"არ უნდა მეტირა, მაგრამ რა ვქნა - მაინც დამწყდა გული და წამომცვივდა ცრემლები"

AutoSharing Option
ძიუდოისტი მარიამ ჯანაშვილი (52) ისტორიის ახალ ფურცლებს წერს - ქართველ ქალთაგან საჭიდაო სახეობებში პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე პირველი ოქროს მედლის მომპოვებელმა (2013 წელს 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი გახდა) ახალგაზრდებში ასევე პირველი მედალი მოიპოვა - ახლახან 21-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იჭიდავა.

თან ახლაც ჩინებულად იასპარეზა - ჟინით, შემტევ სტილში, ეფექტურად, ლამაზად, ბოლომდე შემართებით...

მისი გამოსვლის ბრწყინვალებას ჩრდილი ფინალში წაგებამაც ვერ მიაყენა, და გაჩნდა რეალური იმედი, რომ ესტერ სტამთან (70) ერთად ისიც რეალურად იბრძოლებს რიო დე ჟანეიროს ლიცენზიის მოსაპოვებლად. სწორედ ამ იმედმა შეცვალა მისი და
ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია თენაძის გეგმები - თენაძე არაბეთიდან თურქეთში უნდა გადასულიყო, სადაც ჭაბუკთა უმცროსი ასაკის ნაკრების გოგონები უნდა წაეყვანა ერთობლივ შეკრებაზე, მაგრამ ტურნირის დასრულების მეორე დღესვე ჯანაშვილთან ერთად თბილისში დაბრუნდა, რათა შეგირდის სალიცენზიო ტურნირებში გამოსვლის თადარიგი დაეჭირა.

მარიამ ჯანაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვესაუბრეთ.

- მარიამ, უპირველესად, გილოცავთ წარმატებას. როგორც ვიცი, ტურნირის წინ მედალსაც გეგმავდით, მაგრამ არანაკლებ გაინტერესებდათ, რამდენად კარგად გაიარეთ სარეაბილიტაციო პერიოდი, აღიდგინეთ თუ არა ფიზიკური კონდიციები... ამ მხრივ როგორ აფასებთ თქვენს გამოსვლას, დასრულდა ეს პროცესები?
- ამ შეჯიბრებისთვის ყველანაირად მობილიზებული ვიყავი და ვცდილობდი, მაქსიმალურად დამეხარჯა ენერგია მედლის მოსაპოვებლად. მიზნის მისაღწევად მართლაც ბოლომდე ვიბრძოლე. მაინტერესებდა, საკუთარი თავის რწმენა მომეპოვებინა და დამეჯერებინა, რომ ისევ შემიძლია და კვლავ წარმოვადგენ რაღაცას. ეს მოვახერხე კიდეც, რაც იქ მყოფებმაც დაინახეს.

ძალიან გახარებული ვართ მეც და მწვრთნელებიც. მედალს ასე მალე არ მოელოდნენ ამდენი ტრავმების, ამდენი დროის გაცდენის შემდეგ და კმაყოფილები ვართ მიღწეულით. ყველას დავანახე, რომ იმდენი პრობლემების შემდეგ ფეხზე წამოვდექი, მაგრად ვარ და ისევ ვაგრძელებ ჩემს საყვარელ საქმეს. დავინახეთ, რომ თუ მოინდომებ და იშრომებ, მიუღწეველი არაფერია. მთავარია, ბოლომდე იბრძოლო.

ახლა, თუ ყველაფერი კარგად იქნება და სათანადოდ მოვემზადებით, დიდებშიც გვეიმედება შედეგების მოპოვებისა. ოღონდ გვესმის, რომ ამას დრო სჭირდება და ასე მალე არ მოხდება. უფროსებში ადგილის დამკვიდრებას დრო უნდა.

- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უჩიოდით გამძლეობას, ფუნქციონალურ ხარვეზებს და აღნიშნეთ, ამ კუთხით მაკლდა მომზადებაო. ახლა კმაყოფილი დარჩით ამ კომპონენტით?
- ევროპის ჩემპიონატზე მართლაც მაკლდა გამძლეობა, მაგრამ ამ შეჯიბრებისთვის რომში 5-დღიანი საწვრთნელი კემპი გავიარე, რაც ძალიან წამადგა. არა მგონია, უამისოდ ეს შედეგი მომეპოვებინა, იმდენად დამეხმარა იქ ვარჯიში. კემპზე სწორედ ფიზიკურად ვიტვირთებოდით, სადაც ბევრი შეხვედრა ჩავატარე, რაც მეტყობოდა კიდეც მსოფლიოზე - ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, არ ვიყავი ჩაკეტილი, ბევრსაც ვმოძრაობდი, ილეთებსაც ვაკეთებდი, კარგად ვსუნთქავდი და არც დავღლილვარ.

ევროპის ჩემპიონატზე ერთი სული მქონდა, ტატამიდან როდის გამოვიდოდი, ახლა კი ასე არ იყო.

- ეს აშკარად გეტყობოდათ, თუმცა ძალიან ბევრჯერ გაგიჭირდათ ბრუნის დასრულება, ილეთებზე დაგდება. ეს შესრულების ტექნიკური წუნი იყო თუ ფიზიკური მომზადების ბრალი?
- არა, ფიზიკური მომზადების ბრალი არაა, მაგრამ არ ვრისკავდი, ფრთხილად ვჭიდაობდი, რადგან შეიძლებოდა, ილეთზე მოვყოლოდი. ამიტომ, როცა ამის საფრთხეს ვხედავდი, არ ვრისკავდი, თუმცა მაინც ვცდილობდი, ბრუნზე დამედგო, იპონით მომეგო. ყოველთვის მინდა, სულ სუფთად მოვიგო, რაც ამჯერად არ გამომივიდა. სხვათა შორის, ამაზე შენიშვნაც მომცეს - მთავარია, გაიმარჯვო და როგორ მოიგებ, მნიშვნელობა არ აქვსო. თუმცა მე ისეთი ჟინიანი ვარ, მაინც იპონებით მინდოდა გამარჯვება.

- ჟინიანობა და მიზანსწრაფულობა მართლაც შესაშური გამოავლინეთ. ყველა ბრძოლა მაღალ ტემპში ჩაატარეთ, ბოლომდე უტევდით და რამდენჯერმე სოლიდური ჩამორჩენაც გააბათილეთ.
- ხუთივე შეხვედრა საკმაოდ საბრძოლო იყო. ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონატზეც, სადაც ხელის ტრავმით ვჭიდაობდი, დაძაბული პაექრობები მქონდა, მაგრამ ასეთი მძიმე ბრძოლები იქ არ ყოფილა. ყველა ორთაბრძოლა საბრძოლველი იყო, ასეთი დაძაბული შეხვედრები არ მქონია.

- რომელს გამოარჩევთ ამ ორთაბრძოლებიდან სიიოლის ან სირთულის მხრივ?
- სიმართლე გითხრათ, ყველასთან რთულად მომეჩვენა ჭიდაობა, ყველა ძლიერი იყო და არავის არ ვიცნობდი. ყველას ეტყობოდა, რომ გამოცდილები იყვნენ.

- მე ბელგიელ მირიიამ ბლავიერთან ბრძოლა მომეჩვენა სხვებზე უფრო რთულად, სადაც ბოლომდე თავდადებით იბრძოლეთ.
- მაგ შეხვედრას მეც გამოვარჩევ, სადაც გაფრთხილებით ვაგებდი და ბოლო წამებზე დავაგდე. ძლიერი გოგო იყო ეგ ბელგიელი. მაგას და მექსიკელ ჯენიფერ კრუზს გამოვარჩევდი.

- თუმცა კრუზი 4 წამში ვაზარიზე დააგდეთ.
- მაგ შეხვედრის წინ მოვიდა ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ამიხსნა, როგორ ჭიდობდა ის, რა ხერხებსა თუ ფანდებს იყენებდა. მისი დარიგებები ძალიან დამეხმარა. მაგალითად, გამაფრთხილა, რომ დაბლაჭიდში ჭიდაობდა მაგრად. ეს ყველაფერი გავითვალისწინე და როგორც კი დაიწყო შეხვედრა, ვცდილობდი, მალევე ამეღო მისთვის ქულა და დავწინაურებულიყავი. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა მეტოქე ძალიან ძლიერი იყო, ასეთი შეხვედრები არ მქონია.

- ნახევარფინალში ჩელსი გილესთან შეხვედრას როგორ შეაფასებთ?
- ამ შეხვედრაში აღარც კი მეგონა, შებოჭვიდან თუ გამოვძვრებოდი. არადა, თურმე ერთი წამით ადრე დავუძვერი - ეს მაშინ არც ვიცოდი, მწვრთნელმა გია თენაძემ მითხრა მერე. ისიც ძალიან ძლიერია.

- როგორ ფიქრობთ, ფინალში შეგეძლოთ უკეთ ჭიდაობა, რატომ წააგეთ ის შეხვედრა?
- ბრძოლას ფინალშიც ვაპირებდი, მაგრამ კოსოვოელი დისტრია კრასნიჩი ძალიან გამოცდილია. მას დიდებშიც ბევრჯერ უჭიდავია და გამიჭირდა პაექრობა. თუმცა, ცხადია, მოგება მასთანაც შეიძლებოდა, მაგრამ გამიჭირდა მასთან ბრძოლა. ვერ გეტყვით, ასე რატომ დამემართა... თითქოს ვიჩქარე - მე უფრო ამას ვაბრალებ, არ უნდა მეჩქარა...

- კვარცხლბეკზეც ძალიან უხასიათოდ იდექით...
- ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ძალიან დამწყდა გული. როცა შეგიძლია მოგება და მაინც აგებ, მაშინ ყველაზე მეტად მიჭირს ემოციებთან გამკლავება. ამიტომ იყო, ცრემლებს რომ ვერ ვიკავებდი.

Sportall.Ge

- თუმცა ამდენი გაცდენილი პერიოდის, ამხელა ტრავმების შემდეგ, როცა სრული დატვირთვით ერთი წელიწადიც არაა, რაც ვარჯიშობთ, მსოფლიოს ფინალში გასვლა დიდი შედეგია.
- მერე რომ დავუკვირდი ამ ყველაფერს, კი მივხვდი, რომ არ უნდა მეტირა, მაგრამ რა ვქნა - მაინც დამწყდა გული და წამომცვივდა ცრემლები. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩემთვის ეს ვერცხლი ოქროს ტოლფასია.

- ახლა როგორ უყურებთ ამ ვერცხლს, თბილისში დაბრუნების შემდეგ?
- აქ სულ სხვა შეგრძნებაა, სხვა სიტუაციაა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავით და მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, არაფერს არ შევუწუხებივარ.

- მარიამ, რამდენიმე შეხვედრაში დაწინაურების შემდეგ ტაქტიკური ბრძოლის ნაცვლად გაურბოდით ჭიდაობას და იმავე კრუზთან, გილესთან ბევრი გაფრთხილებაც მიიღეთ. ალბათ, ამაზეც გეტყოდნენ მწვრთნელები.
- როცა მცირე დრო მრჩება, ვცდილობ, შევინარჩუნო უპირატესობა. ამ დროს შიდოებს შეგნებულად ვიღებ, ხოლო თუ დიდი დროა, უფრო აქტიური ვარ. თან ოპერაციის შემდეგ მხოლოდ მეორედ ვჭიდაობდი და ძალიან მინდოდა მოგება. ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის, ხოლო როგორ ვიჭიდავებდი, დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. მთავარი იყო, მომეგო, მომავალში კი აუცილებლად გავითვალისწინებ, ჭიდაობას დავალაგებ და უკეთესად გამოვალ. ახლა ბევრი შეცდომაც დავუშვი, რასაც გავაანალიზებ და აუცილებლად გამოვასწორებ.

- დასასრულს, სამომავლო გეგმებზეც ვთქვათ: როგორც ვიცი, წლეულსვე ჩაებმებით სალიცენზიო ტურნირებში.
- დაახლოებით ერთ თვეში - 21-22 ნოემბერს ჩინეთში მივდივარ, სადაც ქინგდაოს "დიდ პრიზზე" ვიჭიდავებ, იქიდან კი კორეაში გადავალ და 27-28 ნოემბერს იმავე რანგის შეჯიბრებაზეც გამოვალ. ვნახოთ, რა იქნება, მოვსინჯავ თავს ამ რანგის შეჯიბრებებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ის წმინდანი გფარავდეს შვილო ვისი მოსახელეც ხარ.გაიხარე.სულ წარმატებები,,ზადნი"ანუ უკან სიჩქარე არასდროს ჩართო.სულ წინსვლას გისურვებ.წინ ქართველ პატიოსან ქალს უფალი შეეწევაა.....მე ოლიმპიური ჩემპიონი რომ გახდები აი მაშინ სადაც იქნები ბებერი პაპა მოგილოცავ .გაიხარე.ასახელე მშობლები და საქართველო.
gigusha
21:12 01-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული