რინერის დამმარცხებელი - ინტერვიუ გურამ თუშიშვილთან [დასასრული]

AutoSharing Option
გურამ თუშიშვილი მეორედ გახდა ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი, ოღონდ ამჯერად გამარჯვებას მძიმე წონაში მიაღწია. ეს წარმატება ორმაგად გამოდგა აღსანიშნავი - ხელის ოპერაციით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა დიდ სპორტს და თან ისე იჭიდავა, მრავლისმნახველმა ევროპელმა სპეციალისტებმა თვით დაუმარცხებელი ტედი რინერის ყველაზე სახიფათო კონკურენტად შერაცხეს. ასეთი შეფასება ნებისმიერისთვის უდიდესი პატივია, ხოლო ახალგაზრდა ფალავნისთვის - მით უფრო.

დასასრული. იხილეთ დასაწყისი

- როგორც ვიცი, ძიუდოისტთა ოჯახიდან ხართ...
- მამა იყო ძიუდოისტი და ბავშვობიდან სპორტულ ოჯახში ვიზრდებოდი - ჩემი ძმაც ძიუდოში ვარჯიშობდა. კოჯორში ვცხოვრობთ და
ეზოში სულ შტანგებს, კიმონოებს ვხედავდი. მეც სპორტული ბავშვი ვიყავი, ენერგიას ვერ ვხარჯავდი და 11 წლიდან "შევარდენის" დარბაზში დავიწყე ვარჯიში, რადგან ძალიან დიდი სურვილი მქონდა.

თავიდან სხვადასხვა მწვრთნელი მავარჯიშებდა - ამირან კელიხაშვილი, გურამ მოდებაძე, სპარტაკ გორგაძე, მაგრამ რაც შედეგების გაკეთება დავიწყე, მას შემდეგ ბათო ჯიქურთან ვარ. დღემდე ისაა ჩემი პირადი მწვრთნელი.

- როგორც ვიცი, მამა დღემდე აქტიურადაა ჩართული თქვენს მომზადებაში და ბევრსაც ანერვიულებთ...
- არის ასაკობრივი მომენტები, როცა არ უჯერებ უფროსებს. ძალიან მიბრაზდებოდა, საკმაოდ მკაცრია და მომთხოვნი. ზოგადად, ვარჯიში ძალიან მიყვარს, ცუღლუტობა არ მომწონს. ჩემი ცუღლუტობა ის იქნებოდა, რომ, მაგალითად, ვარჯიშის შემდეგ ეზოში გავსულიყავი და არ დამესვენა.

- თუმცა იყო გაცილებით დიდი ცუღლუტობაც, როცა შეკრებაზე ნასვამი მიხვედით, რის გამოც დისკვალიფიკაციაც მოგცეს. ოღონდ, როგორც ამბობენ, ამის შემდეგ რადიკალურად შეიცვალეთ...
- ძალიან ბევრი დავკარგე მაშინ... მინდა, მომავალ თაობას, ბავშვებს ვუთხრა, ვისაც რამე ნიჭი აქვს, რომ ბოლომდე დაიხარჯონ ვარჯიშში, ამაზე უკეთესს, ამაზე სასიამოვნოს ვერაფერს გააკეთებენ. ჯერ იქნებ ბევრი არ მინახავს გინდ ცუდი, გინდ - კარგი, მაგრამ რაც ვნახე, ესეც ცუდია სპორტისთვის.

მინდა, ახალგაზრდებს მოვუწოდო, იცხოვრონ სპორტულად, - 20 წლის ვარ, მაგრამ რაღაც მომენტებს ვნანობ. ისინი რომ არა, შეიძლებოდა, უფრო წინ ვყოფილიყავი. თუნდაც ჩემს მეგობრებთან - ბექა ღვინიაშვილსა და ლევან მატიაშვილთან ერთად ვყოფილიყავი ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ არა უშავს - თუ მოვინდომებ და ვივარჯიშებ, აუცილებლად ვიქნები.

უბრალოდ, ამ ეშმაკობებიდან, გაუაზრებელი ბავშვური ნაბიჯებიდან გამომდინარე, უკან დავიხიე. ალბათ, ეს ტრავმაც საჭირო იყო, რომ უფრო დავფიქრებულიყავი, გამეანალიზებინა, რას ვაკეთებდი, როგორ ვცხოვრობდი და როგორ შემეცვალა ჩემი ცხოვრება.

იმ ოპერაციის პერიოდში ძალიან ბევრი უაზროდ თავისუფალი დრო გამიჩნდა - არ ვიცოდი, რაში გამომეყენებინა, რაში დამეხარჯა, სადაც მინდოდა, მივდიოდი, არ იყო არავითარი შეზღუდვა... მივხვდი, რომ ესეც უაზრობა იყო, ვეღარ ვძლებდი, ხშირად ისეც მოვდიოდი და ხან დავრბოდი, ხან რას ვაკეთებდი.

1-2 თვე თითქოს ვისვენებდი, თითქოს შეკრებაც მომბეზრდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება ესაა და ყველაფერი დალაგდა - ოჯახშიც, სპორტშიც, ნაკრებშიც, პირად ცხოვრებაშიც და ყველგან. შეიძლება ითქვას, ძიუდომ მიხმო თავისკენ.

* * *
თუშიშვილთან გასაუბრების შემდეგ მის პირად მწვრთნელ ბათო ჯიქურსაც გავესაუბრეთ და შეგირდის წონის შეცვლასთან დაკავშირებით, აგრეთვე - ახალგაზრდული მსოფლიოსთვის მის სამზადისზე კომენტარი ვთხოვეთ.

- მძიმე წონისთვის წონა პატარა აქვს, დაახლოებით 10-15 კილოგრამს რომ მოიმატებდეს, კარგი იქნება. წონა ამ დონეზე თუ გაჩერდა და ვერ მოიმატა, მაშინ 100-ში უნდა დაიკლოს. ახლა 108-110 კილოა და არც ამდენის დაკლება იქნება ცოტა, მაგრამ 105-ზეც ჩამოსულა. ახლანდელი წონით ახალგაზრდებში ექნება შედეგი, მაგრამ დიდებში გაუჭირდება. თუმცა ახალგაზრდაა, მოზარდია და ვფიქრობ, მოიმატებს წონაში.

თუშიშვილი ძალიან ტექნიკურია, ორივე მხარეს ჭიდაობს, ფანდების არსენალი დიდია, მაგრამ ცოტა დაღვინება სჭირდება. ჯერ ახალგაზრდაა და ასაკი მაინც ეტყობა. ცოტა თავის დაცვა გვიჭირს და ამაზე უნდა იმუშაოს, ილეთების მარაგი კი საკმარისად აქვს - კარგ ამოსმულსაც აკეთებს, კარგ მოგვერდსაც და კისრულებსაც ასრულებს ორივე მხარეს. დაცვასთან ერთად ტაქტიკურ ჭიდაობაზეც მეტი უნდა ვიმუშაოთ.

ახლა, ამ მსოფლიოსთვის რასაც ვუყურებ, ძალიან კარგად ვარჯიშობენ, თუმცა ცოტა გადაღლილები არიან. მაგრამ უახლოეს დღეებში ცოტას მოუშვებენ, რომ ორგანიზმმა ამოისუნთქოს და ფორმაში შევიდეს.

ხელის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, ცოტა შეშინებულია და მაინც ვფრთხილობთ, არ ვრისკავთ ისეთ ფანდებს, რამაც შეიძლება ახალი გართულება გამოიწვიოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული