ძიუდოისტებმა სეზონის მთავარი შეჯიბრებები კი მოილიეს, მაგრამ ნოემბერი ჩვენი ფალავნებისთვის მაინც ფრიად დატვირთული თვეა - 12-13 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატი ტარდება, 20-22-ში ჩინურ ქინგდაოში "დიდი პრიზის" ტურნირი იმართება, 26-28-ში კი ანალოგიური შეჯიბრება უკვე კორეულ ჯეჯუში ტარდება.
ჩვენები ყველა მათგანში გამოვლენ, ოღონდ შესუსტებული შემადგენლობით.
თუმცა ჯერ საქართველოს ჩემპიონატზე ვთქვათ. მასში მონაწილეობისგან გათავისუფლებულნი არიან ნაკრების წევრები, თუმცა რამდენიმე მათგანმა თავად ისურვა ჭიდაობა და ისინი გამოვლენ კიდეც. ესენია: ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60), უშანგი
ქინგდაოსა და ჯეჯუს შეჯიბრებები სალიცენზიო კატეგორიისაა. ამიტომ გადაწყვეტილია, რომ იქ ჩვენგან იმ წონების წარმომადგენლები გამოვლენ, სადაც ლიცენზია ჯერ კიდევ არ მოგვიპოვებია - 66-ისა და 100-ის.
ამ ტურნირებისთვის 100 კილოგრამს უბრუნდება ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი. მოგეხსენებათ, რაც მან ოპერაცია გაიკეთა და ტატამს დაუბრუნდა, მძიმე წონაში აჭიდავებდნენ, რადგან ფიზიკურ დატვირთვებს არიდებდნენ.
ახლა ლიცენზიების ხათრით მას წონას აკლებინებენ, თუმცა ძალიან ბევრის დაკლება უწევს და, საეჭვოა, ასე უცებ შედეგს მიაღწიოს. ორიოდე კვირის წინ, მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობისას 113 კილოგრამს იწონიდა, ახლა კი ამდენის დაკლების შემდეგ ძნელია, ოპტიმალური ფორმა შეინარჩუნოს.
თუშიშვილის გარდა, ამ ტურნირებში ვაჟა მარგველაშვილი (66) და ალექსანდრე მსხალაძეც (100) გამოვლენ.
განზრახულია 66-ში კიდევ ერთი მონაწილის წაყვანა, თუმცა მისი ვინაობა ჯერ არაა გარკვეული.
ჩინეთსა და კორეაში ქალთა ტურნირშიც გვეყოლება მონაწილე. შესაძლოა - ორიც. გადაწყვეტილია, რომ იქ მარიამ ჯანაშვილი (52) უეჭველად გამოვა, რომელიც პირველად იჭიდავებს სალიცენზიო შეჯიბრებებში, ანუ ისიც ერთვება სალიცენზიო მარათონში.
სავარაუდოდ, აზიურ ტურნირებში ესტერ სტამიც (70) გამოვა, ვინც სადღეისო მდგომარეობით შედის სასაგზურე ზონაში.
ამ შეჯიბრებებს 5-6 დეკემბერს მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი მოსდევს - ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადი". ჩვენი ვაჟთა ნაკრები იქ იჭიდავებს უძლიერესი შემადგენლობით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"