ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის მორიგი ინიციატივა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი მორიგი ახალი, საინტერესო ინიციატივით გამოდის, ჩატარდეს ტურნირი იმ სპორტსმენებისთვის, რომლებმაც მედლები ვერ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონატში, ანუ დაეკეტათ ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრი ყველა კარი.

ახალი შეჯიბრების დანიშნულებაც ესაა - მისცეს მათ ახალი შანსი საამისოდ და უცხოეთში შეჯიბრებებში გამოსასვლელადაც. მასში მონაწილეობას ვერ მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნები, ხოლო გამარჯვებულები ზემოხსენებულ შანსებთან ერთად ერთჯერად ფულად პრემიასაც მიიღებენ.

ახალი შეჯიბრება მიზნად ისახავს უმედლოდ დარჩენილთა მოტივაციის ამაღლებას. როგორც გითხარით, კვარცხლბეკის მიღმა დარჩენილებს ნაკრებში მოხვედრის, შეჯიბრებებზე წასვლის ყველა საშუალება ესპობათ და ისინიც
მოტივაციას კარგავენ, აღარ ვარჯიშობენ ძველებური შემართებით, რაც პირდაპირ ურტყამს კონკურენციას ცალკეულ წონებში.

ახალი მიდგომით, თუ მათ ისევ დარჩებათ ტურნირზე წასვლის შანსი, მაშინ სტიმული ისევ მიეცემათ და არც მოტივაცია შეუმცირდებათ. მით უფრო, ახალი პროექტის იდეით, თუ ვინმე იმ ახალ შეჯიბრებებში თავს გამოიჩენს, მაღალი დონის ჭიდაობას აჩვენებს, მას ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსიც ექნება.

დღევანდელი მიდგომით, უცხოურ ტურნირებზე გამოსვლის საშუალება წონაში მხოლოდ 4-4 კაცს ეძლევა, ანუ ქვეყნის მედალოსნებს. უფრო სწორად, რეალურად ამათგანაც მხოლოდ ფინალისტებისთვისაა ეს წესი, რადგან მაღალი რანგის შეჯიბრებებზე წონაში 2-2 კაცის გამოყვანის უფლება გვეძლევა, 4-ს კი მხოლოდ შინაურ შეჯიბრებაზე თუ დავაყენებთ.

თუმცა ქვეყნის ჩემპიონატში რომელიმე წონაში ლიდერები თუ ისვენებენ (მაგალითად, წინა კვირას გამართულ ქვეყნის პირველობაზე პირველ ნომერთაგან მხოლოდ ერთმა იჭიდავა), მაშინ ფინალისტობაც არ იძლევა უცხოეთში გასვლის გარანტიას.

თუმცა პირადად მე მაშინვე გამოჩნდა კითხვა, რომელ ტურნირებში გამოვლენ ისინი: რასაც ნაკრების ხელმძღვანელობის წარდგინებით ამტკიცებს ფედერაცია, თუ დამატებით გაუშვებენ ახალ შეჯიბრებებზე? თუ ფედერაციის დამტკიცებულებზე წავლენ, ეს ნიშნავს, რომ ნაკრების ლიდერებს შეუმცირდებათ ტურნირები, თუმცა, როგორც ქევხიშვილმა გვითხრა, ისინი დამატებით ახალ შეჯიბრებებში იჭიდავებენ.

ეს ჩვენთან ჩამოყალიბდა ისეთი რეალობა, რომ მხოლოდ უმაღლესი რანგის საერთაშორისო ტურნირებში - "დიდ პრიზზე", "დიდ მუზარადზე", მასტერსსა და "ღია კონტინენტურ თასებზე", ანუ მხოლოდ სალიცენზიო სტატუსის მქონეებში გამოვდივართ, თითქოს სხვა რანგის შეჯიბრებები არ ტარდებოდეს. არადა, ძალიან ბევრი იმართება - ევროპის თასები (არ აგერიოთ ზემოდასახელებულ სალიცენზიო ევროპის "ღია კონტინენტურ თასში"), გაცილებით უფრო დაბალი კატეგორიის სტარტები და სხვა.

ისინი სწორედ სარეზერვო ფალავნებისთვის, ანუ იმათთვის, ვინც ნაკრებში ვერ ხვდება, საშეჯიბრო პრაქტიკის მისაღებადაა დაწესებული და წამყვანი ქვეყნები სისტემატურადაც მონაწილეობენ მათში. თან - გაფართოებული შემადგენლობებით, თუმცა ჩვენები უფულობის გამო ვერ ჭიდაობდნენ.

ქევხიშვილმა ამ პრობლემასთან შეჭიდებაც გადაწყვიტა, რაც კარგ შანსს მისცემს სათადარიგოებს. გარდა იმისა, რომ ისინი ფულად პრემიებს მიიღებენ, ნაკრებში მოსახვედრად, უცხოეთში ტურნირებზე საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად აღარ მოუწევთ ქვეყნის მომავალ პირველობამდე ლოდინი.

თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ამით გაიზრდება კონკურენცია და ნაკრები წლიდან წლამდე აღარ იქნება მხოლოდ იმ ოთხი კაცის წონა, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატში მედალს მოიპოვებს. ბლომად მაგალითების დასახელება შეიძლება, როცა წამყვანი ქვეყნების ნაკრებებში მთლად მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე თუ არა, ძლიერ შეჯიბრებებში სწორედ ასეთი დაბალი რანგის სტარტებში თავგამოჩენილი ძიუდოისტებიც გამოსულან.

ძიუდოს ფედერაციამ უკვე საკმაოდ ბევრი სასარგებლო, საინტერესო და ქართული რეალობისთვის ნოვაციური პროექტი განახორციელა. იმედია, ესეც წარმატებული აღმოჩნდება. არადა, რიგში კიდევ ბევრი დასანერგი სიახლეა. მათზე უახლოეს დღეებში ისევ გავაგრძელებთ საუბარს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული