ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ამგვარი წვრთნების ჩატარება განიზრახა. მან სათანადო პროექტიც შეიმუშავა, რომელსაც ოთხშაბათს გამართულმა აღმასკომის სხდომამ საბოლოოდ აუნთო "მწვანე შუქი".
აკადემიაში პირველი მეცადინეობა თბილისისთვის
სამომავლოდ მასში მთელი საქართველოს ჩართვაა განზრახული. თუმცა საამისოდ აუცილებელია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიურობა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ თავიანთი რაიონის სპორტსმენთა თბილისში ტრანსპორტირება. იმედია, ამ საქმეს გამგებლები საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით მიუდგებიან და ფინანსებს გამონახავენ, თუნდაც საკუთარი პრემიების ეკონომიის ხარჯზე.
ეს პროექტი განკუთვნილია 14-16 წლის მოზარდებისთვის. ვარჯიშებს დაესწრებიან ეგრეთ წოდებული საფესტივალე ასაკის ნაკრების მწვრთნელები. არადა, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ ეს პროექტიც დასრულდა და ისინიც უმუშევრად დარჩნენ. ახლა მიღწეულია შეთანხმება, რომ მათ შეუნარჩუნდებათ ხელფასები, ოღონდ... მომავალი წლიდან... არადა, ჭაბუკთა უმცროსი ნაკრების შენარჩუნება მართლაც კარგი იქნება ქართული ძიუდოსთვის - სწორედ მისი და იმ საგანგებო პროგრამის დამსახურებაა ისეთი კარგი გამოსვლა ამ ზაფხულს თბილისში, ოლიმპიურ ფესტივალზე.
ოთხშაბათს გამართულ პირველ სემინარში 120-ზე მეტი თბილისელი მოზარდი მონაწილეობდა. მათ წვრთნებს სახელოვანი ვეტერანები და მოქმედი ტიტულოვანი სპორტსმენები ჩაუტარებენ, სემინარებს კი მსაჯებიც დაესწრებიან, რათა ბავშვებმაც და მწვრთნელებმაც ბოლომდე აითვისონ წესები.
დაეხმარეთ დევნილებს და ფედერაციას
ზევით დევნილები ვახსენეთ და, სამწუხაროდ, მათი პრობლემა ფედერაციაში მაინც დგას - თვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაპირების მიუხედავად, ფაქტია, რომ ისინი ჯერაც შენობაში ცხოვრობენ და ვერც ზუსტ თარიღს ასახელებს ვინმე, როდის შეასახლებენ სხვაგან. მეტიც - უკვე ისიც საეჭვო ხდება, საერთოდ აპირებენ თუ არა ბინებით მათ დაკმაყოფილებას. არადა, ივლისში, როცა ძიუდოს აკადემია ფესტივალისთვის საზეიმოდ იხსნებოდა, იქაურობას ღარიბაშვილი პირადად ესტუმრა დედაქალაქის მერ დავით ნარმანიასთან ერთად და ძიუდოისტებს მასთან ერთად მისცა პირობა, რომ ფესტივალის დასრულების შემდეგ იმ დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს თბილისის ზღვაზე, ოლიმპიურ სოფელში გამოუყოფდნენ.
აკადემიის შენობიდან მათი გასვლა და იმ ფართის ფედერაციისთვის გადაცემა საშური იმიტომაა, რომ იქ სასტუმრო გაკეთდება და შესაძლებელი იქნება ერთობლივი ვარჯიშების ჩატარება უცხოელებთან.
თუმცა თავად აკადემიაში ფესტივალისთვის ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარისხიც მეტისმეტად არადამაკმაყოფილებელია. იმ ფესტივალს კი გაუძლო როგორღაც, მაგრამ უკვე აგვისტოდან იჩინა თავი პრობლემებმა - იმ კანტიკუნტი წვიმების ფონზეც კი, რაც ამ გვალვიან ზაფხულში იყო, რამდენიმე ოთახში წყალი ჩავიდა და შიშით ელოდებიან ზამთარს, წვიმების სეზონს; მოიშალა კანალიზაციის მილები, სარდაფში მდებარე კრივისა და სხვა დარბაზებში წყალი ჩადის; მწყობრიდან გამოვიდა საპირფარეშოები და რამდენიმე მათგანი საერთოდ დაკეტეს; გათბობის მილები რემონტის პროცესში, უბრალოდ, მოჭრეს და კონდიციონერებზე გადაიყვანეს.
ცხადია, ეს ელექტროენერგიის ხარჯებს ასმაგად ზრდიდა და ახლა ფედერაცია საკუთარი ძალებით ამონტაჟებს გაზის გამათბობლებს. თან წყალგაყვანილობის პრობლემებს ებრძვის.
აკადემიაში არსებული 4 დარბაზიდან 3-ში უკვე დამონტაჟდა გაზის გათბობა და ზამთრის არ ეშინიათ, ამასობაში კი ფედერაცია გაისად იმავე შენობაში მეხუთე, ყველაზე დიდი, სოლიდური და თანამედროვე დარბაზის მოწყობასაც გეგმავს ნაკრებისთვის, რაც სავარჯიშო პროცესს კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის. ის მხოლოდ ეროვნული ნაკრებისთვის იქნება განკუთვნილი და შესაბამისადაც აღიჭურვება.
საკლუბო პირველობა
აღმასკომზე ისიც დადგინდა, რომ 31 ოქტომბერს საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი მოზარდებში ისევ 2000-01 წლებში დაბადებულთა შორის ჩატარდება. ეს ის ასაკია, რომელსაც ორი სეზონი კიდევ რჩება ჭაბუკებში. გუნდში კვლავაც 5 წონითი კატეგორიაა - 50-დან დაწყებული, +66-ით დამთავრებული, წონაში კი 2-2 მონაწილის გამოყვანაა ნებადართული. გაზრდილია საპრიზო ფონდი - ჩემპიონი 6 000 ლარს, ვიცე-ჩემპიონი - 4 000-ს, ხოლო მესამეზე გასულები 2.000-2.000 ლარს მიიღებენ, თუმცა სტიმულისთვის წაგებულებიც - მეხუთეზე გასულებიც დაჯილდოვდებიან 1000-1000-ით.
ერთი სიტყვით, ფედერაცია ნელ-ნელა მიდის საკლუბო სისტემის განვითარებისკენ და გეგმავს, სამომავლოდ ამით ჩაანაცვლოს რეგიონული სისტემა, რომლის მანკიერ მხარეებზეც (არასათანადო მუშაობა) გაკვრით ახლახან ვწერდით.
ქევხიშვილის აზრით, ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებს. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ უფროსებში არაა იმდენი კლუბი, საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდეს, დროთა განმავლობაში კი, როცა ამ კლუბებში გაერთიანებული ბავშვები უფროსებში გადავლენ, ეს შესაძლებელი გახდება.
ჯერჯერობით უფროსებში ასეთი სამი კლუბია: "მებრძოლი", რომელიც ევროპის "ოქროს ლიგაზე" იჭიდავებს, "საგარეჯო" და "შევარდენი". უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ ევროპის პირველ ლიგაში "საგარეჯოსთან" ერთად "შევარდენიც" იჭიდავებს. იმედია, ერთი მათგანი მაინც მოიპოვებს "ოქროს ლიგის" საგზურს და გაისად იქ ორი მონაწილე გვეყოლება.
რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს უფროსებში - პირად პირველობას, საბოლოო თარიღი ჯერ დაზუსტებული არაა, მაგრამ 14-15 ნოემბერს ვარაუდობენ.
პრეზიდენტი ახალ მოდელზე
ქევხიშვილს ახალგაზრდული ნაკრების მომზადების ნოვატორულ მეთოდზეც დავეკითხეთ, როცა მწვრთნელებმა უარი თქვეს საშეკრებო, ანუ ერთად მზადების ფორმატზე, გუნდის წევრები დაინაწილეს და ინდივიდუალურად ამზადებენ მათ. იქნებ ეს მოდელი ბევრისთვის უცნაურია (მათ შორის - ჩემთვისაც), მაგრამ ვგონებ, ქევხიშვილის მოსაზრებებიც ამასთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია ასეთი მიდგომა, საინტერესო იქნება. მით უფრო, ახალგაზრდებისა და უფროსების მზადების სპეციფიკაზე, მათ შორის არსებულ განსხვავებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ორი განსხვავებული რამეა. აი, რა გვითხრა მან:
- ის, რაც დღემდე სრული ფორმით არ მოხდა უფროსებში, ფაქტობრივად, დავიწყეთ ახალგაზრდებში, თუმცა ეს ორი სხვადასხვა რამეა და ნუ გავაიგივებთ. ახალგაზრდებში ინდივიდუალურ მიდგომას ვერ ექნება სისტემატური ხასიათი, რადგან ეს შიგადაშიგ მოხდება მათი ასაკიდან, სავარჯიშო გრაფიკიდან გამომდინარე.
ახალგაზრდა ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია და, შესაბამისად, მათთან მიმართებაში წინა პლანზე გამოდის საერთო ფიზიკური მომზადება და ზოგადი ტაქტიკურ-ტექნიკური თემა, ეროვნული ნაკრების წევრი კი უკვე ჩამოყალიბებულია. განსაკუთრებით - ის ხალხი, ვინც ოლიმპიადისთვის ემზადება და იქ ინდივიდუალურ მუშაობას გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობა.
ახალგაზრდებში ძირითადი დრო ერთობლივ მიდგომას უნდა ეთმობოდეს, მზადების ბოლო ეტაპზე კი, შეჯიბრების წინ, ვფიქრობ, შეიძლება ასე დანაწილებულ მზადებაზე გადასვლა, რაც გავაკეთეთ კიდეც, დიდებში კი პირიქით უნდა ხდებოდეს - მათთან დასაწყისში შეიძლება ვარჯიშების დანაწილება, ბოლოს კი ერთობლივი წვრთნაა აუცილებელი. ამიტომ ამათი გაიგივება არ შეიძლება.
თუმცა ახალგაზრდებში ახლა ჩვენ მიერ ფუნქციების დანაწილება სულაც არ ნიშნავს თვითნებურ მიდგომას - ირაკლი ცირეკიძე ყველასთან მიმართებაშია ჩართული და არა მხოლოდ ბექა ღვინიაშვილზე. კონტროლის და მეთვალყურეობის ფუნქცია ამჯერად უფრო მეტად ცირეკიძეს აქვს, რადგან მას ერთი ჰყავს, ასაკობრივი ნაკრების მეორე მთავარ მწვრთნელს, მინდია ბოდაველს კი - 4 და ის მეტადაა დატვირთული.
ბუნებრივია, ასეთი მიდგომაც ამაღლებს პირადი მწვრთნელის როლს, რადგან ისიც ჩართულია თავისი შეგირდების მზადებაში. ეს მოდელი სამომავლოდ გამოიღებს შედეგს, თუმცა ახლაც უკეთესი მიდგომაა, რადგან მე ასე მწამს: ყველაზე ცუდი ინდივიდუალური მიდგომა მირჩევნია ყველაზე კარგ საერთო გეგმას დროისა და გარემოებების გათვალისწინებით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"