მწვრთნელები, ძირითადად, ქვეყნის სარეიტინგო შეჯიბრებებსა და უცხოურ ტურნირებში ნაჩვენებ შედეგებს დაეყრდნენ.
ეროვნული ნაკრების არ იყოს, კონტინენტის პირველობაში ახალგაზრდებიც არასრული გუნდით გამოვლენ - უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ამათაც 100 კილოგრამში არ ეყოლებათ მონაწილე (სამაგიეროდ, 66-ში გაიყვანენ). აქედან გამომდინარეც გასაგებია, რომ გურამ თუშიშვილი ხელმძღვანელობამ საბოლოოდ მაინც მძიმე წონაში დააყენა.
ჩვენ უკვე ვწერდით, რომ მწვრთნელები ელოდნენ, როგორ წარიმართებოდა მისი აღდგენითი პერიოდი, რაც ხელის
ტატამზე თუშიშვილიც შედის, მაგრამ თან სისწრაფეზე, შესვლებზე, სწრაფძალოვან თუ სხვა ტიპის სპეციფიკურ ილეთებზე ვარჯიშობს. როგორც მწვრთნელები ამბობენ, თვითნაბადი ტალანტის დამსახურებით, ფიზიკურ კონდიციებს დღითიდღე იუმჯობესებს და თანდათან შედის ფორმაში. თან ხელსაც კარგად იყენებს. წონაც თითქმის დავიდა ოპტიმალურ მიჯნამდე - 107 კილოგრამია, თუმცა ამჯერად არ დააკლებინეს და მაინც მძიმეში დატოვეს, რადგან ამხელა ჩავარდნის მერე ეს დამატებითი ფიზიკური დატვირთვა იქნებოდა და არ გარისკეს.
აი, მსოფლიოსთვის კი ის აუცილებლად 100-ში დადგება. საინტერესოა, რომ ამჯერად მწვრთნელები მძიმე წონაში მას უფრო ენდნენ, ვიდრე იქაურ ლიდერ გიგა გელაშვილს, ვინც ავსტრიაში მხოლოდ გუნდურში იასპარეზებს.
მწვრთნელებმა განაცხადში ბექა ღვინიაშვილიც (90) შეიყვანეს, რადგან თურმე სპორტსმენსაც სურს ჭიდაობა...
სპორტული თვალსაზრისით, თანატოლებში გამოსვლა მას რომ ვერაფერს მისცემს, ყველას ესმის, მაგრამ ავანსცენაზე ისევ ფინანსური მოტივი გამოდის - უფროსებში ევროპაზე ან მსოფლიოზე მედალი რომ მოეპოვებინა, ახლა იქნებ არც ეჭიდავა, მაგრამ ამ პირობებში ფინანსური პირობების გაუმჯობესების ერთადერთი საშუალება ახალგაზრდულ ნაკრებში მოპოვებული მედლები და ამისთვის ჯილდოდ მიღებული პრემიაა.
მწვრთნელებმა სამი წონითი კატეგორია გააორეს - 73, 81 და 90. ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღე გუნდურ პირველობას ეთმობა და იმ შეჯიბრებისთვის დამატებით კიდევ ორი ფალავანი მიჰყავთ: გიორგი გუგულაშვილი (66) და ზემოხსენებული გელაშვილი.
საინტერესოა, რომ პირადში იჭიდავებს ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის უმცროსი ძმა ბექა შავდათუაშვილი (66).
ორი მონაწილე გვეყოლება გოგოების ტურნირში - დები მარიამ (52) და ხატია ჯანაშვილები (63). ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი მუხლებზე გაკეთებული ოპერაციების შემდეგ პირველად იასპარეზებს დიდ შეჯიბრებებზე.
ორივე გუნდი თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გადის დასკვნით შეკრებას. არადა, თითქოს ყვარელში აპირებდნენ წასვლას, მაგრამ საბოლოოდ მაინც თბილისი არჩიეს, რადგან საფესტივალედ გარემონტებული დარბაზი სრულად აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და თან აქ ბევრად უფრო ძლიერი სპარინგები ექნებათ, რადგან იქ გაფართოებული შემადგენლობის წაყვანას ვერ შეძლებდნენ.
ისინი დიღომშივე, სასტუმრო "გოლდენ პალასში" ცხოვრობენ, ავსტრიაში კი 16 სექტემბერს გაფრინდებიან.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. ავსტრია. 18-20 სექტემბერი
ვაჟები
პირადი
55 კგ. ირაკლი კუპატაძე
60 კგ. თორნიკე ნაგლიაშვილი
66 კგ. ბექა შავდათუაშვილი
73 კგ. თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი კაციაშვილი
81 კგ. კობა მჭედლიშვილი, ლევან გუგავა
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი, დავით რამაზაშვილი
+100 კგ. გურამ თუშიშვილი
გუნდური
+100 კგ. გიგა გელაშვილი
გოგონები
52 კგ. მარიამ ჯანაშვილი
63 კგ. ხატია ჯანაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"