ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე უკვე ოლიმპიადაზე ფიქრობს, რომელსაც საგანგებო, სულ სხვანაირ რეჟიმში მომზადება სჭირდება. ამიტომ მან იმთავითვე გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის, ანუ სეზონის მთავარი შეჯიბრებების მომთავრების შემდეგ საშემოდგომო ტურნირებში ცალკეული გამონაკლისების გარდა, ლიდერები არ იჭიდავებდნენ, რადგან რიო დე ჟანეიროს ლიცენზიები თითქმის განაღდებული აქვთ.
ყოველ შემთხვევაში, ქულების დაგროვების დიდი საჭიროება არაა, მხოლოდ ისაა საზრუნავი,
აი, ამ წონებში კი ლიცენზიის მოსაპოვებლად დიდი გარჯა დაგვჭირდება. განსაკუთრებით - 100-ში, თორემ მარგველაშვილი შედის სალიცენზიო ზონაში. ის მსოფლიოს რეიტინგში 33-ეა, თუმცა ადგილმონაცვლეობით (ანუ მის წინ მდგომთაგან ცხრილში ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ერთი სპორტსმენი რჩება, სხვები კი ავტომატურად ვარდებიან ჩათვლიდან) მე-20-ეა, თუმცა ამ პოზიციის შესანარჩუნებლად ბევრი უნდა იმუშაოს.
საერთაშორისო რეიტინგში ასევე 33-ეზე მყოფი მსხალაძე ვერც ადგილმონაცვლეობით ხვდება 22-ში და ვერც კონტინენტური კვოტა შველის, რადგან ამ ზონაში ჯერჯერობით ჩვენგან ესტერ სტამი (70) შედის, საერთაშორისო ფედერაცია კი ქვეყანას მხოლოდ ერთ რეგიონულ კვოტას აძლევს და არ ანსხვავებს, ქალია ის თუ ვაჟი.
სტამი თავისი ქულებით თუ შეაღწევს სალიცენზიო ზონაში, მსხალაძე ავტომატურად მაინც ვერ შევა კონტინენტურში, მაგრამ ძალიან ახლოს კი იქნება ამ ზონასთან, რადგან იქამდე ახლაც 10-ოდე ქულა აშორებს. თავად სტამი ტაშკენტის ტურნირის წინასწარ განაცხადში კი იყო დარეგისტრირებული, მაგრამ გადაჭრით შეგვიძლია თქმა, რომ იქ არ იასპარეზებს. სავარაუდოდ, ის 17-18 ოქტომბერს პარიზში იჭიდავებს.
თავიდან პარიზის "დიდ მუზარადზე" ვაჟთა ძირითადი ნაკრების გაგზავნას კი ფიქრობდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაიფიქრეს და მხოლოდ ვალერი ლიპარტელიანი (90) იჭიდავებს. მოგეხსენებათ, ეს ზეპრესტიჟული შეჯიბრება წლეულს ასე გვიან გადმოიტანეს, გაისად კი ისევ ძველ ვადებში - 6-7 თებერვალს ჩატარდება. ამიტომ მალევე მოუწევთ იქ ჩასვლა და ახლა წასვლას თებერვალში გამოსვლა ამჯობინეს.
რაც შეეხება ლიპარტელიანს, ესაა ზემოხსენებულ ლიდერთა გამონაკლისი შემთხვევა, როცა გარკვეული მიზეზებით (ქულები, საშეჯიბრებო პრაქტიკა, საკუთარი თავის გამოცდა) ამა თუ იმ სპორტსმენს მაინც გზავნიან ისეთ შეჯიბრებაზე, სადაც იქნებ გუნდი არც გამოდიოდეს.
პარიზის ტურნირს ოქტომბრის ბოლოს აბუ დაბის "დიდი მუზარადი" მოსდევს. იქ წასაყვანი ბირთვი გარკვეულია, თუმცა ჯერ მაინც დავიცადოთ, იქნებ რამე შეიცვალოს. განზრახულია, რომ არაბეთში გურამ თუშიშვილმაც იჭიდაოს, თუმცა აქაც გარკვეული წინააღმდეგობებია.
ერთი კვირით ადრე - 23-27 ოქტომბერს ის მაინც ჩადის აბუ დაბიში, სადაც ამ პერიოდში ახალგაზრდებში მსოფლიოს პირად-გუნდური ჩემპიონატი ტარდება. დიდია სურვილი, რომ თუშიშვილი წლეულსვე ჩაერთოს სალიცენზიო მარათონში, რისთვისაც იქაური "დიდი მუზარადი" მშვენიერი შანსია, მაგრამ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ჩინებული გამოსვლისა და ტრიუმფალური გამარჯვების მიუხედავად, ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები მისი ფიზიკური კონდიციებით და ნაოპერაციები ხელის რეაბილიტაციით სრულად მაინც ვერ დარჩნენ კმაყოფილები. თან საკითხავია, რომელ წონაში დააყენონ თუშიშვილი...
ახალგაზრდულ ევროპაზე მან მძიმეში იჭიდავა და მსოფლიოზეც ამავე წონაში გამოვა, ეროვნულ ნაკრებს კი მისი დახმარება 100-ში სჭირდება, სადაც ლიცენზიაა მოსაპოვებელი. 100-ში რომ დადგეს, ცოტა წონის დაკლებაც მოუწევს და შეძლებს კი ამას? ახალგაზრდებში ხომ მას პირადის გარდა, გუნდურიც საჭიდაო აქვს.
ამიტომ მაინც აჯობებს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"