ძიუდოისტთა მსოფლიოს რეიტინგი: ლიდერი არცერთ წონაში აღარ ვართ

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტების შედარებით მოკრძალებული გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე მათ რეიტინგებსაც დაეტყო, რომელიც ოდნავ გაუარესდა: არცერთ წონაში აღარ ვართ ლიდერი; განთესილ ოქტეტში ადრინდელი 5 წონის ნაცვლად, ახლა მხოლოდ 4-ში შევდივართ, ამათგან კი სამეულში მხოლოდ ორში ვართ - 73-სა და 81-ში...

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიები კვლავაც თითქმის განაღდებულია 5 წონაში - 60, 73, 81, 90 და +100-ში, საძიებელი კი კვლავაც ორში გვაქვს - 66-100-ში. განსაკუთრებით მძიმე ვითარება 100-შია, სადაც რეგიონულ კვოტაშიც ვერ შევდივართ.

60 კგ
ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი კვლავაც
მეათეა 1348 ქულით. მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა მას რვა საუკეთესოს შორის დაბრუნების საშუალებას მისცემდა, ანუ შეჯიბრებებზე ისევ იქნებოდა განთესილთა შორის, მაგრამ ასე არ მოხდა და ის ისევ განუთესავია. ესე იგი, დიდი შანსია, ტურნირებზე პირველივე წრეში შეხვდეს მისთვის უხერხულ რომელიმე მეტოქეს...

სანუგეშო მხოლოდ ისაა, რომ კარგა ხანს - თებერვლამდე ჩვენებურს ქულების განულება-განახევრება არ ემუქრება, რადგან ტრავმის გამო შარშანდელი შემოდგომა მთლიანად გაუცდა, თუმცა ამავე პერიოდში არც მის წინ მდგომები დაკარგავენ რამეს.

ოღონდ აქ კიდევ ერთხელ განვმარტავთ, საერთაშორისო რეიტინგისგან განსხვავებით, ოლიმპიური ცოტა სხვანაირად გამოითვლება - მასში მხოლოდ რამდენიმე საუკეთესო შედეგი შედის და თან მოქმედებს ადგილმონაცვლეობის პრინციპი.

ანუ საერთაშორისო რეიტინგში თუ დასაშვებია, რომ ერთი ქვეყნიდან რამდენიმე სპორტსმენი შედიოდეს, ოლიმპიურში მხოლოდ ერთი რჩება, სხვები კი აკლდებიან ჩათვლას. ამის გათვალისწინებით, პაპინაშვილი ამ სპეციალურ ოლიმპიურ სიაში მეშვიდეა.

ჯერჯერობით 30-ეა ლუხუმ ჩხვიმიანი (569 ქულა), ვინც თვის ბოლოს აბუ დაბიში იჭიდავებს, 100-ეულში კი სხვა მონაწილე არ გვყავს.

1. ვონ ჯინ კიმი (სამხრეთი კორეა) - 2150
2. ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი) - 2034
3. იელდოშ სმეტოვი (ყაზახეთი) - 2012
4. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) - 1810
5. შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი) - 1650
10. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) - 1348
30. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო) - 569

66 კგ
ამ წონაში ჩვენი მთავარი იმედი ვაჟა მარგველაშვილს უკავშირდება. ის საერთაშორისო რეიტინგში 412 ქულით მე-40 ადგილზეა, თუმცა ოლიმპიურში ბოლო მონაცემთა განახლების შემდეგ ორი ადგილით კიდევ დაწინაურდა და მე-19-მდე ავიდა.

ამაში დიდი როლი წინა კვირას ტაშკენტში მეხუთე ადგილზე გასვლამ შეასრულა.

მარგველაშვილი აბუ დაბიშიც იასპარეზებს და სეზონის დარჩენილ მნიშვნელოვან შეჯიბრებებშიც. იმედია, მისი მონაგარი კიდევ უფრო გაიზრდება, თორემ აქ სხვა ჩვენებურთა შანსები ძალიან მცირეა.

1. მიხაილ პულიაევი (რუსეთი) - 2140
2. ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი) - 1954
3. გიორგი ზანთარაია (უკრაინა) - 1904
4. ბაულ ანი (სამხრეთი კორეა) - 1640
5. დმიტრი შერშანი (ბელორუსი) - 1558
40. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) - 412
82. თორნიკე თათარაშვილი (საქართველო) - 173
97. შალვა ქარდავა (საქართველო) - 140
100. ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო) - 131

73 კგ
ნუგზარ ტატალაშვილმა ბოლო პერიოდში (ძირითადად, ბაქოში, ევროპულ თამაშებზე მოპოვებული ვერცხლით) მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა რეიტინგი და არათუ განთესვის ზონაში შევიდა, არამედ სულაც სამეულში დამკვიდრდა - 1602 ქულით მესამეა.

აქ ცოტა ხანში ჩვენთვის საინტერესო ამბები მოხდება - მალე მეორეზე მყოფი ებრაელი საგი მუკი განულება-განახევრების შედეგად 118 ქულას დაკარგავს, თუმცა ჩვენებური მასთან მხოლოდ შეამცირებს დეფიციტს, დაწევით ვერ დაეწევა.

თავად ტატალაშვილს ქულების დაკლება ჯერ არ ემუქრება. სამაგიეროდ, ის სალიცენზიო ჩათვლაშია მერვე და ახლა იქაური რეალობის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს.

ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ბოლო პერიოდის წარუმატებლობების შემდეგ საერთაშორისო რეიტინგში მე-17 ადგილამდე დაქვეითდა 924 ქულით. ქულების დაკლება მას არ ემუქრება, მის კონკურენტებს კი ჩამოაკლდებათ და ლაშაც ცოტათი წინ წაიწევს. ოლიმპიურ რეიტინგში მე-15-ეა.

1. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) - 20127
2. საგი მუკი (ისრაელი) - 1744
3 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო) - 1602
4. შოჰეი ონო (იაპონია) - 1554
5. რიკი ნაკაია (იაპონია) - 1550
17. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - 924

81 კგ
ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი მეორე ადგილზე გადავიდა 1540 ქულით. ჩვენებური სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩა ბოლო პერიოდში მისთვის ბედისწერად ქცეულ იაპონელთა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ტაკენორი ნაგასეს.

საინტერესოა, რომ უახლოეს პერიოდში - ჯერ დეკემბრამდე, მერე კი თებერვალში ორივეს ზუსტად ერთნაირად გაუნახევრდება ან გაუნულდება ქულები, თუმცა ჩვენებურს კანადელი მდევარი ანტუან ვალოის-ფორტიე ვერ დაეწევა, რადგან ისიც დაკარგავს მონაგარს, ოღონდ შედარებით ცოტას. სამაგიეროდ, კანადელი ოლიმპიურ რეიტინგში უსწრებს ორივეს, ანუ ჭრიკიშვილი იქ მესამეა.

უშანგი მარგიანი საერთაშორისო რეიტინგში მე-12 ადგილზეა 1026 ქულით, ზებედა რეხვიაშვილი კი 186-ით 76-ეა. მარგიანი ოლიმპიურ ჩათვლაში მე-20-ა.

1. ტაკანორი ნაგასე (იაპონია) - 2542
2. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) - 2540
3. ანტუან ვალოის-ფორტიე (კანადა) - 2260
4. ლოიკ პიეტრი (საფრანგეთი) - 1720
5. ივან ნიფონტოვი (რუსეთი) - 1570
12. უშანგი მარგიანი (საქართველო) - 1026
76. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო) - 186
90. გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო) - 130

90 კგ
პოზიციები აქაც დავთმეთ, თუმცა ხუთეულში ორი კაცი მაინც გვყავს: ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი 1940 ქულით მეოთხეა, მას 10 ქულით და ერთი ადგილით კი ბექა ღვინიაშვილი ჩამორჩება.

გაზაფხულამდე ჩვენებს ქულების დაკლება არ ემუქრებათ, წინა სამეული კი ამას ვერ გადაურჩება. ჩვენი დუეტი ასე ერთმანეთის მიყოლებითაა განლაგებული სალიცენზიო ჩათვლაშიც, ოღონდ იქ V-VI ადგილებზე არიან.

1. დონ ჰან გვაკი (სამხრეთი კორეა) - 2541
2. ნოელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია) - 2062
3. მაშუ ბაკერი (იაპონია) - 2046
4. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო) - 1940
5. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) - 1930
53. ზვიად გოგოჭური (საქართველო) - 331

100 კგ
ყველაზე მეტი საფიქრალი ამ წონაში გვაქვს, რადგან ჩვენგან საუკეთესო რეიტინგის მქონე ალექსანდრე მსხალაძეს ბოლო შეჯიბრებებში ის მეხუთე ადგილიც დაუძვირდა, სეზონის დასაწყისში ისე ხშირად რომ გადიოდა. ჩვენებური 419 ქულით 34-ე ადგილზეა, თუმცა სალიცენზიო 22-კაციან ზონაში ვერ ხვდება. მეტიც - რეგიონულ კვოტაშიც ვერ შედის.

იმედები ვერც ალექსანდრე ზაალიშვილმა გაგვიმართლა და ახლა დაველოდოთ, რამდენად წარმატებით ჩაერთვება სალიცენზიო ტურნირებში გურამ თუშიშვილი. თუმცა ის უახლოეს შეჯიბრებებში არ გამოვა უფროსებში, რადგან თვის ბოლოს ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატში უნდა იჭიდაოს. დიდი ხანია, ტრავმის გამო ის სალიცენზიო შეჯიბრებებში არ გამოსულა. ამიტომ გავარდა ასეულიდან - 109-ზეა 62 ქულით.

1. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი) - 2330
2. კარლ-რიხარდ ფრეი (გერმანია) - 2044
3. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) - 2034
4. დიმიტრი პეტერსი (გერმანია)- 1896
5. მარტინ პაჩეკი (შვედეთი) - 1749
34. ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო) - 419
70. ალექსანდრე ზაალიშვილი (საქართველო) - 142

+100 კგ
მძიმე წონაში განთესილთა შორის კვლავაც 2 სპორტსმენი გვყავს: ევროპული თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ადამ ოქრუაშვილი 1666 ქულით მე-5 საფეხურზეა, ლევან მატიაშვილი კი ზუსტად მერვეა 1400-ით.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, აქ სალიცენზიო ზონაში ორივე მოხვდება, სადღეისოდ კი ამ სიაში ოქრუაშვილი მეოთხეა, მატიაშვილი - მე-17.

ოქრუაშვილს ქულების დაკლება ჯერ არ ემუქრება, მატიაშვილს კი დეკემბერში შარშან კანოს მემორიალის ფინალში გასვლისთვის მოპოვებული 500 ქულა გაუნახევრდება.

1. ტედი რინერი (საფრანგეთი) - 2550
2. ბარნა ბორი (უნგრეთი) - 18053.
3. რიუ სიჩინოე (იაპონია) - 1790
4. ფაიცელ ჯაბალა (ტუნისი) - 1698
5. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო) - 1666
8. ლევან მატიაშვილი (საქართველო) - 1400
61. ონისე ბუღაძე (საქართველო) - 168
96. ნოდარ მეტრეველი (საქართველო) - 50

ქალები. 70 კგ
ქალთა შორის ჯერჯერობით ჩვენგან ღირებული რეიტინგი მხოლოდ ესტერ სტამს აქვს. ამიტომ ამჯერად სხვებზე არ შევჩერდებით, სტამმა კი წინა კვირას ტაშკენტში მოპოვებული ვერცხლით 23-ე ადგილამდე აინაცვლა - 744 ქულა.

თუმცა ჩვენებური ძალიან მალე 110 ქულას დაკარგავს, ოღონდ მაინც შეინარჩუნებს იმ 14 მონაწილეს შორის მოხვედრის შანსს, რომლებიც პირდაპირ მიიღებენ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზურებს.

თუმცა ის ახლაც შედის სალიცენზიო ზონაში, რადგან რეგიონულ კვოტაში ხვდება. სასურველია, მან თავისით მოიპოვოს საგზური, რადგან ამით შანსი მოგვეცემა, 100-ში რეგიონული ეგიდით მაინც მოვიპოვოთ საგზური, ახლა კი ეს გამორიცხულია, რადგან ყველა ქვეყანა მხოლოდ ერთ ამგვარ კვოტას მიიღებს განურჩევლად ძიუდოისტის სქესისა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული