არაბულ საემიროებში პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს პრიზიორმა ამირან პაპინაშვილმა (60) დაიკავა, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) კი მესამეზე გავიდა. ბრინჯაოს მოპოვებამდე ერთი მოგება დააკლდა ლევან მატიაშვილს (+100).
რაოდენობრივად მედალი ცოტაა, თუმცა გავითვალისწინოთ, რომ გვაკლდნენ უმთავრესი ლიდერები - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე - 90) და ადამ ოქრუაშვილი (+100).
პაპინაშვილის შემობრუნება
პაპინაშვილმა თუმცა ვერც უტიტულო ჩეხ პაველ პეტრიკოვზე იტყვის ვინმე, რომ იოლად გასასეირნებელი მეტოქეა. აკი პაპინაშვილს ყველაზე მეტად მასთან გაუჭირდა პირველ შეხვედრაში - მხოლოდ იუკოთი მოუგო, როცა დანარჩენებს გაცილებით რთული ილეთებით აჯობა.
ქართველმა საკმაოდ კარგი გამძლეობა გამოავლინა, ბევრსაც მოძრაობდა, უტევდა და ტექნიკურადაც ჭიდაობდა. გარიგოსმა ბევრი აწვალა, მაგრამ ბოლოს ლამაზი მოგვერდით გადმოიღო, ხოლო დავთიანს შეტევა დაუხურა და შებოჭა.
პაპინაშვილმა ყველაზე ლამაზი გდება ოზლუსთან გააკეთა, ვინც ქვეჯგუფში ყაზახთა წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონი ილედოშ სმეტოვი დაამარცხა და პაპინაშვილს ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე ჩამოაცილა.
ქართველების ნახევარფინალი პრინციპული მნიშვნელობისაც გახლდათ და თუმცა ჩვენი ფალავანი ორჯერ გააფრთხილეს, ვერ ვიტყვით, რომ პასიურობდა. პირიქით - თითქოს უფრო დომინირებდა, რაც ბოლოს უზადო კისრულით დასრულდა. პაპინაშვილმა წამიერად მხარზეც კი შეიჩერა მეტოქე, რომელიც მხრებზე ჩაბღაუჭებით ცდილობდა გარდაუვალი ბედისწერისგან გაქცევას, მაგრამ ჩვენებურმა მოწყვეტით დაუშვა ტატამზე.
ფინალში პაპინაშვილს ახალგაზრდა მონღოლი ცენდოჩირი ელოდა, ვინც რამდენიმე დღის წინ აბუ დაბიშივე, ახალგაზრდულ მსოფლიოზე თორნიკე ნაგლიაშვილი დაგვიმარცხა. პაპინაშვილი აქამდეც იცნობდა მას - წლეულს თბილისის ტურნირზე ვაზარ-იუკოთი მოუგო, თუმცა ამჯერად რატომღაც ბევრად გაუჭირდა. გასაგებია, რომ მას მერე ცენდოჩირმაც ივარჯიშა და მოუმატა, მაგრამ ჩვენებურმაც წინა შეხვედრებზე ბევრად სუსტად იასპარეზა. თითქოს გაუჭირდა ფიზიკურად ძლიერ მონღოლთან ჭიდაობა, თითქოს თვითონაც არ უტევდა, არ აქტიურობდა იმდენად... თუმცა ტექნიკა აქაც გამოავლინა და ვაზარი დაახლოებით იმ სტილში მოიპოვა, როგორითაც პეტრიკოვს იუკო აართვა - მაჯებიდან ჩავლებულს ვარდნაში ზურგით მდგომმა გარედან გამოჰკრა ფეხი. ბოლო წუთებზე აშკარად გაურბოდა ბრძოლას და 2 იუკო ხომ დაკარგა, 3 გაფრთხილებაც მიიღო.
ასეა თუ ისე, ჩვენს ლიდერს ეს ტურნირი აქტივში ეთვლება. ახლა მთავარია, საოლიმპიადოდ ტემპი არ დააგდოს.
შავდათუაშვილის დაბრუნება
შავდათუაშვილმაც კარგად წარმოაჩინა თავი და რომ არა საეჭვო გაფრთხილებები მეოთხედფინალში კორეელთა მომავალ ჩემპიონთან, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან ჩანგრიმ ანთან, ვინძლო, უკეთესი შედეგიც ჰქონოდა. იმ პაექრობაში კორეელმა 2 გაფრთხილება მიიღო, ჩვენებური კი სამჯერ დასაჯეს მსაჯებმა. შავდათუაშვილმა ახლა ადრინდელზე გაცილებით უკეთ გაუძლო სატურნირო დაძაბულობას, ფიზიკურად ბევრად უფრო მხნედ გამოიყურებოდა და ვერც დაღლას დავაბრალებთ.
პირველ წრეში ჩვენმა ჩემპიონმა პუერტორიკოელი აუგუსტო მირანდა 4 გაფრთხილებით მოახსნევინა. ერთი შეხედვით, თითქოს პუერტორიკოელთან უქულოდ მოგება რა მოსატანია, მაგრამ მირანდა ძალიან სწრაფია და მისთვის სივრცის მიცემა ჰარაკირის ტოლფასია. ლაშამაც შეუზღუდა მოძრაობის საშუალება. აკი, იტალიელ ენრიკე პარლატის ორი ვაზარით აჯობა. ამას კორეელთან წაგება მოჰყვა, სანუგეშოში კი ჯერ დაბერებული იაპონური წარმოშობის ესპანელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოსპრიზიორი, 37 წლის კიოში უემაცუ დაამარცხა იუკოთი, ხოლო ბრინჯაოს მედალი ჩინელ ინჯირიგალა საის აართვა, ვისაც ვაზარით მოუგო.
მატიაშვილი და ჩხვიმიანი
მატიაშვილს თითქოს ცოტა კი დაუკლია წონაში, მაგრამ მოძრაობა, სისწრაფე ჯერ მაინც აკლია. მოლოდინისამებრ, ქვეჯგუფი იოლად მოიგო, თუმცა პირველ შეხვედრაში ყაზახ იერჟან შინკეიევთან კინაღამ... მსაჯმა იმსხვერპლა გაფრთხილებებით. საბოლოოდ ვაზარით იმარჯვა, პოლონელ მატიაჟ სარნაცკის კი წმინდად მოუგო. სამწუხაროდ, ნახევარფინალში კორეელ სუნ-მინ კიმთან ტრავმა მიიღო, ფეხი იტკინა. ეს ეპიზოდი ძალიან ჰგავდა საყრდენ ფეხზე გამოკვრას, თუმცა მსაჯებმა ასე არ მიიჩნიეს. ეს ტრავმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც უშლიდა ხელს ტუნისელ მსოფლიოსპრიზიორ ფაიცელ ჯაბალასთან, სადაც გაფრთხილებით წააგო. თუმცა აქაც გაუგებარია, როცა ორივეს 2-2 გაფრთხილება ჰქონდა, შეტევისას რატომ დასაჯეს ჩვენებური მესამედ - ნამდვილად უტევდა და თუ ვინმეს ჰქონდა ფალ-სტარტი, უფრო აფრიკელს... ჯაბალამ ბოლო წუთები ისე გაატარა, როგორც - პაპინაშვილმა. ეს კიდევ უფრო მეტადაც ხოხავდა ტატამზე, მაგრამ მსაჯებმა არც ეს გააფრთხილეს.
უმედლოდ დარჩა, მაგრამ მაინც ქებას იმსახურებს ჩხვიმიანი. აბუ დაბიში მან ვაზარით დაამარცხა ორი ძლიერი მეტოქე - კორეელი მსოფლიოსპრიზიორი ვონ ჯინ კიმი და ებრაელი არტიომ არშანსკი, მანამდე კი მექსიკელი ნაბორ კასტილიო გაფრთხილებებით დაამარცხა. ამის შემდეგ აზიელებთან წააგო - ჯერ უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან, სანუგეშოში კი ყაზახთა მსოფლიოს ფინალისტ რუსტამ იბრაიევთან.
სამწუხაროდ, დამაიმედებელს ვერაფერს ვიტყვით იმ წონებზე, სადაც ლიცენზიების გასანაღდებლად ვიბრძვით - ვაჟა მარგველაშვილი (66) ტაჯიკ უმედ აბდურახიმოვს ვაზარსა და 2 იუკოს უგებდა, თუმცა წმინდად წააგო!
ალექსანდრე მსხალაძეც (100) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა უნგრელ მიკლოშ ცირჯენიჩთან.
საკუთარ შესაძლებლობებზე სუსტად გამოვიდა უშანგი მარგიანიც (81) - პოლონელ ლუკაშ ბლაშთან ვაზარი კი გაქვითა, მაგრამ რუს ხასან ხალმურზაევთან 2 იუკოც დაკარგა, ვაზარიც და ბოლოს - იპონიც. თან ორივე შემთხვევაში ძალიან იოლად დაკარგა ქულები... ამ ბიჭის პროგრესი ბოლო ორ წელიწადში აშკარად შეფერხდა. იმედია, ტრავმებს ბოლომდე მოირჩენს და გაცილებით უკეთ იჭიდავებს.
ქალთა ტურნირში ესტერ სტამმა (70) კანადელი მონიკა ბურგესი დააიპონა, ჰოლანდიელთა ევროპის სამგზის ჩემპიონ კიმ პოლინგთან კი ერთადერთი იუკოთი წააგო და გავარდა.
კვარცხლბეკი
ვაჟები
60 კგ
1. ამირან პაპინაშვილი (საქართველო), 2. ცოგტბაატარ ცენდოჩირი (მონღოლეთი), 3. რუსტამ იბრაევი (ყაზახეთი), დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი), 7. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)
66 კგ
1. ბაულ ანი (სამხრეთი კორეა), 2. არსენ გალსტიანი (რუსეთი), 3. რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი), გიორგი ზანთარაია (უკრაინა).
73 კგ
1. ჩანგრიმ ანი (სამხრეთი კორეა), 2. იგორ ვენდტკე (გერმანია), 3. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), საგი მუკი (ისრაელი).
81 კგ
1. ივაილო იორდანოვი (ბულგარეთი), 2. სერგიუ ტომა (არაბთა გაერთიანებული საემიროები), 3. ლასლო ჩოკნიაი (უნგრეთი), სირაზუდინ მაგომედოვი (რუსეთი).
90 კგ
1. ოტგონბაატარ ლხაგვასურენი (მონღოლეთი), 2. ნოელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია), 3. მარკუს ნიმანი (შვედეთი), კრისტიან ტოტი (უნგრეთი).
100 კგ
1. ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი), 2. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი), 3. კარლ-რიხარდ ფრეი (გერმანია), ტომა ნიკიფოროვი (ბელგია).
+100 კგ
1. სუნ-მონ კიმი (სამხრეთი კორეა), 2. იაკიმ ხამო (უკრაინა), 3. ანდრე ბრაიტბარტი (გერმანია), ფაიცელ ჯაბალა (ტუნისი). 5. ლევან მატიაშვილი (საქართველო).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"