენ, რათა ოლიმპიადის მიღმა დარჩენილებმა მოტივაცია არ დაკარგონ.

თუმცა დაახლოებით წლის დასაწყისში საერთაშორისო ფედერაციამ სოკ-ს სია უნდა მიაწოდოს და, იმედია, ჩვენც ივლისამდე შევიტყობთ ყველაფერს.

მსოფლიოს
ჩემპიონატზე ყველაზე მაღალი შეფასება ჩვენთვის ავადსახსენებელმა ესპანელმა არბიტრმა მანუელ კორტესმა მიიღო - 9.0 ქულა (მეორე შედეგი 8.5 აღმოჩნდა). სწორედ მან მოხსნა ჯერ ლაშა შავდათუაშვილი, შემდეგ კი - ავთანდილ ჭრიკიშვილი გუნდურში.

შედეგად, კორტესმა საერთაშორისო რეიტინგში მეხუთედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა. არ გამოვრიცხავთ, მისი ასეთი აღზევება პირდაპირ უკავშირდებოდეს სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე ხუან ბარკოსის ფაქტორს, ვინც ასევე ესპანელია. მის სახელს ჯერ კიდევ წლების წინ უკავშირდებოდა ბევრი არასასიამოვნო შეხვედრა. მაშინ მას არა მხოლოდ ქართველები საყვედურობდნენ, არამედ - თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა, რადგან საერთაშორისო ფედერაციის მაშინდელი კორეელი პრეზიდენტის, მოგვიანებით კორუფციაში დადანაშაულებული და მსჯავრდებული კიმის მარჯვენა ხელად მიიჩნეოდა.

ამიტომ არავის გაჰკვირვებია, მარიუს ვიზერის მისვლის შემდეგ ჩრდილში რომ გადაინაცვლა, მის ნაცვლად კი მართვის სადავეები ევროპული კავშირის მსაჯთა შეფმა, ჰოლანდიელმა იან სნაიდერსმა გადაიბარა.

ბოლო წლებში ბარკოსს ბევრი არაფერი ეკითხებოდა, შარშან კი ახალგაზრდულ მსოფლიოზე ესპანელთა ლობირებაშიც დაადანაშაულეს და, ფაქტობრივად, გარიყულივით იყო. როგორ და რა გზებით დაიბრუნა მან ძალაუფლება, როგორ და რატომ ჩაანაცვლეს სნაიდერსი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ წლეულს ისევ ბარკოსი ფიგურირებს ყველგან და ყველაფერში.

თავს ვერ დავდებთ, რომ რაც დავწერეთ, უცილობელი ჭეშმარიტებაა, მაგრამ წლეულს მსაჯობის ხარისხი რომ ბევრად გაუარესდა, ფაქტია - ევროპული თამაშებიც და მსოფლიოს ჩემპიონატიც ბოლო წლებში ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო.

ნუცუბიძე წლეულს ისევ იმსაჯებს რამდენიმე დიდ ტურნირში - ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, პარიზისა და ტოკიოს "დიდ პრიზებზე", ტაშკენტისა და კორეული ჯეჯუს "დიდ მუზარადებში", რომლებიც ასევე მისცემს ჩასათვლელ ქულებს რეიტინგში (ევროპის ჩემპიონატის გარდა). ამასთან, მონაწილეობას მიიღებს 5 სამსაჯო სემინარში.

სავარაუდოდ, საერთაშორისო ფედერაციას ოლიმპიადაზე წამსვლელი მსაჯების ვინაობა გარკვეული აქვს, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე კულუარული ხმებიც გავრცელებულა, არაა გამორიცხული, რიოში ასტანაში ნამყოფი 18-ვე მსაჯი გაუშვან, ოღონდ ჯერ ეს გადაწყვეტილი არ არისო.

ნუცუბიძე ისედაც იმსახურებს იქ მოხვედრის კარგ შანსს, ეს კი პირველი შემთხვევა იქნება, როცა ოლიმპიადაზე ქართველი არბიტრი იმსაჯებს. 1980 წელს მოსკოვის თამაშებზე ანზორ ქიბროწაშვილი მიწვეული კი იყო, მაგრამ შიდა დაპირისპირების გამო კონკრეტულ შეხვედრებში არ უმსაჯია, ნუცუბიძეს კი წასვლის შემთხვევაში აუცილებლად მოუწევს ტატამზე შესვლა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფერი როგორ წალეკა კორუფციამ და ლობირებამ. ჭიდაობა ხომ გაოხრდა, ახლა ეტყობა, ძიუდოსაც გამოუყვანენ წირვას ვირთხები...
ნუცუბიძეს წარმატებებს ვუსურვებ. იქნებ, მიეხედოს მსაჯების საკითხს ჩვენშიც და საერთაშორისო კატეგორიის მეტი კადრი გვყავდეს.. მერე ასე ვეღარ დაჩაგრავენ ჩვენებს.
enlili
14:06 07-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული