ტაშკენტის გრან-პრი: ჰოლანდიელი საქართველოსთვის შეივერცხლა

AutoSharing Option
ტაშკენტში დამთავრდა ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" ტურნირი, სადაც ესტერ სტამმა (70 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენგან უზბეკეთში გამოსვლა დადებით აქტივში მხოლოდ მას თუ ჩაეწერება, თორემ ვაჟებმა წარუმატებლად იჭიდავეს.

ოღონდ აქაც დიდი განსხვავებაა - ხუთშაბათს ვაჟა მარგველაშვილი (66) მეხუთე ადგილზე მაინც გავიდა და სალიცენზიო ჩათვლაში 60 ქულა შეიმატა, შაბათს ალექსანდრე მსხალაძე (100) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ვაჟთა ტურნირში მხოლოდ ეს ორი მონაწილე გვყავდა, რადგან ოლიმპიადის ლიცენზიებიც მხოლოდ ამ ორში დაგვრჩა საზრუნავი, თორემ დანარჩენებში თითქმის საბოლოოდ გავინაღდეთ.

ესტერ სტამმა ოპერაციის შემდეგ პირველი
სერიოზული წარმატება მოიპოვა და ტაშკენტში საკმაოდ ძლიერ მეტოქეებსაც აჯობა.

პირველ წრეში სწრაფად დააიპონა ბელგიელი როქსანე ტაიმანსი, მეოთხედფინალში კი მტკივნეულით დაამარცხა გერმანელთა ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი სანდრა დიდრიხი. ნახევარფინალშიც გერმანელს აჯობა - გაფრთხილებებით მოუგო იანა მარზოკს, ვისთანაც აქამდე 1:1 ჰქონდა პირადი შეხვედრების ანგარიში. შეხვედრის მიწურულს ორივეს 2-2 გაფრთხილება ჰქონდა, თუმცა სტამმა უფრო აქტიურად ჩაატარა ბოლო წამები, მეტს მოძრაობდა და აქტიურად თუ ვერ უტევდა, ინიციატივა სრულად ჩაიგდო ხელში. მისი მონდომება მსაჯებმაც შეამჩნიეს და დაუფასეს კიდეც.

ვფიქრობთ, სტამს მოგება ფინალშიც შეეძლო, იმის მიუხედავად, რომ იქ მეტოქედ სამხრეთკორეელთა მსოფლიოს პრიზიორი, აზიის ჩემპიონი სეონგიეონ კიმი გამოუვიდა. ამის თქმის საფუძველს ბოლო წუთებში ჩვენებურის აქტიურობა გვაძლევს, თუმცა ჩამორჩენის ამოქაჩვა ვერ შეძლო. არადა, სტამმა მხოლოდ იუკო დაკარგა, მეტოქე კი ორჯერ გააფრთხილებინა...

ცხადია, დასანანი წაგებაა, მაგრამ კარგია, რომ საქართველოს დროშის ქვეშ დამდგარმა ჰოლანდიელმა პოსტრავმულ პერიოდში მედალი მოიპოვა, სალიცენზიო მარაგი კი 180 ქულით გაიმდიდრა...

თუმცა ისევ უნდა გავიმეოროთ ადრე დაწერილი - კარგი იქნება, მას თუ ქართველი მწვრთნელებიც ავარჯიშებენ, თორემ ერთფეროვნად ჭიდაობს. არადა, პოტენციალი, რეზერვი, შესაძლებლობა ბევრად მეტი ეტყობა. მაგალითად, საკმაოდ მაღალია, მაგრამ ამ უპირატესობას ვერ იყენებს სათანადოდ. ფიზიკურადაც უფრო მეტი შეიძლება. ევროპელთა დარად, ტაქტიკურად ნორმალურად ჭიდაობს, მაგრამ მეტი ტექნიკა, მეტი ილეთებია საჭირო.

ერთი სიტყვით, ევროპულ სტილთან ერთად ქართულსაც თუ აზიარებენ, მხოლოდ წაადგება და ბევრად გაძლიერდება. თან ოლიმპიადამდე დრო საკმაოდ რჩება...

მსხალაძე ტაშკენტში პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი რუსთა ახალბედა ნიიაზ ბილალოვი ელოდა. რუსი მოგვიანებით მესამეზე კი გავიდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული ტალანტია... თვითონ მსხალაძემ ვერ იჭიდავა მასთან სათანადოდ, ვერ შეძლო ინიციატივის ხელში აღება.

საერთოდ, ჩვენებური მოშვებული ჩანდა, ძალიან უჭირდა ილეთზე შესვლა და როცა შევიდა, მაშინაც ვერ დაასრულა. მეტიც - საკუთარ ილეთზეც წამოეგო, საბოლოოდ კი წმინდად დამარცხდა. მან სალიცენზიო მარაგს ვერაფერი შემატა.

აი, სტამმა ამჯერად კი დაიმატა ზემოხსენებული 180 ქულა, რამაც საერთაშორისო რეიტინგში 23-ე ადგილამდე აღაზევა. ტაშკენტში მან დიდი ნაბიჯი გადადგა სალიცენზიო 14-კაციანი ზონისკენ, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა. სამაგიეროდ, რჩება რეგიონულ კვოტაში. ახლა მისი რეიტინგი 744 ქულამდე გაიზარდა, თუმცა მალე ისევ დააკლდება გარკვეული ქულები, ოღონდ, სავარაუდოდ, სალიცენზიო ჩათვლაში რეგიონულ კვოტაში მაინც დარჩება. კაცმა რომ თქვას, ოღონდ იქ დარჩეს და ამით ჩვენთვის ბევრი არაფერი იცვლება - მარგველაშვილი აქამდეც შედიოდა იმ 22-კაციან ჩათვლაში, ვინც ავტომატურად იღებს საგზურს, ახლა კი 21-ეა 412 ქულით.

100-ში მსხალაძე მაინც ვერ იღებს საგზურს, ანუ სტამის რეგიონული კვოტა მას ხელს არაფერში უშლის, ხოლო გურამ თუშიშვილი სალიცენზიო ტურნირებში თუ ჩაებმება, მაინც თავისით მოუწევს ქულების დაგროვება, მსხალაძის შედეგები ვერაფერში წაადგება.

სავარაუდოდ, ესტერ სტამი 17-18 ოქტომბერს ვალერი ლიპარტელიანთან (90) ერთად პარიზშიც იჭიდავებს "დიდ მუზარადზე", თუმცა იქ გაცილებით ძლიერი შეჯიბრება იქნება და უფრო გაუჭირდება. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მთავარია, ისევ არ მიიღოს ტრავმა. ის ჯერ კიდევ არაა ოპერაციამდელ ფორმაში, მაგრამ, იმედია, ეტაპობრივად დაიბრუნებს ძველ კონდიციებს.

ტაშკენტის გრან-პრი. კვარცხლბეკი
ვაჟები
60 კგ.
1. იუმა ოშიმა (იაპონია)
2. შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)
3. ოთარ ბესტაევი (ყირგიზეთი), დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი).

66 კგ.
1. ჰიფუმი აბე (იაპონია)
2. დუანბინ მა (ჩინეთი)
3. ალტანსუკ დოვდონი (მონღოლეთი), დმიტრი შერშანი (ბელარუსი)
5. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო).

73 კგ.
1. მირალი შარიპოვი (უზბეკეთი)
2. ნუნო სარაივა (პორტუგალია)
3. გიოსიონ ბობოევი (უზბეკეთი), კუკ ჰიონ ჰონ (ჩრდილო კორეა).

81 კგ.
1. სერგიუ ტომა (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
2. ივან ვორობიოვი (რუსეთი)
3. ლასლო ჩოკნიაი (უნგრეთი), აზიზ კალკამანული (ყაზახეთი).

90 კგ.
1. მარკ ოდენტალი (გერმანია)
2. კომრონშოკ უსტოპირიონი (ტაჯიკეთი)
3. შერალი იურაევი (უზბეკეთი), მიხაელ ზგანკი (სლოვენია).

100 კგ.
1. აარონ ვოლფი (იაპონია)
2. ზლატკო კუმრიჩი (ხორვატია)
3. ნიიაზ ბილალოვი (რუსეთი), სოიბ კურბონოვი (უზბეკეთი).

+100 კგ.
1. კენტა მიშიგატა (იაპონია)
2. ტამუულენ ბატულგა (მონღოლეთი)
3. დანიელ ალერსტოფერი (ავსტრია), ანდრე ბრაიტბარტი (გერმანია).

ქალები
48 კგ.
1. ურანცეცეგ მუნკბატი (მონღოლეთი)
2. ბო კიეონ ეონი (სამხრეთ კორეა)
3. ირინა დოლგოვა (რუსეთი), ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი).

52 კგ.
1. გულბადამ ბაბამურატოვა (თურქმენეთი)
2. მარია ერტლი (გერმანია)
3. გილი კოენი (ისრაელი), პრისცილა ჟეტო (საფრანგეთი).

57 კგ.
1. ჯან-დი კიმი (სამხრეთ კორეა)
2. ირინა ზაბლუდინა (რუსეთი)
3. იან ლიუ (ჩინეთი), ჰელენა რეცევუ (საფრანგეთი).

63 კგ.
1. ედვიგ გვენდი (იტალია)
2. ჰილდე დრექსლერი (ავსტრია)
3. ბუსრა კატიპოღლუ (თურქეთი), ფრანცისკა საბო (უნგრეთი).

70 კგ.
1. სეონგიეონ კიმი (სამხრეთ კორეა)
2. ესტერ სტამი (საქართველო)
3. კატარზინა კლიში (პოლონეთი), ჩაო ჭოუ (ჩინეთი).

78 კგ.
1. ნატალიე პაუელი (ბრიტანეთი)
2. მადელაინე მალონგა (საფრანგეთი)
3. გემა გიბონსი (ბრიტანეთი), კიონგ სოლი (ჩრდილო კორეა).

+78 კგ.
1. მინჯეონ კიმი (სამხრეთ კორეა)
2. სისი მა (ჩინეთი)
3. კაირა საიტი (თურქეთი), სონ იუ (ჩინეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული