ლეგენდარულმა იამასიტამ თამაზ კირაკოზაშვილს ოლიმპიური ჩემპიონობა უწინასწარმეტყველა

AutoSharing Option
გუშინ, 29 ოქტომბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც წინა დღეს ჩამოფრინდა აბუ დაბიდან.

შეგახსენებთ, რომ მათ იქ თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატში იჭიდავეს, სადაც გუნდურში მეორეზე გავიდნენ, პირადში კი 4 მედალი მოიპოვეს - თითო ოქრო-ბრინჯაო და ორი ვერცხლი. აქედან ერთი ვერცხლი გოგონების წილად მოდის - მარიამ ჯანაშვილმა (52) პირველხარისხოვან ახალგაზრდულ ტურნირებში საქართველოს პირველი მედალი მოუტანა საჭიდაო სახეობებში, დანარჩენი კი ბიჭების მონაგარია. იმათგან მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90) გახდა, ვერცხლს თამაზ კირაკოზაშვილი (73) დაეუფლა, ბრინჯაოს -
ირაკლი კუპატაძე
(55).

პრესკონფერენცია... ზუსტად 55 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან ღვინიაშვილს ელოდებოდნენ. საბოლოოდ გაირკვა, რომ ის შეუძლოდ ყოფილა და ვერ მოდიოდა. ვერ გეტყვით, ამას უკავშირდება თუ არა, თუმცა პრესკონფერენციაზე არც სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გამოსულა. არადა, წინასწარი მონაცემებით, ის უნდა დასწრებოდა ამ შეხვედრას, რაც ანონსშიც ეწერა.

საბოლოოდ მინისტრის ნაცვლად მისი მოადგილე შალვა გოგოლაძე გამოვიდა.

"თვე არ გავა, ძიუდოისტებმა არ გაგვახარონ წარმატებებით. მინდა, სამინისტროს სახელით მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მარიამ ჯანაშვილს, რადგან მისი მედალი გამორჩეულია. იმედია, ბიჭების მსგავსად, ქალთა ძიუდოშიც მალე ვიქცევით ლიდერებად. მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს, ექიმებს და ყველა იმ პიროვნებას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში", - განაცხადა გოგოლაძემ.

მანვე ცნობად გაგვანდო, რომ გაისად ქვეყანაში 100 ახალი სპორტული დარბაზის აშენება იგეგმება, სადაც ძიუდო წამყვანი სახეობა იქნება.

"აბუ დაბიში რამდენიმე დასანანი შეხვედრა წავაგეთ. საკუთარი თავის კრიტიკა არ გვაკლია და ვმუშაობთ შეცდომების გამოსწორებაზე. ფედერაცია ბევრ ნოვაციას გვთავაზობს და ვცდილობთ, ეს ყველაფერი ავითვისოთ.

იმედია, გაისად კიდევ უფრო კარგი შედეგი გვექნება. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ბევრი კარგი გუნდი აპირებს ჩამოსვლას შეკრებაზე, რადგან გვექნება ჩვენი ბაზა და კარგი დარბაზი", - განაცხადა ნაკრების მთავარ მწვრთნელთა დუეტიდან ერთ-ერთმა, მინდია ბოდაველმა.

მას არ დაუმალავს, რომ ბოლომდე კმაყოფილები არ არიან გუნდის გამოსვლით.

Sportall.Ge

სპორტსმენებს წარმატება ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემაც მიულოცა და ჯანაშვილის გამოსვლაზე ისაუბრა. მან დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც ჯანაშვილისა სჯეროდა.

პრესკონფერენციაზე სიტყვა ოლიმპიური გუნდის მთავარ ექიმ ზურაბ კახაბრიშვილსაც გადაეცა, რომელმაც ამ გუნდს ყველაზე ძლიერი და ორგანიზებული უწოდა, რაც კი ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებები უნახავს და აღნიშნა, რომ ამ გუნდმა უნდა იჭიდაოს 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე, მერე კი არაბული ტურნირიდან ძალიან საინტერესო ფაქტიც გაიხსენა:

"ამ ჩემპიონატს ლეგენდარული იამასიტაც ესწრებოდა, რომელიც თამაზ კირაკოზაშვილის წაგებული ფინალის შემდეგ სიხარულისგან ტიროდა. ის მოვიდა ჩემთან და მითხრა, მანახვე ეს ბიჭიო. მერე ჩვენს სპორტსმენს უთხრა, ტოკიოს ოლიმპიადაზე მე სპორტული დირექტორი ვიქნები და მინდა, დაგაჯილდოო, როგორც ოლიმპიური ჩემპიონიო".

აბუ დაბიში მასაც ბევრზე ბევრი საქმე ჰქონია, რადგან გუნდში ბევრი ტრავმირებული იყო. მაგალითად, თურმე ჯანაშვილს გამოსვლის დღეს დილის 6 საათიდან გადახვევებს უკეთებდა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ რამდენიმე კითხვა პერსონალურად დავუსვით მინდია ბოდაველს:

- თქვენი აზრით, რამდენად გაამართლა მზადების ახლებურმა სისტემამ, კვლავ აპირებთ მის გამოყენებას?
- ჩემი გადმოსახედიდან რომ შევაფასოთ ეს ყველაფერი, მე მაინც დადებითად ვაფასებ. თუნდაც იმიტომ, რომ უფრო ნაკლებ სპორტსმენთან გიწევს მუშაობა და გაცილებით მეტს გადასცემ, მეტი დრო გაქვს მასთან სამუშაოდ, შეცდომების გამოსწორება იქნება თუ სხვა რამ, გაცილებით მეტ დროს უთმობ.

ვიმეორებ - ამას ჩემგან გამომდინარე ვამბობ, ვისთანაც ახლა მიწევდა მუშაობა. მაგალითად, კუპატაძემ ევროპაზე ბელგიელ ლიმთან წააგო, ახლა კი მოუგო მას. თან - საკმაოდ დამაჯერებლად, რაც შეცდომები ჰქონდა, გაითვალისწინა.

ასევე, კირაკოზაშვილმაც ევროპაზე გუნდური წააგო რუს ურუსხან ბეკ ბალაევთან. მასზეც ბევრი ვიმუშავეთ, რადგან ვიცოდით, რუსები მას დააყენებდნენ. თამაზმაც გაგვიმართლა - ამჯერად წმინდად მოუგო. თუმცა, სამწუხაროდ, აბუ დაბიში ჭიდაობის წინა დღეს მოიწამლა. ის ისედაც მეტ-ნაკლებად დასუსტებული იყო, რადგან 3-4 კილოგრამის დაკლება უწევს. მეორე დღესაც, შეხვედრებს შორის რამდენჯერმე გულიც აერია, ფიზიკურად დასუსტებული იყო. ამის შიშით ფინალურ ბლოკამდე შესვენებისას საჭმელი ვერც ჭამა, კიდევ არ მაწყინოსო. ამის მიუხედავად, ნახევარფინალი მაინც მაგრად იჭიდავა. არადა, აზერბაიჯანელი ჰუსეინ რაჰიმლი უკვე ძალიან გამოცდილია და დიდებშიც არაერთი მედალი მოუპოვებია. ფინალში უკეთ ჭიდაობაც შეიძლებოდა...

ზოგადად, ამ ახალი მიდგომის ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ გაცილებით მეტი დრო მქონდა. ის ეფექტი არ იქნებოდა, ადრინდელივით 10 სპორტსმენთან ერთდროულად რომ მემუშავა. ყველა ერთხმად შევთანხმდით, რომ ბევრი დადებითი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი დასახვეწიცაა.

- გუნდური შეჯიბრების ფინალში უცნაურად ჩანდა ორი ლიდერის - ღვინიაშვილის და გურამ თუშიშვილის დასვენება. არ დარჩით კმაყოფილი მათი მანამდელი ჭიდაობით თუ ეს რამ განაპირობა?
- თუშიშვილმა ფეხი იტკინა, კოჭლობდა და სიარულიც უჭირდა. ღვინიაშვილმაც ვერ იჭიდავა მანამდე...

- თითქოს გუნდურში ვერ იყვნენ განწყობილები...
- რატომღაც ისე ხდება, რომ გუნდურის ჭიდაობა ბევრს უჭირს, ბევრს - პირიქით. ბევრმა შეიძლება პირადში ვერ იჭიდაოს ისე კარგად, როგორც - გუნდურში.

როგორც ვთქვი, კრიტიკას ყოველთვის ვიღებთ, თვითკრიტიკულებიც ვართ და ხშირადაც ვფიქრობ განვლილ ტურნირებზე, რა გავაკეთეთ და თუ დავაკელით რამე. ერთი შეხედვით, კარგი შედეგია, მაგრამ მეტიც ნამდვილად შეგვეძლო. თუმცა სპორტში იღბალიც ბევრს ნიშნავს, მაგრამ სამუშაოც ბევრია.

- კონკრეტულად, რა მიმართულებით, რის შეცვლას აპირებთ?
- ერთი ვარიანტი ისაა, რომ მზადება ჯერ ყველამ ერთად დაიწყოს და მერე მივცეთ მიმართულება, ვინ საით წავა და ვინ როგორ ივარჯიშებს. ერთ-ერთ ვარიანტად ასევე ცალ-ცალკე მიმართულება რჩება, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო დავშალოთ გუნდი დასანაწილებლად. მაგალითად, 5 მწვრთნელი ვართ და 2-2 შეგირდი ვავარჯიშოთ, რითაც კიდევ უფრო მეტი დრო და ენერგია დაგვრჩება მათთან სამუშაოდ.

- თუშიშვილს რა სჭირდა, ევროპის ჩემპიონატთან შედარებაც არ იყო, თან სულ სხვა სტილში ჭიდაობდა. ეს თქვენი დავალება იყო თუ რა მოხდა?
- ევროპის ჩემპიონატზე მართლაც გაცილებით კარგად გამოიყურებოდა. ერთ-ერთ მიზეზად წონის მატებას დავასახელებ - იქ უკვე 113 კილო იყო, რაც მისთვის დიდი წონა გამოდგა. ამიტომ ვერ მოძრაობდა, ვერ აკეთებდა ილეთებს. თვითონაც აღნიშნა, ვერ ვარ კარგად, ვერ ვმოძრაობ, თითქოს ხელებიც დამისივდაო. ისეთი ორგანიზმი აქვს, ერთი დღე რომ იკვებოს კარგად, უცებ იმატებს რამდენიმე კილოგრამს. სამაგიეროდ, იმდენად ბევრს ვარჯიშობს, სხვებზე ორჯერ მეტს დაიკლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული