ცხადია, საუბრის დიდი ნაწილი პლანეტის პირველობას დაეთმო, თუმცა სეზონის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ქევხიშვილის აზრი ინტერვიუში გაგაცანით. ამიტომ ამაზე ყურადღებას არ შევაჩერებთ და მხოლოდ ნაკრებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს შევეხებით, რაც იმ ინტერვიუში ვერ მოხვდა.
ქევხიშვილმა მაშინაც აღნიშნა, რომ თურმე არ მიესალმებოდა მთელი გუნდის იაპონიაში მეორე შეკრებაზე გაგზავნას და ამჯობინებდა,
როგორც ქომაგებთან შეხვედრაზე გაირკვა, თურმე ამას პირად მწვრთნელთა ნაწილიც ითხოვდა, მაგრამ ნაკრების ხელმძღვანელობამ მაინც ისე გადაწყვიტა.
ზოგადად, ქევხიშვილი პირადი მწვრთნელების როლის გაზრდასაც აპირებს. ფედერაცია ერთ-ერთ ვარიანტად იმასაც განიხილავს, რომ შეკრებების გარდა, ძიუდოისტებმა ისევ თავიანთ პირად მწვრთნელებთან ივარჯიშონ იმ დარბაზში, სადაც ნაკრებში მოხვედრამდე ემზადებოდნენ, ხოლო კურატორი მწვრთნელი იქ გაჰყვეს და იქ დააკვირდეს მასზე მიმაგრებულ სპორტსმენს.
საქმის არსი მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ დღევანდელ მოდელს - ნაკრებში მოხვედრის შემდეგ სპორტსმენები ერთად ვარჯიშობენ, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, იქაური მწვრთნელების მეთვალყურეობით. შეკრებებზე როცა არიან, ეს სავსებით გასაგებია, მაგრამ არასაშეკრებო დღეებშიც კი ისინი ძირითადად ნაკრების ბაზაზე ემზადებიან, პირად მწვრთნელებთან კი იშვიათად ხვდებიან. თან ეს მოდელი მოქმედებს არა მხოლოდ ძიუდოში, არამედ სხვა ოლიმპიურ საჭიდაო სახეობებშიც.
ქევხიშვილი არ აკნინებს ნაკრების მწვრთნელთა როლს, მაგრამ იმასაც ფიქრობს, რომ იმ კაცმა უკეთ იცის თავისი შეგირდის ხასიათის თავისებურებები, დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, ვინც ბავშვობიდან ზრდის მას ანუ პირადმა მწვრთნელმა.
ერთი სიტყვით, პრეზიდენტი "მუნჯის ენა დედამ იცის" პრინციპით მოქმედებს და, ვგონებთ, სამართლიანადაც. სხვა თუ არაფერი, ამით პირად აღმზრდელსაც სხვა სტიმული ეძლევა და არ იგრძნობს თავს ჩრდილში დაყენებულად.
თან წარმოვიდგინოთ, როცა გორის დარბაზში ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი მივლენ, ან "შევარდენში" - ავთანდილ ჭრიკიშვილი, ეს რამხელა სტიმული იქნება იქ მოვარჯიშე სხვა ბავშვებისთვის, როგორი ინტერესით ივლიან ისინი დარბაზში. სპორტსმენები ლიდერებიგანაც ბევრს ისწავლიან და მწვრთნელებიც - კურატორისგან, ის მართლა თუ ივლის იმ დარბაზში ფავორიტის სამეთვალყურეოდ.
ერთი სიტყვით, პოლიტიკის არ იყოს, დეცენტრალიზაცია სპორტშიც აუცილებელია, თუმცა მანამ თავად კურატორთა საკითხია გასარკვევი. მოგეხსენებათ, ესეც ფედერაციის ინიციატივაა, რაც მწვრთნელთა საბჭომ ჩააგდო. როგორც ქევხიშვილმა თქვა, ასტანადან დაბრუნების შემდეგ ის ამ საკითხზე პირადად შეხვდა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს და პოზიციის ჩამოყალიბება სთხოვა.
თავად ქევხიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს აუცილებლად მიაჩნია.
საუბარი შეეხო ფიზიკურ მომზადებასაც და ამ დარგში უცხოელი სპეციალისტის მოწვევასაც. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ამის მოთხოვნა იქნება, მზადაა მის დასაკმაყოფილებლად, ოღონდ ეს იოლიც არ იქნება, რადგან უმუშევრად მყოფი ამ დარგის კარგი მწვრთნელი ძნელი მოსაძებნი იქნებაო.
შეხვედრაზე ქევხიშვილმა ერთი კარგი ინიციატივაც გაგვაცნო - უკვე მზად აქვს პროექტი, რომ დედაქალაქიდან და თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარე რაიონებიდან ყოველკვირეულად ძიუდოს აკადემიაში მოიწვიოს მოზარდები თავიანთ მწვრთნელებთან ერთად ერთდღიან სემინარზე სავარჯიშოდ. ბუნებრივია, ესეც კარგი სკოლა იქნება როგორც სპორტსმენების, ისე - რეგიონებში მომუშავე მწვრთნელებისთვის, რომლებსაც პროფესიული დაოსტატებისთვის არც ისე ბევრი საშუალება ეძლევათ.
ამ საქმეში ფედერაციას ადგილობრივი გამგეობების ეიმედება - მათ უნდა უზრუნველყონ ბავშვების ტრანსპორტირება თბილისამდე. თუმცა აქ ერთი საჩოთირო საკითხიც იკვეთება - როგორ შეუთავსონ ეს სასიკეთო საქმე სასწავლო საათებს. ბუნებრივია, არსებობს შაბათ-კვირა, მაგრამ აკადემია ამ დღეებშიც მაქსიმალურადაა დატვირთული, თუმცა გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება.
ამასობაში დადებითად გადაწყდა ფედერაციის სურვილი და აკადემიის შენობა თითქმის 50-წლიანი უზურფუქტით გადაეცათ. ქევხიშვილმა შეხვედრაზეც გაიმეორა, რა გეგმები უკავშირდება ამას, რაზეც ჩვენც არაერთხელ დაგვიწერია. ამიტომ ახლა არც ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას და უფრო საჭირბორტო საკითხებზე ვისაუბრებთ. მით უფრო, ამით პრობლემა არ ამოწურულა და ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანი რჩება - იქ შესახლებული დევნილების ბინებით დაკმაყოფილება, რაც გამოთავისუფლებულ ფართზე სასტუმროს გახსნის შესაძლებლობას მისცემთ, ეს კი აუცილებელია ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად.
არადა, ქევხიშვილიც და ძიუდოს ქომაგიც დარწმუნებულია, რომ უცხოელები სიამოვნებით და ხშირ-ხშირად ჩამოვლენ აქ ერთობლივ წვრთნებზე, რაც ძალიან წაადგებათ ჩვენს ფალავნებს, თანაც, არა მხოლოდ ნაკრების წევრებს, არამედ სხვებსაც. სასტუმრო რომ იყოს, მაშინ რეგიონებიდან მოზარდებს ზემოხსენებულ თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებზე ორი დღით ჩამოიყვანენ და არა ერთით, რაც უფრო წაადგებათ დაოსტატებაში.
კითხვები შეეხო ანაზღაურების სისტემასაც - ხომ არ აჯობებდა, ხელფასები საერთაშორისო რეიტინგის გათვალისწინებით დანიშვნოდათ. ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ ახლანდელი სისტემა მართლაც გასამართავია, თუმცა ეს მტკივნეული საკითხია და ასე იოლად ვერ გვარდება, თუმცა მის დახვეწაზე მუშაობენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"